¹ბს-217-169-კ-05 16 ივნისი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ი. ლეგაშვილი (თავმჯდომარე),
ჯ. გახოკიძე (მომხსენებელი),
ი. ტყეშელაშვილი
დავის საგანი: პრივატიზებისა და ბინის ორდერის ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
2003წ. 18 სექტემბერს ფ. დ-მა სარჩელი აღძრა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოში დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობისა და ს. ბ-ის მიმართ და მოითხოვა ს. ბ-ის მიერ 1996წ. 1 ნოემბერს განხორციელებული, თბილისში, ...... მდებარე 25 კვ.მ ოროთახიანი ბინის პრივატიზების ბათილად ცნობა.
მოსარჩელის განმარტებით, იგი 1974 წლიდან ცხოვრობს თბილისში, ... მისი ოჯახი იმყოფებოდა ბინის გაფართოების აღრიცხვაზე, ხოლო მისი ბინის ქვემოთ არსებულ სარდაფ-სართულზე ცხოვრობდა ა. გ-ა, რომელსაც უვლიდა მოსარჩელე, რის გამოც, მოსარჩელის მითითებით, აღნიშნული სარდაფი აღმასკომს მისთვის უნდა მიეკუთვნებინა. ა. გ-ას გარდაცვალების შემდეგ კი მის ბინაში საცხოვრებლად გადავიდა მოსარჩელე მეუღლესთან ერთად. მოსარჩელის მითითებით, სადავო სარდაფი წარმოადგენდა მისი ბინის შემადგენელ ნაწილს, საცხოვრებლად იყო უვარგისი და იმჟამად მოქმედი საბინაო კანონმდებლობის თანახმად ორდერით გაცემას არ ექვემდებარებოდა.
მოსარჩელის მითითებით, 1992 წელს, მათი არყოფნის დროს, ბინაში შესახლდა ს. ბ-ი, 1995 წელს, მის სახელზე გაიცა ორდერი, ხოლო 1996 წელს განხორციელდა ბინის პრივატიზება, რაც მოსარჩელის აზრით, უკანონოდ განხორციელდა, რადგან ს. ბ-ის სახელზე გაცემული ორდერის თანახმად, ამ უკანასკნელს დროებით საცხოვრებლად, თავშესაფარის სახით, ნახევრად სარდაფ-სართულში გამოეყო კოოპერატივ «მ-ის» სახელზე რიცხული 25 კვ.მ ორი ოთახი, მაშინ, როდესაც ბინა ირიცხებოდა არა კოოპერატივის, არამედ გ-ას სახელზე. ამასთან, მოსარჩელის მითითებით, გარდა ს. ბ-ისა, ზემოაღნიშნულ მისამართზე მცხოვრებლების სახელზე სარდაფების გამოყოფის შესახებ ორდერები არ გაცემულა და არც სარდაფები ექვემდებარებოდა პრივატიზებას.
გარდა ამისა, მოსარჩელის მითითებით, ს. ბ-ი 1995 წელს თბილისში არ ცხოვრობდა, არ იმყოფებოდა მძიმე პირობებში და დამატებითი ფართობი არ ეკუთვნოდა, რადგან მის ოჯახს ბინა ნაყიდი ჰქონდა გლდანში.
ფ. დ-ის სარჩელი არ ცნო მესამე პირმა ს. ბ-მა და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა უსაფუძვლობის გამო.
თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004წ. 20 თებერვლის გადაწყვეტილებით ფ. დ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც ამ უკანასკნელის მიერ გასაჩივრდა სააპელაციო წესით.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის საოქმო განჩინებით ს. ბ-ი საქმეში ჩართულ იქნა თანამოპასუხედ, ხოლო ამავე სასამართლოს 2004წ. 25 ნოემბრის გადაწყვეტილებით ფ. დ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004წ. 20 თებერვლის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ფ. დ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ს. ბ-ი ბინის მიღების აღრიცხვაზე იმყოფებოდა 1987 წლიდან, ინვალიდთა კატეგორიით და მისი მძიმე საცხოვრებელი პირობების გათვალისწინებით თბილისის დიდუბის რაიონის სახალხო დეპუტატთა საბჭოს 1991წ. 1 თებერვლის განკარგულებით მის ოთხწევრიან ოჯახს დროებით საცხოვრებლად, თავშესაფრის სახით, გამოეყო თბილისში, ..... მდებარე ნახევრად-სარდაფ სართულზე განთავსებული 25 კვ.მ ორი ოთახი. სააპელაციო პალატის მითითებით, აღნიშნულ სათავსში სარემონტო სამუშაოების ჩატარების შემდეგ იგი დიდუბის რაიონის გამგეობის 1995წ. ¹5/13-125 გადაწყვეტილებით ცნობილ იქნა საცხოვრებლად ვარგისიანად, ხოლო დიდუბის რაიონის გამგეობის 1995წ. 7 ივნისის ¹5/22-123 გადაწყვეტილებით ს. ბ-ის სადავო ფართი გაუფორმდა საცხოვრებლად, რის შესაბამისადაც მის სახელზე გაიცა ბინის ორდერი ¹...... და 1996წ. 1 ნოემბერს გაფორმდა პრივატიზების ხელშეკრულება.
სააპელაციო პალატის აზრით, პრივატიზების ხელშეკრულება დაიდო იმჟამად მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, სადავო ფართი წარმოადგენდა საცხოვრებელ ფართს, ხოლო მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია გამგეობის 1995წ. გადაწყვეტილება ფართის ს. ბ-ისათვის საცხოვრებლად გადაცემის შესახებ.
სააპელაციო პალატამ ასევე არ გაიზიარა მოსარჩელის მოთხოვნა ორდერის ბათილად ცნობის შესახებ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 218-ე მუხლთან წინააღმდეგობის გამო, რადგან პალატის აზრით, იურიდიული მნიშვნელობის ქმედებად მიჩნეულ უნდა იქნეს ს. ბ-ის მიერ განხორციელებული სადავო ფართის პრივატიზება.
გარდა ამისა, პალატის აზრით, ორდერის ბათილობის მოთხოვნის საფუძველი არ არსებობს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლით გათვალისწინებული 6-თვიანი ხანდაზმულობის ვადის გაშვების გამო, რადგან სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ფ. დ-მა ჯერ კიდევ 2001 წელს აღძრა სარჩელი სასამართლოში ს. ბ-ის მიმართ სადავო ფართიდან მისი გამოსახლების მოთხოვნით. ამდენად, სააპელაციო პალატის მითითებით, ფ. დ-ისათვის სადავო ადმინისტრაციული აქტის შესახებ ცნობილი იყო 1 წლით და 2 თვით ადრე, მისი ბათილად ცნობის მოთხოვნით 2003 წელს სარჩელის აღძვრამდე. ამასთან, სააპელაციო პალატის აზრით, ფ. დ-ს ბინის ორდერის გამოცემით არ მიდგომია პირდაპირი და უშუალო ზიანი.
ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორი გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა მხარეთა საპროცესო სტატუსის დაუდგენლობამ განაპირობა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლა და ახალი გადაწყვეტილების მიღება.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ფ. დ-მა და მოითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 25 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ფ. დ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს თბილისის სოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 25 ნოემბრის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატისათვის სავალდებულოა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, რომ ფ. დ-ი 1974 წლიდან ოჯახთან ერთად ცხოვრობს თბილისში, ... ქ. თბილისის დიდუბის რაიონის სახალხო დეპუტატთა საბჭოს 1991წ. 1 თებერვლის ¹43 გადაწყვეტილებით ამავე მისამართზე მდებარე ნახევრად სარდაფ სართულზე განთავსებული 25 კვ.მ ორი ოთახი დროებით საცხოვრებლად, თავშესაფრის სახით, გამოეყო ს. ბ-ს მძიმე საცხოვრებელი პირობების გამო. გამგეობის ¹5/13-125 გადაწყვეტილებით კი ზემოაღნიშნული სათავსი, ს. ბ-ის მიერ ჩატარებული სარემონტო სამუშაოების შედეგად, ცნობილ იქნა საცხოვრებლად ვარგისიანად, ხოლო ამავე გამგეობის 1995წ. 7 ივნისის ¹5/22-123 გადაწყვეტილებით ზემოაღნიშნული ფართი გაუფორმდა საცხოვრებლად. აღნიშნულის შესაბამისად, ს. ბ-ის სახელზე გაიცა ორდერი, ხოლო 1996წ. 1 ნოემბერს ამ უკანასკნელმა განახორციელა ბინის პრივატიზება.
კასატორი _ ფ. დ-ი ითხოვს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მათი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას, კერძოდ, 1996წ. 1 ნოემბერს ს. ბ-ის მიერ განხორციელებული პრივატიზებისა და ბინის ორდერის ბათილად ცნობას, რასაც საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს და თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა და განმარტა კანონი და მის მიერ კანონის მოთხოვნები არ დარღვეულა, რაც შეიძლებოდა გამხდარიყო სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოთხოვნას სადავო ფართის პრივატიზების ბათილად ცნობის შესახებ და ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომ ს. ბ-ის მიერ 1996 წელს თბილისში, ... მდებარე 25 კვ.მ-ის პრივატიზებისას არ დარღვეულა მოქმედი კანონმდებლობა, კერძოდ, იმ პერიოდში ბინების პრივატიზების საკითხი რეგულირდებოდა «საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაციის (უსასყიდლოდ გადაცემის) შესახებ» საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992წ. 1 თებერვლის ¹107 დადგენილებით, რომლითაც მოქალაქეებს ნება დაერთოთ სახელმწიფო და საზოგადოებრივ საბინაო ფონდში მათ მიერ დაკავებული საცხოვრებელი ბინის ნებაყოფლობითი შეღავათიანი პირობებით უსასყიდლოთ გადაცემის თაობაზე. ამდენად, ს. ბ-ის მიერ 1996 წელს სადავო ბინის პრივატიზებისას არ დარღვეულა მითითებული დადგენილება, რადგან ს. ბ-ს, როგორც ზემოთ აღინიშნა, ჯერ კიდევ 1991წ. 1 თებერვალს ქ. თბილისის დიდუბის რაიონის სახალხო დეპუტატთა საბჭოს განკარგულებით საცხოვრებელი თავშესაფრის სახით გამოეყო ნახევრად სარდაფ-სართულზე მდებარე 25 კვ.მ, ხოლო დიდუბის რაიონის გამგეობის ¹5/13-125 გადაწყვეტილებით სადავო ფართი ცნობილ იქნა საცხოვრებლად ვარგისად, შესაბამისად, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ სადავო ფართი წარმოადგენდა ნახევრად სარდაფ სართულს და მისი გამოყოფა საცხოვრებლად იყო დაუშვებელი, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ სადავო ფართი თავდაპირველად მართლაც ნახევრად სარდაფ-სართულს წარმოადგენდა, გამგეობის ¹5/13-125 გადაწყვეტილებით, ს. ბ-ის მიერ ჩატარებული სარემონტო სამუშაოების შედეგად, ფართი ცნობილ იქნა საცხოვრებლად ვარგისიანად, რაც ფ. დ-ს სადავოდ არ გაუხდია და არ გაუსაჩივრებია დიდუბის რაიონის გამგეობის ¹5/13-125 გადაწყვეტილება. აღნიშნულის შესაბამისად, 1995წ. 7 ივნისის ¹5/22-123 გადაწყვეტილებით ს. ბ-ს ... მდებარე ოროთახიანი ბინა გაუფორმდა საცხოვრებლად, რაც ასევე არ გაუსაჩივრებია კასატორს, ხოლო აღნიშნულის შესაბამისად, ს. ბ-ის სახელზე გაიცა ბინის ორდერი. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კონკრეტულ შემთხვევაში პრივატიზების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რადგან ს. ბ-ი ზემოაღნიშნული ადმინისტრაციული აქტების საფუძველზე იყო სადავო ფართის კანონიერი მფლობელი და საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992წ. 1 თებერვლის ¹107 დადგენილების შესაბამისად, უფლება ჰქონდა განეხორციელებინა მის მიერ დაკავებული საცხოვრებელი ბინის პრივატიზება.
რაც შეეხება კასატორის მოთხოვნას ს. ბ-ის სახელზე გაცემული ¹....... ბინის ორდერის ბათილად ცნობის თაობაზე, საკასაციო პალატა ვერც აღნიშნულს გაიზიარებს და თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ ამ ნაწილშიც საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ორდერის გაცემის დროისათვის მოქმედი საბინაო კოდექსის 57-ე მუხლის შესაბამისად, პირისათვის საცხოვრებელი სადგომის გადაცემის შესახებ გადაწყვეტილების საფუძველზე გაიცემა ორდერი, რომელიც წარმოადგენს საცხოვრებელ სადგომში შესახლების ერთადერთ საფუძველს, ხოლო ამავე კოდექსის 58-ე მუხლის თანახმად, მოთხოვნა ორდერის ბათილად ცნობის შესახებ შეიძლება გაცხადებულ იქნეს ორდერის გაცემის დღიდან სამი წლის განმავლობაში. ამდენად, აღნიშნული ნორმის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის ათვლა იწყება ორდერის გამოცემის დღიდან, საქმის მასალების თანახმად, ს. ბ-ის სახელზე ორდერი გაიცა 1995 წელს, ფ. დ-მა კი სარჩელი აღძრა 2003 წელს, მოქმედი კანონმდებლობით ხანდაზმულობის დადგენილი ვადის დარღვევით, როგორც იმ დროს, ასევე ამჟამად.
გარდა ამისა, საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ კასატორის მოსაზრება ორდერის სიყალბესთან დაკავშირებით, იმ მოტივით, რომ მისი გაცემის თარიღი 2 დღით უსწრებს ქ. თბილისის დიდუბის რაიონის გამგეობის ¹5/22-123 გადაწყვეტილებას, რომლითაც ს. ბ-ს საცხოვრებლად გაუფორმდა სადავო ბინა, არის უსაფუძვლო, რადგან ბინის ორდერში მისი გაცემის საფუძვლად მითითებულია სწორედ გამგეობის ზემოაღნიშნული ¹5/22-123 გადაწყვეტილება. შესაბამისად, თუ მივიჩნევთ, რომ ბინის ორდერი გამოიცა გადაწყვეტილების მიღებამდე 2 დღით ადრე, ანუ, თუ ვივარაუდებთ, რომ ორდერის გაცემის მომენტისათვის გადაწყვეტილება არ არსებობდა, ორდერში მისი გამოცემის საფუძვლად გადაწყვეტილება ვერ იქნებოდა მითითებული მისი არარსებობის გამო. ამასთან, წარმოდგენილი არ არის სიყალბის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება და იგი მხოლოდ კასატორის მოსაზრებაზეა დამყარებული.
ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ ფ. დ-ის საკასაციო საჩივარი უსაფუძვლობისა და ხანდაზმულობის მოტივით არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 25 ნოემბრის გადაწყვეტილება.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 47-ე მუხლის პირველი ნაწილით, 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ფ. დ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 25 ნოემბრის გადაწყვეტილება;
3. ფ. დ-ი გათავისუფლდეს საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.