გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ-400-02 24 ივლისი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. წიქვაძე (თავმჯდომარე),
რ. ნადირიანი, მ. გოგიშვილი
სარჩელის საგანი: შპს “ო-ს” რეგისტრაციის გაუქმება. აუქციონის და პრივატიზაციის შედეგების ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
1998წ. 3 მარტს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართეს მოსარჩელეებმა და მოითხოვეს შპს “ო-ს” რეგისტრაციის გაუქმება იმ საფუძვლით, რომ მოპასუხე ნ. ჯ-მა ისინი შეიყვანა შეცდომაში, თვითონ მოახდინა მაღაზიის ფართის პრივატიზაცია და შექმნა შპს “ო.”. მოპასუხემ მათ საპრივატიზაციო და სადამფუძნებლო დოკუმენტებზე ისე მოაწერინა ხელი, რომ არ იცოდნენ რაზე მოაწერეს ხელი და როცა დაინტერესდნენ, შეიტყვეს, რომ მოპასუხეს მიკუთვნებული ჰქონდა შპს “ო-ს” წილის 97%, ხოლო თითოეულ მათგანს მიეკუთვნა თითო პროცენტი. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
მოცემული დავა მრავალგზის იქნა განხილული სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოების მიერ. ბოლოს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2000წ. 11 ივლისის გადაწყვეტილებით მოსარჩელეების მოთხოვნა შპს “ო-ს” შექმნისა და მისი რეგისტრაციის გაუქმების, აუქციონისა და მაღაზიის პრივატიზაციის შედეგების ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა, ხოლო შპს “ო-ს” რეგისტრაციისას დაშვებული ხარვეზების გამოსასწორებლად საზოგადოებას დაენიშნა სამთვიანი ვადა. ეს გადაწყვეტილება ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინსტრაციული სამართლის და საგადასახადო საქმეთა პალატის 2000წ. 14 სექტემბრის განჩინებით დარჩა უცვლელი.
საოლქო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება უზენაესი სასამართლოს 2001წ. 1 თებერვლის განჩინებით აუქციონისა და სადავო მაღაზიის პრივატიზაციის შედეგების ბათილად ცნობის ნაწილში დატოვებულ იქნა უცვლელად, ხოლო შპს “ო-ს” რეგისტრაციის გაუქმებაზე უარის თქმის ნაწილში გაუქმდა და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. უზენაესი სასამართლოს განჩინებით საოლქო სასამართლოს მიეთითა, რომ თუ სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია საწარმოს სარეგისტრაციო დოკუმენტების არასრულყოფილება და დაენიშნა სამთვიანი ვადა ხარვეზის გამოსასწორებლად, სასამართლო ვალდებული იყო ამ ნაწილში შეეჩერებინა საქმის წარმოება, მხარის მიერ რეგისტრაციის დროს დაშვებული ხარვეზის გამოსწორების დროს დაშვებული ხარვეზის გამოსწორების საკითხის მარეგისტრირებელ სასამართლოში გადაწყვეტამდე. აღნიშნულის საფუძველზე ქუთაისის საოლქო სასამართლოს პალატის 2001წ. 9 ივლისის განჩინებით მოცემული საქმის ხელახალი განხილვა შეჩერებულ იქნა შპს “ო-ს” დამფუძნებელთა მიერ საზოგადოების რეგისტრაციის დროს დაშვებული ხარვეზის საკითხის გადაწყვეტამდე, ხოლო სამთვიანი ვადის გასვლის შემდეგ საქმის წარმოება განახლდა.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო, რომ შპს “ო-ს” სარეგისტრაციო დოკუმენტაცია არასრულყოფილი იყო, კერძოდ, სხდომის ოქმის ხელნაწერის ნიმუშს და სასამართლოს სახელზე გაკეთებულ განცხადებას აკლია ნოტარიუსის ხელმოწერა და ბეჭედი. სადამფუძნებლო დოკუმენტაციას არ ახლავს საწესდებო შესატანის დამადასტურებელი საბუთი, საწესდებო კაპიტალი არ არის სრულად შევსებული, არაფულადი ქონების შეფასების აქტში დაფიქსირებული, წარმოდგენილი ქონება შეფასებული იქნა 1600 ლარად, საწესდებო კაპიტალი კი განისაზღვრა 2000 ლარით.
სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ ხარვეზის გამოსწორებისათვის დანიშუნლ ვადაში, ხარვეზი არ იქნა გამოსწორებული. “მეწარმეთა შესახებ” 5.8 მუხლის საფუძველზე სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს “ო-ს” რეგისტრაცია უნდა გაუქმდეს.
სასამართლომ 2001წ. 12 ნოემბრის გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა მოსარჩელეთა სააპელაციო საჩივარი. გაუქმდა ამ საქმეზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2000წ. 11 ივლისის გადაწყვეტილება სარჩელზე შპს “ო-ს” შექმნისა და მისი რეგისტრაციის გაუქმების შესახებ უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მოსარჩელეთა მოთხოვნა შპს “ო-ს” რეგისტრაციის გაუქმების შესახებ დაკმაყოფილდა.
ეს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა, რომლებიც მოითხოვენ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნებას. კასატორის მოსაზრებით სასამართლომ დაარღვია სსკ-ს 248-ე მუხლის მოთხოვნა და მიაკუთვნა მას ის, რაც მას არ მოუთხოვია. კერძოდ, იგი მოითხოვდა რეგისტრაციის გაუქმებას ბათილობის მოტივით, სასამართლოს ბათილად უნდა ეცნო რეგისრაციისათვის წარდგენილი საბუთები, რადგან აღნიშნული საბუთები არ არის იურიდიული ძალის მქონე.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები მოისმინა მხარეთა განმარტებები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
“მეწარმეთა შესახებ” კანონის 5.8 მუხლის თანახმად, თუ საწარმო რეგისტრირებულია, მაგრამ იგი არ აკმაყოფილებს რეგისტრაციის პირობებს ან ეს პირობები მოგვიანებით ისპობა, რეგისტრაცია უქმდება, თუკი ეს ხარვეზი სამი თვის განმავლობაში არ იქნება გამოსწორებული. რეგისტრაცია შეიძლება გაუქმდეს აგრეთვე, საზოგადოების ნებისმიერი პარტნიორის ან ნებისმიერი მესამე პირის მიერ სარჩელის საფუძველზე.
მითითებული ნორმა რეგისტრაციის გაუქმების საფუძვლად მიიჩნევს ამავე კანონის მე-5 მუხლში გათვალისწიებული რეგისტრაციის პირობების არარსებობას.
მოცემულ საქმეზე უდავოდ დადგენილია, რომ შპს “ო-ს” სარეგისტრაციო დოკუმეტაცია არ აკმაყოფილებდა მე-5 მუხლით გათვალისწინებულ რეგისტრაციის პირობებს, კერძოდ, დამფუძნებელთა სხდომის ოქმის ხელნაწერის ნიმუში და სასამართლოს სახელზე გაკეთებული განცხადება არ იყო დამოწმებული სანოტარო წესით, სადამფუძნებლო დოკუმენტაციას თან არ ერთვის საწესდებო შესატანის დამადასტურებელი საბუთი, საწესდებო კაპიტალი არ არის სრულად შევსებული. ქონების შეფასების აქტში დაფიქსირებული ქონება შეფასებული იქნა 1600 ლარად, საწესდებო კაპიტალი კი განისაზღვრა 2000 ლარის ოდენობით. საზოგადოებამ კანონით გათვალისწინებულ სამი თვის ვადაში არ გამოასწორა ხარვეზი, რის გამოც სასამართლომ დააკმაყოფილა მოსარჩელეთა მოთხოვნა და საზოგადოების რეგისტრაცია გააუქმა. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ სარჩელი დააკმაყოფილა, მოსარჩელეებს მიაჩნიათ, რომ სასამრათლო გასცდა მათი მოთხოვნის ფარგლებს, რადგან ისინი მოითხოვდნენ რეგისტრაციის გაუქმებას სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტების ბათილობის საფუძველზე.
საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სააპელაციო სასამართლო გასცდა მათი მოთხოვნის ფარგლებს, რადგან ისინი მოითხოვდნენ საზოგადოების რეგისტრაციის გაუქმებას, რაც დაკმაყოფილდა. რაც შეეხება იმ მოსაზრებას, რომ სასამართლოს სარეგისტრაციოდ წარდგენილი საბუთები ბათილად უნდა ეცნო, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ვინაიდან საზოგადების რეგისტრაცია გაუქმდა, მიიჩნევა, რომ პარტნიორებმა საზოგადოების შექმნის შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს და წარდგენილ საბუთებს არანაირი იურიდიული ძალა არ გააჩნიათ. რაც შეეხება კასატორების მოსაზრებას ამხანაგობის საერთო კრების ოქმზე და ხელშეკრულებაზე, აღნიშნულზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2001წ. 1 თებერვლის კანონიერ ძალაში შესულ განჩინებაში გაკეთებულია სათანადო დასკვნა, რის გამოც სასამართლო ვერ იმსჯელებს მითითებული დოკუმენტების ნამდვილობაზე.
სსკ-ს 410-ე მუხლის “ბ” პუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ საოლქო სასამართლოს პალატის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
საკასაციო პალატა თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ი. ბ-ის, ნ. გ-ის და ც. გ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს ამ საქმეზე ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001წ. 12 ნოემბრის გადაწყვეტილება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.