¹ 3კ/401-02 13 მარტი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. წიქვაძე (თავმჯდომარე),
ლ. გოჩელაშვილი,რ. ნადირიანი
სარჩელის საგანი: დელიქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
1998 წლის სექტემბერში ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის ავტომანქანით მომხდარი ავტოავარიის შედეგად ვ. ვ-კომ და ზ. ბ-შვილმა მიიღეს სხეულის დაზიანება, რის გამოც ისინი მკურნალობდნენ სტაციონალურად. დ. გ-შვილს, რომელიც პროკურატურის კუთვნილ ავტომანქანას მართავდა, რუსთავის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 18 თებერვლის განაჩენით მიესაჯა ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა (პირობით).
2000 წლის მაისში ვ. ვ-კომ და ზ. ბ-შვილმა სარჩელი აღძრეს ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის წინააღმდეგ და მოითხოვეს დელიქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურება. კერძოდ, ვ. ვ-კომ მოითხოვა დაკარგული შემოსავალი 1999 წლის 8 ივნისიდან 2000 წლის 3 ივნისის ჩათვლით, ოპერაციისათვის გაწეული ხარჯი – 500 ლარი, სტაციონარის ხარჯი – 300 ლარი და არაქონებრივი ზიანისათვის 1800 ლარის ანაზღაურება, სულ _ 2477 ლარი. ზ. ბ-შვილმა მოითხოვა სტაციონარში მკურნალობისა და ოპერაციის ხარჯი – 980 ლარი, გარეშე მომვლელის ხარჯი – 16 ლარი, კვებისა და მედიკამენტებისათვის (საავადმყოფოში) – 300 ლარი; ყოველთვიური სარჩო-77 ლარი, კურორტული მკურნალობისათვის 400 ლარი, სულ – 3391 ლარი.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო იმ მოტივით, რომ მოსარჩელეებს ზიანი მიაყენა დ. გ-შვილმა.
რუსთავის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ვ. ვ-კოსა და ზ. ბ-შვილის სარჩელები არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ სატრანსპორტო საშუალებას მართავდა მესამე პირი – დ. გ-შვილი. იგი ავტომანქანას მართავდა მფლობელის ნებართვის გარეშე. საქმის განხილვისას მოსარჩელეებმა უარი განაცხადეს საქმეში სათანადო მოპასუხის ჩაბმაზე, რის გამოც სასამართლომ გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლით დადგენილი წესი.
მოსარჩელეებმა სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს სააპელაციო წესით. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას აპელანტებმა თანხმობა განაცხადეს არასათანადო მოპასუხის შეცვლაზე. საქმეში მოპასუხედ დ. გ-შვილი ჩაება.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილებით ვ. ვ-კოსა და ზ. ბ-შვილის სარჩელები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: დ. გ-შვილს ზ. ბ-შვილის სასარგებლოდ დაეკისრა 1600 ლარისა და 65 თეთრის, ხოლო ვ. ვ-კოს სასარგებლოდ დაეკისრა 484 ლარის გადახდა.
სასამართლომ საქმეზე დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებანი: დ. გ-შვილმა მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით (ავტოავარიით) ზიანი მიაყენა ვ. ვ-კოსა და ზ. ბ-შვილს. ბიგანიშვილმა ზიანის ასანაზღაურებლად მოითხოვა 3784,80 ლარი, რომელშიც შევიდა ოპერაციის ხარჯები 900 _ ლარი, მკურნალობის ხარჯები, ყოველთვიური სარჩო _ 77 ლარი და იურიდიული მომსახურების ხარჯი – 84 ლარი. ბ-შვილმა სასამართლოში წარადგინა ხელფასის ცნობა, რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოდან ცნობა მკურნალობის ხარჯებისა და ოპერაციის ღირებულების შესახებ. ვინაიდან საავადმყოფოდან წარდგენილი ცნობის თანახმად მკურნალობის ხარჯები გადახდილი არ არის აპელანტის მიერ, სააპელაციო სასამართლომ ოპერაციის ხარჯებს (735,85) მიუმატა ხელფასი (77X10 თვეზე) და ადვოკატის ხარჯები _ 84 ლარი, რამაც საბოლოო ჯამში შეადგინა 1600 ლარი და 65 თეთრი.
რაც შეეხება ვ. ვ-კოს, გადაწყვეტილებაში მითითებულია რომ, მის მიერ წარმოდგენილ არ იქნა ხელფასის ოდენობის შესახებ ცნობა. სასამართლომ საწყის თანხად აიღო ხელფასის მინიმალური ოდენობა _ 20 ლარი, რაც გამრავლებულ იქნა 20 თვეზე, დაემატა 84 ლარი ადვოკატის ხარჯები, რამაც მთლიანად შეადგინა 484 ლარი. სასამართლომ გადაწყვეტილების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის მე-4 ნაწილი. საკასაციო საჩივრის ავტორი ზ. ბ-შვილი მოითხოვს აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმებას და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნებას, რადგან მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება იურიდიული და ფაქტობრივი თვალსაზრისით დაუსაბუთებელია. ამავე საფუძველზე მიუთითებს ვ. ვ-კოც საკასაციო საჩივარში. ასევე აღნიშნავს, რომ სასამართლომ არ იმსჯელა სარჩელის მოთხოვნაზე სრულად, რადგან მორალური ზიანის ანაზღაურებაზე არაფერია ნათქვამი გადაწყვეტილებაში.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი და თვლის, რომ საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტით გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ მისი დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. გადაწყევტილების დასაბუთებულობაში იგულისხმება სასამართლოს მიერ ამავე კოდექსის 249-ე მუხლის მე-4 ქვეპუნქტის მოთხოვნათა განხორციელება. მითითებული ნორმის საფუძველზე სასამართლომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში უნდა აღნიშნოს სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებანი, მტკიცებულებანი, რომლებსაც სასამართლო ურთავს ამა თუ იმ მტკიცებულებას და კანონები, რომლებითაც სასამართლო ხელმძღვანელობდა. მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ არც ის დაასაბუთა, თუ რატომ დაეკისრა დ. გ-შვილს ზ. ბ-შვილის სასარგებლოდ 1600 ლარის გადახდა და არც ის, თუ რატომ არ დააკმაყოფილა ზ. ბ-შვილის სარჩელი სრულად. ფაქტობრივი გარემოებების დადგენისას არ მიუთითებს შესაბამის მტკიცებულებებზე. კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მკურნალობის ხარჯები გადახდილი არ არის აპელანტის მიერ და მიუთითებს საავადმყოფოდან წარმოდგენილ ცნობაზე, მაშინ, როცა საქმეში არსებული ცნობებით ასეთი გარემოება არ დგინდება. ვ. ვ-კო მოითხოვდა სტაციონარში ყოფნისას მოვლასთან, კვებასთან და მედიკამენტებთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს. სასამართლომ ამ ნაწილში არ გამოიკვლია საქმეში არსებული მასალები. ასევე არ იმსჯელა სარჩელის მოთხოვნაზე მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყევტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს. საქმის ხელახლა განხილვის დროს სასამართლომ დამატებით უნდა გამოიკვლიოს საქმეში არსებული მასალები, კერძოდ, ზემოთ აღნიშნული მტკიცებულებანი, სრულად განიხილოს ვ. ვ-კოსა და ზ. ბ-შვილის სასამართლო მოთხოვნები და ისე მიიღოს საქმეზე გადაწყვეტილება.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ვ. ვ-კოს და ზ. ბ-შვილის საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.