გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ-403-01 22 მაისი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. წიქვაძე (თავმჯდომარე),
ლ. გოჩელაშვილი, რ. ნადირიანი
დავის საგანი: ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილობა.
აღწერილობითი ნაწილი:
ლ. ბ-იამ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე ჯ. ბ-იას წინააღმდეგ ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ იმ საფუძვლით, რომ მოპასუხემ დახმარება აღუთქვა მის საკუთრებაში არსებული 600კვ.მ მიწის ფართობის პრივატიზებაში, სანაცვლოდ ითხოვა მიწის ნაკვეთის ნახევარის დროებით სარგებლობაში გადაცემა, სადაც ააშენებდა პურის საცხობს. მხარეებს შორის 2000წ. 11 ივლისს ნოტარიაულურად დამოწმდა ხელშეკრულება, რომლის შინაარსიც ლ. ბ-იას განუმარტეს არასწორად. მოგვიანებით ლ. ბ-იასთვის ცნობილი გახდა, რომ რეალურად მხარეთა შორის გაფორმდა 300კვ.მ მიწის ნაკვეთის ნასყიდობის ხელშეკრულება. რაც შეეხება ხელშეკრულებაში დაფიქსირებულ 3000 ლარს, მოსარჩელეს არ მიუღია.
სასამართლოში წარდგენილი შესაგებლით Mმოპასუხემ სარჩელი არ ცნო. საქმის განხილვა დაინიშნა 2000წ. 13 ოქტომბერს. სხდომაზე ორივე მხარე გამოცხადდა. სხდომის დაწყებისას მხარეებს შუამდგომლობა არ აღუძრავთ. საქმის ზეპირი განხილვის დროს, მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტების შემდეგ, ჯ. ბ-იამ შუამდგომლობით მოითხოვა საქმის გამხილვის გადადება იმ საფუძვლით, რომ მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი საქმის განხილვაში ვერ იღებდა მონაწილეობას; ასევე მოითხოვა სანოტარო საქმის გამოთხოვა, ნოტარიუსისა და მოწმეების მოწვევა. სასამართლომ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა იმ მოტივით, რომ საქმის მასალებში არ არის წარმოდგენილი ადვოკატის ორდერი ან რწმუნებულება წარმომადგენლის საქმეში მონაწილეობის შესახებ. რაც შეეხება დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენის საფუძვლით საქმის გადადების მოთხოვნას, სასამართლომ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარი თქვა იმის გამო, რომ მხარეს შეეძლო საქმის მთავარ სხდომამდე დაეყენებინა ეს მოთხოვნა.
სასამართლოს მიერ შუამდგომლობაზე უარის თქმის შემდეგ მოპასუხემ უარი განაცხადა საქმის განხილვაში მონაწილეობის მიღებაზე.
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2000წ. 13 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი მხარეთა შორის დადებული მიწის ნაკვეთის ნასყიდობის ხელშეკრულება. საჯარო რეესტრს და ტექინვენტარიზაციის ბიუროს დაევალა პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა და თბილისში, ... მდებარე მიწის ნაკვეთის აღრიცხვა ლ. ბ-იას სახელზე. სასამართლომ გადაწყვეტილების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე, 232-ე, 234-237-ე მუხლები.
ჯ. ბ-იამ საჩივარი შეიტანა დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე და მოითხოვა საქმის წარმოების განახლება. საჩივრის ავტორმა მიიჩნია, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად არ ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას, რის გამოც სასამართლოს არ უნდა მიეღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება; სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 232-ე მუხლი. საჩივრის განხილვის დროს ჯ. ბ-იამ სასამართლოს წარუდგინა 2000წ. 25 აგვისტოს გაცემული რწმუნებულება და განმარტა, რომ აღნიშნული საბუთი წარდგენილი იყო სასამართლოში, მაგრამ იგი საქმის განხილვის დროს მასალებში არ აღმოჩნდა.
ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2000წ. 16 ნოემბრის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
ჯ. ბ-იამ აღნიშნული განჩინება გაასაჩივრა სააპელაციო წესით. აპელანტი მიუთითებდა, რომ სარჩელი არ შეესაბამებოდა სსსკ-ს 178-ე მუხლის პირველი ნაწილის “ზ” ქვეპუნქტის მოთხოვნებს; განცხადებას არ ერთვოდა მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებდნენ სარჩელში მითითებულ გარემოებებს; არარსებობდა სსსკ-ს 233 მუხლის “დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული სარჩელის აღძვრის წინაპირობა, სარჩელში მითითებული გარემოება არ ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 19 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ძალაში დარჩა მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება. სასამართლომ მიიჩნია, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლო არ იყო ვალდებული დაედგინა სარჩელის საფუძვლიანობა (თანდართული მტკიცებულებებით დასტურდებოდა თუ არა სარჩელში მითითებული გარემოებები), რადგან დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დადასტურებულად ითვლება. რაც შეეხება მოთხოვნის იურიდიულ საფუძველს, სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 73-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტზე და აღნიშნა, რომ ლ. ბ-იას უფლება ჰქონდა მოეთხოვა აღნიშნული ხელშეკრულების ბათილად ცნობა, რადგან იგი გარიგების დადებისას შეცდომაში შეიყვანეს. Aამასთან,A დაადგინა, რომ სარჩელი შეტანილია ამავე კოდექსის 72-ე მუხლით დადგენილ ერთთვიან ვადაში.
აღნიშნული განჩინება ჯ. ბ-იამ გაასაჩივრა საკასაციო წესით. კასატორი ითხოვდა აღნიშნული განჩინების გაუქმებას შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლომ მოპასუხე არ გააფრთხილა სასამართლო მთავარი სხდომის შესახებ; საქმის მასალებში არ აღმოჩნდა მოპასუხის წარმომადგენლის რწმუნებულება; სასამართლომ აღნიშნული დარღვევების მიუხედავად არ დააკმაყოფილა მოპასუხის შუამდგომლობა საქმის გადადების შესახებ, რის გამოც მხარემ პროტესტის ნიშნად დატოვა სხდომა; კასატორს მიაჩნია, რომ 233-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს არ უნდა მიეღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რადგან სარჩელი არ შეესაბამებოდა 178-ე მუხლის “ზ”ქვეპუნქტის მოთხოვნებს: სარჩელს არ ახლდა მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა სარჩელში მითითებულ გარემოებებს; სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად არ ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, რადგან იურიდიულად გამართლება არ ნიშნავს იმას, რომ სამოქალაქო კოდექსის ნორმა ფორმალურად იქნეს მითითებული და სასამართლომ ფაქტობრივი თვალსაზრისითაც არ დაასაბუთოს სარჩელის საფუძვლიანობა; სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249-ე მუხლის მოთხოვნა და გადაწყვეტილებაში არ მიუთითა მოპასუხის შესაგებელში აღნიშნული გარემოებები.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდება, თუ საოლქო სასამართლოს პალატის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა. Mმოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს უნდა შეემოწმებინა დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე შეტანილი საჩივრის თაობაზე მიღებული განჩინების კანონიერება, ე.ი. არსებობდა თუ არა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების კანონით გათვალისწინებული საფუძვლები. Kკერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის მეორე ნაწილითა და 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დაუშვებლობის შესახებ. სააპელაციო სასამართლომ სავსებით სწორად მიიჩნია, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას ამ ნაწილში. სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლით ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია ერთი მხარის მიერ მეორეზე გავლენის ბოროტად გამოყენებით, როცა მათი ურთიერთობა დაფუძნებულია განსაკუთრებულ ნდობაზე.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ უსაფუძვლოა კასატორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტი. Aაღნიშნული ნორმით დაუშვებელია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა, თუ არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობა. სარჩელის აღძვრის წინაპირობების არარსებობაში იგულისხმება ამავე კოდექსის 186-ე მუხლით გათვალისწინებული გარემოებები და არა 178-ე მუხლით გათვალისწინებული პირობები, როგორც ამას კასატორი მიიჩნევს.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მოპასუხეს არ აცნობა მთავარი სხდომის შესახებ. საქმის მასალებით ირკვევა, რომ ჯ. ბ-იას მთავარი სხდომის შესახებ სასამართლო შეტყობინება გაეგზავნა ფოსტით. სხდომის წინა დღეს Mმოპასუხემ განცხადებით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა პროცესის სხვა დროისთვის გადადება, ე.ი. მხარესათვის ცნობილი იყო სხდომის დროსა და ადგილის შესახებ. რაც შეეხება საქმის განხილვის გადადების შესახებ შუამდგომლობაზე უარის თქმას, პალატა მიუთითებს, რომ საქმის განხილვის გადადება დასაშვებია მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლით მხარეთა განცხადებები და შუამდგომლობები ახალ მტკიცებულებათა წარმოდგენისა თუ გამოთხოვის, აგრეთვე საქმის განხილვასთან დაკავშირებით წამოჭრილი სხვა საკითხების შესახებ შეიძლება დააკმაყოფილოს სასამართლომ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ასეთი შუამდგომლობები და განცხადებები საპატიო მიზეზით არ იყო აღძრული სასამართლო განხილვისათვის საქმის მომზადების სტადიაზე. ჯ. ბ-იამ ახალი მტკიცებულებების წარმოდგენის შესახებ იშუამდგომლა საქმის მთავარ სხდომაზე განხილვისას. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს უსაფუძვლოდაც რომ ეთქვა უარი მხარის შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე, ჯ. ბ-იას შეეძლო კანონით დადგენილი წესით გაესაჩივრებინა სასამართლოს უარი. საკასაციო სასამართლო ვერ იმსჯელებს მოცემულ შემთხვევაში რამდენად კანონიერი იყო სასამართლოს მიერ შუამდგომლობაზე უარის თქმა, რადგან ამ საკითხის გარკვევას კავშირი არ აქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების კანონიერ საფუძვლებთან. რაც შეეხება Pმხარის მიერ საქმის განხილვაში მონაწილეობის მიღებაზე უარის თქმას, იგი იწვევს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 232-ე მუხლით დადგენილ შედეგს - გამოუცხადებლად ითვლება მხარე, რომელიც, თუმცა სასამართლო სხდომაზე დანიშნულ დროს გამოცხადდა, მაგრამ უარს ამბობს საქმის განხილვაში მონაწილეობაზე.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას სასამართლოს მიერ სსსკ-ს 249-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნის დარღვევის შესახებ, რადგან ამავე კოდექსის 234-ე მუხლით დაუსწრებელი გადაწყვეტილების შინაარსი უნდა შეესაბამებოდეს 249-ე მუხლის მოთხოვნებს სამოტივაციო ნაწილის ჩამოყალიბების გარეშე.
ამდენად, საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ჯ. ბ-იას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 19 თებერვლის განჩინება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.