¹3კ-406-02 17 ივნისი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),
მ. ახალაძე, მ. ცისკაძე
დავის საგანი: ნაჩუქრობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
1995წ. 22 აგვისტოს გ. შ-ძემ ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე რძალს მ. შ-ძეს გადასცა ქ. თბილისში, ....., მის საკუთრებაში არსებული ბინის მთლიანი ფართობის 20/4232 ნაწილის ნახევარი.
მ. შ-ძემ 1999წ. 17 დეკემბერს განცხადებით მიმართა ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა საკუთრებაში არსებული ბინის სარგებლობის უფლების რეალიზაცია იმ მოტივით, რომ მოპასუხე გ. შ-ძე (ყოფილი მამამთილი) არ აძლევს ბინის გასაღებს, რის გამოც ვერ ახერხებს საკუთარი ბინით სარგებლობას.
გ. შ-ძემ შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება იმ საფუძვლით, რომ მ. შ-ძემ უდიდესი უმადურობა გამოიჩინა მის მიმართ: განქორწინდა მის შვილთან მ. შ-ძესთან და თვითნებურად დაეუფლა მის კუთვნილ ავტოფარეხს. ი. შ-ძემ მესამე პირმა დამოუკიდებელი მოთხოვნით სარჩელი აღძრა გ. შ-ძისა და მ. შ-ძის მიმართ და მოითხოვა თბილისში, ..... მდებარე ერთოთახიანი ბინის 1/2 ნაწილზე დადებული ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა იმ მოტივით, რომ მისმა მეუღლემ ბინა გააჩუქა მასთან შეთანხმების გარეშე.
ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2000წ. 8 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა: მ. შ-ძეს ნება დაერთო, ესარგებლა თბილისში, ... მდებარე ბინის ნახევრით; შეგებებული სარჩელისა და მესამე პირის, ი. შ-ძის, სასარჩელო მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მხოლოდ გ. შ-ძემ. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000წ. 22 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
გ. შ-ძის საკასაციო საჩივრის საფუძველზე საქმე განიხილა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა საკასაციო პალატამ, რომლის 2001 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ გაუქმდა ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2000წ. 8 სექტემბრის გადაწყვეტილება სარჩელისა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. დაკმაყოფილდა მ. შ-ძის სარჩელი თბილისში, ..... მდებარე ბინის ნახევარით სარგებლობის უფლების შესახებ. არ დაკმაყოფილდა გ. შ-ძის შეგებებული სარჩელი ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.
სააპელაციო პალატის განჩინება ემყარება შემდეგ საფუძველებს:
სადავო ურთიერთობები მხარეთა შორის ძველი კოდექსის მოქმედების პერიოდში _ 1995 წელს წარმოიშვა; სამოქმედო კოდექსის 1507-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად ურთიერთობა 1964 წლის სსკ-ით უნდა მოწესრიგდეს, ვინაიდან ახალი კოდექსი უძრავი ნივთების მიმართ, ჩუქების ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ახალ წესებს არ ადგენს.
გ. შ-ძეს გაშვებული აქვს სამოქალაქო სამართლის კოდექსის 75-ე მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა, მ. შ-ძე კი სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის შესაბამისად უფლებამოსილია, მოითხოვოს მისი საკუთრებით სარგებლობის ხელშეშლის აღკვეთა.
გ. შ-ძემ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება და ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება.
საკასაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ მოტივებს:
სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, რომ დავა ჩუქების ხელშეკრულების დროს მოქმედი სამოქალაქო სამართლის კოდექსით უნდა გაუქმდეს, სასარჩელო ხანდაზმულობის მატერიალურ-სამოქალაქო სამართლებრივი პირის გაუგებრობის შედეგია. ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო ჩუქების ხელშეკრულების გაუქმებას უარი მხოლოდ იმ შემთხვევაში ეთქმებოდა თუ დგინდებოდა, რომ ასეთი მოთხოვნის უფლება გააჩნდა და რომ ეს უფლება დარღვეულია მოსარჩელე მ. შ-ძის მიერ.
სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა ხელშეკრულების გაფორმების მომენტიდან კი არ უნდა აითვალოს, არამედ იმ მომენტიდან, როცა მოსარჩელემ უმადურობა გამოხატა მის მიმართ თავისი ქმედებით. ავტოფარეხთან და ბინასთან დაკავშირებული დარღვეული უფლება დაცული უნდა იყოს ნეგატიური სარჩელით. ასეთი მოთხოვნის უფლება კი პირს აქვს მანამ, სანამ არ შეწყდება ამ უფლებების ხელყოფა.
მართალია, სამოქალაქო კოდექსის 1507-ე მუხლის თანახმად მხარეთა შორის ურთიერთობა 1995 წელს წარმოიშვა, მაგრამ ამავე კოდექსის მიხედვით ამ ურთიერთობის მოდიფიცირების შედეგად უფლებეები და მოვალეობები ახალი კოდექსის სამოქმედოდ შემოღების შემდეგ წარმოიშვა და შესაბამისად, დავა მოქმედი კოდექსით უნდა გადაწყდეს.
დასახელებული ნორმის მესამე ნაწილის თანახმად ნაჩუქრობა უძრავ ნივთს ეხება, ამიტომ უფლების დაცვის, ანუ სასარჩელო ხანდაზმულობის ექვსწლიანი ვადა უნდა იქნეს გამოყენებული. სასამართლომ დააკმაყოფილა რა გ. შ-ძის სარჩელი, უნდა გაერკვია, ვინ ხელყო მესაკუთრის ნივთით სარგებლობის უფლება, რაში გამოიხატება ხელშეშლაLდა როგორ უნდა ამოიფხვრას იგი.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივარს და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დადგენილია, რომ გ. შ-ძემ რძალს მ. შ-ძეს 1995წ. 22 აგვისტოს ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე გადასცა მის საკუთრებაში არსებული, ..... მდებარე ბინის 1/2 ნაწილი. მ. შ-ძემ 2000წ. სექტემბერში მოითხოვა ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა.
პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოტივაციას, რომ სააპელაციო სასამართლოს დავის გადასაწყვეტად მოქმედი სამოქალაქო კოდექსი უნდა გამოეყენებინა, ვინაიდან სამოქალაქო კოდექსის 1507-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით სამოქალაქო კოდექსის ამოქმედების გამო ძალადაკარგული ნორმატიული აქტების საფუძველზე წარმოშობილი ურთიერთობების მიმართ გამოიყენება ეს ნორმატიული აქტები, გარდა იმ შემთხვევიებისა, როცა ურთიერთობის მონაწილეებს სურთ, ერთმანეთს შორის ურთიერთობა ამ კოდექსით მოაწესრიგონ ან, თუ სამოქალაქო კოდექსით უძრავი ნივთების შესახებ ახალ წესებს ითვალისწინებს. მართალია, მხარეები სააპელაციო სასამართლოში პირველადი საქმის განხილვისას შეთანხმდნენ სამოქალაქო კოდექსის ნორმებით განხილვის შესახებ, მაგრამ სააპელაციო სასამართლოში საქმის ხელახალი განხილვის დროს მოსარჩელის წარმომადგენელმა მოითხოვა დავის სამოქლაქო სამართლის კოდექსის 1964წ. რედაქციით გადაწყვეტა. მოცემულ შემთხვევაში უძრავი ქონების მიმართ ჩუქების ხელშეკრულების დადების რაიმე ახალ წესს სამოქალაქო კოდექსი არ ითვალისწინებს.
გარემოებანი, რომ სამოქალაქო კოდექსის 529-530-ე მუხლები Uუშვებს შემთხვევებს, როდესაც გამჩუქებელს უფლება აქვს, გამოითხოვოს გაჩუქებული ნივთი, არ წარმოადგენს ჩუქების ხელშეკრულების დადების წესს და იგი იძლევა დადებული ხელშეკრულების გაუქმების შესაძლებლობის სამართლებრივ საფუძვლებს, რომელსაც სადავო ხელშეკრულების დადების მომენტში მოქმედი საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსი არ ითვალისწინებდა. ახალი სამოქალაქო კოდექსის 529-530-ე მუხლებით გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძვლები 1995 წელს დადებული ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების კანონიერი საფუძველი ვერ გახდება.
სააპელაციო სასამართლომ სწორად მიუთითა, რომ მოსარჩელე მ. შ-ძეს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლით უფლება აქვს, მოითხოვოს მისი კუთვნილი ბინის სარგებლობის ხელშეშლის აღკვეთა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერია და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
გ. შ-ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს
უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 20 დეკემბრის გადაწყვეტილება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.