Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ-408-02 31 მაისი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),

თ. კობახიძე, ქ. გაბელაია

დავის საგანი: ბინიდან გამოსახლება, ბინის ქირის გადახდევინება (ძირითად სარჩელში); ბინის მესაკუთრედ ცნობა (შეგებებულ სარჩელში).

აღწერილობითი ნაწილი:

ქ.თბილისში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლის 264/840 ნაწილის მესაკუთრეა ა. ე-ოვა. სახლთმფლობელობის ამ ნაწილში, კერძოდ, ლიტ “ა”-ს ¹4 ოთახში რამდენიმე ათეული წლით ცხოვრობს ს. შ-ოვა.

1998წ. მარტში ა. ე-ოვამ სარჩელი შეიტანა სასამართლოში ს. შ-ოვას მიმართ ბინიდან გამოსახლებისა და ბინის ქირის, თვეში 50 ლარის გადახდევინების შესახებ.

ს. შ-ოვამ შეგებებული სარჩელით მოითხოვა ¹4 ოთახზე კანონიერ მფლობელად, ხოლო შემინული აივნის, სამზარეულოსა და აივნის ქვეშ მოწყობილი სარდაფის მესაკუთრედ ცნობა.

დავა არაერთხელ იყო სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოთა განხილვის საგანი. უკანასკნელად, თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2000წ. 14 აგვისტოს გადაწყვეტილებით ა. ე-ოვას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ს. შ-ოვას დაეკისრა 23 თვის გადაუხდელი ბინის ქირის, 57,50 ლარის, გადახდა, რაც თვეში შეადგენდა 2,5 ლარს.

დაკმაყოფილდა ს. შ-ოვას შეგებებული სარჩელი. იგი ცნობილ იქნა 28,9 კვ.მ ფართობის ¹4 საცხოვრებელი ოთახის კანონიერ მფლობელად, 13,2 კვ.მ ფართის ¹4 აივნის, 2,1 კვ.მ. შესასვლელის, 7,6 კვ.მ სარდაფის და 3,5 კვ.მ ფართის სათავსის მესაკუთრედ.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 2000წ. 13 დეკემბრის განჩინებით არ დააკმაყოფილა ა. ე-ოვას სააპელაციო საჩივარი და რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება დატოვა უცვლელად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001წ. 11 ივლისს განჩინებით დაკმაყოფილდა ა. ე-ოვას საკასაციო საჩივარი. გაუქმდა სააპელაციო პალატის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

საკასაციო პალატამ მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინებაში არ უმსჯელია ს. შ-ოვას სადავო ფართიდან გამოსახლების თაობაზე, სააპელაციო სააჩივარი ამ ნაწილში არ ყოფილა განხილული.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 29 ნოემბრის გადაწყვეტილებით ა. ე-ოვას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2000წ. 14 აგვისტოს გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება. ა. ე-ოვას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. კასატორს უარი ეთქვა ბინიდან ს. შ-ოვას გამოსახლებაზე. ამ უკანასკნელს ბინის ქირის ანგარიშში ერთდროულად დაეკისრა 470 ლარის, ხოლო 2001წ. 1 დეკემბრში _ 10 ლარის გადახდა.

ს. შ-ოვას შეგებებული სარჩელიც დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. იგი ცნობილ იქნა ა. ე-ოვას კუთვნილი ბინის 29,8 კვ.მ. ფართობის ოთახის კეთილსინდისიერ მფლობელად.

ს. შ-ოვა საკასაციო საჩივრით ითხოვს სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმებას მის მიერ აშენებულ ფართის მესაკუთრედ ცნობაზე უარის თქმისა და ბინის ქირის დაკისრების ნაწილში, იმ საფუძვლით, რომ მიშენებებზე გაწეული აქვს მნიშვნელოვანი მატერიალური დანახარჯები არ უნდა ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ იგი იღებს პენსიას 14 ლარის ოდენობით, დაკისრებოდა ბინის ქირის სახით თვეში 10 ლარის გადახდა.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა განმარტებები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

ს. შ-ოვა ქ.თბილისში, ... მდებარე სახლში ჩაწერილია და ცხოვრობს 1948 წლიდან. იგი წლების განმავლობაში იხდიდა ბინის ქირას, ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის გადასახადებს.

საქართველოს კანონის “საცხოვრებელი სადგომით სარგებ-ლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” მე-2 მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად ს. შ-ოვა ითვლება სადავო ფართის მოსარგებლედ.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ სადავო ფართის მიშენებაზე არ არსებობდა მესაკუთრის თანხმობა და რომ მხარეთა შორის ასეთი გარიგების დადების დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება. “საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობის შესახებ” კანონის მე-7 მუხლის თანახმად მოსარგებლე უფლებამოსილია, მესაკუთრის თანხმობის გარეშე გაუკეთოს ქონებას გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული კაპიტალური რემონტი, რაც მესაკუთრის ინიციატივით გარიგების მიშლის შემთხვევაში შეიძლება გახდეს არა საკუთრების მოპოვევბის, არამედ _ კომპენსაციის მოთხოვნის საფუძველი. ს. შ-ოვას მიერ დაკავებულ საცხოვრებელ სახლში ერთ სულზე მოდის 12 კვ.მ-ზე მეტი საცხოვრებელი ფართი. “საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობის შესახებ” კანონის მე-4 მუხლის მეორე პუნქტის საფუძველზე ასეთ პირობებში ბინის ქირა თვითოეულ კვადრატულ მეტრზე შეადგენს ხელფასის დაუბეგრავი მინიმუმის 3%-ს, ხოლო 29 კვ.მ. ფართობის ოთახზე _ 17.40 ლარს. სააპელაციო პალატის სხდომაზე ა. ე-ოვამ შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა 50 ლარიდან 10 ლარამდე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის თანახმად სასამართლოს უფლება არა აქვს, მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით ის, რაც მას არ მოუთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა. სააპელაციო პალატამ ს. შ-ოვაზე დაკისრებული ბინის ქირის ოდენობა განსაზღვრა კანონით გათვალისწინებული ოდენობით.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ს. შ-ოვას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 29 ნოემბრის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.