¹3კ-410-02 28 ივნისი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),
მ. ახალაძე, მ. ცისკაძე
დავის საგანი: საცხოვრებელი სახლიდან გამოსახლება.
აღწერილობითი ნაწილი:
გ. მ-შვილმა 2000წ. 5 აპრილს სარჩელით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების მ., რ. (ც.) და ლ. მ-შვილების, მესამე პირების _ ე. ს-შვილის და გორის ნოტარიუს ნ. ს-შვილის მიმართ და მოითხოვა მის სახელზე რიცხული, ქ გორში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლის გამოთავისუფლება სამოქალაქო კოდექსის 170-172-ე მუხლების საფუძველზე.
გორის რაიონული სასამართლოს 2000წ. 20 ივნისის გადაწყვეტილებით გ. მ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა: მოპასუხეები მათთან მცხოვრებ პირებთან ერთად გამოსახლებულ იქნენ გ. მ-შვილის სახელზე აღრიცხული საცხოვრებელი სახლიდან;
მ., რ. (ც.) და ლ. მ-შვილებმა სააპელაციო საჩივარი შეიტანეს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებებზე, მოთხოვეს მისი გაუქმება და გ. მ-შვილსა და ე. ს-შვილს შორის 2000 წელს 20 იანვარს ქ. გორში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლის ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმება.
2000წ. 14 ივლისს მ., რ. და ლ. მ-შვილებმა სარჩელი აღძრეს გორის რაიონულ სასამართლოში მოპასუხე ე. ს-შვილის, მესამე პირის _ გ. მ-შვილის და თბილისის ნოტარიუს გ. ს-ურის მიმართ და მოითხოვეს მ. მ-შვილსა და ე. ს-შვილს შორის 1999წ. 22 დეკემბრის სესხის ხელშეკრულების, ამ უკანასკნელსა და გ. მ-შვილს შორის, გორში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლის 2000წ. 20 იანვრის ნასყიდობის ხელშეკრულების და 1999წ. 15 ივლისს მ. მ-შვილის მიერ ე. ს-შვილზე გაცემული მინდობილობის ბათილად ცნობა; ზემოაღნიშნული სარჩელის განხილვასთან დაკავშირებით აპელანტების _ მ., რ. (ც.) და ლ. მ-შვილების შუამდგომლობის საფუძველზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 15 თებერვლის განჩინებით შეჩერდა სააპელაციო საჩივარზე საქმის სააპელაციო წარმოება სარჩელის განხილვისა და მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე;
გორის რაიონული სასამართლოს 2001წ. 27 აპრილის განჩინებით დამტკიცდა მორიგება მ. მ-შვილს, რომელიც ამავე დროს წარმოადგენდა რ. და ლ. მ-შვილებს, ე. ს-შვილსა და მესამე პირს _ გ. მ-შვილს შორის, რომლის შესაბამისად სამოქალაქო საქმე მ., რ. და ლ. მ-შვილების სარჩელის გამო ე. ს-შვილთან და გ. მ-შვილთან სესხის, ნასყიდობის ხელშეკრულების და მინდობილობის ბათილად ცნობის თაობაზე წარმოებით შეწყდა;
მორიგების თანახმად, მოსარჩელე მხარემ ვალდებულება იკისრა, 2002წ. 1 სექტემბრამდე გ. მ-შვილისა და ე. ს-შვილისათვის გადაეხადა 10000 აშშ დოლარი; გადახდის შემთხვევაში მხარეები შეთანხმდნენ გაუქმებულად ჩაეთვალათ სადავო მინდობილობა, სესხისა და ნასყიდობის ხელშეკრულებები;
2001წ. 13 ივნისს მ. მ-შვილის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ. ნოზაძემ განცხადებით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს და მხარეთა შორის მორიგების დამტკიცებასთან დაკავშირებით მოითხოვა მ., რ. და ლ. მ-შვილების სააპელაციო საჩივარზე საქმის სააპელაციო წესით წარმოების შეწყვეტა;
თბილისის საოლქო სასამრთლოს სამოქალაქო, სამეწარმე და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 19 ივნისის განჩინებით დაკმაყოფილდა მ., რ. (ც.) და ლ. მ-შვილების წარმომადგენლის შუამდგომლობა და სააპელაციო საჩივარზე საქმის წარმოება შეწყდა.
აპელანტმა ლ. და რ. მ-შვილებმა კერძო საჩივრით მიმართეს თბილისის საოლქო სასამართლოს და მოითხოვეს ზემოაღნიშნული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა იმ საფუძვლით, რომ მ. ნოზაძეს, როგორც წარმომადგენელს, უფლებამოსილების ვადა გასული ჰქონდა და შესაბამისად არ ჰქონდა უფლება, უარი განეცხადებინა სააპელაციო საჩივარზე;
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 31 ივლისის განჩინებით დაკმაყოფილდა ლ. და რ. მ-შვილების კერძო საჩივარი, გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს 2001წ. 19 ივნისის განჩინება ლ. და რ. მ-შვილების სააპელაციო საჩივრის წარმოების შეჩერების ნაწილში და მათი სააპელაციო საქმის განხილვა განახლდა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 11 დეკემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა რ. და ლ. მ-შვილების სააპელაციო საჩივარი; გორის რაიონული სასამართლოს 2000წ. 20 ივნისის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება ეფუძნება შემდეგ მოტივებს:
საფუძველს მოკლებულია აპელანტების მოთხოვნა, თითქოს ე. ს-შვილი არ იყო უფლებამოსილი, გაესხვისებინა მარინე მაზანაშვილის საცხოვრებელი სახლი, მდებარე ... ქ. გორში.
გასათვალისწინებელია, რომ სადავო ბინის ადრინდელმა მესაკუთრემ მ. მ-შვილმა უარი თქვა სააპელაციო საჩივარზე. მისი გამოსახლების ნაწილში სასამართლოს 2000წ. 20 ივნისის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 266-ე მუხლების შესაბამისად, ვინაიდან კანონიერ ძალაშია განჩინება მხარეთა მორიგების დამტკიცებისა და საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე, აპელანტებს _ ლ. და რ. მ-შვილებს არ შეუძლიათ, განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები იმავე საფუძვლით. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტების მოთხოვნა უსაფუძვლოა სამოქალაქო კოდექსის 172-ე, 312-ე მუხლების მოთხოვნებიდან გამომდინარე.
ლ. და რ. მ-შვილებმა საკასაციო საჩივარი შეიტანეს სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე და მოითხოვეს მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ არ გააჩნიათ სხვა საცხოვრებელი ბინა. მ. მ-შვილი სადავო საცხოვრებელი სახლის ფორმალური მესაკუთრეა; აღნიშნული ბინა მას არც აუშენებია და არც რაიმე თანხა მიუცია. სესხის ხელშეკრულება ბათილია, ვინაიდან, კანონით მსესხებელი არ იყო ვალდებული, გადაეხადა 15%, მათ უნდა გადაეხადათ პროცენტი ბანკის მიერ დადგენილი საპროცენტო განაკვეთის მიხედვით.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივარს და თვლის, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის II ნაწილის მიხედვით სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. მოცემულ შემთხვევაში მათი სააპელაციო საქმის განხილვა განახლდა.
სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილადაა მიჩნეული, რომ 1999წ. 15 ივლისს მ. მ-შვილმა ე. ს-შვილისაგან ხუთი თვის ვადით ისესხა 5000 აშშ დოლარი, რომელიც უნდა დაებრუნებინა იმავე წლის 15 დეკემბერს, პროცენტის გათვალისწინებით, 8750 აშშ დოლარი, რაზეც გაფორმდა წერილობითი ხელშეკრულება (შინაურული ხელწერილი); ამავე ხელშეკრულებით ვალის გადახდის გარანტიად მ. მ-შვილს ე. ს-შვილისთვის ხელწერილთან ერთად უნდა მიეცა მინდობილობა მისი კუთვნილი სახლის გასხვისების უფლებით 7 თვის ვადით, კერძოდ, 2000წ. 15 თებერვლამდე. იმ შემთხვევაში, თუ მ. მ-შვილი 1999წ. 15 დეკემბრამდე ვალს ვერ გადაიხდიდა, ე. ს-შვილს შეეძლო, რომ აღნიშნული მინდობილობით სახლი გაესხვისებინა.
ე. ს-შვილმა იმის გამო, რომ მ. მ-შვილმა ხელწერილით გათვალისწინებული პირობა არ შეასრულა და სესხი არ დაუბრუნა ხელწერილით დათქმულ დროში, მინდობილობის საფუძველზე 2000წ. 20 იანვარს ქ. გორში, ... მდებარე სახლი მიჰყიდა გ. მ-შვილს. ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება დამოწმდა სანოტარო წესით და გ. მ-შვილი რეგისტრირებულ იქნა მესაკუთრედ საჯარო რეესტრში.
პალატა ვერ გაიზიარებს კასატორთა მოტივაციას, რომ მ. მ-შვილი სადავო საცხოვრებელი სახლის ფორმალური მესაკუთრეა, ვინაიდან საქმის მასალებით საცხოვრებელი სახლი ამ უკანასკნელის სახელზეა რეგისტრირებული და არ არსებობს მ. მ-შვილსა და ე. ს-შვილს შორის 1999წ. ივლისში დადებული, ასევე ე. ს-შვილსა და გ. მ-შვილს შორის 2000წ. 20 იანვრის ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმების კანონიერი საფუძველი;
პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში სწორადაა მითითებული, რომ ვინაიდან კანონიერ ძალაშია და მხარეთა მიერ არ გასაჩივრებულა გორის რაიონული სასამართლოს 2001წ. 27 აპრილის განჩინება მხარეთა მორიგების დამტკიცებისა და საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ, ზემოაღნიშნული სადავო მინდობილობის, სესხისა და ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობის მოთხოვნით, საპროცესო კოდექსის 266-ე მუხლის შესაბამისად აპელანტებს ლ. და რ. მ-შვილებს არ ჰქონდათ უფლება სასამართლოში დაეყენებინათ იგივე მოთხოვნები იმავე საფუძველზე;
პალატა ასევე თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივად დაასაბუთა თავისი განჩინება, მიუთითა რა, რომ სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია მყიდველს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მყიდველს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება სამართლებრივად დასაბუთებულია და არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების … კანონიერი საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ლ. და რ. (ც.) მ-შვილების საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 11 დეკემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.