Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ-412-02 8 მაისი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. წიქვაძე (თავმჯდომარე),

ლ. გოჩელაშვილი, რ. ნადირიანი

დავის საგანი: ვალის დაფარვა.

აღწერილობითი ნაწილი:

2000 წლის 16 ივნისს თ. გ-შვილმა ბ. კ-შვილის და ზ. კ-შვილის წინააღმდეგ სარჩელით მიმართა ქ. თბილისის კრწანისისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს.

მოსარჩელემ მიუთითა, რომ მოპასუხეებს კომერციული საქმიანობის გამო გააჩნდათ მისი ვალი 7800 აშშ. დოლარის ოდენობით. ამ ვალში 3500 აშშ. დოლარად მოვალისაგან შეისყიდა ზესტაფონის რაიონში არსებული სახლი, მაგრამ ნასყიდობის ხელშეკრულება გაუქმდა სასამართლოს გადაწყვეტილებით, როგორც იძულებით დადებული გარიგება.

მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხეებისათვის 7800 აშშ. დოლარის დაკისრება.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო, მაგრამ სასამართლო პროცესზე არ გამოცხადდა, რის გამოც ქ. თბილისის კრწანისისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 8 დეკემბრის დაუსწრებელლი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სარჩელი.

იმ მოტივით, რომ მისთვის ცნობილი არ იყო სხდომის დღე 2000 წლის 25 დეკემბერს მოპასუხემ საჩივრით მიმართა რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა მოცემულ საქმეზე მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება.

რაიონული სასამართლოს 2001 წლის 3 იანვრის განჩინებით საჩივარი დასაშვებად იქნა მიჩნეული და 2001 წლის 6 აპრილისათვის დაინიშნა საქმის ხელახლა განხილვა. 2001 წლის 6 აპრილის რაიონულმა სასამართლომ იმის გამო, რომ არ გამოცხადნენ მოპასუხეები, მიიღო მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

2001 წლის 18 მაისს ბ. კ-შვილმა სააპელაციო საჩივრით მიმართა სასამართლოს.

აპელანტმა მიუთითა, რომ მან 2001 წლის 6 აპრილს პროცესზეგამოცხადება დააგვიანა 20 წუთით, რაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი გახდა. აპელანტმა სააპელაციო საჩივარზე მოითხოვა მოსარჩელისათვის მის სასარგებლოდ 22595 აშშ. დოლარისა და 2300 ლარის დაკისრება.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001 წლის 5 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა მოცემულ საქმეზე რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის საფუძველი, რადგან დაუსწრებელ გადაწყვეტილებაში არ იყო მითითებული სარჩელში მითითებული გარემოებანი იურდიულად ამართლებდა თუ არა სასარჩელო მოთხოვნას. ამასთან რაიონულ სასამართლოს, იმ შემთხვევაში თუ კი არ არსებობდა პირველი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება კი არ უნდა გამოეტანა, არამედ თავისი განჩინებით უცვლელად უნდა დაეტოვებინა დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

2002 წლის 31 იანვარს თ. გ-შვილმა საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

კასატორმა მოითხოვა მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების გაუქმება და მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ ბ. კ-შვილის საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლით:

კასატორს მიაჩნია, რომ როგორც პირველ, ისე მეორე დაუსწრებელ გადაწყვეტილებაში რაიონულმა სასამართლომ იქონია მსჯელობა სასარჩელო განცხადებაში მითითებულ გარემოებებზე და მივიდა იმ რწმენამდე, რომ სარჩელში მითითებული გარემოებანი იურდიულად ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას, ამიტომ კასატორისათვის გაურკვეველია თუ რა დარღვევას ხედავს სააპელაციო სასამართლო რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ საკასაციო საჩივრის ფარგლებში გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტება და გააკეთა დასკვნა, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ის 236-ე მუხლის თანახმად, მხარეს, რომლის წინააღმდეგაც არის გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია გაასაჩივროს ეს გადაწყვეტილება და მოითხოვოს მისი გადასინჯვა და საქმის განახლება. სსკ-ის 241-ე მუხლი განსაზღვრავს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლებს, რომლებიც საერთოა როგორც მოპასუხის, ისე მოსარჩელის გამოუცხადებლობის გამო გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისათვის.

ამასთან ერთად, სსკ 230-ე მუხლი განსაზღვრავს სასამართლოს მთავარ სხდომაზე გამოცხადებული მოსამართლის სასარგებლოდ გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამათებით საფუძველს:

თუ სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა მოსარჩელე, მაგრამ არ გამოცხადდა მოპასუხე, მაშინ სარჩელში მითითებული გარემოებები ითვლება დამტკიცებულად, მაგრამ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა სასამართლოს შეუძლია მხოლოდ იმ პირობით, თუ ეს ფაქტობრივი გარემოებები იურდიულად ამართლებენ მოსარჩელის მოთხოვნას.

ამრიგად, მოსარჩელის სასარგებლოდ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისათვის სასამართლომ ასეთი გადაწყვეტილების გამოტანნისათვის კანონით გათვალისწინებული საერთო პირობებისა, დამატებით უნდა შეამოწმოს და შეაფასოს ამართლებენ თუ არა სარჩელში მითითებული და მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო დამტკიცებულად ჩათვლილი ფაქტობრივი გარემოებები მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნას.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მმოსაზრებას იმის შესახებ, რომ გასაჩივრებულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაში არაა მითითებული სსკ 230-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რითაც თითქოს დაირღვა ამ მუხლის მოთხოვნა. გადაწყვეტილებაში მართლაც არაა მითითება სსკ 230-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ სასამართლომ არ იხელმძღვანელა ამ მუხლის დანაწერით.მოსარჩელის სასარგებლოდ გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებასა და საქმის განახლების შესახებ საჩივროს განხილვისას სააპელაციო სასამართლომ განსაკუთრებული მნიშვნელობა უნდა მიანიჭოს იმის შემოწმებას ნამდვილად ამართლებენ იურდიულად თუ არა სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები მოასრჩელის მოთხოვნას. თუ ასეთი შემოწმების შედეგად აღმოჩნდება, რომ ისინი ამართლებენ იურდიულად სასრჩელო მოთხოვნას, მაშინ სასამართლოს უხელმძღვანელებია სსკ 230-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწერით. მაგრამ თუ ასეთი შემოწმების შედეგად აღმოჩნდება, რომ ეს გარემოებები თუმცა არ ამართლებენ იურდიულად სასრჩელო მოთხოვნას, მაგრამ მიუხედავად ამისა სასამართლომ მაინც გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ეს უკვე იურდიულად მიუთითებს იმას, რომ სასამართლომ დაარღვია სსკ 230-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნა, რასაც მოჰყვა არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა.

თავის მხრივ, სასამართლომ, რომელსაც გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება მოსარჩელის სასარგებლოდ, ყოველთვის უნდა მიუთითოს თავის ამ გადაწყვეტილებაში თუ რომელი კანონის (ნორმის) საფუძველზეა გამართლებული ასეთი გადაწყვეტილების გამოტანა.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს აგრეთვე სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ თუ არ არსებობს პირველი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი სასამართლომ მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება კი არ უნდა გამოიტანოს, არამედ უცვლელად უნდა დატოვოს პირველი დაუსწრებელი გადაწყვეტილება, როგორც ეს მითითებულია სსკ-ის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილში.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სსკ-ის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილს მხედველობაში აქვს ისეთი ვითარება, როდესაც საჩივრის განხილვას ესწრება მხარე, რომელმაც შემოიტანა ეს საჩივარი და, გარდა ამისა, გამოირკვა, რომ არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების კანონით გათვალისწინებული საფუძვლები. რაც შეეხება ისეთ ვითარებას, როდესაც სასამართლო სხდომაზე არ ცხადდება საჩივრის შემომტანი პირი - ასეთი ვითარება მოწესრიგებულია სსკ-ის 242-ე მუხლის პირველი ნაწილით. ამ მუხლის თანახმად კი, თუ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა დანიშნულ დროს მხარე, რომელმაც შემოიტანა საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის განახლების შესახებ, სასამართლოს გამოაქვს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომელიც შეიძლება გასაჩივრდეს მხოლოდ სააპელაციო წესით.

აქედან გამომდინარე, რაიონული სასამართლო სწორად და კანონის შესაბამისად მიქცა, როდესაც გამოიტანა მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება იმის გამო, რომ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა მოპასუხე, რომელმაც შემოიტანა საჩივარი პირველ დაუსწრებელი გადაწყვეტილებაზე.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ თვითონ უნდა შეამოწმოს ის გარემოება, სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად თუ რამდენად ამართლებს მოთხოვნას და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001 წლის 5 დეკემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განხილვის მიზნით დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შესაბამის პალატას.

სანჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.