გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ-413-02 5 ივლისი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),
თ. კობახიძე, ქ. გაბელაია
დავის საგანი: ბინიდან გამოსახლება.
აღწერილობითი ნაწილი:
ნ. ს-შვილმა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სააღსრულებო ბიუროს მიერ 2000წ. 23 ოქტომბერს ჩატარებულ აუქციონზე შეიძინა ქ.თბილისში, ... მდებარე მ. წ-ურის სახელზე რიცხული ბინა.
აღნიშნულ ბინაში ცხოვრობს ე. ს-იას ოჯახი.
ე. ს-იამ არ დააკმაყოფილა მესაკუთრის არაერთი მოთხოვნა ბინის გამოთავისუფლების შესახებ.
ნ. ს-შვილმა 2000წ. დეკემბერში სასამართლოში შეიტანა სარჩელი სკ-ს 172-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლით მისი კუთვნილი ბინიდან ე. ს-იას გამოსახლების შესახებ.
მოპასუხე მეორედაც არ გამოცხადდა სასამართლოს მთავარ სხდომაზე, ამიტომ მოსარჩელემ მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა.
ქ.თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2001წ. 27 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა.
დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა მოპასუხე ე. ს-იამ, რომელიც ჩაითვალა დასაშვებად და დაინიშნა საქმის ზეპირი მოსმენა.
კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2001წ. 13 ივნისის განჩინებით ე. ს-იას უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე და დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
თბილისის საოლქო სასამართლოს 2001წ. 22 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ე. ს-იას უარი ეთქვა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე მისი გამოუცხადებლობის გამო და უცვლელად იქნა დატოვებული თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2001წ. 13 ივნისის განჩინება.
სააპელაციო პალატამ 2001წ. 13 დეკემბრის მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილებით უარი უთხრა ე. ს-იას საჩივრის დაკმაყოფილებაზე მისი გამოუცხადებლობის გამო. უცვლელად იქნა დატოვებული ამავე პალატის 2001წ. 22 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
ე. ს-ია საკასაციო საჩივრით ითხოვს სააპელაციო პალატის მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას იმ საფუძვლით, რომ 2001წ. 13 დეკემბერს სასამართლოში ვერ გამოცხადდა ავადმყოფობის გამო დიაგნოზით: გახანგრძლივებული სტენოკარდია, ჰიპერტონული კრიზი, რაც დასტურდება სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრიდან წარმოდგენილი ცნობით.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეების განმარტებები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო პალატის მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება დატოვებულ უნდა იქნეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატის 2000წ. 13 დეკემბრის სხდომაზე ე. ს-ია მიწვეული იყო სსკ-ს 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა სრული დაცვით. სხდომაზე მოწვევის თაობაზე ე. ს-იას ჩაბარდა როგორც დეპეშა, ასევე _ უწყება, რაც დადასტურებულია მისი ხელმოწერით. ამავე კოდექსის 72-ე მუხლის “ზ” პუნქტის შესაბამისად ე. ს-ია გაფრთხილებული იყო სასამართლოში გამოუცხადებლობის შედეგებზე.
კასატორის მოთხოვნა მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე ემყარება ქ.თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მიერ გაცემულ ცნობას, რომელზეც არ არის მითითებული გამოძახების ზუსტი დრო. როგორც გამოირკვა, აღნიშნულ ცენტრში არსებული ჩანაწერების მიხედვით ე. ს-ია სასწრაფო დახმარების ცენტრს დაუკავშირდა 2001წ. 13 დეკემბერს 18 საათსა და 35 წუთზე, ე.ი. სასამართლო სხდომის დაწყებიდან 8 საათის გასვლის შემდეგ.
საფუძვლიანია სააპელაციო პალატის მითითება იმის თაობაზე, რომ საქმის განხილვის გაჭიანურების მიზნით, ე. ს-ია თავს არიდებდა სასამართლო სხდომაზე გამოცხადებას, რითაც ილახებოდა მოსარჩელის კანონიერი ინტერესები. ამიტომ 2001წ. 13 დეკემბერს სააპელაციო პალატის სხდომაზე ე. ს-იას გამოუცხადებლობა არ შეიძლება საპატიოდ ჩაითვალოს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ე. ს-იას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაიცო პალატის 2001წ. 13 დეკემბრის მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.