¹3კ-414-02 27 ივნისი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. წიქვაძე (თავმჯდომარე),
ლ. გოჩელაშვილი, რ. ნადირიანი
სარჩელის საგანი: ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
რ. გ-შვილმა სასარჩელო განცხადებით მიმართა სასამართლოს. მოსარჩელემ მიუთითა, რომ ცხოვრობს თბილისში, ..... მდებარე ერთსართულიან ბელეტაჟიან ბინაში. წყალსადენის ქსელის ხშირი დაზიანების გამო დაიბზარა მისი სახლის კედლები, რამდენჯერმე დაიტბორა სარდაფი, შეირყა საძირკველი, მთლიანად სახლი გახდა მწვავე ავარიული, რაც საფრთხეს უქმნის მის სიცოცხლეს. მოსარჩელემ განმარტა, რომ აღნიშნულის თაობაზე არაერთხელ მიმართა წყალსადენის ქსელების ექსპლუატაციის სამსახურს, რომელმაც საბოლოოდ ..... ქუჩაზე გამოცვალა წყალსადენის ქსელი 200 მმ მილებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ შპს “თ-ისაგან” მოითხოვა მიყენებული ზიანის ანაზღაურება რაც დაკავშირებულია სახლის კაპიტალურ შეკეთებასთან, სარდაფისა და საძირკველის გამაგრებასთან.
შპს “თ-ის” წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ..... ქუჩაზე წყალსადენის ქსელის უკანასკნელი დაზიანება დაფიქსირებულია 1986 წელს და იგი აღდგენილი იქნა იმავე დღეს. მოპასუხე თვლის, რომ აღნიშნულ ავარიას არ შეეძლო 13 წლის შემდეგ გამოეწვია მოსარჩელის ბინის ნგრევა.
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2001წ. 29 ივნისის გადაწყვეტილებით რ. გ-შვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. თბილისში, ..... მდებარე ერთსართულიანი სახლის დაზიანებისა და დეფორმაციის მიზეზია გრუნტის წყლით საძირკვლის დასველება, კერძოდ, 1986წ. ნაგებობის წინ 100 მმ წყალსადენის ქსელის დაზიანება, საიდანაც გამომდინარე წყალმა შენობას გამოურეცხა საძირკველი, 1986 წელს შენობის დაზიანების ფაქტს არ უარყოფს მოსარჩელეც. უდავოა, რომ დაახლოებით უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში აღნიშნულ ქსელზე არავითარი დაზიანება არ მომხდარა და ამჟამად ქსელი ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაშია.
ამდენად, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის ფაქტი, რომ რ. გ-შვილმა თავისი უფლების დარღვევა შეიტყო 1986 წელს. სასამართლოს სარჩელით კი მიმართა 14 წლის შემდეგ, რის გამოც სასამართლომ ს. გ-შვილის სარჩელი ხანდაზმულად მიიჩნია.
რ. გ-შვილმა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა სააპელაციო წესით. აპელანტმა მიუთითა, რომ მისი სახლი დაზიანდა 1986-91 წლებში მოპასუხის ბრალით, ხოლო მის მიერ სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გაშვება გამოიწვია ჯერ მოპასუხის დაპირებამ შენობის შეკეთების შესახებ, რაც მხოლოდ დროის გაყვანის მიზნით ხდებოდა, ხოლო შემდეგ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებამ. აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტმა მოითხოვა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001წ. 19 დეკემბრის განჩინებით რ. გ-შვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2001წ. 29 იანვრის გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის ურთიერთობა, უფლებები და მოვალეობები წარმოიშვა სამოქალაქო კოდექსის (1964წ.) მოქმედების პერიოდში. აღნიშნული კოდექსის 75-ე მუხლის თანახმად, საერთო ვადა უფლებების დაცვისა იმ პირის სარჩელით, რომლის უფლებაც დარღვეულია, განისაზღვრება სამი წლით. ამავე კოდექსის მე-80 მუხლის მიხედვით სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დენა იწყება სარჩელის უფლების წარმოშობის დღიდან, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევა. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ, თუ რ. გ-შვილს მიაჩნია, რომ “თ-ის” ბრალით წყალგაყვანილობის სისტემაში 1986წ. დეკემბერში მომხდარი შემთხვევის შედეგად მიადგა ზიანი, მას ამის შესახებ უნდა შეეტყო იმავე პირიოდში და მოეთხოვა ზიანის ანაზღაურება დადგენილ სამწლიან ხანდაზმულობის ვადაში.
ამდენად, სააპელაციო პალატამ გაიზიარა რაიონული სასამართლოს მოსაზრება რ. გ-შვილის სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის შესახებ და მიუთითა, რომ ხანდაზმულობის ვადის გაშვება სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964წ.) 84-ე მუხლის მიხედვით არის სარჩელზე უარის თქმის საფუძველი.
სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა რ. გ-შვილმა, მოითხოვა მისი გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება. კასატორს მიაჩნია, რომ სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა _ სამოქალაქო სამართლის კოდექსის 75-ე მუხლი.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობით მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.
საოლქო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ქ. თბილისში ..... მდებარე სახლის მახლობლად უკანასკნელად წყლის მილების დაზიანება მოხდა 1986 წელს, რა დროსაც წყალმა შეაღწია აღნიშნულ მისამართზე მდებარე სახლში. წყალკანალის თანამშრომლების მიერ ავარია აღმოფხვრილ იქნა მაშინვე, ხოლო ამის შემდეგ ამ მისამართზე წყლის მილების დაზიანება აღარ აღირიცხება. ასევე დადგენილია, რომ იმავე წელს შესწავლილი იქნა რ. გ-შვილის საცხოვრებელი სახლი და გადაწყდა, რომ სახლის საძირკველი და ფანჯრის ღიობები საჭიროებდა გასამაგრებელ სამუშაოებს.
მოსარჩელემ სარჩელი აღძრა ავარიიდან 14 წლის შემდეგ _ 2000 წელს. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ რ. გ-შვილს თავისი უფლების დარღვევის შესახებ უნდა შეეტყო იმავე 1986 წელს და მის მიერ გაშვებული იქნა იმ დროს მოქმედი სამოქალაქო კოდექსით დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის 3 წლიანი ვადა. სამოქალაქო კოდექსის (1964წ.) 84-ე მუხლის მიხედვით ხანდაზმულობის ვადის გაშვება არის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სახლის უკიდურეს ავარიულ მდგომარეობაზე მიყვანა მოხდა არა ერთბაშად, არამედ თანდათანობით და როდესაც მისთვის ცნობილი გახდა ამის გამომწვევი მიზეზების შესახებ, სწორედ მაშინ 1998 წელს მიმართა რაიონის გამგეობას სახლის ავარიულობის მიზეზების დასადგენად. სასამართლოს მიერ დადგენილია ხანდაზმულობის ვადის დაწყების დრო – 1986წ. მოთხოვნის უფლება წარმოიშობა იმ დღიდან, როცა პირმა გაიგო ან უნდა გაეგო დარღვეული უფლების შესახებ. მოცემულ შემთხვევაში ობიექტური უფლების დარღვევის ფაქტი _ 1987 წელს წყალსადენის მილის დაზიანებით რ. გ-შვილის საცხოვრებელი სახლის დატბორვა და სუბიექტური მომენტი (პირმა გაიგო ან უნდა გაეგო ამ ფაქტის შესახებ) ერთმანეთს ემთხვევა. ე.ი. რ. გ-შვილს მილსადენის დაზიანებით მიყენებული ზიანის მოთხოვნის უფლება (სახლის საძირკვლის გამაგრება, დაზიანებული კედლების აღდგენა და სხვა) იმთავითვე წარმოეშვა და არა მას შემდეგ, როცა ამ დაზიანებამ სახლი მწვავე ავარიულ მდგომარეობამდე მიიყვანა. უფრო მეტიც რ. გ-შვილმა მიუთითა, რომ უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში აღნიშნულ (წყალსადენის) ქსელზე დაზიანება არ მომხდარა. ამასთან, დადგენილია, რომ 1986 წლიდან ნაგებობას არავითარი გამაგრებითი და აღდგენითი სამუშაოები არ ჩატარებია, რამაც მნიშვნელოვნად გააუარესა მისი ტექნიკური მდგომარეობა და მწვავე ავარიულობამდე მიიყვანა ასევე, დადგენილია, რომ მოსარჩელემ 12 წლის შემდეგ _ 1998 წელს მიმართა რაიონის გამგეობას სახლის ავარიულობის მიზეზის დასადგენად, ხოლო სასამართლოს 2000 წელს. ამდენად, მოპასუხის მიმართ მოთხოვნა ხანდაზმულია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ საოლქო სასამართლოს 2001წ. 19 დეკემბრის განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
რ. გ-შვილის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
მოცემულ საქმეზე უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001წ. 19 დეკემბრის განჩინება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
განჩინების ასლი გაეგზავნოს მხარეებს.