Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ-416-02 12 ივლისი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. წიქვაძე (თავმჯდომარე),

რ. ნადირიანი, მ. გოგიშვილი

სარჩელის საგანი: თამაშის საფუძველზე მოგებული თანხის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

დ. კ-მა სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე სს “ს. ა.” მიმართ და მოითხოვა თამაშის საფუძველზე მოგებული თანხის – 10447,91 ლარის ანაზღაურება. მოსარჩელე სარჩელის საფუძვლად მიუთითებდა, რომ 2000წ. 26 დეკემბერს 16 სთ. 27 წუთზე შეავსო ბილეთი ¹425361, გადაიხადა 11 ლარი, რის შემდეგ ბუკმეკერმა ბილეთის მეორე ნახევარი ბეჭედდასმული და ხელმოწერილი დაუბრუნა უკან. გათამაშება შედგა იმავე დღეს. შედეგები პრესის საშუალებით გაიგო 27 დეკემბერს და მის ბილეთს წილად ხვდა მოგება 10447,91 ლარის ოდენობით, მაგრამ მოპასუხე არ ასრულებს მასზე დაკისრებულ ვალდებულებას და არ უხდის მოგებულ თანხას. მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა სკ-ს 316-ე, 217-ე, 361-ე და 952-ე მუხლები.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და თავის შესაგებელში აღნიშნა, რომ მოსარჩელის მიერ ბილეთი არ იყო შევსებული იმ მოთხოვნათა დაცვით, რა წესითაც მიმდინარეობს გათამაშება ტოტალიზატორში. კერძოდ, ბილეთის მეორე პირი, რომელიც უნდა ყოფილიყო დაფიქსირებული მოპასუხესთან კომპიუტერის მეშვეობით, დაფიქსირებული არ აღმოჩნდა. მოპასუხის აზრით ადგილი ჰქონდა გარკვეულ მაქინაციას.

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2000წ. 20 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა მოგებული თანხის 10447,91 ლარის გადახდა. ეს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ. ტოტალიზატორ “ა.” შინაგანაწესის შესაბამისად სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ მოთამაშეს უნდა შეევსო ქვითარი, რომელიც შედგება ორი იდენტური ნაწილისაგან. შევსებული ქვითარი ბარდებოდა ტოტალიზატორ “ა.” ბუკმეკერს, რომელიც თავისი პირადი ბეჭდით ორივე ნაწილზე ადასტურებს ქვითრის მიღებას, აწერს ჩაბარების თარიღს, დროს და უბრუნებს მოთამაშეს მის კუთვნილ ნაწილს. აღნიშნული წესის მიხედვით ქვითრის ორივე გვერდი თუ ერთნაირად არ არის შევსებული, განსახილველად მიიღება “ა.” ადმინისტრაციაში შემოსულ ნაწილზე მითითებული ვარიანტი. მოგებები არ გაიცემა და პრეტენზიები არ მიიღება ქვითარზე, რომლის პირველი ნაწილი არ არის შესული ტოტალიზატორ “ა.” ადმინისტრაციაში.

მხარეთა განმარტებების და საქმის მასალების საფუძველზე სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ სადავო ბილეთის ¹425361 პირველი ნაწილი ტოტალიზატორ “ა.” ადმინისტრაციაში არ მოიპოვება.

სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის განმარტება იმის შესახებ, რომ მან ბილეთის ორივე ნაწილი ჩააბარა ტოტალიზატორის ბუკმეკერს, რომელმაც მისი მეორე ნაწილი ბეჭდით დამოწმებული დაუბრუნა მას, იმ საფუძვლით, რომ სადავო ¹425361 ბილეთის მეორე ნაწილზე ბუკმეკერის ხელის მოწერა, ჩაბარების დრო და თარიღი იდენტური იყო ¹425364 ბილეთის პირველი ნაწილისა. სასამართლომ ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე დადგენილად მიიჩნია, რომ ბუკმეკერის მიერ ¹425364 ბილეთზე ხელმოწერა, თარიღი და დრო გადატანილი იყო სადავო ¹4253361 ბილეთზე. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ბილეთის პირველი პირი მოსარჩელემ არ ჩააბარა ტოტალიზატორის ადმინისტრაციას. სასამართლომ გადაწყვეტილების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა სკ-ს 952-ე მუხლი და სსკ-ს 102-ე მუხლის პირველი ნაწილი.

აღნიშნული საფუძვლებით სასამართლომ 2001წ. 5 დეკემბრის გადაწყვეტილებით გააუქმა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და მოსარჩელეს უარი უთხრა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

კასატორის მოსაზრებით გასაჩივრებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, იგი ემყარება მოპასუხის სავარაუდო მოსაზრებებს და ექსერტიზის სავარაუდო დასკვნას, რითაც დარღვეულია სსკ-ს 102-ე და 105-ე მუხლების მოთხოვნები. აღნიშნულის გამო კასატორი მოითხოვს სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებას.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა განმარტებები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ს 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საოლქო სასამართლოს პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.

მოცემულ საქმეზე დადგენილია, რომ ტოტალიზატორის ბილეთი შედგება ორი იდენტური ნაწილისაგან. პირველი პირის შევსებისას, ჩანაწერი გადადის მეორე გვერდზე, ე.ი. ორივე გვერდი იდენტურად უნდა იყოს შევსებული. ბილეთის ორივე ნაწილს ბუკმეკერი ადასტურებს ბეჭდით, ხოლო პირველ ნაწილს აწერს დროს, თარიღს და ადასტურებს ხელმოწერით, რაც გადადის მეორე ნაწილზე. ამდენად, ბუკმეკერის ხელმოწერა, თარიღი და დრო ორივე ნაწილზე უნდა იყოს იდენტური. ბილეთის პირველი ნაწილი რჩება ტოტალიზატორში, ხოლო მეორე ნაწილი უბრუნდება მოთამაშეს.

მოცემულ საქმეზე დადგენილია, რომ სადავო ¹425361 ბილეთის პირველი ნაწილი ტოტალიზატორში არ მოიპოვება, ხოლო მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ბილეთის მეორე ნაწილზე ჩანაწერები (ხელმოწერა, თარიღი და დრო) გადატანილია სულ სხვა ბილეთის პირველი ნაწილიდან. კერძოდ, ¹425364 ბილეთიდან ე.ი. სადავო ¹425361 ბილეთის მეორე ნაწილის ჩანაწერები იდენტურია ¹425364 ბილეთის პირველი ნაწილისა.

აღნიშნულ ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორის მიერ არ არის წამოყენებული დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია იგი ვერ მიუთითებს რაიმე მტკიცებულებაზე, რომელიც გამორიცხავდა სააპელაციო პალატის მიერ დადგენილ გარემოებებს. კასატორის მოსაზრებები იმის შესახებ, რომ გადაწყვეტილება ემყარება მოპასუხის სავარაუდო მოსაზრებას და ექსპერტიზის სავარაუდო დასკვნას საკასაციო პალატა არ ეთანხმება.

სსკ-ს 105-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატის მიერ მტკიცებულებები შეფასებულია სრულად, ობიექტურად, რის შედეგადაც გამოტანილია სწორი დასკვნა იმის შესახებ, რომ სადავო ბილეთის პირველი ნაწილი ტოტალიზატორის ადმინისტრაციას არ ჩაბარებია, რის გამოც მოგება, წესების თანახმად სწორად არ გაიცა.

ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კასატორის მიერ მითითებული კანონის დარღვევები.

სსკ-ს 102-ე მუხლის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოცემულ საქმეზე მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა თავისი მოთხოვნის საფუძვლიანობა, მის მიერ ვერ იქნა ახსნილი თუ რატომ არის მის მიერ წარმოდგენილი ბილეთის მეორე ნაწილის ჩანაწერები სხვა ბილეთის პირველი ნაწილის ჩანაწერების იდენტური.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

დ. კ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს ამ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001წ. 5 დეკემბრის გადაწყვეტილება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.