¹ 3კ/417 27 მარტი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. წიქვაძე (თავმჯდომარე),
რ. ნადირიანი, ლ. გოჩელაშვილი
სარჩელის საგანი: სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
2001 წლის 6 აგვისტოს შპს “ვ.” სს “ე.” წინააღმდეგ სარჩელით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო კოლეგიას.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ 1998 წლის 10 სექტემბერს სახელმწიფო კომპანია “ს.” (რომლის სამართალმემკვიდრეა სს “ე.”) დადო ხელშეკრულება სარემონტო სამუშაოების ჩატარების შესახებ. მის მიერ ჩატარებულ იქნა სულ 519992,25 ლარის სამუშაო. მოპასუხემ გადაიხადა მხოლოდ 6000 ლარი, ასანაზღაურებელი კი დარჩა 513992.35 ლარი.
სამოქალაქო კოდექსის 394-ე, მე-400, 403-ე, 404-ე, 411-ე, 416-418-ე მუხლების, ასევე ხელშეკრულების 4.2 მუხლის შესაბამისად, ვადის გადაცილებისა და პირგასამტეხლოს ჩათვლით მოითხოვა სულ 2221268,27 ლარის ანაზღაურება.
2001 წლის 12 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხეს გადასახდელად დაეკისრა 2202242,38 ლარი.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001 წლის 12 დეკემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა მოპასუხის საჩივარი პირველი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ და უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე 2001 წლის 12 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საჩივრის ავტორი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას მოითხოვდა იმ საფუძვლით, რომ “ე.” წარმომადგენლობა უნდა განეხორციელებინა სააქციო საზოგადოების იურიდიული სამმართველოს უფროსს, ს. ნ-შვილს, რომელიც საქმის განხილვის დროისათვის ავად იყო. სხვა იურისტს არ შეეძლო განეხორციელებინა წარმომადგენლობა, რის გამოც მათ მიერ მოთხოვნილ იქნა საქმის განხილვის გადადება, მაგრამ თხოვნა არ დაკმაყოფილდა. ამით დაირღვა საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” პუნქტის მოთხოვნა.
სააპელაციო სასამართლომ ზემოთ მითითებული საჩივარი, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ, არ დააკმაყოფილა და განჩინებაში მიუთითა, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაუქმდებოდა მხოლოდ მაშინ, თუკი დაირღვეოდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის მოთხოვნები, ანუ თუკი მხარის გამოუცხადებლობა საპატიო მიზეზით იქნებოდა გამოწვეული. სააპელაციო სასამართლომ ს. ნ-შვილის ავადმყოფობის ფაქტი საპატიო მიზეზად არ მიიჩნია, რადგან ნ-შვილს არ გააჩნდა სს “ე.” წარმომადგენლის სათანადო რწმუნება.
2002 წლის 25 იანვარს სს “ელექტროგადაცემამ” საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
კასატორმა მოითხოვა მოცემულ საქმეზე მიღებული განჩინების გაუქმება და საქმის არსებითად განხილვისათვის საოლქო სასამართლოში დაბრუნება შემდეგი საფუძვლით.
კასატორს მიაჩნია, რომ საოლქო სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის მოთხოვნა. მისი მოსაზრებით, არსებობდა მხარის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი – ავადმყოფობა, მაგრამ საოლქო სასამართლომ კანონის დარღვევით არ გადადო საქმის განხილვა და მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
სააქციო საზოგადოების იურისტის ავადმყოფობა და სასამართლოში წარდგენილი ცნობა მისი ავადმყოფობის შესახებ და თხოვნა საქმის განხილვის გადადების თაობაზე კასატორმა მიიჩნია იმის საფუძვლად, რომ სასამართლო ვალდებული იყო, გადაედო საქმის განხილვა.
მანვე მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2000 წლის 19 ივლისის განჩინებაზე და აღნიშნა, რომ ამ განჩინების საფუძველზე მოპასუხის წარმომადგენლის ავადმყოფობის გამო სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობა საპატიოდ ცნო უზენაესმა სასამართლომ და მიუთითა, რომ თუ სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა მოვლენებს, რომლებსაც შეეძლოთ ხელი შეეშალათ სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის “ბ” პუნქტის შესაბამისად დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელი იყო.
გარდა ამისა, კასატორმა მიუთითა, რომ 2001 წლის 12 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოტანილი იყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 234-ე მუხლის დარღვევით. გადაწყვეტილებას გააჩნდა სამოტივაციო ნაწილი, რაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების დროს დაუშვებელია.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საკასაციო საჩივრის ფარგლებში გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა განმარტებანი და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” პუნქტის შესაბამისად დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომლებსაც შეეძლოთ ხელი შეეშალათ სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის.
ამავე კოდექსის 241-ე მუხლის შესაბამისად დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 72-ე მუხლის “ზ” პუნქტის ბოლო წინადადება გამოუცხადებელ მხარეს ავალდებულებს, რომ აცნობოს სასამართლოს გამოუცხადებლობის მიზეზები.
ამავე კოდექსის 93-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად მხარეებს შეუძლიათ, აგრეთვე, საქმე აწარმოონ სასამართლოში წარმომადგენლის მეშვეობით, ხოლო ამავე კოდექსის 96-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, მინდობილობას ორგანიზაციის სახელით გასცემს შესაბამისი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ან სხვა უფლებამოსილი პირი.
მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მასალებით დადგენილია, რომ საოლქო სასამართლოს 2001 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით მოცემული საქმის მთავარ სხდომაზე განხილვა დაინიშნა 2001 წლის 12 ნოემბრისათვის.
მართალია, 2001 წლის 30 ოქტომბრის უწყებით მოპასუხე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის “ზ” პუნქტის შესაბამისად არ გაფრთხილებულა გამოუცხადებლობის მიზეზების სასამართლოსათვის შეტყობინების აუცილებლობის შესახებ, მაგრამ მოპასუხემ 2001 წლის 9 ნოემბერს აცნობა საოლქო სასამართლოს, რომ სს “ე.” იურიდიული სამმართველოს უფროსის, ს. ნ-შვილის, ავადმყოფობის გამო სხდომის ჩატარება გადაედოთ ნოემბრის თვის ბოლოსათვის. ამასთან, სასამართლოს წარუდგინა ცნობა იმის შესახებ, რომ ს. ნ-შვილი, რომელსაც წარმომადგენლის უფლებით მონაწილეობა უნდა მიეღო ამ საქმის განხილვაში, გადიოდა სტაციონალურ მკურნალობას.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საოლქო სასამართლოსათვის ცნობილი იყო 2001 წლის 12 ნოემბრისათვის სასამართლო სხდომაზე მოპასუხის გამოუცხადებლობის მიზეზი (წარმომადგენლის ავადმყოფობა). ამასთან, სახეზე იყო მოპასუხის შუამდგომლობაც ამ მიზეზით საქმის განხილვის გადადების შესახებ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის შესაბამისად მხარეთა და წარმომადგენელთა განცხადებები და შუამდგომლობები ახალ მტკიცებულებათა წარმოდგენისა თუ გამოთხოვის, აგრეთვე, საქმის განხილვასთან დაკავშირებით წამოჭრილი სხვა საკითხების შესახებ შეიძლება დააკმაყოფილოს სასამართლომ იმ შემთხვევაში, თუ ასეთი შუამდგომლობები და განცხადებები საპატიო მიზეზით არ იყო აღძრული სასამართლო განხილვისათვის საქმის მომზადების სტადიაზე. ასეთ შემთხვევაში მხარეთა თხოვნით ან სასამართლოს ინიციატივით საქმის განხილვა შეიძლება გადაიდოს.
სამოქალაქო კოდექსის 284-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად სასამართლოს დადგენილება, რომლითაც საქმე არსებითად არ წყდება, მიიღება განჩინების ფორმით, ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად განჩინება უნდა გამოცხადდეს მიღებისთანავე.
მოცემულ შემთხვევაში საოლქო სასამართლომ განიხილა რა მოპასუხის შუამდგომლობა სხდომის გადადების შესახებ, არ მიიღო არანაირი განჩინება, არ დაუდგენია არც საქმის განხილვის გადადება და არც საქმის განხილვის გადადების შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების ერთ-ერთ პირობას იმის ვარაუდიც წარმოადგენს, რომ მოპასუხემ ცნო სარჩელი, ამიტომ დაკარგა ინტერესი, რომ დაიცვას თავი. დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა იმ მოპასუხის წინააღმდეგ, რომელიც სასამართლოს შეუქმნის რწმენას, რომ მოპასუხემ ცნო სარჩელი და დაკარგა სარჩელისაგან თავის დაცვის ინტერესი, ლოგიკურია და გამართლებულია, მაგრამ იმ მოპასუხის მიმართ, რომლის გამოუცხადებლობამაც სასამართლოს ვერ შეუქმნა ამგვარი რწმენა, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა გაუმართლებელი იქნება.
მოცემულ შემთხვევაში, როცა სასამართლოსათვის ცნობილი იყო, რომ სასამართლოში მოპასუხის გამოუცხადებლობის მიზეზი იყო მისი იურიდიული სამსახურის უფროსის ავადმყოფობა (თუმცა წარმომადგენლობითი უფლებამოსილება სათანადო წესით მასთან არ იყო გაფორმებული), იგი დაინტერესებული იყო სარჩელის არსებითი განხილვით და ამიტომ მოითხოვდა მისი განხილვის გადადებას თვის ბოლოსათვის, სასამართლო ვალდებული იყო, გადაედო საქმის განხილვა სხვა დროისათვის, რადგან მისთვის ნათლად იყო ცნობილი, რომ მოპასუხე არ ცნობდა სარჩელს და სარჩელისაგან თავის დაცვას აპირებდა რწმუნებულის მეშვეობით. ასეთ ვითარებაში სასამართლო უფლებამოსილი არ იყო, გამოუცხადებელი მოპასუხის წინააღმდეგ მიეღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის შესაბამისად მოპასუხეს გააჩნდა ამ მუხლში აღნიშნული სხვა საპატიო მიზეზი, რომელიც აბრკოლებდა მისი მარწმუნებლის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 93-ე მუხლის შესაბამისად კი მხარეს შეეძლო საპროცესო წარმომადგენლის მეშვეობით ეწარმოებინა საქმე სასამართლოში.
ამრიგად, პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობდა მოცემულ საქმეზე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის საფუძველი, ხოლო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ მოპასუხის მიერ შეტანილი საჩივარი ზემოთ მითითებული გარემოებების გამო საოლქო სასამართლოს უნდა დაეკმაყოფილებინა.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე, 248-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
სს “ე.” საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 12 დეკემბრის განჩინება, 2001 წლის 12 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და საქმე არსებითად განხილვის მიზნით დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შესაბამის პალატას.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.