Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ-421-02 1 მაისი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),

მ. ცისკაძე, მ. ახალაძე

დავის საგანი: იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

გ. ნ-ძე 1995 წლიდან მუშაობდა შპს “ა-ში” ...ის თანამდებობაზე. იგი 1999 წლის 8 იანვრის შპს “ა-ის” პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებით გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილებით თ. შ-ავას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 28 სექტემბრის განჩინება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. თ. შ-ავას სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი შპს “ა-ის” პარტნიორთა რიგგარეშე 1999 წლის 6 იანვრის გ. კ-ძის წარმომადგენლის მ. ჯ-ძის მიერ ჩატარებული კრების ოქმის შედეგები. გაუქმდა ამ ოქმის საფუძველზე ქ.თბილისის დიდუბის რაიონის სასამართლოს 1999 წლის 8 იანვრის (1998 წლის 8 იანვრით დათარიღებული) დადგენილება შპს “ა-ის” პარტნიორობიდან თ. შ-ავას გარიცხვის შესახებ და სამეწარმეო რეესტრში ჩანაწერები აღდგენილ იქნა 1999 წლის 8 იანვრამდე არსებული მდგომარეობით. საკასაციო პალატის აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე გ. ნ-ძე 2001 წლის 31 იანვარს აღდგენილ იქნა შპს “ა-ის” ...ის თანამდებობაზე. ამის შემდეგ მან სარჩელით მიმართა ქ.თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე შპს “ა-ის” მიმართ და, როგორც სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნილმა მოითხოვა განაცდური ხელფასის ანაზღაურება. ვინაიდან მისი ხელფასი გათავისუფლებამდე შეადგენდა 306 ლარს, მოითხოვა მოპასუხისათვის 6920,80 ლარის დაკისრება.

ქ.თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილებით გ. ნ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხე შპს “ა-ს” გ. ნ-ძის სასარგებლოდ დაეკისრა 1999 წლის 8 იანვრიდან 2001 წლის 31 იანვრამდე განაცდური ხელფასის – 6920,10 ანაზღაურება.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს “ა-ის” გენერალურმა დირექტორმა თ. შ-ავამ.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 2001 წლის 22 ნოემბრის განჩინებით არ დააკმაყოფილა შპს “ა-ის” სააპელაციო საჩივარი, უცვლელად დარჩა ქ.თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება დასაბუთებულია შემდეგით: თვით აპელანტი არ უარყოფს იმას, რომ გ. ნ-ძე შპს “ა-ის” 1999 წლის 6 იანვრის პარტნიორთა რიგგარეშე კრების ოქმის თანახმად გათავისუფლდა ...ის თანამდებობიდან. აღნიშნული კრების ოქმი ბათილად იქნა ცნობილი საკასაციო პალატის 2001 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილებით. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის განცხადება იმის თაობაზე, რომ გ. ნ-ძის სამუშაოზე აღდგენა მოხდა ავტომატურად, რადგან მას სადავოდ არ გაუხდია მისი გათავისუფლების კანონიერება. საქმის მასალებით დადგენილია, რომ გ. ნ-ძის სამუშაოზე აღდგენა მოხდა შპს “ა-ის” 1999 წლის 6 იანვრის პარტნიორთა კრების გადაწყვეტილების გაუქმების შემდეგ, რომლის შედეგადაც სამეწარმეო რეესტრში აღსდგა ჩანაწერები 1999 წლის 8 იანვრამდე არსებული მდგომარეობით; ამ მდგომარეობით კი გ. ნ-ძე იყო შპს “ა-ის” ... . შრომის კანონთა კოდექსის 207-ე მუხლის თანახმად მოსარჩელეს უნდა აუნაზღაურდეს იძულებით გაცდენილი დროს ხელფასი დათხოვნის დღიდან უკანონოდ დათხოვნის და წინანდელ სამუშაოზე აღდგენის შემთხვევაში. სააპელაციო პალატამ ვერ გაიზიარა აპელანტის განცხადება იმის შესახებ, რომ ხელფასის ანაზღაურება უნდა მოხდეს არა უმეტეს ერთი წლისა 207-ე მუხლის I ნაწილის თანახმად, რადგან 207-ე მუხლის პირველი ნაწილი ამჟამად ითვალისწინებს იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურებას დათხოვნის დღიდან.

სააპელაციო სასამართლომ აპელანტი არ ცნო არასათანადო მოპასუხედ, რადგან გ. ნ-ძის სამუშაოდან გათავისუფლება მოხდა შპს “ა-ის” 1999 წლის 6 იანვრის პარტნიორთა კრების გადაწყვეტილების საფუძველზე, რომლის კანონიერებასაც იხილავდა სასამართლო და არა სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.

სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს “ა-ის” გენერალურმა დირექტორმა თ. შ-ავამ. კასატორი ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით გ. ნ-ძის სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილებას იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა შრომის კანონთა კოდექსის 207-ე მუხლის შინაარსი, რადგან “ნორმატიული აქტების შესახებ” კანონის 47-ე მუხლის I ნაწილის თანახმად ნორმატიულ აქტს უკუძალა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის დადგენილი ნორმატიული აქტით; ამიტომ შრომის კანონთა კოდექსის 207-ე მუხლში შეტანილ ცვლილებას უკუქცევითი ძალა არა აქვს და იგი ვრცელდება მხოლოდ 2000 წლის 21 ნოემბრის შემდგომ წარმოშობილ ურთიერთობებზე. ამიტომ გ. ნ-ძეს უნდა მიეღო 2000 წლის 21 ნოემბრამდე არსებული განაცდური ერთი წლის ოდენობით, ე.ი. 1999 წლის 8 იანვრიდან 2000 წლის 8 იანვრის ჩათვლით, ხოლო დანარჩენი განაცდურის ათვლა მას უნდა დაწყებოდა 2001 წლის 21 ნოემბრიდან 2001 წლის 31 იანვრამდე. ე.ი. მას ზედმეტად დაუკმაყოფილდა 2000 წლის 8 იანვრიდან 2000 წლის 21 იანვრამდე პერიოდის განაცდური.

სასამართლომ ასევე არასწორად განმარტა შრომის კანონთა კოდექსის 207-ე მუხლის შინაარსი და მიიჩნია, რომ გ. ნ-ძეს უნდა აუნაზღაურდეს არა ხელფასის ის თანხა, რომელსაც იგი ხელზე იღებდა დაქვითვების შემდეგ, არამედ მთლიანი ხელფასი დაქვითვების გარეშე, რაც არასწორია, რადგან გ. ნ-ძის მიუღებელ ხელფასს შეადგენს მხოლოდ ის თანხა, რომელსაც იგი ხელზე მიიღებდა მუშაობის პერიოდში. ეს თანხა კი არის ყოველთვიურად 240 ლარი, ამიტომ მას განაცდური უნდა მიეღო არა 6920 ლარი, არამედ _ 3360 ლარი (240X14 თვეზე).

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ შპს “ა-ის” გენერალური დირექტორი თ. შ-ავას საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ გ. ნ-ძე მუშაობდა შპს “ა-ის” ...ის თანამდებობაზე. იგი შპს “ა-ის” პარტნიორთა რიგგარეშე 1999 წლის 6 იანვრის კრების გადაწყვეტილებით გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილებით თ. შ-ავას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 28 სექტემბრის განჩინება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. თ. შ-ავას სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი შპს “ა-ის” პარტნიორთა რიგგარეშე 1999 წლის 6 იანვრის გ. კ-ძის წარმომადგენლის მ. ჯ-ძის მიერ ჩატარებული კრების ოქმის შედეგები; გაუქმდა ამ ოქმის საფუძველზე ქ.თბილისის დიდუბის რაიონის სასამართლოს 1999 წლის 8 იანვრის (1998 წლის 8 იანვრით დათარიღებული) დადგენილება შპს “ა-ის” პარტნიორობიდან თ. შ-ავას გარიცხვის შესახებ და სამეწარმეო რეესტრში ჩანაწერები აღდგენილ იქნა 1999 წლის 8 იანვრამდე არსებული მდგომარეობით.

საკასაციო პალატის ზემოხსენებული გადაწყვეტილების საფუძველზე გ. ნ-ძე აღდგენილი იქნა შპს “ა-ის” ...ის თანამდებობაზე. ამის შემდეგ მან სარჩელი აღძრა სასამართლოში და მოითხოვა გაცდენილი პერიოდის ხელფასის ანაზღაურება.

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, მოსარჩელის საშუალო თვიური თანამდებობრივი სარგო (ხელფასი) 1999 წლის მარტის მდგომარეობით შეადგენდა 306 (სამას ექვს) ლარს. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს საკასაციო საჩივრის მოტივს იმის შესახებ, რომ გ. ნ-ძეს უნდა აუნაზღაურდეს მხოლოდ ის თანხა, რომელსაც იგი ხელზე მიიღებდა მუშაობის პერიოდში. შრომის კანონთა კოდექსის 207-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სამუშაოდან უკანონოდ და წინანდელ სამუშაოზე აღდგენილ მუშას ან მოსამსახურეს სასამართლოს გადაწყვეტილებით აუნაზღაურდება იძულებითი გაცდენილი დროის ხელფასი დათხოვნის დღიდან. ამრიგად, კანონმდებელი იმპერატიულად მიუთითებს, რომ ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ იძულებით გაცდენილი დროის ხელფასი.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად განმარტა შრომის კანონთა კოდექსის 207-ე მუხლის პირველი ნაწილი და მოპასუხეს არასწორად დააკისრა ნ-ძის სასარგებლოდ იძულებით გაცდენილი მთელი დროის ხელფასის ანაზღაურება. პალატას მიაჩნია, რომ მართალია ნ-ძის გათავისუფლების მომენტში 207-ე მუხლი არ ითვალისწინებდა გაცდენილი მთელი დროის ხელფასის ანაზღაურებას, მაგრამ უკანონოდ გათავისუფლებიდან სამუშაოზე აღდგენამდე გრძელდებოდა ნ-ძის შრომის უფლებების დარღვევა და კანონის როგორც განგრძობად დარღვევაზე უნდა გავრცელდეს ის კანონი, რომელიც ამ პერიოდში მოქმედებდა.

საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა შრომის კანონთა კოდექსის 207-ე მუხლის პირველი ნაწილი და მოპასუხე ორგანიზაციას დააკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ იძულებით გაცდენილი დროის _ 1998 წლის 8 იანვრიდან 2001 წლის 31 იანვრამდე _ პერიოდის ხელფასი.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

შპს “ა-ის” გენერალური დირექტორის თ. შ-ავას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 22 ნოემბრის განჩინება მოცემულ საქმეზე დარჩეს უცვლელად.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.