Facebook Twitter

საქმე # 140100123006974472

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №337აპ-24 ქ. თბილისი

შ–ი გ., 337აპ-24 26 აგვისტო, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 1 თებერვლის განაჩენზე გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანნა ცაგურიასა და მსჯავრდებულ გ. შ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ნ. ც–ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით: გ. შ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალი ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 111,115-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით გ. შ–ს მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

2.1. ა. ც–ე ქორწინებაში იმყოფებოდა გ. შ–სთან. თანაცხოვრების პერიოდში გ. შ–ი გენდერის ნიშნით (ვინაიდან გ. შ–ს მიაჩნდა, რომ მას მის მეუღლესთან, როგორც ქალთან მიმართებით, ეკავა უპირატესი მდგომარეობა, შესაბამისად, ა. ც–ს, როგორც ქალს არ ჰქონდა უფლება უკმაყოფილება გამოეთქვა გ. შ–ის ქცევის თაობაზე და მის მიერ ალკოჰოლის ხშირად მოხმარებასთან დაკავშირებით) სისტემატურად შეურაცხყოფდა და ამცირებდა მეუღლის – ა. ც–ს პატივსა და ღირსებას, კერძოდ, სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით, ამასთან სასტიკად მოეპყრო, კერძოდ 2022 წლის 1 დეკემბერს, ღამის საათებში, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა გ. შ–მა ა. ც–ს ჯერ მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, შემდგომ კი ზამთრის ცივ ამინდში გააგდო გ–ს რაიონ სოფელ ა–ში მდებარე მათსავე საცხოვრებელი სახლიდან გარეთ, ა. ც–მ თავი შეაფარა პირუტყვის სადგომს და იქ მყოფი ელოდებოდა დართავდა თუ არა გ. შ–ი ნებას დაბრუნებულიყო სახლში. აღნიშნული ქმედებით გ. შ–მა ა. ც–ე მიიყვანა თვითმკვლელობის ცდამდე, კერძოდ 2022 წლის 2 დეკემბერს, დილის საათებში, გ–ს რაიონის სოფელ ა–ში მდებარე მისსავე საცხოვრებელ სახლში ა. ც–მ სცადა თვითმკვლელობა, კერძოდ ზონრის გამოყენებით ცდილობდა ჩამოეხრჩო თავი, თუმცა ადგილზე მყოფი პირების დროული რეაგირებისა და დროული სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შედეგად შესაძლებელი გახდა მისი სიცოცხლის შენარჩუნება;

2.2. 2020 წლის იანვრიდან 2022 წლის 2 დეკემბრამდე დროის პერიოდში, გ–ს რაიონის სოფელ ა–ში მდებარე მათსავე საცხოვრებელ სახლში, გ. შ–ი, არასრულწლოვანი შვილების – .... წელს დაბადებული ს. შ–სა და ....... წელს დაბადებული გ. შ–ს თანდასწრებით, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით (გ. შ–ს მიაჩნდა, რომ მის მეუღლეს, როგორც ქალს, არ ჰქონდა უფლება, გამოეთქვა უკმაყოფილება მის არაფხიზელ მდგომარეობაში ყოფნასთან დაკავშირებით, მიეცა მისთვის შენიშვნა, მიეღო გადაწყვეტილება დაშორების თაობაზე) ძალადობდა მეუღლეზე - ა. ც–ზე, კერძოდ ხელს ურტყმდა სხეულის არეში, რის შედეგადაც ა. ც–ეე განიცდიდა ფიზიკურ ტკივილს;

2.3. 2022 წლის სექტემბრიდან 2022 წლის 2 დეკემბრამდე პერიოდში, გ–ს რაიონის სოფელ ა–ში მდებარე მათსავე საცხოვრებელ სახლში გ. შ–ი ფიზიკურად ძალადობდა, წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვან შვილებზე – .... წელს დაბადებულ ს. შ–სა და .... წელს დაბადებულ გ. შ–ზე, კერძოდ ხელს ურტყამდა სხეულის არეში, რის შედეგადაც ს. და გ. შ–ები განიცდიდნენ ფიზიკურ ტკივილს.

3. გორის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 1 სექტემბრის განაჩენით:

3.1. გ. შ–ი საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა;

3.2. გ. შ–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 111,115-ე მუხლის მე-2 ნაწლის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 111,115-ე მუხლის პირველ ნაწილზე;

3.3. გ. შ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,115-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;

3.4. გ. შ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;

3.5. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით გ. შ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 3 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;

3.6. გ. შ–ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა დაკავებიდან - 2022 წლის 8 დეკემბრიდან.

4. სასამართლომ დაადგინა:

4.1. ა. ც–ე ქორწინებაში იმყოფებოდა გ. შ–სთან. თანაცხოვრების, მათ შორის, 2020 წლის იანვრიდან 2022 წლის 02 დეკემბრამდე დროის პერიოდში, გ. შ–ი სასტიკად ეპყრობოდა მეუღლეს, ემუქრებოდა, სისტემატურად შეურაცხყოფდა და ამცირებდა მეუღლის – ა. ც–ს – პატივსა და ღირსებას, რაც გამოიხატებოდა არაერთგზის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფით, ამის გამო ა. ც–ე განიცდიდა ფიზიკურ ტკივილს. ამასთან, 2022 წლის 1 დეკემბერს, ღამის საათებში, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა გ. შ–მა ა. ც–ს ჯერ მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, შემდგომ კი ზამთრის ცივ ამინდში გააგდო გ-ს რაიონის სოფელ ა-ში მდებარე მათსავე საცხოვრებელი სახლიდან გარეთ, ა. ც–მ თავი შეაფარა პირუტყვის სადგომს და იქ მყოფი ელოდებოდა დართავდა თუ არა გ. შ–ი ნებას, დაბრუნებულიყო სახლში. ყოველივე ზემოაღნიშნული ქმედებებით, გ. შ–მა ა. ც–ე მიიყვანა თვითმკვლელობის ცდამდე, კერძოდ 2022 წლის 2 დეკემბერს, დილის საათებში, გ–ს რაიონის სოფელ ა–ში მდებარე მისსავე საცხოვრებელ სახლში ა. ც–მ სცადა თვითმკვლელობა, კერძოდ ზონრის გამოყენებით ცდილობდა ჩამოეხრჩო თავი, თუმცა ადგილზე მყოფი პირების დროული რეაგირებისა და დროული სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შედეგად შესაძლებელი გახდა მისი სიცოცხლის შენარჩუნება.

4.2. 2022 წლის სექტემბრიდან 2022 წლის 2 დეკემბრამდე პერიოდში, გ–ს რაიონის სოფელ ა–ში მდებარე მათსავე საცხოვრებელ სახლში, გ. შ–ი ფიზიკურად ძალადობდა წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვან შვილებზე - .... წელს დაბადებულ ს. შ–სა და .... წელს დაბადებულ გ. შ–ზე კერძოდ ხელს ურტყამდა სხეულის არეში, რის შედეგადაც ს. შ–ი და გ. შ–ი განიცდიდნენ ფიზიკურ ტკივილს.

5. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს დაცვისა და ბრალდების მხარეებმა, კერძოდ:

5.1. მსჯავრდებულ გ. შ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ნ. ც–მ მოითხოვა გორის რაიონული სასამართლოს განაჩენის გაუქმება, გ. შ–ს უდანაშაულოდ ცნობა და გამართლება;

5.2. გორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ანნა ცაგურიამ მოითხოვა ცვლილება გორის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 1 სექტემბრის განაჩენში, მსჯავრდებულ გ. შ–ის დამნაშავედ ცნობა ყველა წარდგენილ ბრალდებაში და მისთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრა, რაც თავისუფლების აღკეთასთან იქნება დაკავშირებული.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 1 თებერვლის განაჩენით:

6.1. მსჯავრდებულ გ. შ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის ნ. ც–ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა;

6.2. გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანნა ცაგურიას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;

6.3. გორის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 1 სექტებრის განაჩენში გ. შ–ის მიმართ შევიდა ცვლილება:

6.3.1. გ. შ–ი საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა;

6.3.2. გ. შ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,115-ე მუხლის მე-2 ნაწლის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;

6.3.3. გ. შ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;

6.4. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით გ. შ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;

6.5. გ. შ–ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა დაკავებიდან - 2022 წლის 8 დეკემბრიდან.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს დაცვისა და ბრალდების მხარეებმა, კერძოდ:

7.1. მსჯავრდებულ გ. შ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატი ნ. ც–ე ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმებას, გ. შ–ს უდანაშაულოდ ცნობას და გამართლებას;

7.2. გორის რაიონული პროკურატურის პროკურორი ანნა ცაგურია ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 1 თებერვლის განაჩენში ცვლილებას და მსჯავრდებულ გ. შ–ს დამნაშავედ ცნობას მათ შორის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ასევე ყველა მსჯავრად შერაცხილი დანაშაულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.

8. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე - ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).

9. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, კასატორი ბრალდების მხარე ითხოვს გ. შ–ს დამნაშავედ ცნობას, მათ შორის, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ყველა მსჯავრად შერაცხილი ქმედებების ჩადენისათვის კი მკაცრი სასჯელის შეფარდებას, ხოლო დაცვის მხარე - მსჯავრდებულ გ. შ–ს გამართლებას.

10. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოცემულ შემთხვევაში ბრალდებისა (გ. შ–ის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მსჯავრდების ნაწილში) და დაცვის მხარემ (გ. შ–ს გამართლება) გორის რაიონული სასამართლოს განაჩენის გაუქმების/განაჩენში ცვლილების შეტანის მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართეს იმავე (იდენტურ) არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივრებშია ჩამოყალიბებული. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება კასატორების მოთხოვნებს და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სამართლებრივად სწორად შეაფასა და გასაჩივრებულ განაჩენში მიუთითა იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც გ. შ–ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გამართლება, ხოლო საქართველოს სსკ-ის 111,115-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით მსჯავრდება და შესაბამისი სასჯელი განაპირობა. გასაჩივრებულ განაჩენში დეტალური მსჯელობაა წარმოდგენილი, მათ შორის, ბრალდებისა და დაცვის მხარის ყველა ძირითად არგუმენტზე.

11. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მტკიცებას გ. შ–ს უდანაშაულობის შესახებ და ითვალისწინებს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად და ობიექტურად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მიუთითა იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც გ. შ–ს საქართველოს სსკ-ის 111,115-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით მსჯავრდება და მისთვის შესაბამისი სასჯელის დანიშვნა განაპირობეს.

12. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მათ შორის - დაზარალებულების: ა. ც–სა და არასრულწლოვნების – ს. შ–სა და გ. შ–ს, მოწმეების: ნ. ც–ს, შ. ვ–ს, ნ. ე–ს, ა. ჭ–ს, ე. პ–ს, უ. პ–ს – ჩვენებებით, სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2023 წლის 17 თებერვლის N............ დასკვნით, 2022 წლის 2 დეკემბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, 2023 წლის 11 იანვრის ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ ოქმით და სხვა მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება გ. შ–ს მიერ მისთვის მსჯავრად შერაცხილი ქმედებების (თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით და არასრულწლოვანი შვილების მიმართ ძალადობის) ჩადენა.

13. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაზარალებულ ა. ც–ს ჩვენება მის მიმართ წლების განმავლობაში გ. შ–ს მიერ ჩადენილი სისტემატური სიტყვიერი შეურაცხყოფისა და ფიზიკური ძალადობის შესახებ თანხვდენილია არასრულწლოვანი დაზარალებულების ს. შ–სა და გ. შ–ს ჩვენებებთან, რომლებიც იყვნენ თვითმხილველები იმისა, თუ როგორ აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას ალკოჰოლით მთვრალი მამა გ. შ–ი მათ დედას – ა. ც–ს. არასრულწლოვნებმა ასევე დაადასტურეს დეკემბრის ცივ ღამეში გ. შ–ის მიერ დედასთან, ა. ც–სთან ერთად მათი გარეთ გაგდების ფაქტი. ა. ც–ს მიმართ წლების განმავლობაში სასტიკი, პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობის, ასევე - ძალადობისა და მუქარის ფაქტებს ადასტურებენ მოწმეები ნ. ც–ე (ა. ც–ს და) და შ. ვ. (ა. ც–ს დედა). მოწმეთა (დაზარალებულ ა. ც–ს, არასრულწლოვანი დაზარალებულების ს. შ–სა და გ. შ–ს, ა. ც–ს დედისა და დის) ჩვენებებით დადასტურებულია გ. შ–ის მიერ ა. ც–ს მიმართ ჩადენილი ქმედებების სისტემატურობაც.

14. სასამართლო არ ეთანხმება დაცვის მხარის მსჯელობას დაზარალებულ ა. ც–ს ჩვენების არ გაზიარების შესახებ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე. ვინაიდან, 2023 წლის 17 თებერვლის N.......... ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მართალია ა. ც–ს ექსპერტიზის ჩატარების მომენტში, თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე არ შეეძლო სწორად აღექვა, დაემახსოვრებინა და აღედგინა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და მიეცა ჩვენება, თუმცა ექსპერტმა ნ. დ–მა მოწმის სახით ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ აღნიშნული ეხებოდა მხოლოდ იმ პერიოდს როდესაც მიმდინარეობდა შესაბამისი ექსპერტიზა, ხოლო მისი დასკვნა ვერ გავრცელდებოდა რამდენიმე თვის შემდეგ მოწმის მდგომარეობაზე შეძლებდა თუ არა ჩვენების მიცემას სასამართლოსთვის. შესაბამისად, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სწორად შეაფასეს ა. ც–ს ჩვენება, რომელიც თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, ლოგიკურ და თანმიმდევრულ პასუხებს სცემდა მხარეთა მიერ დასმულ ყველა კითხვას, თანმიმდევრულად გადმოსცემდა გ. შ–ს მიერ მის მიმართ ჩადენილი ქმედებების შესახებ ინფორმაციას. შესაბამისად, არ არსებობს დაზარალებულის ჩვენების არგაზიარების საფუძველი.

15. სასამართლო ასევე არ ეთანხმება დაცვის მხარის მოთხოვნას, მოწმეთა ჩვენებებს შორის არსებული წინააღმდეგობების გამო მათი არ გაზიარების შესახებ. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ მტკიცებულებებს შორის შინაარსობრივი კავშირი არ გულისხმობს მათ იდენტურობას; ისინი საქმის ძირითად გარემოებებთან მიმართებით არ უნდა შეიცავდეს წინააღმდეგობრივ ინფორმაციას. „შეუძლებელია, მტკიცებულებების ურთიერთშესაბამისობის კატეგორიაში აუცილებლად მათი აბსოლუტური თანხვედრა და იდენტურობა ვიგულისხმოთ, რადგან ასეთი რამ მხოლოდ იშვიათ შემთხვევებში შეიძლება მოხდეს, როდესაც საქმეში არსებობს ობიექტური მტკიცებულებები, მაგალითად, ნივთმტკიცებების ან ფოტოდოკუმენტების სახით. რაც შეეხება მოწმეთა ჩვენებებს, განსაკუთრებით კი პირდაპირ ჩვენებებს, ასეთი მტკიცებულებების შინაარსზე გავლენას ახდენს სუბიექტური და ობიექტური ხასიათის მრავალი ფაქტორი, რომელთა გაუთვალისწინებლობამ შესაძლოა, მცდარ დასკვნებამდე მიგვიყვანოს, როგორც თვით ამ მტკიცებულებების რელევანტურობის, ასევე - საქმის ფაქტობრივ გარემოებათა თაობაზე....... მოწმეთა ჩვენებებს შორის ურთიერთშესაბამისობის არსებობის დასადგენად სავსებით საკმარისია მათ შორის შინაარსობრივი თანხვედრა იმ ზომით, რომ ისინი ერთგვაროვნად წარმოგვიდგენდნენ საქმისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე ერთსა და იმავე გარემოებებს“ (მაგ.იხ.საქართველოს უზენაესი სასამართლოს განაჩენი საქმეზე N626აპ-17).

16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით დასტურდება გ. შ–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 111,115-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

17. სასამართლო ითვალისწინებს, რომ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია გ. შ–ის მიერ არასრულწლოვანი შვილების – ს. შ–სა და გ. შ–ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაც.

18. არასრულწლოვანმა დაზარალებულებმა გ. შ–მა და ს. შ–მა სასამართლოსათვის მოწმის სახით ჩვენების მიცემისას დაადასტურეს გ. შ–ს მიერ მათ მიმართ ჩადენილი ფიზიკური ძალადობის ფაქტები, კერძოდ: ს. შ–ი აღნიშნავს, რომ მამა ეჩხუბებოდა და ხანდახან სცემდა კიდეც, თუ არ იძინებდა. ამ მიზეზით ერთხელ თავშიც წამოარტყა, რა დროსაც მოწმემ ფიზიკური ტკივილი განიცადა. ასევე სცემდა ს–ს ძმასაც – გ. შ–საც, ვინაიდან ისიც ეუბნებოდა რომ არ დაელია. ხოლო გ. შ–ი განმარტავს, რომ უშუალოდ მას და მის დას ს. შ–ს სცემდა გ. შ–ი, კერძოდ ლოყის არეში. გ. შ–ს განმარტებით ეს შემორტყმები ძალიან მტკივნეული იყო მისთვის. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ გ. შ–სს არასრულწლოვანი შვილების მიმართ ფიზიკური ძალადობა არ ჩაუდენია.

19. რაც შეეხება ბრალდების მხარის მოთხოვნას გ. შ–ის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დამნაშავედ ცნობის შესახებ, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას, რომ გ. შ–ის მიერ 2020 წლის იანვრიდან 2022 წლის 2 დეკემბრამდე დროის პერიოდში ა. ც–ს მიმართ არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით ჩადენილი ფიზიკური ძალადობა, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით წარმოადგენს გ. შ–სათვის საქართველოს სსკ-ის 111,115-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდების ნაწილს (ფიზიკური ძალადობის ფაქტებზე მითითებულია ასევე ბრალდების შესახებ დადგენილებაში) და დამატებით საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით კვალიფიკაციას აღარ საჭიროებს. შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

20. კასატორი ბრალდების მხარის მოთხოვნაზე, გ. შ–ს მიმართ მკაცრი სასჯელის განსაზღვრის შესახებ, სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. „სასჯელი უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხესთან გონივრულ პროპორციაში ... სასჯელის დაკისრება უნდა მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38).

21. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 115-ე მუხლის მე-2 ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს – თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ექვს წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ; ხოლო, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილი – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა, გაითვალისწინა მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლები და საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მოთხოვნათა (დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ) დაცვით (საქართველოს სსკ-ის 111,115-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტთან მიმართებით) განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია) და შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია.

21.1. ამასთან, მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა სასჯელის უსამართლობას, პრევენციის ან რესოციალიზაციის მიზნებთან შეუსაბამობას და მის საფუძველზეც შესაძლებელი იქნებოდა მსჯავრდებულისათვის სასჯელის დამძიმება.

22. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვეობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვეობის სამართლებრივი საფუძვლები ძალიან მწირი დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის (Kuparadze v. Georgia, No.30743/09, par 76, ECtHR, 21/09/2017).

23. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

24. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

25. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრების დასაშვებობის რომელიმე საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

26. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 1 თებერვლის განაჩენზე გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანნა ცაგურიასა და მსჯავრდებულ გ. შ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ნ. ც–ს საკასაციო საჩივრები ცნობილ იქნეს დაუშვებლად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი