¹3კ-426-02 28 ივნისი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),
თ. კობახიძე, ქ. გაბელაია
დავის საგანი: ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება და ნაჩუქარი წილის უკან გამოთხოვა.
აღწერილობითი ნაწილი:
ქ. თბილისში, ... მდებარე სახლი ირიცხებოდა დ., ნ. და დ. ჩ-იანების მამის, ი. ჩ-იანის, სახელზე, რომელიც გარდაიცვალა 1988 წელს.
ქ. თბილისის ჩუღურეთის რაიონის სასამართლოს 1992წ. 20 მარტის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ნ. ჩ-იანის სარჩელი სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელებისა და 1\3 წილზე მემკვიდრედ ცნობის შესახებ.
დ. ჩ-იანმა 1992წ. ნოემბერში სარჩელი შეიტანა სასამართლოში ნ. და დ. ჩ-იანების მიმართ სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელების, კუთვნილი სამკვიდრო 1\3 იდეალური წილის ნახევრის ნ. ჩ-იანისათვის მიკუთვნების და დარჩენილი ნაწილის მის საკუთრებაში დატოვების თაობაზე. ქ. თბილისის ჩუღურეთის რაიონის სასამართლოს 1992წ. 8 დეკემბრის გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა.
2000წ. მაისში დ. ჩ-იანმა სარჩელით მიმართა სასამართლოს ჩუქების გაუქმების და ნ. ჩ-იანზე გაჩუქებული წილის უკან გამოთხოვის შესახებ იმ საფუძვლით, რომ დასაჩუქრებულმა უმადურობა გამოიჩინა.
ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2001წ. 10 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ. ჩ-იანმა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 30 ნოემბრის განჩინებით პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება დატოვებულ იქნა უცვლელად.
დ. ჩ-იანი საკასაციო საჩივრით ითხოვს სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმებას იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 529-ე და 530-ე მუხლები, რომლებიც დასაჩუქრებულის უმადურობის გამო ჩუქების გაუქმებასა და გაჩუქებული ნივთის უკან გამოთხოვას ითვალისწინებს.
კასატორი მიუთითებს, რომ კუთვნილი სამკვიდრო წილის ნახევარი ნ. ჩ-იანს აჩუქა იმ პირობით, რომ ამ უკანასკნელს არ ექნებოდა დავა მეორე ძმასთან _ დ. ჩ-იანთან. დასაჩუქრებულმა არ შეასრულა პირობა _ ძმისგან მოითხოვა ნივთების დაბრუნება, ხოლო მას სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას მიაყენა შეურაცხყოფა, რითაც გამოიჩინა უმადურობა.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა განმარტებები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო პალატის განჩინება დატოვებულ უნდა იქნეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
ნ. ჩ-იანს დ. ჩ-იანის კუთვნილი 1\3 სამკვიდრო წილის ნახევარი გადაეცა არა ჩუქების ხელშეკრულებით, არამედ ქ. თბილისის ჩუღურეთის რაიონის სასამართლოს 1992წ. 8 დეკემბრის გადაწყვეტილებით, რომელიც ამჟამადაც კანონიერ ძალაშია.
აღნიშნული გადაწყვეტილების გამოტანის დროს მოქმედი სამოქალაქო კოდექსის (1964წ.) 269-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად საცხოვრებელი სახლის ნაჩუქრობის ხელშეკრულება შეიძლებოდა დადებული ყოფილიყო ამ კოდექსის 239-ე მუხლებით დადგენილი ფორმით. კანონის ამ ნორმის თანახმად, ქალაქში ან დაბაში მდებარე საცხოვრებელი სახლის (სახლის ნაწილის) ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება დამოწმებულ უნდა იქნეს სანოტარო წესით და რეგისტრირებულ უნდა იქნეს ადგილობრივი საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტში სამი თვის ვადაში სანოტარო წესით დამოწმების დღიდან.
სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც დ. ჩ-იანმა ნ. ჩ-იანს გადასცა კუთვნილი სამკვიდრო წილის ნაწილი, არ წარმოადგენს ნაჩუქრობის ხელშეკრულებას.
სააპელაციო პალატა სწორად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მხარეებს შორის ნაჩუქრობის ხელშეკრულების არარსებობის პირობებში მოსარჩელის მოთხოვნას ჩუქების ხელშეკრულების გაუქმებისა და ნაჩუქარი წილის გამოთხოვის შესახებ საფუძველი არ გააჩნია.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
დ. ჩ-იანის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 30 ნოემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.