Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ-427-02 1 მაისი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. წიქვაძე (თავმჯდომარე),

ლ. გოჩელაშვილი, რ. ნადირიანი

დავის საგანი: სამუშაოზე აღდგენა, განაცდური ხელფასის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

ნ. მ-ძე 1970 წლიდან მუშაობდა აჭარის ა/რ შს სამინისტროში სხვადახსვა თანამდებობებზე. ბოლოს მას ეკავა შს სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის საკონტროლო-მეთოდოლოგიური ქვეგანყოფილების ...ის თანამდებობა. არის პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი.

აჭარის ა/რ შს სამინისტროს 1999 წლის 4 ოქტომბრის ¹69 ბრძანებით იგი განთავისუფლდა სამუშაოდან იმ საფუძვლით, რომ აჭარის ა/რ პროკურატურაში გადაიგზავნა მის მიმართ ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების მასალები, რომლებიც ეხებოდა მოქალაქეებს: რ. ტ-შვილის, ვ. ა-იას და ბ. კ-ძეს შორის წარმოშობილ სამოქალაქო დავაში ნ. მ-ძის ჩარევას, რაც გამოიხატა იმაში, რომ ნ. მ-ძემ აღნიშნულ საქმეს არ მისცა ოფიციალური მსვლელობა. მან ა-იას თვითნებურად გადასცა სადავო ავტომობილი.

ნ. მ-ძემ სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამრათლოში და მოითხოვა შს ორგანოებიდან მისი დათხოვნის შესახებ აჭარის შს მინისტრის ¹42 ბრძანებისა და ¹69 ბრძანების ბათილად ცნობა, თანამდებობაზე აღდგენა და განაცდური ხელფასის ანაზღაურება. მოსარჩელემ თავის მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა, რომ აჭარის ა/რ შს მინისტრმა გადაამეტა სამსახურებრივ უფლებამოსილებას, რადგან მას არ ჰქონდა მისი სამუშაოდან განთავისუფლების უფლება. მოსარჩელემ ასევე მიუთითა, რომ არ არსებობდა მისი განთავისუფლების კანონიერი საფუძველი, რადგან ბრძანებას საფუძვლად დაედო პოლიციის თანამშრომლისათვის შეუფერებელი საქციელის ჩადენა, რაც გამოიხატა მის მიერ დანაშაულის ჩადენაში, მაგრამ მის მიმართ აღძრული სს საქმე შეწყდა წარმოებით დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო, რაც საფუძველს აცლის განთავისუფლების ბრძანებასაც. მოპასუხემ აჭარის ა/რ შს სამინისტრომ სარჩელი არ ცნო.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2001 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილებით ნ. მ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა: იგი აღდგენილ იქნა სამუშაოზე და აჭარის შს სამინისტროს დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 1527,6 ლარის ოდენობით.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ნ. მ-ძემ და აჭარის ა/რ შს სამინისტრომ. ნ. მ-ძემ მოითხოვა, იძულებითი განაცდური თანხა განსაზღვრულიყო არა ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი ხელფასის ოდენობით, არამედ განთავისუფლების მთელ პერიოდში გადასახდელი ხელფასით, რაც შეადგენდა 2290,50 ლარს. აჭარის ა/რ შს სამინისტრომ კი საჩივრით ითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება ახალი გადაწყვეტილებით ნ. მ-ძისათვის სარჩელზე უარის თქმა.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილებით: აჭარის ა/რ შს სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; დაკმაყოფილდა ნ. მ-ძის სააპელაციო საჩივარი და მისთვის გადასახდელი იძულებითი განაცდური ხელფასის ოდენობა განისაზღვრა 2290 ლარით და 50 თეთრით.

აჭარის ა/რ შს სამინისტროს წარმომადგენლის მიერ საკასაციო წესით გასაჩივრებულ იქნა უმაღლესი სასამართლოს სააპელაციო პალატის 2001 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილება კასატორმა ითხოვა აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება იმ საფუძვლით, რომ ნ. მ-ძემ ჩაიდინა პოლიციის მუშაკისათვის შეუფერებელი საქციელი, რითაც დაირღვა მოქალაქის კანოინერი უფლებები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის მოსაზრებით, ნ. მ-ძის სამუშაოდან განთავისუფლება კანონიერია და არ არსებობს საფუძველი მისი სამუშაოზე აღდგენისა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით აჭარის ა/რ შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა: გაუქმდა აღნიშნულ საქმეზე აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ განჩინებაში მიუთითა, რომ აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ უნდა გამოიკვლიოს და შესაბამისი სამართლებრივი შეფასება მისცეს ნ. მ-ძის ქმედებას, რომელიც საფუძვლად დაედო შს ორგანოებიდან დათხოვნას და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, სააპელაციო საჩივრების მოტივები, მოისმინა მხარეთა ასხნა-განმარტებები და 2001 წლის 27 დეკემბერს მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა აჭარის ა/რ შს სამინისტროს სააპელაციო საჩივარი; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2001 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილება; ნ. მ-ძეს სარჩელზე, სამუშაოზე აღდგენასა და განაცდურის ანაზღაურების შესახებ, ეთქვა უარი უსაფუძვლობის გამო; ასევე უსაფუძვლობის გამო არ დაკმაყოფილდა მისივე სააპელაციო საჩივარი.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო, რომ ნ. მ-ძე სამუშაოდან განთავისუფლდა “პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-10 პუნქტის საფუძელზე, პოლიციის თანამშრომლებისათვის შეუფერებელი საქციელის გამო, რაც გამოიხატა მის მიერ სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში. მართალია, ნ. მ-ძის მიმართ შეწყდა სისხლის სამართლის საქმის წარმოება მის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო, მაგრამ საქმეზე წარმოდგენილი ნ. მ-ძის მიმართ სისხლის სამართლის საქმის და სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ დადგენილებით დადასტურებულად იქნა მიჩნეული, რომ ნ. მ-ძე უკანონოდ ჩაერია მოქალაქე ა-იასა და ტ-შვილს შორის წამოჭრილ სამოქალაქო დავაში. კერძოდ, ნ. მ-ძემ, ნაცვლად იმისა, რომ აღნიშნულ მოქალაქეთა დავისათვის მიეცა ოფიციალური მსვლელობა, გ. ა-იას თვითნებურად გადასცა სადავო ა/მანქანა, ხოლო დაზარალებული რ. ტ-შვილი დაარწმუნა, რომ ვალის დაუბრუნებლად ქ. ბათუმიდან ა/მანქანას ვერ წაიყვანდა. აღნიშნული გარემოება სააპელაციო პალატამ მიიჩნია პოლიციის მუშაკისათვის შეუფერებელ საქციელად და სწორად ჩათვალა ნ. მ-ძის სამუშაოდან განთავისუფლების საფუძვლად “პოლიციის შესახებ” კანონის 22-ე მუხლის მე-10 პუნქტი. პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის შესახებ, რომ აჭარის ა/რ შს მინისტრი უფლებამოსილი არ იყო, თანამდებობიდან გაეთავისუფლებინა დეპარტამენტის გამომძიებელი, რადგან “პოლიციის შესახებ” კანონის 22-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, “პოლიციის თანამშრომლის სამსახურიდან დათხოვნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებენ საქართველოს შს მინისტრი, აფხაზეთისა და აჭარის ა/რ შს მინისტრები... და სხვა თანამდებობის პირები, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში”.

სააპელაციო პალატის აღნიშნული გადაწყვეტილება ნ. მ-ძემ გაასაჩივრა საკასაციო წესით. კასატორის მოსაზრებით, აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება არ არის იურიდიულად საკმარისად დასაბუთებული. Aამასთან, მიაჩნია, რომ გადაწყვეტილების თარიღი გაყალბებულია, რადგან სასამართლოში მის მიერ წარდგენილი საპაექრო სიტყვა დათარიღებულია 28 დაკემბრით, ე.ი. გადაწყვეტილება სხდომის დამთავრებამდე ერთი დღით ადრე 27 დეკემბერსაა გამოტანილი. კასატორი ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებას.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტება და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ საოლქო სასამართლოს პალატის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

საკასაციო პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს საკასაციო საჩივარში მითითებული კანონის დარღვევები. კერძოდ, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების თარიღის გაყალბების შესახებ, რადგან საქმის მასალებით ირკვევა, რომ აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო 2001 წლის 27 დეკემბერს. საქმის მთავარ სხდომაზე განხილვა დაიწყო 2001 წლის 26 დეკემბერს და დამთავრდა მეორე დღეს _ 27 დეკემბერს.Aაღნიშნული დადასტურებულია სხდომის ოქმით, რომლის უსწორობისა და უსრულობის შესახებ მხარეს დადგენილი წესით შენიშვნები არ წარუდგენია. ამდენად, საკასაციო საჩივარში მითითებული გარემოება გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაყალბების შესახებ, უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია.

საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიულად დაუსაბუთებელია. გადაწყვეტილების დასაბუთებულებაში იგულისხმება სასამართლოს მიერ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნათა დაცვა. კერძოდ, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში უნდა აღინიშნოს სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებები, მტკიცებულებანი, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნები, მოსაზრებანი, რომლებითაც სასამართლო უარყოფს ამა თუ იმ მტკიცებულებას და კანონები, რომლებითაც სასამრათლო ხელმძღვანელობდა. მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ აღნიშნული ნორმის ყველა მოთხოვნა შეასრულა. სააპელაციო სასამართლომ გაითვალისწინა საკასაციო სასამართლოს მითითებები და მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევის შედეგად საქმეზე დაადგინა ფაქტობრივი გარემოებანი და გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა.

რაც შეეხება კანონის გამოყენებასა და განმარტებას, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა და განმარტა “პოლიციის შესახებ” კანონის 22-ე მუხლის მე-10 პუნქტი. დადგენილია, რომ ნ. მ-ძე სამუშაოდან განთავისუფლდა აჭარის ა/რ შინაგან საქმეთა სამინისტროს 1999 წლის 4 ოქტომბრის ბრძანებით. სამუშაოდან განთავისუფლების საფუძვლად მითითებულია “პოლიციის შესახებ” კანონის 22-ე მუხლის მე-10 პუნქტზე, რომლის თანახმად, პოლიციელს სამსახურიდან დაითხოვენ პოლიციის თანამშრომლისათვის შეუფერებელი საქციელისათვის. ამ ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, შეუფერებელ საქციელში არ იგულისხმება დანაშაულის ჩადენა, რადგან აღნიშნული საფუძვლით სამუშაოდან დათხოვნას ითვალისწინებს ამავე მუხლის მე-11 პუნქტი. მოცემულ შემთხვევაში ნ. მ-ძე სამსახურიდან გაათავისუფლეს არა დანაშაულის ჩადენის, არამედ პოლიციელისათვის შეუფერებელი საქციელის გამო, რაც გამოიხატა მოქალაქეებს შორის წამოჭრილ სამოქალაქო დავაში უსაფუძვლო ჩარევიაში. Pპალატა მიუთითებს, რომ პოლიციელისათვის შეუფერებელი საქციელი ნიშნავს ისეთი ქმედების ჩადენას, რომელიც, მართალია, არ არის სისხლის სამართლის წესით დასჯადი, მაგრამ არ შეესაბამება სახელმწიფო მოსამსახურის (პოლიციელის) მიმართ კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

აღნიშნულიდან გამომდინარე ნ. მ-ძის საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ნ. მ-ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.