გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ-428-02 15 ივლისი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლო სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),
ქ. გაბელაია, თ. კობახიძე
დავის საგანი: ბინიდან გამოსახლება.
აღწერილობითი ნაწილი:
ი. მ-ემ სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა ს. დ-ის, ლ. დ-ის და ნ. ხ-ი-დ-ის გამოსახლება ბათუმში, ... მდებარე სახლიდან შემდეგი საფუძვლით: 2000წ. 18 ოქტომბერს აუქციონის წესით შეიძინა ბათუმში, ... მდებარე სახლი. დღეისათვის სახლი ირიცხება მის სახელზე, მაგრამ იმის გამო, რომ ყოფილი მესაკუთრეები, ს., ლ. და ნ. დ-ები არ ათავისუფლებენ მის მიერ შეძენილ სახლს, იგი, როგორც მესაკუთრე ვერ ახორციელებს თავის უფლებებს. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს შემდეგი საფუძვლით: მათ სხვა საცხოვრებელი არ გააჩნიათ, ხოლო საჯარო აუქციონი ჩატარდა კანონის მოთხოვნათა დარღვევით.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 9 თებერვლის გადაწყვეტილებით ი. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეები გამოსახლდნენ სადავო სახლიდან. ბათუმის საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა შემდეგი საფუძვლით: დადასტურებულად მიიჩნია, რომ 2000წ. 23 ოქტომბერს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2000წ. 6 აპრილის გადაწყვეტილების საფუძველზე ჩატარდა განმეორებითი აუქციონი კრედიტორ ი. მ-ის მოთხოვნის _ 13000 აშშ დოლარის დაფარვის მიზნით. აუქციონის შედეგად სახლი შეიძინა თვით ი. მ-ემ და გაცემულ იქნა განკარგულება სახლის მის სახელზე გაფორმების შესახებ, რის შედეგადაც ბათუმის მერიის ტექნიკური აღრიცხვის ბიუროს მიერ სადავო სახლის 3/7 ნაწილის მესაკუთრედ რეგისტრირებულ იქნა მოსარჩელე ი. მ-ე. საქალაქო სასამართლომ სკ-ს 170-ე და 172-ე მუხლების თანახმად დააკმაყოფილა სარჩელი.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანეს ს. და ლ. დ-ებმა.
აჭარის ა/რ სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 27 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ მოპასუხეების მტკიცება, რომ ი. მ-ის მიერ აუქციონზე ქონების შეძენა მომხდარია კანონის უხეში დარღვევით, არ არის გასაზიარებელი, რადგან ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2000წ. 6 აპრილის გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც ჩატარდა აუქციონი და ბათუმის საქალაქო სასამართლოს აღმასრულებლის 2000წ. 23 ოქტომბრის განკარგულება “აუქციონზე შეძენილ ქონებაზე უფლების გადაცემის თაობაზე”, რომლის საფუძველზეც სადავო სახლი გაფორმებულ იქნა ი. მ-ის სახელზე, არ გასაჩივრებულა და დღეისათვის კანონიერ ძალაშია. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხეები სწორად იქნენ გამოსახლებულნი სადავო სახლიდან.
აჭარის ა/რ სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 27 დეკემბრის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანეს ლ. და ს. დ-ებმა, რომლითაც ითხოვენ გადაწყვეტილების გაუქმებას შემდეგ გარემოებათა გამო: გადაწყვეტილება გამოტანილია კანონის დარღვევით, რადგან სასამართლომ საქმე განიხილა ერთ-ერთი მხარის, ს. დ-ის, დაუსწრებლად, რომელსაც არ მიუღია შეტყობინება კანონით დადგენილი წესით, აღნიშნული კი სსკ-ს 394-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტის მიხედვით, გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს ნაწილობრივ, კერძოდ, ს. დ-ის გამოსახლების ნაწილში. როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, სააპელაციო საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ლ. და ს. დ-ების სახელით შეიტანა ადვოკატმა მაყვალა მოწყობილმა. საქმეში წარმოდგენილია რწმუნება, რომლითაც ლ. დ-ე ანდობს მაყვალა მოწყობილს მისი სახელით სასამართლოში საქმის წარმართვას მათ შორის – გადაწყვეტილების გასაჩივრებას. საქმეში არ არის ანალოგიური რწმუნებულება გაცემული ს. დ-ის მიერ. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა და განიხილა ს. დ-ის ის სააპელაციო საჩივარი, რომელიც ფაქტობრივად არ არსებობდა, რადგან მ. მ-ი, რომელმაც განცხადება შეიტანა ს. დ-ის სახელით და სააპელაციო სასამართლოშიც გამოდიოდა მისი სახელით, ამაზე უფლებამოსილი არ იყო. ამდენად, პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს დაირღვა ს. დ-ის უფლებები. იგი გაფრთხილებული არ ყოფილა სააპელაციო სასამართლოს სხდომის შესახებ. მისი სახელით სხდომაზე მონაწილეობას იღებდა პირი, რომელიც არ იყო ამაზე უფლებამოსილი.
ყოველივე ეს კი სსკ-ს 394-ე მუხლის “ბ” პუნქტის საფუძველზე გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია. ამდენად, განჩინება უნდა გაუქმდეს ს. დ-ის საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, დანარჩენ ნაწილში განჩინება უცვლელი უნდა დარჩეს, რადგან, როგორც საქმის მასალებით ირკვევა, მოსარჩელე ი. მ-ე დღეისათვის საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია სადავო სახლის მესაკუთრედ. სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 172-ე მუხლების შესაბამისად, იგი უფლებამოსილია, მოითხოვოს მოპასუხეთა გამოსახლება სადავო ბინიდან და სააპელაციო სასამართლოს მიერ მისი მოთხოვნა სწორად იქნა დაკმაყოფილებული ლ. და ნ. დ-ების გამოსახლების ნაწილში.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ლ. და ს. დ-ების საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 27 დეკემბრის განჩინება ს. დ-ის სააპელაციო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს იმავე პალატას. დანარჩენ ნაწილში განჩინება დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.