¹3კ-431-02 19 ივნისი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. წიქვაძე (თავმჯდომარე),
ლ. გოჩელაშვილი, რ. ნადირიანი
სარჩელის საგანი: მიყენებული ზარალის ანაზღაურება და საერთო სარგებლობის ფართიდან საკუთარი წილის გამოყოფა.
აღწერილობითი ნაწილი:
2000წ. 6 ივნისს თ. გ-იამ თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოში აღძრა სარჩელი ნ. მ-ძის, ზ. ბ-შვილისა და დ. მ-შვილის წინააღმდეგ და მოითხოვა საერთო სარგებლობის ეზოდან რეალური წილის გამოყოფა და მიყენებული ზარალის 5000 ლარის ანაზღაურება.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ 1999წ. 29 დეკემბერს ი. ბ-შვილისაგან შეიძინა ქ. თბილისში ..... მდებარე ოროთახიანი ბინა ტანსაცმლის მაღაზიის მოსაწყობად, რის შესახებაც მეზობლების თანხმობა გაფორმდა ნოტარიულად, შესაბამისად ზემოხსენებული ბინა ტექბიუროში გატარდა, როგორც არასაცხოვრებელი ფართი. 2000წ. 20 აპრილს მითითებულ მისამართზე მცხოვრებლებმა: ნ. მ-ძემ, ზ. ბ-შვილმა და დ. მ-შვილმა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს მიმართეს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, სადაც აღნიშნეს, რომ თ. გ-იას მიერ ბინის შეძენისთანავე ადგილი ჰქონდა სამშენებლო სამუშაოების დაწყებას, რითაც შეილახა მათი უფლებები. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მათ მოითხოვეს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით შეჩერებულიყო თ. გ-იას მიერ დაწყებული სახლის შიდა სარემონტო სამუშაოების წარმოება, მათ მიერ უახლოეს მომავალში სასარჩელო განცხადების შეტანამდე.
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2000წ. 20 აპრილის განჩინებით დაკმაყოფილდა ნ. მ-ძის, ზ. ბ-შვილისა და დ. მ-შვილის განცხადება სასარჩელო უზრუნველყოფის შესახებ და თ. გ-იას სასამართლოში სარჩელის აღძვრამდე 3 მაისამდე აეკრძალა სამშენებლო სამუშაოების წარმოება. განჩინებაში მითითებულ ვადაში სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების ავტორებმა სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არ შეიტანეს სარჩელი რის შედეგადაც მოსარჩელეს მიადგა მატერიალური ზიანი, ხელოსნებისათვის დღიური გადასახადის სახით, 5.000 ლარის ოდენობით.
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს მიერ 2001წ. 15 მაისს ვინაიდან მოპასუხეები არ გამოცხადდნენ სასამართლო პროცესზე მოსარჩელის წარმომადგენლის შუამდგომლობით მიღებულ იქნა დაუსწრებელი გაადწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა თ. გ-იას სასარჩელო განცხადება.
2001წ. 15 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება მოპასუხეების მიერ გასაჩივრებულ იქნა 2001წ. 14 ივნისს და მოითხოვეს აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება, რის საფუძვლადაც მიუთითეს, რომ ისინი ერთად იმყოფებოდნენ ქალაქგარეთ და რესტორანში სადილობის შემდეგ იგრძნეს საერთო სისუსტე, რის გამოც აუცილებელი შეიქმნა სამედიცინო ჩარევა და სწორედ ამის გამო მოხდა, რომ ისინი დაგვიანებით, მხოლოდ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გამოცხადდნენ სასამართლო სხდომაზე.
თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს 2001წ. 31 ივლისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ნ. მ-ძის, ზ. ბ-შვილისა და დ. მ-შვილის საჩივარი.
ზემოაღნიშნული განჩინება მოპასუხეებმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.
აპელანტებმა მიუთითეს, რომ 2001წ. 15 მაისს მათ მიერ სასამართლო პროცესზე დაუსწრებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, რაც ყოველგვარი საფუძვლის გარეშე არ გაიზიარა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულმა სასამართლომ და ძალაში დატოვა 2001წ. 15 მაისს მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
თბილისის საოლქო სასამართლოს 2001წ. 14 დეკემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა დ. მ-შვილის, ნ. მ-ძისა და ზ. ბ-შვილს სააპელაციო საჩივარი, გაუქმდა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2001წ. 31 ივლისის განჩინება და საქმე ხელახლა განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
საოლქო სასამართლოს 2001წ. 14 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ. გ-იამ.
კასატორი უთითებს, რომ მოპასუხეთა განცხადება იმის შესახებ, რომ ისინი ბორჯომში რესტორანში სადილობისას მოიწამლნენ სოკოთი და სწორედ ამ მიზეზით ვერ გამოცხადდნენ პროცესზე, არ შეეფერება სიმართლეს. კასატორმა მიუთითა, რომ სასამართლო პროცესის დროს დ. მ-შვილი იმყოფებოდა ქელეხში და როდესაც გაახსენდა, რომ ამ დროს სასამართლო სხდომაზე უნდა გამოცხადებულიყო, თავის თანაშემწეს დაურეკა, რის შემდეგაც მ-შვილის თანაშემწე პროცესისი მიმდინარეობის დროს გამოცხადდა სასამართლოში და მოსამართლეს მოახსენა დ. მ-შვილის პროცესზე გამოუცხადებლობის მიზეზი, რომ თითქოს იგი მცხეთასთან ავარიაში მოჰყვა. მოსამართლის შეკითხვაზე ნ. მ-ძე და ზ. ბ-შვილი იმყოფებოდნენ თუ არა მასთან ერთად, დ. მ-შვილის თანაშემწემ უპასუხა, რომ ისინი მ-შვილთან ერთად არ იმყოფებოდნენ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კასატორი ითხოვს თბილისის საოლქო სასამართლოს 2001წ. 14 დეკემბრის განჩინების გაუქმებას და თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2001წ. 15 მაისის გადაწყვეტილების ძალაში დატოვებას.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილით საოლქო სასამართლოს პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წარმოდგენილი არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია (საქმის გარემოებების დადგენა საპროცესო ნორმების დარღვევით). მოცემულ შემთხვევაში კასატორს არც დამატებითი და არც დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლით დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს, თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით (გარდა იმისა, რაც ამავე კოდექსის 233-ე მუხლითაა გათვალისწინებული), რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ საპატიოდ მიიჩნია სხდომაზე გამოუცხადებელი მხარის გამოუცხადებლობის მიზეზი, რის შესახებაც სხდომის დაწყებამდე გააჩნდა ინფორმაცია. საქმის მასალებით ირკვევა და თვით კასატორიც ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მოწინააღმდეგე მხარემ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანამდე აცნობა სასამართლოს გამოუცხადებლობის მიზეზის შესახებ, რაც მას ევალებოდა და გაფრთხილებულიც იყო ამის შესახებ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 72-ე მუხლის საფუძველზე.
ამრიგად, კასატორის მიერ მითითებული გარემოებები, ვინაიდან არ წარმოადგენს არც დამატებით და არც დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიას, იგი ვერ გახდება მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების გაუქმების საფუძველი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებას საფუძვლად არ უდევს საკასაციო საჩივარში მითითებული კანონის დარღვევა.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
თ. გ-იას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 14 დეკემბრის განჩინება.
თ. გ-იას დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის გადახდა, რომლის 70% _ 35 ლარი _ უნდა ჩაირიცხოს ეროვნული ბანკის საქართველოს უზენაესი სასამართლოს ¹000141107 (კოდი 59) ანგარიშზე, ხოლო 30% _ 15 ლარი _ სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშზე.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება