¹3კ-432-02 7 ივნისი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. წიქვაძე (თავმჯდომარე),
რ. ნადირიანი,მ. გოგიშვილი
სარჩელის საგანი: საგარანტიო წერილით უზრუნველყოფილი ვალდებულების შესრულება.
აღწერილობითი ნაწილი:
შპს “ა-მა” სარჩელით მიმართა სასამართლოს შპს “დ-ის” მიმართ და მოითხოვა 47000 აშშ დოლარის და 10855 ლარის ანაზღაურება.
სარჩელის საფუძვლად მოსარჩელე მიუთითებდა, რომ 1999წ. 1 აპრილის საგარანტიო წერილით იგი თავდებად გამოვიდა სს “ს-ის” წინაშე, რითაც უზრუნველყო ამ ბანკიდან მოპასუხის მიერ აღებული სესხი. მოპასუხემ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში არ დააბრუნა სესხი, რის გამოც სს “ს-მა” მოსარჩელეს, როგორც თავდებს ანგარიშიდან ჩამოაჭრა დავალიანების ძირითადი თანხა 47000 აშშ დოლარი, პროცენტის სახით დარიცხული 8964 ლარი და საურავი 1891 ლარი.
მოსარჩელემ სარჩელის სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 905-ე მუხლი და ძირითადი მოვალისაგან მოითხოვა შესრულება.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ შპს “ს-ან” სესხი მიღებული აქვთ მხოლოდ ქვითრით, სინამდვილეში რეალურად სესხი არ მიუღიათ. კრედიტის გაცემა იყო არაკეთილსინდისიერი გარიგება, რის გამოც აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. ხელშეკრულებით საგარანტიო ვადა განსაზღვრული იყო 1999წ. პირველ აგვისტომდე, თანხის ჩამოჭრა მოსარჩელის ანგარიშიდან მოხდა ამ ვადის გასვლის შემდეგ _ 2000წ. 5 ივლისს. მოპასუხის მოსაზრებით სამოქალაქო კოდექსის 287-ე მუხლის I პუნქტის შესაბამისად, კასატორმა უარი უნდა უთხრას ბენეფიციარს მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, თუ ეს მოთხოვნები წარედგინება გარანტს გარანტიით განსაზღვრული ვადის დამთავრების შემდეგ. აქედან გამომდინარე მოსარჩელე უნდა შედავებოდა არა მას, არამედ სს “ს-ს” და მისგან უნდა მოეთხოვა უკანონოდ ჩამოჭრილი თანხა. მოპასუხის განმარტებით გარანტია გაფორმდა მისი შუამდგომლობისა და მონაწილეობის გარეშე, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 879-ე მუხლის დარღვევაა. ამდენად მოპასუხემ უსაფუძვლოდ მიიჩნია სასარჩელო მოთხოვნა.
თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2001წ. 8 აგვისტოს გადაწყვეტილეებით სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეს დაეკისრა ძირითადი თანხა 47000 აშშ დოლარის, პროცენტი 8964 ლარის, საურავი 1891 ლარის, საერთო თანხით 52427,50 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ. მოპასუხეს ასევე დაეკისრა მოსარჩელის მიერ გაწეული სასამართლო ხარჯები 1175 ლარის ოდენობით მოსარჩელის სასარგებლოდ.
რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ადგილი ჰქონდა საბანკო გარანტიას და გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 890-ე მუხლი.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
1999წ. 1 აპრილს შპს “ა-მა” გასცა საგარანტიო წერილი, რომლითაც გარანტად დაუდგა შპს “დ-ს” სესხის დაბრუნებაზე. იმავე დღეს საკრედიტო ხელშეკრულებით ¹26 შპს “დ-მა” აიღო სს “ს-ან” სესხი 105 000 ლარის ოდენობით ორი თვის ვადით. დათქმულ ვადაში სესხი არ იქნა დაბრუნებული. საკრედიტო ხელშეკრულების მხარეებს შორის შედგენილი აქტის თანახმად, დავალიანება 1999წ. 1 სექტემბრისათვის შეადგენდა ძირითადი ვალის სახით 74 557 ლარს, დარიცხული პროცენტები _ 8964 ლარს და საურავი 1894 ლარს. იმის გამო, რომ შპს “დ-მა” არ დააბრუნა აღებული სესხი, “ს-მა” 2000წ. 5 ივლისს შპს “ა-ს”, როგორც შპს “დ-ის” თავდებს, ჩამოაწერა ძირითადი ვალი, დარიცხულ პროცენტებთან და საურავთან ერთად.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ რაიონულმა სასამართლომ მხარეთა შორის წარმოშობილ ურთიერთობებს მისცა არასწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია, როდესაც დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა საბანკო გარანტიას. ვინაიდან შპს “ა-ი” არ წარმოადგენდა საკრედიტო დაწესებულებას, სასამართლომ მისი საგარანტიო წერილი განიხილა როგორც თავდებობა და გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 891-ე, 892-ე, 905-ე და 361-ე მუხლები.
სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ მართალია საგარანტიო წერილში მითითებულია, რომ პრეტენზიების წაყენების ზღვრული ვადაა 1999წ. 1 სექტემბერი, მაგრამ ამ ვადის დაწესება ასრულებს არა მოვალის, არამედ თავდების დაცვის ფუნქციას და თუ თავდებმა ამ ვადის გასვლის შემდეგ შეასრულა ვალის გადახდის ვალდებულება, ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ მან თანხმობა განაცხადა თავდებობის ვადის გაგრძელებაზე, რაც დამოკიდებული იყო მხოლოდ მის ნებაზე და შპს “ა-მა” ვალის გადახდით დაადასტურა თავდებობის ვალდებულების არსებობა. კრედიტორის დაკმაყოფილების შემდეგ კი მოსარჩელეზე გადავიდა კრედიტორის მოთხოვნა ძირითადი მოვალის მიმართ.
აღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო პალატამ გააუქმა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა შპს “ა-ის” სარჩელი. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 47 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი და 10 855 ლარი.
კასატორს მიაჩნია, რომ სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო კოდექსის 891-ე, 892-ე და 905-ე მუხლები. კასატორის მოსაზრებით სასამართლომ ფაქტობრივად გამოიყენა კანონის ანალოგია, როცა საგარანტიო წერილი ჩათვალა თავდების წერილობით განცხადებად, ხოლო თავდებობის დოკუმენტი (ხელშეკრულება) ფიზიკურად არ არსებობს. გარდა აღნიშნულისა კასატორს გადაწყვეტილება მიაჩნია დაუსაბუთებლად, რის გამოც მოითხოვს სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების გამოტანას, სარჩელზე უარის თქმის შესახებ.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა განმარტებები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო კოდექსის 879-ე მუხლის თანახმად, საბანკო გარანტიის ძალით ბანკი, სხვა საკრედიტო დაწესებულება ან სადაზღვევო ორგანიზაცია (გარანტი) სხვა პირის (პრინციპალის) თხოვნით კისრულობს წერილობით ვალდებულებას, რომ ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად გადაუხდის პრინციპალის კრედიტორს (ბენეფიციარს) ფულად თანხას გადახდის შესახებ ბენეფიციარის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე.
ამავე კოდექსის 891-ე მუხლის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.
მითითებული ნორმების თანახმად, გარანტად შეიძლება გამოვიდნენ ბანკი, სხვა საკრედიტო დაწესებულება ან სადაზღვევო ორგანიზაცია. კანონის მიხედვით სხვა პირს გარანტის როლში გამოსვლის უფლება არა აქვს. ხოლო თავდებად, სხვა პირის კრედიტორის წინაშე, შეიძლება გამოვიდნენ სხვა პირებიც.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე _ შპს “ა-ი” არ წარმოადგენს ბანკს, სხვა საკრედიტო დაწესებულებას ან სადაზღვევო ორგანიზაციას, რის გამოც იგი ვერ გამოვიდოდა გარანტის როლში. მოსარჩელეს სხვა პირის კრედიტორის წინაშე შეეძლო გამოსულიყო მხოლოდ თავდების როლში. მართალია, მოსარჩელის მიერ წარდგენილ დოკუმენტს აწერია “საგარანტიო წერილი”, მაგრამ არ შეიძლება განხილულ იქნეს როგორც საბანკო გარანტია, რადგან სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის თანახმად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. მითითებული ნორმა გულისხმობს სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეთა ნამდვილი ნების დადგენას, ე.ი. უნდა დადგინდეს ორივე მხარის ნამდვილი ნება. თუ ურთიერთობა უსასყიდლო ხასიათისაა, საკმარისია, ერთი მხარის ნების განმარტებაც.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელემ იკისრა ვალდებულება მოპასუხის მიერ სესხის და მასზე დარიცხული პროცენტების ვადაში დაუფარაობის შემთხვევაში სს “ს-ს” გადაურიცხოს თანხები მოპასუხის დავალიანების დაფარვის მიზნით. დადგენილია, რომ მოსარჩელე არ წარმოადგენს საკრედიტო დაწესებულებას ან სადაზღვევო ორგანიზაციას.
ასევე დადგენილია, რომ მხარეთა ურთიერთობა უსასყიდლო ხასიათისაა, ხოლო საბანკო გარანტია, სამოქალაქო კოდექსის 880-ე მუხლის შესაბამისად ანაზღაურებითი ხასიათისაა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი “საგარანტიო წერილი” უნდა განხილულ იქნეს როგორც თავდებობა, რის გამოც საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო კოდექსის 891-ე, 892-ე და 905-ე მუხლები.
საკასაციო პალატა ასევე არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ წარმოდგენილი საგარანტიო წერილი სასამართლომ ჩათვალა მხოლოდ თავდების განცხადებად, თავდებობის დოკუმენტი კი (ხელშეკრულება) ფიზიკურად არ არსებობს.
სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.
ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
სამოქალაქო კოდექსის 892-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.
ამდენად, თავდებობა გამოხატული უნდა იქნეს წერილობითი ფორმით და კანონის მიერ თავდებობის ხელშეკრულების არსებით პირობად მიჩნეულია რომ თავდებობის დოკუმენტში მითითებული იყოს ის კონკრეტული მაქსიმალური თანხა, რომლის ფარგლებშიც კისრულობს თავდები პასუხისმგებლობას.
თავდებობის ხელშეკრულების ძირითადი სუბიექტებია თავდები და კრედიტორი. თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა, რომ იგი მიიღოს კრედიტორმა, დარწმუნდეს, რომ ამ დოკუმენტში გამოხატული ნება ნამდვილად გამომდინარეობს ამ ხელშეკრულების მხარისაგან.
მოცემულ საქმეზე წარმოდგენილი დოკუმენტი გაფორმებულია წერილობითი ფორმით, დადასტურებულია შპს “ა-ის” (თავდების) გენერალური დირექტორის და ბუღალტერის ხელმოწერით; დოკუმენტი დამოწმებულია შპს “ა-ის” ბეჭდით. დოკუმენტში გამოხატულია თავდების ნება იმის შესახებ, რომ იგი თანახმაა იკისროს პასუხისმგებლობა კრედიტორის წინაშე მოპასუხის ვალდებულებისათვის. დოკუმენტში მითითებულია კონკრეტული მაქსიმალური თანხა, რომლის ფარგლებშიც იკისრა მოსარჩელემ პასუხისმგებლობა. დადგენილია, რომ მითითებული დუკუმენტი მიიღო კრედიტორმა, მასში მითითებულ პირობებზე არ გამოუთქვამს პრეტენზია, გააფორმა საკრედიტო ხელშეკრულება მოპასუხესთან და გასცა სესხი, რაც უნდა ჩაითვალოს მხარეთა შორის მიღწეულ შეთანხმებად დოკუმენტში მითითებული პირობებით.
კასატორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ უნდა არსებობდეს ორი წერილობითი დოკუმენტი (განცხადება და თავდებობის დოკუმენტი), საკასაციო პალატა არ ეთანხმება, რადგან კანონი არ კრძალავს ერთი დოკუმენტით გაფორმდეს როგორც თავდების განცხადება, ასევე ხელშეკრულების არსებითი პირობები. წარმოდგენილ დოკუმენტში, როგორც აღინიშნა, არის გამოხატული, როგორც თავდების ნება (განცხადება), ასევე ხელშეკრულების არსებითი პირობები.
ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ თავდებობა ნამდვილია და წარმოდგენილი საგარანტიო წერილი უნდა ჩაითვალოს წერილობითი ფორმით შედგენილ თავდებობის დოკუმენტად.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და,
დ ა ა დ გ ი ნ ა :
შპს “დ-ის” დირექტორის თ. შ-ავას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს ამ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001წ. 17 დეკემბრის გადაწყვეტილება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.