გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
¹ 3კ-433-02 26 აპრილი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. წიქვაძე (თავმჯდომარე),
მ. გოგიშვილი, რ. ნადირიანი
დავის საგანი: ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა.
აღწერილობითი ნაწილი:
ზ. ბ-ევამ სარჩელით მიმართა სასამართლოს ნ. მ-შვილის წინააღმდეგ. მოსარჩელე მიუთითებდა, რომ ის იყო თბილისში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლის ნაწილის მესაკუთრე, რომლის ორი ოთახიც სარდაფის გარეშე მან 1998 წელს მიჰყიდა ნ. მ-შვილს. ზ. ბ-ევას განმარტებით, მოპასუხემ უკანონოდ დაიკავა აღნიშნული საცხოვრებელი სახლის 53,75მ2 ფართობის სარდაფი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა 53,75მ2 ფართის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა და რეესტრში უზუსტო ჩანაწერების გასწორება.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და შესაგებელში განმარტა, რომ სადავო არასაცხოვრებელი ფართი ტექაღრიცხვის ბიუროს მიერ გაცემული გეგმით ირიცხებოდა ნ. მ-შვილის სახელზე.
რაიონული სასამართლოს 2000 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილებით ზ. ბ-ევას სარჩელი დაკმაყოფილდა. ... მდებარე 53,75მ2 ფართის ფლობის უფლება აღუდგა მოსარჩელეს. საჯარო რეესტრის სამსახურს დაევალა აღნიშნულ ფართზე ზ. ბ-ევას მესაკუთრედ აღრიცხვა.
რაიონულმა სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლზე და ზ. ბ-ევა მიიჩნია სადავო ფართის მესაკუთრედ, ხოლო ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე განმარტა, რომ მესაკუთრეს შეეძლო ნივთი გამოეთხოვა უკანონო მფლობელობიდან.
აღნიშნული გადაწყვეტილება ნ. მ-შვილმა მიიჩნია უკანონოდ და სააპელაციო საჩივრით მიმართა საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატას. აპელანტმა განმარტა, რომ სადავო ფართი იყო ბინის არსებითი შემადგენელი ნაწილი და მოქმედი კანონმდებლობა არ იცნობდა ბინასა და სარდაფზე საკუთრების ცალკ-ცალკე წარმოშობის საფუძვლებს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტმა მოითხოვა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი მოთხოვნების დაკმაყოფილება.
საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის 2001 წლის 13 თებერვლის განჩინებით, ნ. მ-შვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. მოცემულ საქმეზე უცვლელი დარჩა რაიონული სასამართლოს 2000 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილება.
საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ ზ. ბ-ევას მეუღლემ 1993 წლის ივნისში მოახდინა საცხოვრებელი ბინისა და სადავო ფართის პრივატიზაცია, რომლის ორი ოთახი სადავო ფართის გარეშე ზ. ბ-ევამ გაასხვისა ნ. მ-შვილზე. სააპელაციო პალატამ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 150-ე მუხლის პირველ ნაწილზე და არ გაიზიარა აპელანტის მითითება, რომ სადავო ფართი წარმოადგენდა ბინის არსებით შემადგენელ ნაწილს. აღნიშნული გადაწყვეტილება ნ. მ-შვილმა მიიჩნია უკანონოდ და საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
კასატორმა საკასაციო საჩივარში აღნიშნა, რომ საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატამ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა. კერძოდ, კასატორმა განმარტა, რომ სადავო ფართი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მობინადრეთა ზიარ საკუთრებას წარმოადგენდა და არ შეიძლება ბინის გასხვისების შემდეგ ჩათვლილიყო ზ. ბ-ევას საკუთრებად. კასატორმა მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 567-ე, 957-ე, 212-ე მუხლებზე და მოითხოვა საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს საკასაციო პალატის 2001 წლის 23 მაისის განჩინებით, ნ. მ-შვილის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის 2001 წლის 13 თებერვლის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს საკასაციო პალატამ განმარტა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე" პუნქტის თანახმად გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად თუ მისი დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ შეუძლებელია გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლების შემოწმება. საკასაციო პალატამ მიიჩნია, რომ სააპელაციო პალატას საკმარისად არ ჰქონდა გამოკვლეული რეესტრში უზუსტო ჩანაწერის შესწორების შესახებ დავის ფაქტობრივი და იურიდიული საფუძვლები.
საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის 2001 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ნ. მ-შვილის სააპელაციო საჩივარი, გაუქმდა საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის 2000 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით ზ. ბ-ევას უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატამ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 102-ე მუხლზე და განმარტა, რომ თითოეულ მხარეს უნდა დაემტკიცებინა ის გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებდა თავის მოთხოვნებს. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ზ. ბ-ევამ ვერ მოიპოვა და სასამართლოს ვერ წარუდგინა კანონით დადგენილი მტკიცებულებები, რომლითაც იგი დაადასტურებდა სადავო ფართზე საკუთრებას და, შესაბამისად, ისარგებლებდა სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლით მინიჭებული უფლებებით.
ზ. ბ-ევამ აღნიშნული გადაწყვეტილება მიიჩნია უკანონოდ და საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს. კასატორმა აღნიშნა, რომ საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატამ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. ზ. ბ-ევამ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლზე და ამ ნორმის საფუძველზე განმარტა, რომ უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელი იყო სანოტარო წესით დამოწმებული საბუთი და შემძენის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში, რომელიც ნ. მ-შვილს არ გააჩნდა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ზ. ბ-ევამ მოითხოვა საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის 2001 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი მოთხოვნების დაკმაყოფილება.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა საქმის მასალების გაცნობითა და მხარეთა განმარტებების მოსმენით მივიდა დასკვნამდე, რომ ზ. ბ-ევას საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ ზ. ბ-ევას არ წარმოუდგენია კანონით დადგენილი მტკიცებულება. იგი არ არის საჯარო რეესტრში სადაო არასაცხოვრებელი ფართის მესაკუთრედ აღრიცხული. Mმას სადავო ფართი მემკვიდრეობით არ მიუღია, კერძოდ, კანონისმიერი მემკვიდრეობის მოწმობაში არ არის მითითებული, რომ მის მიერ მემკვიდრეობით იქნა მიღებული სადავო არასაცხოვრებელი სარდაფი.
კასატორმა საკასაციო პალატას წარმოუდგინა ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილება, რომლის თანახმად ზ. ბ-ევას სარჩელი მოპასუხეების _ თბილისის მერიის ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს და ნოტარიუს ნ. მ-შვილის მიმართ დაკმაყოფილდა. თბილისის მერიის ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს დაევალა შეიტანოს ცვლილება მის მიერ 1998 წლის 26 აგვისტოს გაცემულ ცნობა-დახასიათებაში. სარდაფი ცნობა-დახასიათებაში აღრიცხულ იქნეს შესაბამისად 15.05.1993 წლის პრივატიზების ხელშეკრულებისა. ნოტარიუს, ნ. მ-შვილს დაევალა შესაბამისი ცვლილებები შეიტანოს 26.08.1998 წლის კანონისმიერი მემკვიდრეობის მოწმობაში.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის თანახმად კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებები სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა სახელმწიფო, საზოგადოებრივი, თუ კერძო საწარმოსათვის, დაწესებულებისათვის, ორგანიზაციისათვის, თანამდებობის პირისა თუ მოქალაქისათვის და ისინი უნდა შესრულდეს. Aაღნიშნული მუხლის მიხედვით სასამართლოს გადაწყვეტილება წარმოადგენს ნორმას, ქცევის წესს, რომლის შესრულება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სავალდებულოა.
ასეთი გადაწყვეტილებისა და მის საფუძველზე მიღებული აქტის გათვალისწინება, რომელიც უშუალოდ არის დაკავშირებული გადასაწყვეტ დავასთან, ასევე, სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის.
სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ნოტარიუსის მიერ ცვლილებებია შეტანილი კანონისმიერი მემკვიდრეობის მოწმობაში და სამკვიდრო ქონებაში მითითებულია 10 კვ.მ. Dდამხმარე ფართი და 52,76 მ2 სარდაფი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1306-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირზე ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით. 1499-ე მუხლის თანახმად სამკვიდრო მოწმობა ეძლევათ მემკვიდრეებს. Mმოცემულ საქმეზე წარმოდგენილი სამკვიდრო მოწმობით სადავო ქონება კანონისმიერი მემკვიდრეობით მიღებული აქვს მოსარჩელეს. აღნიშნულით დასტურდება, რომ სადაო ქონების მესაკუთრეს წარმოადგენს მოსარჩელე და სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად აქვს ნივთის დაბრუნების მოთხოვნის უფლება.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
ზ. ბ-ეავას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
მოცემულ საქმეზე გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
ზ. ბ-ევას სარჩელი ქ. თბილისში ... მდებარე 53,75მ2 ფართის მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის შესახებ დაკმაყოფილდეს.
გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.