¹ 3კ/438-02 29 მარტი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. წიქვაძე (თავმჯდომარე),
რ. ნადირიანი,ლ. გოჩელაშვილი
სარჩელის საგანი: შეტანილი ანაბრების და მასზე რიცხული პროცენტების დაბრუნება.
აღწერილობითი ნაწილი:
2001 წლის 25 მაისს, მ. გ-იამ, გ. გ-იამ და სხვებმა, სულ 21 პირმა, სარჩელით მიმართეს თბილისის საოლქო სასამართლოს ს/ს “გ. ქ. ბ.” წინააღმდეგ და მოითხოვეს ხელშეკრულების დარღვევით მიყენებული ზარალის ანაზღაურება.
სარჩელში აღნიშნეს, რომ 1999 წლის ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით მოპასუხე ორგანიზაციის ¹... საბურთალოს ფილიალის სავალუტო ოპერაციების განყოფილებაში მათ მიერ ცალ-ცალკე შეტანილ იქნა თანხები ერთი წლის ვადით, რაზედაც გაფორმდა ხელშეკრულებები. აღნიშნული ხელშეკრულებებით ბანკი ვალდებულებას იღებდა თითოეული მათგანისათვის დივიდენდების სახით გადაეხადა შეტანილი ანაბრების ხუთი პროცენტი. მოპასუხე ორგანიზაცია ნაკისრ ვალდებულებას ასრულებდა 2000 წლის 2 ოქტომბრამდე. მოსარჩელეებმა მიუთითეს, რომ მეანაბრეთა ერთ ჯგუფსა და მოპასუხეს შორის მიღწეული მორიგებით, რომელიც სასამართლომ დაამტკიცა, ბანკმა იკისრა ვალდებულება მეანაბრეებისათვის გადაეხადა 354425 აშშ დოლარი, რითაც აღიარა ვალდებულების არსებობა.
მოსარჩელეებმა მოითხოვეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის და 317-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე მოპასუხისათვის მათ მიერ შეტანილი ანაბრების თანხის, სულ 714200 აშშ დოლარის გადახდა.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელეები მის მეანაბრეებს არ წარმოადგენდნენ და ხელშეკრულებაში აღნიშნული თანხები არ შეიძლებოდა ჩათვლილიყო ანაბრებად “კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი ნაწილის “ა” პუნქტისა და ამავე კანონის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად.
მოპასუხემ ასევე მიუთითა, რომ მოსარჩელეთა მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულებები არ არის გაფორმებული 1999 წელს მოქმედი “საქართველოს საბანკო დაწესებულებების მიერ რეზიდენტი იურიდიული და ფიზიკური პირებისათვის უცხოურ ვალუტაში ანგარიშის (ანაბრის) გახსნისა და წარმოების შესახებ” ინსტრუქციის შესაბამისად. აღნიშნული ინსტრუქციის გარდა ს/ს “გ. ქ. ბ.” საბურთალოს ფილიალისათვის ანაბრებთან ოპერაციების წარმოებისას სავალდებულო იყო ს/ს “გ. ქ. ბ.” მიერ ფიზიკური პირის ვადიან ანაბარზე ოპერაციების წარმოების შესახებ დადგენილი წესები. აღნიშნული წესების მიხედვით მოქალაქეს, ანაბრის შეტანის შემთხვევაში, ურთიერთობა აქვს მხოლოდ ანაბარზე ოპერაციების წარმოებაზე პასუხისმგებელ თანამშრომელთან. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეებმა თანხა გადასცეს ბანკის თანამშრომელს ზ. ა-შვილს, რომელიც არ იყო ანაბრების მიღებაზე უფლებამოსილი პირი. აღნიშულის გამო მოპასუხემ მიუთითა, რომ მოსარჩელეების მიერ თანხის გადაცემა უნდა განხილულიყო როგორც სესხის მიცემა და არა როგორც ბანკში ანაბრების შეტანა. მოსარჩელეებს სასამართლოში არ წარმოუდგენიათ ბანკში ანაბრის შეტანის დროს შევსებული ფორმა ¹13 და პირველდაწყებითი ორდერი ფორმა ¹51/36. ასევე მტკიცებულების სახით არ წარმოუდგენიათ შემნახველი წიგნაკი.
მოპასუხემ ასევე მიუთითა, რომ 2001 წლის 13 თებერვალს მოსარჩელეებთან დამტკიცებული მორიგების აქტი უნდა განხილულიყო სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების აღიარებად, რადგან აღნიშნული მორიგებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ ბანკი სარჩელს არ სცნობს და არ აღიარებს მოსარჩელეებს თავის მეანაბრეებად.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილებით მეანაბრეების სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეების მიერ მოპასუხე ორგანიზაციაში არ იყო შეტანილი ანაბრები. აღნიშნულის საფუძვლად სასამართლომ მიუთითა ის გარემოება, რომ მოსარჩელეებმა ვერ წარადგინეს მტკიცებულებები თანხის შეტანის დასადასტურებლად. სასამართლომ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე ასევე დადგენილდ მიიჩნია, რომ მოსარჩელეებთან გაფორმებულ ხელშეკრულებებზე მოპასუხე ორგანიზაციის, ¹.... საბურთალოს ფილიალის მმართველის იაგო მაჩაიძის ნაცვლად, ხელმოწერა შესრულებულია სხვა პირის მიერ.
აღნიშნული გარემოებების გამო, სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარეთა შორის არ იყო დადებული ხელშეკრულებები, რის გამოც არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. სასამართლომ გადაწყვეტილების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა 317-ე მუხლის პირველი ნაწილი, 328-ე მუხლის პირველი ნაწილი და 874-ე მუხლი.
საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა. კასატორები ითხოვენ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნებას იმავე სასამართლოსათვის, იმ საფუძვლით, რომ საოლქო სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 874-ე და 328-ე მუხლის პირველი ნაწილი. ხელშეკრულების ფორმის დარღვევად სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ წარმოდგენიული ხელშეკრულებები არ შეესაბამებოდა მოპასუხის მიერ დამტკიცებულ ანაბრებზე ოპერაციების წარმოების წესებს, რომლებიც სავალდებულო იყო შესასრულებლად მის სისტემაში შემავალი ფილიალებისათვის. კასატორების მითითებით, თუ აღნიშნული წესები დაარღვია ბანკმა და მას მეანაბრე ვერ დაარღვევდა, მაშინ მეანაბრეთა მხრიდან სამოქალაქო კოდექსის 874-ე და 328-ე მუხლების მოთხოვნები დაცული იყო, ხელშეკრულებები შედგენილი იყო წერილობითი ფორმით და აღნიშნული მუხლების საფუძველს წარმოადგენს წერილობითი ფორმა და არა ბანკის მიერ შემუშავებული წესები.
კასატორების მითითებით სასამართლომ მეანაბრეებს დააკისრა ის ვალდებულებები, რაც ბანკს ხელშეკრულებების გაფორმების დროს თვითონ უნდა შეესრულებინა. თუ სასამართლომ მიიჩნია, რომ ბანკის მიერ დადგენილი წესების დარღვევის გამო, მხარეთა მიერ შეთანხმებული გარიგების ფორმაა დარღვეული, მაშინ მას უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილი.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო საკასაციო საჩივარს, შეამოწმა მისი საფუძვლიანობა და თვლის, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.
კასატორების მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულებების 1.1 პუნქტში მითითებულია, რომ მეანაბრე ვალდებულია შეიტანოს ბანკში ნაღდი აშშ დოლარი. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ აღნიშნული გარემოება წარმოადგენს მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებების არსებით პირობას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 874-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ფულადი თანხის შეტანით (ანაბარი) საკრედიტო დაწესებულება მოიპოვებს მასზე საკუთრების უფლებას და ვალდებულია ვადის დადგომისას იმავე ვალუტაში დააბრუნოს მიღებული თანხა.
აღნიშნული ნორმის მიხედვით ფულადი ანაბრის ხელშეკრულება სხვა სახის ხელშეკრულებებისაგან განსხვავდება იმით, რომ მისი დადებულად ცნობისათვის აუცილებელია ფულის რეალურად შეტანა საკრედიტო დაწესებულებაში, ანუ, მხარეთა უფლება-მოვალეობები წარმოიშობა ფულადი ანაბრის შეტანის მომენტიდან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.
მოცემულ შემთხვევაში საოლქო სასმართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ კასატორების მიერ ფულადი ანაბრის შეტანა მოპასუხე ორგანიზაციაში არ მომხდარა.
სარჩელის აღნიშნულ ნაწილში, საოლქო სასამართლოს მოტივაციის საწინააღმდეგოდ, კასატორები უთითებენ, რომ მოპასუხე ორგანიზაციაში ანაბრების შეტანა დასტურდება ხელშეკრულებებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 875-ე მუხლის თანახმად საკრედიტო დაწესებულება შემნახველი წიგნაკის გაცემისას უფლებამოსილია შეავსოს იგი როგორც სახელობით, ასევე წარმომდგენზე.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მეანაბრემ საკრედიტო დაწესებულებაში ფულადი ანაბრის შეტანა უნდა დაადასტუროს შემნახველი წიგნაკით, რომელსაც გასცემს ანაბრის მიმღები დაწესებულება. მოცემულ შემთხვევაში კასატორებმა ვერ წარმოადგინეს მტკიცებულება, რომელიც სარწმუნოს გახდიდა მათ მიერ ფულადი ანაბრის შეტანის ფაქტს. ამდენად, კასატორების მითითება, რომ ანაბრების შეტანა დასტურდება წარმოდგენილი ხელშეკრულებებით, საკასაციო პალატას მიაჩნია უსაფუძვლოდ. ასეთი მითითება არ წარმოადგენს არც დამატებით და არც დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიას, ამიტომ მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი ვერ გახდება.
საკასაციო პალატას ასევე უსაფუძვლოდ მიაჩნია კასატორების მითითება, რომ საოლქო სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 328-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად, თუ კანონით ხელშეკრულების ნამდვილობისათვის დადგენილია განსაზღვრული ფორმა, ან მხარეებმა ხელშეკრულებისათვის გაითვალისწინეს ასეთი ფორმა, მაშინ ხელშეკრულება ძალაში შედის მხოლოდ ამ ფორმის შესახებ მოთხოვნის შესრულების შემდეგ.
მოცემულ შემთხვევაში, ექსპერტიზის დასკვნების საფუძველზე, საოლქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ წარმოდგენილ ხელშეკრულებებზე ანაბრის მიმღების ხელმოწერა არ არის შესრულებული იმ პირის მიერ, რომელიც მითითებულია ხელშეკრულების მხარედ (“ბანკის მმართველი” _ ი. მ-ძე), ასევე, ხელშეკრულების მეორე მხარეზე არსებული შტამპის ანაბეჭდები არ არის დატანილი “გაერთიანებული ქართული ბანკის” ¹7 საბურთალოს ფილიალის “სავალუტო ოპერაციებისათვის” განკუთვნილი შტამპით.
აქედან გამომდინარე საკასაციო პალატას უსაფუძვლოდ მიაჩნია კასატორების მითითება, რომ საოლქო სასამართლოს ზემოაღნიშნული გარემოებების გამო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 328-ე მუხლის ნაცვლად უნდა გამოეყენებინა ამავე კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 29-ე, 31-ე მუხლები ითვალისწინებს საქმის განხილვიდან მოსამართლის აცილების საფუძვლებს. კასატორები უთითებენ, რომ საოლქო სასამართლოს მიერ უკანონოდ ეთქვათ უარი მოსამართლე _ მ. ღ-ის აცილებაზე. საკასაციო პალატას აღნიშნული მოთხოვნა მიაჩნია უსაფუძვლოდ, რადგან მათ მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი მოტივირებული განცხადება, რომელიც გახდებოდა საფუძველი მოსამართლის აცილებისათვის.
საკასაციო პალატა თვლის, რომ საოლქო სასამართლომ სრულად გამოიკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ, რის გამოც არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მეანაბრეთა ჯგუფის წარმომადგენლების, ლ. და ნ. გ-იების საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.