Facebook Twitter

3კ/441-01 4 მარტი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატა

შემადგენლობა: ვალერი ხრუსტალი (თავმჯდომარე),

ბადრი მეტრეველი,მერაბ ტურავა,ქეთევან გაბელაია,

მაია ვაჩაძე, თენგიზ კობახიძე,როზა ნადირიანი,

მარიამ ცისკაძე, ბეჟან ხიმშიაშვილი

დავის საგანი: სარჩელში _ საცხოვრებელი ბინიდან გამოსახლება; შეგებებულ სარჩელში _ მოვლის, მკურნალობისა და დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

ლ. კ-ძემ 1999 წლის 6 აპრილს სარჩელი აღძრა სასამართლოში და მოითხოვა ოჯახის წევრებთან ერთად მოპასუხე ზ. გ-ძის გამოსახლება ქ.თბილისში, ... მდებარე საცხოვრებელი ბინიდან იმ საფუძვლით, რომ აღნიშნული ბინა კანონისმიერი მემკვიდრეობით მიიღო აწ გარდაცვლილი ლ. კ-ძისაგან. დღეისათვის იგი საჯარო რეესტრში აღრიცხულია ამ ბინის მესაკუთრედ. მოპასუხე ოჯახის წევრებთან ერთად ბინაში შესახლდა მამკვიდრებლის სიცოცხლეში, სადაც დღემდე ცხოვრობს ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე და ბინას ნებაყოფლობით არ ათავისუფლებს.

ზ. გ-ძემ სარჩელი არ ცნო და შეგებებული სარჩელით მოითხოვა ლ. კ-ძისათვის 11 840 აშშ დოლარის დაკისრება იმ საფუძვლით, რომ აწ გარდაცვლილ ლ. კ-ძესთან ჰქონდა ზეპირი შეთანხმება, რომ მოუვლიდა, სამაგიეროდ კი იგი თავის სახელზე საკუთრების უფლებით რიცხულ, ამჟამად სადავო ბინას დაუტოვებდა მას. მან აწ გარდაცვლილ ლ. კ-ძეს სიცოცხლეში მოუარა, ვინაიდან იგი მძიმე ავადმყოფი იყო და უმკურნალა, ასევე გაიღო დაკრძალვისა და სასაფლაოს მოვლის ხარჯები. კერძოდ: 1997 წლის აპრილიდან იმავე წლის 20 დეკემბრამდე (გარდაცვალებამდე) _ მკურნალობის ხარჯები _ 800 ლარი, სამნახევარი წლის მანძილზე სასაფლაოს მოვლის ხარჯები _ 390 ლარი, აწ გარდაცვლილ ლ. კ-ძის მოვლისათვის გაწეული შრომის ანაზღაურება და კვების ხარჯები _ 1800 ლარი, გარდაცვლილისათვის შეძენილი ტანსაცმლის, ფეხსაცმლის ღირებულება _ 460 ლარი, გარდაცვლილის ბალზამირება _ 90 ლარი, მოძღვრის გადასახადი _ 40 ლარი, სუდარა _ 45 ლარი, ჩასასვენებელი ჭურჭელი (კუბო) _ 550 ლარი, კატაფალკისა და დაკრძალვის ცერემონიალის მონაწილეთათვის ავტობუსების ქირა _ 250 ლარი, დაკრძალვის ოფიციალური შესატანი _ 42 ლარი, საფლავის გათხრა _ 325 ლარი, რესტორანში 320 კაცზე გადახდილი ქელეხის ხარჯი _ 4800 ლარი, პარაკლისები _ 220 ლარი, ორმოცის ხარჯები _ 2650 ლარი, საფლავზე შავი მიწის დაყრა, წარწერა _ 240 ლარი, სულ _ 12 760 ლარი, ანუ 9 819 აშშ დოლარი. საბანკო სესხის პროცენტზე გადახდილი თანხა _ 2 310 აშშ დოლარი, სულ _ 11 840 აშშ დოლარი.

დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებით ლ. კ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა. ზ. გ-ძე ოჯახის წევრებთან ერთად გამოსახლებულ იქნა სადავო ბინიდან, ხოლო კასატორ ზ. გ-ძის შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: ლ. კ-ძეს ზ. გ-ძის სასარგებლოდ დაეკისრა 1000 ლარის გადახდა. გადაწყვეტილება გამოსახლების ნაწილში დაეფუძნა სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლს, ხოლო შეგებებული სარჩელის ნაწილში დადგენილად ჩაითვალა, რომ კასატორმა ზ. გ-ძემ გაიღო აწ გარდაცვლილი ლ. კ-ძის დაკრძალვის ხარჯები, სასახლის ღირებულება, სამგლოვიარო ცერემონიალში მონაწილეთათვის ავტობუსების და კატაფალკის დაქირავების ღირებულება. გადაწყვეტილების ამ ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს არ მიუთითებია ის ნორმა, რომელსაც დაეყრდნო გადაწყვეტილების მიღებისას.

დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა კასატორმა ზ. გ-ძემ.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 25 იანვრის ახალი გადაწყვეტილებით გაუქმდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება. ლ. კ-ძის სარჩელი, ზ. გ-ძის ოჯახის წევრებთან ერთად სადავო ბინიდან გამოსახლების შესახებ, დაკმაყოფილდა; ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ზ. გ-ძის შეგებებული სარჩელი და ლ. კ-ძეს დაეკისრა დაკრძალვის ხარჯების _ 1000 ლარის გადახდა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გამოსახლების ნაწილში ეფუძნება სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველ ნაწილს, ხოლო შეგებებული სარჩელის ნაწილში პალატამ მიუთითა, რომ “მკურნალობისა და წამლების, დაკრძალვის, ორმოცისა და ქელეხის გადახდის ღირებულების საბუთები ზ. გ-ძეს არ წარმოუდგენია; დადგენილად მიიჩნია, რომ სასახლის ღირებულებაა 550 ლარი, დასაფლავების ხარჯები _ 139 ლარი და 07 თეთრი, სულ _ 687 ლარი და 07 თეთრი, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხემ 1000 ლარის ფარგლებში აღიარა სარჩელი, დააკისრა 1000 ლარი. გადაწყვეტილება ეფუძნება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლს, სამოქალაქო კოდექსის 429-ე, 1484-ე და 1489-ე მუხლებს.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ზ. გ-ძემ, რომელიც მოითხოვს აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმებას და საქმის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნებას იმ მოტივით, რომ სასამართლომ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის პირველი ნაწილი, დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილი და არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა 15 მოწმის ჩვენებას დაკრძალვის ხარჯების ნაწილში, არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებანი.

სამოტივაციო ნაწილი:

დიდმა პალატამ მოისმინა მხარეთა განმარტებები, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის სამართლებრივი საფუძვლები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; გაუქმდეს სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

დიდი პალატა იზიარებს საკასაციო საჩივრის მოტივს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რითაც დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნა, რომლის თანახმად სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. სააპელაციო სასამართლომ დაარღვია რა საპროცესო სამართლის აღნიშნული ნორმა, საქმეზე მიიღო არასწორი გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ არასწორი განმარტება მისცა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მესამე ნაწილს, რომლის თანახმად საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. კანონის ეს მოთხოვნა ითვალისწინებს ისეთ შემთხვევას, როცა ამა თუ იმ გარემოების დასამტკიცებლად კანონით გათვალისწინებულია სპეციალური მტკიცებულება. მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობა გათვალისწინებულია სამოქალაქო კოდექსის 1484-ე მუხლით, რომელიც ადგენს მემკვიდრეთა პასუხისმგებლობას მამკვიდრებლის კრედიტორთა წინაშე და ამ მუხლიდან წარმოშობილი კანონისმიერი ვალდებულებების დადასტურებისათვის კანონით რაიმე სპეციალური ფორმა ან მტკიცებულება გათვალისწინებული არ არის. ამიტომ ამ მუხლზე, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მესამე ნაწილზე მითითებით მოწმეთა ჩვენებების უარყოფა არ გამომდინარეობს კანონიდან.

სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის პირველი ნაწილი და მიუთითა, რომ კასატორ ზ. გ-ძეს “კრედიტორებისათვის უნდა მოეთხოვა შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტები, რომლებითაც შემდგომში დაადასტურებდა მის მიერ გაწეულ ხარჯებს”. სააპელაციო პალატის ეს მოსაზრება არ ემყარება კანონს და იგი მოცემულ დავასთან არავითარ კავშირში არ არის. 429-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კრედიტორი ვალდებულია მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. ვალდებულების შესრულების თაობაზე დავის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება მოვალეს. მან უნდა დაამტკიცოს, რომ ვალი გადაიხადა და ამით ვალდებულება შეწყდა. მოცემულ შემთხვევაში კასატორი ზ. გ-ძე კრედიტორია და იგი კანონისმიერი ვალდებული პირისაგან მოითხოვს ვალდებულების შესრულებას. სასამართლომ ასევე არასწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლი, რომელიც ითვალისწინებს სესხის ხელშეკრულების ფორმას. მხარეთა შორის წარმოშობილი დავა არ გამომდინარეობს სესხის ურთიერთობიდან და მხარეები არ დავობენ სესხის ხელშეკრულების ნამდვილობაზე, ხოლო სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ მოწმეების ლ. ვ-ძის, ზ. ჯ-ავასა და ზ. ს-ძისაგან ზ. გ-ძის მიერ სესხის აღების ფაქტი ვერ იქნება გაზიარებული იმის გამო, რომ მათ შორის წერილობით არ ყოფილა დადებული სესხის ხელშეკრულება, არ გამომდინარეობს კანონიდან. სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად, მაგრამ მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით.

ამდენად, სააპელაციო პალატამ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” და “გ” პუნქტების თანახმად, სამართლის ნორმათა დარღვევაა.

გარდა აღნიშნულისა, სააპელაციო პალატამ იურიდიულად არ დაასაბუთა, თუ რატომ უთხრა ზ. გ-ძის მოთხოვნას ლ. კ-ძის მკურნალობის და მოვლის ხარჯების ანაზღაურების ნაწილში უარი. დაკრძალვისა და ორმოცის ხარჯების ნაწილში გადაწყვეტილება იურიდიულად ასევე არასაკმარისად არის დასაბუთებული. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე” პუნქტის თანახმად, საკასაციო საჩივრის აბსოლუტური საფუძველია, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული ან დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილება ზ. გ-ძის შეგებებული სარჩელის, კერძოდ, მოვლის, მკურნალობის, დაკრძალვის, ორმოცის და რელიგიური რიტუალისათვის გაწეული ხარჯების ნაწილში უნდა გაუქმდეს და ამ ნაწილში საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

კასატორ ზ. გ-ძის სადავო ბინიდან გამოსახლების ნაწილში სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელი. ამ ნაწილში საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელია. საქმის მასალებით დადგენილია, რომ დღეისათვის ქ.თბილისში, ... მდებარე საცხოვრებელი ბინა საკუთრების უფლებით ირიცხება ლ. კ-ძის სახელზე. კასატორი ზ. გ-ძე სადავო ბინის მფლობელი გახდა ბინის ყოფილი მესაკუთრის, აწ გარდაცვლილ ლ. კ-ძის სიცოცხლეში ამ უკანასკნელის ნებართვით და იგი, სანამ ბინა ლ. კ-ძეზე ირიცხებოდა საკუთრების უფლებით, იყო კეთილსინდისიერი მფლობელი. დღეისათვის კანონისმიერი მემკვიდრეობის საფუძველზე სადავო ბინის მესაკუთრე არის ლ. კ-ძე. ამდენად, ზ. გ-ძემ, როგორც ყოფილმა კეთილსინდისიერმა მფლობელმა, დაკარგა ნივთის ფლობის უფლება. სამოქალაქო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კეთილსინდისიერი მფლობელი, რომელსაც ჰქონდა ნივთის ფლობის უფლება, მაგრამ დაკარგა ეს უფლება, ვალდებულია დაუბრუნოს ნივთი უფლებამოსილ პირს. ლ. კ-ძეს, როგორც სადავო ბინის მესაკუთრეს, სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის თანახმად, უფლება აქვს ზ. გ-ძეს, როგორც სადავო ბინის არამართლზომიერ მფლობელს, მოსთხოვოს ბინის (ნივთის) უკან დაბრუნება, ვინაიდან ზ. გ-ძეს არ გააჩნია სადავო ბინის ფლობის სამართლებრივი საფუძველი.

დიდი პალატა თვლის, რომ მკურნალობის ხარჯების ანაზღაურების ნაწილში სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს “ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის 28-ე და 33-ე მუხლებით, რომელთა თანახმად, დამოუკიდებელი პრაქტიკული სამედიცინო-საექიმო საქმიანობის უფლება აქვს მხოლოდ სათანადო სახელმწიფო სერტიფიკატით დამოწმებული სამედიცინო საგანმანათლებლო ცენზის მქონე სპეციალისტს. საქმის ხელახალი განხილვისას სასამართლომ უნდა გაარკვიოს, გაეწია თუ არა აწ გარდაცვლილ ლ. კ-ძეს 1997 წლის აპრილის თვიდან 1997 წლის 20 დეკემბრამდე ფასიანი სამედიცინო დახმარება სამედიცინო დაწესებულების ან ექიმ-სპეციალისტის მიერ, რომელიც სათანადო სერტიფიკატის საფუძველზე ეწევა სამედიცინო საქმიანობას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1484-ე მუხლის თანახმად, მამკვიდრებლის უკანასკნელი მკურნალობის ხარჯების ანაზღაურების ვალდებულება მემკვიდრეებს წარმოეშობათ იმ შემთხვევაში, თუ სამედიცინო დაწესებულების მიერ გაწეული იქნება ფასიანი სამედიცინო დახმარება, რომელიც ჯერ კიდევ არ არის ანაზღაურებული სამედიცინო დაწესებულებისთვის, ან კიდევ, ანაზღაურებულია არა ვალდებული პირის მიერ. გარდაცვლილის სიცოცხლის უკანასკნელ პერიოდში მოვლის ხარჯებისა და ხელფასის ანაზღაურების შესახებ სარჩელის განხილვისას სასამართლომ უნდა გამოარკვიოს და დაადგინოს, არსებობდა თუ არა ასეთი გარიგება მოსარჩელესა და გარდაცვლილს შორის ამ უკანასკნელის სიცოცხლეში, თუ მოსარჩელე დავალების გარეშე ასრულებდა სხვის მოვალეობას. მოცემულ შემთხვევაში შესრულების მოტივს მნიშვნელობა არა აქვს.

დიდ პალატას მიაჩნია, რომ სამოქალაქო კოდექსის 1484-ე მუხლით გათვალისწინებულ კრედიტორთა რიცხვს განეკუთვნებიან პირები, რომლებმაც სამოქალაქო კოდექსის 969-ე მუხლის შესაბამისად დავალების გარეშე, საკუთარი ხარჯებით დაკრძალეს მიცვალებული. დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურების შესახებ სარჩელის განხილვისას საქმეზე შეგროვილი მტკიცებულებების შესაბამისად, სამკვიდრო ქონების ღირებულების ფარგლებში მემკვიდრეებს, სამოქალაქო კოდექსის 973-ე მუხლის თანახმად, დავალების გარეშე მოქმედი პირის სასარგებლოდ შეიძლება დაეკისროთ მიცვალებულის ბალზამირების, სასახლის (კუბოს), მიცვალებულის მაკიაჟის, ბალდახინის (კატაფალკის), გარდაცვლილის სამგლოვიარო სურათის დამზადების, განბანვის, საფლავისათვის მიწის ღირებულების, საფლავის გათხრის, სასაფლაოს ბეტონის ცოკოლით მოწყობის, საპანაშვიდე მუსიკის, სუდარის, დაკრძალვის ცერემონიის მონაწილეთათვის სატრანსპორტო და სხვა სარიტუალო მომსახურების აუცილებელი ხარჯების ანაზღაურება, რომლის საერთო ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 1000 ლარს, დასაფლავების ქელეხის ხარჯები ასევე არ უნდა აღემატებოდეს 1000 ლარს, ხოლო ორმოცისათვის გაწეული ხარჯები _ 500 ლარს.

დიდი პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 1484-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნის მტკიცების ტვირთი აკისრია მამკვიდრებლის კრედიტორებს. ამასთან, ფულადი ვალდებულების შესრულება დასაშვებია სამკვიდრო ქონების ღირებულების ფარგლებში.

საქმის ხელახალი განხილვისას სასამართლომ უნდა გამოარკვიოს მხარეთა შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობის საფუძვლები, საიდან გამომდინარეობენ ისინი _ სახელშეკრულებო ვალდებულებიდან თუ კანონისმიერი ვალდებულებიდან, გამოიკვლიოს და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცეს საქმეზე შეგროვილ მტკიცებულებებს და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.

სარეზოლუციო ნაწილი:

დიდმა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ზ. გ-ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილება ზ. გ-ძის შეგებებული სარჩელის ნაწილში გაუქმდეს და საქმე ამ ნაწილში განსახილველად დაუბრუნდეს იმავე პალატას. დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება