Facebook Twitter

¹ 3კ/442-02 29 მარტი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. წიქვაძე (თავმჯდომარე),

რ. ნადირიანი, მ. გოგიშვილი

დავის საგანი: საფლავის გამონთავისუფლება და მიწის დაბრუნება.

აღწერილობითი ნაწილი:

მოსარჩელემ სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხეების წინააღმდეგ და მოითხოვა ქ. ქუთაისში .... სასაფლაოზე საფლავის გამონთავისუფლება და მისთვის თავისუფალ მდგომარეობაში გადაცემა. სარჩელის საფუძვლად მიუთითებდა შემდეგ გარემოებებზე:

1977 წელს გარდაიცვალა მისი მეუღლე – გ. ჯ-ია, რომელიც დაასაფლავა ზემოთ მითითებულ სასაფლაოზე 1978 წელს მეუღლის ნათესავებმა მასთან შეთანხმების გარეშე გადაასვენეს ნეშტი მარტვილის რაიონში საგვარეულო სასაფლაოზე. გადასვენებამდე, მან სასაფლაოს გაუკეთა ბეტონის ჩასხმა და შემოავლო თუჯის ღობე. მეუღლის ნეშტის რაიონში გადასვენების შემდეგ, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, საფლავს აქცევდა ყურადღებას, უვლიდა მას. 1996 წელს მისთვის ცნობილი გახდა, რომ სასაფლაოს მაშინდელ ადმინისტრაციას სადავო საფლავი მიუყიდია შ. ტ-ძისათვის, რომელმაც აღნიშნულ ადგილას სხვადასხვა დროს დაკრძალა თავისი მშობლები. მოსარჩელემ მოითხოვა ტ-ძეების ცხედრების საფლავიდან ამოსვენება და გამონთავისუფლებულ მდგომარეობაში საფლავის მისთვის დაბრუნება.

შპს “ა.” საწარმო ქართული ტრადიციების გენერალურმა დირექტორმა ვ. შ-შვილმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ საფლავისათვის განკუთვნილი მიწის საკუთრებაში გადაცემა დაუშვებელია, აღნიშნული მიწის ფართები დღემდე სახელმწიფო საკუთრებაშია და არ ხდება კერძო პირებისათვის საკუთრებაში გადაცემა. მიწის ფართობის გამოყოფა ხდება მხოლოდ ფაქტობრივად არსებული გარდაცვლილის დასაკრძალავად. არსებული წესის თანახმად, წინასწარ მიწის დაკავება სასაფლაოდ დაუშვებელია. მოსარჩელე თვითონ ადასტურებს, რომ 20 წლის განმავლაობაში ადგილი ყოფილა გამონთავისუფლებული, რის გამოც სასაფლაოს ადმინისტრაციას სრული უფლება ჰქონდა იგი გადაეცა სხვაზე. დღემდე მოქმედი დებულების თანახმად 25 წლის შემდეგ ხელახლა შეიძლება დაკავებული საფლავის გამოყენება და სხვა მიცვალებულის დასაკრძალავად გადაცემა. იმ პერიოდში ასევე არ არსებობდა სასაფლაოს პასპორტიზაციაც, ადგილის შესახებ გაიცემოდა მხოლოდ სააღრიცხვო ბარათი, რომელიც ადასტურებდა, რომ კონკრეტულ პიროვნებას გამოეყო სასაფლაოზე ადგილი. მოპასუხემ შესთავაზა მოსარჩელეს სხვა ადგილის გამოყოფა, მაგრამ მოსარჩელემ უარი განაცხადა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2001 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელეს ეთქვა უარი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობისა და სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო. ეს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

სააპელაციო პალატამ მოცემულ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებანი: 1977 წელს მოსარჩელის მეუღლის სადავო ფართზე დასაკრძალავად გაცემული იყო ნებართვა. საფლავის კეთილმოწყობისათვის გაწეული იყო გარკვეული ხარჯები. 1978 წელს სადავო საფლავიდან გადასვენებული იქნა მოსარჩელის მეუღლე. 1996 წელს მოსარჩელისათვის ცნობილი გახდა, რომ სადავო მიწის ფართობზე დაკრძალული იყო მოპასუხე შ. ტ-ძის მშობლები. სასამართლომ მიიჩნია, რომ სასაფლაოს ადმინისტრაციას, ჰქონდა უფლება ათეული წლების განმავლობაში გამონთავისუფლებული ადგილი გადაეცა სხვისათვის. აღნიშნული გარემოებების გამო სასამართლომ სარჩელი მიიჩნია უსაფუძვლოდ.

სააპელაციო პალატამ გამოიყენა იმ დროს მოქმედი სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964წ.) 75-ე და 84-ე მუხლები და სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო 2001 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილებით უცვლელად დატოვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება.

კასატორი მიუთითებს, რომ სასამართლომ დაუსაბუთებლად უთხრა უარი სარჩელის დაკმაყოფილებაზე ხანდაზმულობის მოტივით, რადგან მისთვის მეუღლის გადასვენება ცნობილი გახდა 1996 წელს, ამასთან სასამართლოს უნდა გამოეყენებინა ამჟამად მოქმედი სამოქალაქო კოდექსი, რომლითაც გათვალისწინებულია ათწლიანი ხანდაზმულობის ვადა, სასამართლოს უნდა გამოეყენებინა ასევე სამოქალაქო კოდექსის 1513-ე მუხლი. ამასთან კასატორი მიუთითებს, რომ მას აღარ სურს სადავო საფლავის გამონთავისუფლება და დაბრუნება. მოითხოვს საქმის დაბრუნებას ხელახლა განსახილველად იმ მიზნით, რომ სასამართლომ სადავო საფლავის მომიჯნავედ გამოუყოს მიწის ფართობი და მისი კეთილმოწყობა დაეკისროს მოპასუხეებს.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ ზეპირი განხილვის გარეშე შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტების მიმართ, რომელიც ასახულია საოლქო სასამართლოს პალატის გადაწყვეტილებაში ან საქმის მასალებში.

მოცემულ საქმეზე საოლქო სასამართლოს პალატის გადაწყვეტილებაში ასხულია და საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ მოსარჩელისათვის მეუღლის გადასვენება ცნობილი გახდა 1978 წელს, 1996 წლის გაზაფხულზე შენიშნა, რომ სადავო სასაფლაოზე დაუკრძალავთ სხვა პირი, ხოლო სარჩელით სასამართლოს მიმართა 2001 წლის 10 ივლისს. აღნიშნულის გამო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას იმის შესახებ, რომ მისთვის მეუღლის გადასვენება ცნობილი გახდა 1996 წელს.

საკასაციო პალატა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სავალდებულოდ მიიჩნევს საოლქო სასამართლოს პალატის მიერ დადგენილი ფაქტობრივ გარემოებებს, რადგან კასატორის მიერ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. კერძოდ, საკასაციო სასამართლო სავალდებულოდ მიიჩნევს სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტს, რომ სადავო საფლავიდან მოსარჩელის მეუღლე გადაასვენეს 1978 წელს. ათეული წლების განმავლობაში გამოთავისუფლებული ადგილის ხელახლა გაცემის უფლება გააჩნდა სასაფლაოს ადმინისტრაციას. სასაფლაოებისათვის განკუთვნილი მიწის ფართობების წინასწარ სასაფლაოდ დაკავება დაუშვებელია და მისი კერძო პირებისათვის საკუთრებაში გადაცემა არ ხდება. აღნიშნულის გამო სააპელაციო პალატამ მართებულად მიიჩნია სარჩელი უსაფუძვლოდ.

საკასაციო პალატა არ ეთანხმება კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სასამართლოს უნდა გამოეყენებინა ახალი სამოქალაქო კოდექსი, რადგან მხარეთა შორის სადავო ურთიერთობები წარმოიშვა ახალი სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებამდე. სამოქალაქო კოდექსის 1507-ე მუხლის I ნაწილის თანახმად, სამოქალაქო კოდექსი ვრცელდება მხოლოდ იმ ურთიერთობებზე, რომლებიც წარმოიშობა ამ კოდექსის ამოქმედების შემდეგ.

საკასაციო პალატა არ იზიარებს ასევე კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო კოდექსის 1513-ე მუხლი. სსკ-ის 1513-ე მუხლის თანახმად, ფიზიკურ პირთა კანონიერ სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთები, რომლებზედაც ინდივიდუალური სახლებია განლაგებული, სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებიდან ითვლება ამ პირთა საკუთრებად და მათზე ვრცელდება სამოქალაქო კოდექსით უძრავი ნივთებისათვის გათვალისწინებული წესები.

მითითებული ნორმის თანახმად, ფიზიკურ პირთა საკუთრებად ითვლება ის მიწის ნაკვეთები, რომლებზედაც ინდივიდუალური სახლებია განლაგებული. მოცემულ საქმეზე კი სადავოა სასაფლაოსათვის განკუთვნილი მიწის ფართობი და მასზე ვერ გავრცელდება სსკ-ის 1513-ე მუხლის მოთხოვნები.

რაც შეეხება კასატორის მოთხოვნას, რომ საქმე დაბრუნდეს ხელახლა განსახილველად იმ მიზნით, რომ გამოეყოს სადავო საფლავის მომიჯნავედ სხვა ფართობი, არ წარმოადგენს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 406-ე მუხლის თანახმად, დავის საგნის შეცვლა საკასაციო სასამართლოზე დაუშვებელია.

აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატის განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მ. ჯ-იას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს ამ საქმეზე ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001 წლის 13 დეკემბრის განჩინება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.