Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ-443-02 10 მაისი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),

ქ. გაბელაია, თ. კობახიძე

დავის საგანი: ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

აღწერილობითი ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1996 წლის 29 მაისის გადაწყვეტილებით, რომელმაც პირველი ინსტანციის წესით განიხილა საქმე, დაკმაყოფილდა თ. კ-შვილის სარჩელი მისი ძმის, მოპასუხე ნ. კ-შვილის მიმართ და ბათილად იქნა ცნობილი ვ. კ-შვილსა (ნ. და თ. კ-შვილების მამა) და ნ. კ-შვილს შორის 1951 წელს გაფორმებული ქუთაისში, ... მდებარე სახლის 1/6 ნაწილის ნაჩუქრობის ხელშეკრულება და ამ ხელშეკრულებით ნ. კ-შვილის სახელზე რიცხული სახლის 1/6 აღირიცხა თ. კ-შვილის სახელზე. ნ. კ-შვილის შეგებებული სარჩელი სამემკვიდრეო მოწმობასა და ჩუქების ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება დღეისათვის კანონიერ ძალაშია.

ამის შემდეგ, 1997 წლის მარტში, თ. კ-შვილმა კვლავ მიმართა სასამართლოს სარჩელით და მოითხოვა დამხმარე ფართებზე, კერძოდ, პირველ სართულზე მდებარე სათავსებზე ფართით 1) 19,14მ2, 2) 12,25 მ2, 3) 1,35მ2, 4)2, 43 მ2 და მათ ქვეშ მდებრე სარდაფზე ფართით 19,79მ2 ასევე წინ მდებარე გასასვლელზე, ავტოფარეხის ნახევარსა და ბოსელზე სარგებლობის უფლების დადგენა. ხონის რაიონის სასამართლოს 1998 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილებით თ. კ-შვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ 1999 წლის 28 იანვრის განჩინებით გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა. 2000 წლის აპრილში თ. კ-შვილმა განცხადებით მიმართა ხონის რაიონის სასამართლოს და მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ხონის რაიონის სასამართლოს 1998 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება შემდეგი საფუძვლით: 2000 წლის 16 მარტს წყალტუბოს რაიონულ სასამართლოში, მათი მოთხოვნის საფუძველზე, უზენაესი სასამართლოდან შემოვიდა სამოქალაქო საქმე 3/86-96 ხუთ ტომად, მასსა და ნ. კ-შვილს შორის ჩუქების ხელშეკრულებასთან დაკავშირებით. აღნიშნული საქმის მე-4 ტომის უკანა ყდაზე მიკრულ კონვერტში აღმოჩნდა მოპასუხე ნ. კ-შვილის სახლის მიშენების 1969 წლის 19 მაისის პროექტის “დედანი”, რომელზეც დაფიქსირებულია, რომ ნ. კ-შვილმა თავისი სახლი დააშენა პირველ სართულზე უკვე არსებულ სათავსებს, რომელიც მამამისის და მისი აშენებულია ნებართვის გარეშე, ე.ი. სახეზეა სახელმწიფო ორგანოს მიერ დადგენილი წესით 30 წლის წინ გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი ხონის რაიონის სასამართლოში, დაადასტურებდა მისი სარჩელის საფუძვლიანობას. სამოქალაქო საქმე, რომელსაც ერთვის აღნიშნული დოკუმენტი, განხილულია უზენაესი სასამართლოს მიერ პირველი ინსტანციით და ინახებოდა მისსავე არქივში. მას საქმე არსდროს უნახავს აკინძული და გადანომრილი. 1996 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება კი მიღებული აქვს იმავე წლის 29 ივნისს მიმართვით. ხონის რაიონულმა სასამართლომ 2001 წლის 14 მაისის განჩინებით არ დააკმაყოფილა თ. კ-შვილის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ.

ხონის რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ თ. კ-შვილის მიერ მითითებული დოკუმენტი არ წარმოადგენს ახლად აღმოჩენილ გარემოებას, რადგან განმცხადებლისათვის აღნიშნული პროექტი ცნობილი იყო უზენაეს სასამართლოში 1996 წელს საქმის განხილვის დროს და ამ პროექტზე საუბარია საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1996 წლის 29 მაისის გადაწყვეტილებაში.

თ. კ-შვილმა ხონის რაიონული სასამართლოს განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა. ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 27 დეკემბრის განჩინებით თ. კ-შვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ხონის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 11 მაისის განჩინება. სააპელაციო სასამართლომ განჩინება გამოიტანა შემდეგი საფუძვლით: თ. კ-შვილისათვის ცნობილი იყო იმ პროექტის არსებობის შესახებ, რომელსაც იგი მიიჩნევს ახლად აღმოჩენილ გარემოებად, რაც დასტურდება უზენაესი სასამართლოს 1996 წლის 28 მაისის გადაწყვეტილებითა და სხდომის ოქმით.

სააპელაციო პალატამ ასევე მიიჩნია, რომ რამდენადაც უზენაესი სასამართლოს 1996 წლის 29 მაისის გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ სადავო ფართობი აშენებულია ნ. კ-შვილის მიერ, რომელსაც დაეყრდნო ხონის სასამართლოს 1998 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილება, “ამიტომ კ-შვილის განცხადება, რომ თითქოს პროექტში დაფიქსირებული გარემოება მისთვის ხელსაყრელ გადაწყვეტილებას უზრუნველყოფდა, არ დასტურდება.”

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა თ. კ-შვილმა და ითხოვა განჩინების გაუქმება და განჩინების სამოტივაციო ნაწილიდან ზემოაღნიშნული მსჯელობის ამორიცხვა.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს. უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

კასატორი ახლად აღმოჩენილ გარემოებად, რომლის საფუძველზეც ითხოვს გადაწყვეტილების გაუქმებას და საქმის წარმოების განახლებას, მიიჩნევს ნ. კ-შვილის სახელზე გაცემულ სახლის მშენებლობის პროექტს, რომელიც ადასტურებს, რომ ნ. კ-შვილმა თავისი სახლი დააშენა პირველ სართულზე უკვე არსებულ სათავსებზე. აღნიშნული სათავსები მამამისის და მისი აშენებულია და მითითებული დოკუმენტის ხონის რაიონის სასამართლოში წარდგენის შემთხვევაში მისთვის სასარგებლო გადაწყვეტილება გამოვიდოდა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის “ვ” პუნქტის თანახმად ახლად აღმოჩენილ გარემოებად ითვლება ისეთი გარემოება, “რომელიც ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას”. თუმცა ამავე მუხლის მე-3 ნაწილში ნათქვამია, რომ აღნიშნული საფუძვლით საქმის განახლება დასაშვებია, თუ მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა, საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს წარმოედგინა მტკიცებულება. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, კასატორი მხარისათვის ცნობილი იყო აღნიშნული პროექტის არსებობა, რაც დასტურდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1996 წლის 29 მაისის გადაწყვეტილებითა და სხდომის ოქმით. ამდენად, მან თავისი ბრალით არ წარადგინა მტკიცებულება ხონის რაიონის სასამართლოში საქმის განხილვის დროს და ამის გამო სააპელაციო სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ არ არსებობს გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების საფუძვლები. პალატა ვერ დააკმაყოფილებს კასატორის მოთხოვნას სააპელაციო პალატის განჩინების სამოტივაციო ნაწილიდან იმ ფორმულირების ამორიცხვის შესახებ, რომლითაც, კასატორის სიტყვებით რომ ვთქვათ, არასწორად იქნა გაგებული და განმარტებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1996 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება, რომ თითქოს ამ გადაწყვეტილებით დადასტურებულია, რომ სადავო სათავსები აშენებულია ნ. კ-შვილის მიერ.

პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინების სამოტივაციო ნაწილის ბოლოს წინა აბზაცს სასამართლო იშველიებს არა იმის დასადასტურებლად, თუ ვისი აშენებულია სადავო სათავსოები (ეს სხვა სასამართლო დავის საგანია), არამედ იმის დასადასტურებლად, რომ წარმოდგენილი დოკუმენტის საფუძველზე არ შეიძლება გაუქმდეს ხონის სასამართლოს 1998 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილება. ამდენად, სააპელაციო პალატის განჩინების ამ მსჯელობას არ შეიძლება პრეიუდიციული ძალა მიეცეს სხვა სასამართლო დავისათვის და მისი განჩინების სამოტივაციო ნაწილიდან ამოღებას არ შეიძლება მხარისათვის ჰქონდეს იურიდიული ინტერესი.

საკასაციო პალატა თვლის, რომ საკასაციო საჩივარში მითითებულ კანონის დარღვევას ადგილი არ ჰქონია და არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების კანონიერი საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

თ. კ-შვილის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 27 დეკემბრის განჩინება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.