გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ-444-02 4 სექტემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),
მ. ცისკაძე, მ. ახალაძე
დავის საგანი: ნახევარსარდაფის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა (სარჩელში); ნახევარსარდაფის მიყიდვის ნაწილში – ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა (შეგებებულ სარჩელში).
აღწერილობითი ნაწილი:
ა. მ-მ 1999წ. ივნისში მიჰყიდა მ. შ-ეს ქ. ბორჯომში, ... მდებარე საცხოვრებელი ბინა, რომელიც შედგება ორი საცხოვრებელი ოთახისაგან (29.1კვ.მ), დამხმარე ფართის (13,3კვ.მ), ნახევარსარდაფისა (9,0კვ.მ) და მიწის ნაკვეთისგან (50,3კვ.მ.). ეს ხელშეკრულება დადასტურებულია სანოტარო წესით და რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში. მ. შ-ემ 2001წ. აპრილში სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე ი. მ-ას მიმართ და მოითხოვა მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან თავისი კუთვნილი ნახევარსარდაფის გამოთხოვა, რადგან ბინის ყიდვისას ყოფილმა მესაკუთრემ უთხრა, რომ ეს სარდაფი დროებით ათხოვა მეზობელ ი. მ-ას. იმ დროისათვის მოპასუხე სამუშაოდ იყო წასული რუსეთში. 2000წ. მარტში იგი ჩამოვიდა ბორჯომში. მოსარჩელემ მოსთხოვა სარდაფის გამოთავისუფლება, მაგრამ მოპასუხემ უარი განუცხადა იმ საფუძვლით, რომ სარდაფი მას ეკუთვნოდა. ი. მ-ას წარმომადგენელმა ი. ტ-ემ შეგებებული სარჩელი აღძრა მ. შ-ის წინააღმდეგ და მოითხოვა მ. შ-ესა და ა. მ-ს შორის გაფორმებული საცხოვრებელი სახლის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა 90კვ.მ ნახევარსარდაფის მიყიდვის ნაწილში. შეგებებული სარჩელი დასაბუთებულია იმით, რომ სადავო ნახევარსარდაფის მშენებლობის უფლება ი. მ-ამ მიიღო ჯერ კიდევ 1981 წელს. იგი სარდაფით სარგებლობს 20 წელია და არავის პრეტენზია მის წინააღმდეგ არ გამოუთქვამს. ა. მ-ს საცხოვრებელი სახლის ტექნიკურ პასპორტში სადავო ნახევარსარდაფი არასწორად იქნა შეტანილი.
ბორჯომის რაიონულმა სასამართლომ 2001წ. 29 აგვისტოს გადაწყვეტილებით უსაფუძვლობის გამო არ დააკმაყოფილა მ. შ-ის სარჩელი. დააკმაყოფილა ი. მ-ას შეგებებული სარჩელი: ამორიცხულ იქნა ა. მ-სა და მ. შ-ეს შორის 1999წ. 2 ივნისს ქ. ბორჯომში, ... მდებარე საცხოვრებელი ბინის ნასყიდობის ხელშეკრულებიდან 9კვ.მ ნახევარსარდაფის გაყიდვის ჩანაწერი.
მ. შ-ემ სააპელაციო საჩივარი შეიტანა ბორჯომის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 2001წ. 17 დეკემბრის გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა მ. შ-ის სააპელაციო საჩივარი, გააუქმა ბორჯომის რაიონული სასამართლოს 2001წ. 29 აგვისტოს გადაწყვეტილება და მიიღო ახალი გადაწყვეტილება. მ. შ-ის სარჩელი დააკმაყოფილა და მოპასუხე ი. მ-ას დაავალა, გადაეცა მოსარჩელისათვის 9 კვ.მ ნახევარსარდაფი, მდებარე ქ. ბორჯომში, ... ი. მ-ას შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო პალატის განჩინება ეფუძნება შემდეგ მოტივებს: მ. შ-ე საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია ქ. ბორჯომში, ... მდებარე საცხოვრებელი ბინის, დამხმარე ფართის და 9კვ.მ. ნახევარსარდაფის მესაკუთრედ. საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ ი. მ-ა წარმოადგენს სადავო ნახევარსარდაფის მესაკუთრეს და მართლზომიერ მფლობელს, ამიტომ პალატამ სკ-ს 172-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე დააკმაყოფილა მ. შ-ის სარჩელი.
ი. მ-ას წარმომადგენელმა ი. ტ-ემ საკასაციო საჩივარი შეიტანა სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაზე, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება.
საკასაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ მოტივებს: ბორჯომის ტექინვენტარიზაციის ბიუროს 2001წ. 15 მაისის ¹49-ა ცნობით დგინდება, რომ ა. მ-ს ბინის გასხვისებისას ტექბიურომ დაუშვა მექანიკური შეცდომა, არასწორად იქნა მითითებული, რომ 9 კვ.მ სარდაფი ეკუთვნოდა ა. მ-ს. ამდენად, ა. მ-ს არ შეეძლო მიეყიდა მ. შ-ისათვის ის ფართი, რაც მის მფლობელობაში და საკუთრებაში არასდროს ყოფილა აღრიცხული; სასამართლომ არასწორად განმარტა სკ-ს 183-ე და 312-ე მუხლები.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს ი. მ-ას წარმომადგენელი ი. ტ-ის საკასაციო საჩივრის მოტივს იმის შესახებ, რომ სადავო ნახევარსადრაფს კასატორი კანონიერად ფლობს, რადგან წარმოდგენილია ი. მ-ას ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულება და მასში არ არის მითითებული 9კვ.მ ნახევარსარდაფი. სკ-ს 183-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად კი უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია სანოტარო წესით დამოწმებული საბუთი და შემძენის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. ამდენად, კასატორს არ გააჩნია სადავო ნახევარსარდაფის ფლობის კანონიერი საფუძველი.
მართალია, ბორჯომის რაიონული გამგეობის ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს უფროსის 2001წ. 15 მაისის ცნობით ირკვევა, რომ ა. მ-ს კუთვნილი საცხოვრებელი ბინის პასპორტში ტექაღრიცხვის ბიუროს ტექნიკოსმა სადავო 9კვ.მ სარდაფი შეცდომით შეიტანა, მაგრამ საქმეში წარმოდგენილია ა. მ-ს საცხოვრებელი ბინის 1992წ. 4 ივნისს შედგენილი ტექნიკური პასპორტი და მასში მოცემულია შუშაბანდის ქვეშ არსებული სარდაფის გეგმა, რომლის ფართია 8,9კვ.მ. ტექნიკურ პასპორტში აღნიშნული ჩანაწერი ა. მ-ს ბინის გაყიდვის მომენტისათვის, ე.ი. 1999წ. ივნისისათვის სადავოდ არავის არ გაუხდია. სკ-ს 185-ე მუხლში მითითებულია, რომ შემძენის ინტერესებიდან გამომდინარე, გამსხვისებელი ითვლება მესაკუთრედ, თუ იგი ასეთად არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა შემძენმა იცოდა, რომ გამსხვისებელი არის მესაკუთრე. საქმეში წარმოდგენილია ბორჯომის ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს მიერ 1999წ. 31 მაისს გაცემული ცნობა-დახასიათება ა. მ-ს საცხოვრებელი ბინის თაობაზე, სადაც ძირითად საცხოვრებელ ფართთან ერთად აღნიშნულია 9კვ.მ ნახევარსარდაფიც; აღნიშნული სადავო ნახევარსარდაფი შეცდომით რომ იქნა შეტანილი ა. მ-ს საცხოვრებელი ბინის ტექნიკურ პასპორტში და ცნობა-დახასიათებაში, ამის თაობაზე მ. შ-ისათვის არ იყო ცნობილი. კასატორმა ვერ დაასაბუთა ის, რომ აღნიშნული ცნობილი იყო მ. შ-ისათვის. სსკ-ს 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს არ წარმოუდგენია ასეთი დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.
ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მოცემული დავის გადაწყვეტისას კანონი არ დაურღვევია და საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ი. მ-ას წარმომადგენელი ი. ტ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 17 დეკემბრის გადაწყვეტილება მოცემულ საქმეზე დარჩეს უცვლელად.
პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.