Facebook Twitter

¹3კ-445-02 13 ივნისი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),

მ. ახალაძე, მ. ცისკაძე

დავის საგანი: სამუშაოზე აღდგენა.

აღწერილობითი ნაწილი:

დ. გ-შვილმა სარჩელით მიმართა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე საქართველოს უშიშროების სამინისტროს მიმართ და მოითხოვა 2000წ. 20 ივლისის ¹528 პშ ბრძანების უკანონოდ ცნობა, აღდგენა შესაბამის თანამდებობაზე, განაცდური ხელფასისა და სხვა ფულადი გასაცემლების ანაზღაურება. მოსარჩელემ სასამართლო სხდომაზე დააზუსტა მოთხოვნა მატერიალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში და მოითხოვა 4848 ლარისა და 7 თეთრის ანაზღაურება. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2001წ. 8 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: იგი აღდგენილ იქნა ტოლფას თანამდებობაზე და აუნაზღაურდა იძულებითი განაცდური დათხოვნის დღიდან, 2000წ. 20 ივლისიდან, 628 ლარისა და 48 თეთრის ოდენობით. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ. გ-შვილმა და მოითხოვა მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურება სამსახურში არ ყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში, 1999წ. 15 მარტიდან, ანუ მისი შვებულების დამთავრების დღიდან სამინისტროში აღდგენის შესახებ ბრძანების გამოტანის დღემდე, სულ 2001წ. 1 მარტისათვის 6468 ლარისა და 34 თეთრის ოდენობით;

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 10 დეკემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელე დ. გ-შვილს აუნაზღაურდა იძულებით გაცდენილი დრო სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის შემდეგ, 2000წ. 20 ივლისიდან 2001წ. 8 თებერვლამდე, 1293 ლარისა და 40 თეთრის ოდენობით. დანარჩენ ნაწილში რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ემყარება შემდეგ მოტივებს: პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ დ. გ-შვილი მუშაობდა სამხედრო კონტრდაზვერვის მთავარი სამმართველოს თელავის გარნიზონის .....-ად; 1998წ. ნოემბრიდან აყვანილ იქნა სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს კადრების განკარგულებაში სამინისტროს მთელ პირად შემდაგენლობასთან ერთად; 2000წ. 20 ივლისს კი მინისტრის ბრძანებით დათხოვნილ იქნა სამუშაოდან რეორგანიზაციისა და შტატების შემცირების გამო კანონის დარღვევით.

პალატამ მიიჩნია, როს სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულების VIII თავის მე-6 პუნქტის თანახმად სამხედრო მოსამსახურეს ფულადი სარგოები განესაზღვრება თანამდებობრივი, სამხედრო წოდების, კვების ულუფის ღირებულებისა და ნამსახურობის პროცენტული დანამატების გათვალისწინებით. დ. გ-შვილის ხელფასი აღნიშნული კომპონენტების გათვალისწინებით შეადგენს 194,01 ლარს, ხოლო იძულებით გაცდენილი დროის ანაზღაურება სამსახურიდან დათხოვნის შემდეგ შეადგენს 1293 ლარსა და 40 თეთრს. რაიონულმა სასამართლომ ამ თანხის გამოანგარიშებისას კი მხედველობაში მიიღო მხოლოდ თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოები.

პალატამ ჩათვალა, რომ სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულების IX თვის მე-5 პუნქტის თანახმად სამხედრო სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნილ ოფიცრებს სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის შემდეგ იძულებით გაცდენილი დრო ჩაეთვლებათ ნამსახურობის წლებში და მიეცემათ შესაბამისი ფულადი ანაზღაურება. დ. გ-შვილს ფულადი ანაზღაურება უნდა მიეცეს მხოლოდ იმ პერიოდიდან, როცა იგი დაითხოვეს სამხედრო სამსახურიდან.

დ. გ-შვილმა საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა საოლქო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 1999წ. 15 მარტიდან 2000წ. 20 ივლისის ჩათვლით, სულ _ 5177 ლარისა და 94 თეთრი ოდენობით; ამავე პერიოდის სამხედრო სამსახურში ნამსახურებ კალენდარულ წლებში ჩათვლა;

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივარს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთებულობა და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დადგენილია, რომ დ. გ-შვილი სახელმწიფო უშიშროების ორგანოების სამხედრო სამსახურში მსახურობდა 1975 წლიდან. იყო სამხედრო კონტრდაზვერვის მთავარი სამმართველოს თელავის გარნიზონის განყოფილების უფროსი. 1998წ. ნოემბრიდან უშიშროების სამინისტროს მთელ პირად შემადგენლობასთან ერთად გადაყვანილ იქნა სამინისტროს კადრების სამმართველოს განკარგულებაში; 2000წ. 20 ივლისს უშიშროების მინისტრის ¹528 პშ ბრძანებით იგი დათხოვნილ იქნა სამინისტროს სამხედრო სამსახურიდან რეორგანიზაციისა და შტატების შემცირების გამო.

“სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ” დებულების (რომელიც ვრცელდება საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს მოსამსახურეებზე) მე-18 თავის მე-6 პუნქტის თანახმად “ოფიცრის თანამდებობიდან გადაყენება კადრების განყოფილებაში გადაყვანით ან მის მიერ თანამდებობის დროებითი მოვალეობის შესრულება არ უნდა აღემატებოდეს ოთხ თვეს”. ამავე დებულების მე-18 თავის მე-5 პუნქტის თანახმად სამხედრო სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნილ ოფიცრებს, რომლებიც აღდგენილ იქნენ სამსახურში იძულებით გაცდენილი დრო ჩაეთვლებათ ნამსახურების წლებში და მიეცემათ შესაბამისი ფულადი ანაზღაურება.

მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს რეზერვში ყოფნის ოთხ თვეზე მეტ ვადას, ამიტომ არ არსებობდა 1999წ. მარტიდან 2000წ. ივლისამდე მისი რეზერვში კასატორის დატოვების სამართლებრივი საფუძველი, რითაც დაირღვა მისი შრომითი უფლებები.

კასატორ დ. გ-შვილის სამსახურში აღდგენის შესახებ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხე საქართველოს უშიშროების სამინისტროს სააპელაციო წესით არ გაუსაჩივრებია და ამ ნაწილში გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია. ასეთ ვითარებაში კანონიდან არ გამომდინარეობს საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება, კასატორზე იძულებითი გაცდენილი დროის ხელფასის ნაწილობრივ ანაზღაურების შესახებ. ის გარემოება რომ მოპასუხე ორგანიზაციის მიერ კანონის უხეში დარღვევით გვიან 2000წ. 20 ივლისს იქნა გამოცემული კასატორ დ. გ-შვილის სამუშაოდან განთავისუფლების შესახებ, ბრძანება მაშინ როდესაც იგი ფაქტიურად 1998 წლიდან განთავისუფლებული იყო დაკავებული თანამდებობიდან და არ ეძლეოდა გასამრჯელო არ შეიძლება გახდეს სარჩელზე უარის თქმის საფუძველი.

პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა საჯარო სამსახურის შესახებ კანონის 112-ე მუხლი, რომელიც ითვალისწინებს უკანონოდ დათხოვნილი მოხელის სამუშაოზე აღდგენის შემთხვევაში იძულებითი გაცდენილი დროის მთელი ხელფასის ანაზღაურება, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ” ქვეპუნქტის შესაბამისად გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.

ვინაიდან საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია პალატას მიზანშეწონილად მიაჩნია გადაწყვეტილების მიღება.

სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულების VIII თავის მე-6 მუხლის მიხედვით “სამხედრო მოსამსახურეს ფულადი სარგოები განესაზღვრება თანამდებობრივი, სამხედრო წოდების, კვების ულუფის ღირებულებისა და ნამსახურობის პროცენტული დანამატების გათვალისწინებით.

პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოტივაციას, რომ მას უნდა აუნაზღაურდეს იძულებით გაცდენილი დროის ხელფასთან ერთად ფულადი კომპენსაცია ფორმის ტანსაცმლისათვის, ყოველკვარტალური ჯილდოები და დახმარება, ვინაიდან ასეთს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.

საქმის მასალების მიხედვით დ. გ-შვილის ხელფასი 194,01 ლარია, რაც 22 თვესა და 15 დღეზე გაანგარიშებით შეადგენს 4365 ლარს;. რაც მას უნდა აუნაზღაურდეს “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 112-ე მუხლის შესაბამისად.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

დ. გ-შვილის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 10 დეკემბრის გადაწყვეტილება. იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

დ. გ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. მოპასუხე საქართველოს უშიშროების სამინისტროს გადახდეს დ. გ-შვილის სასარგებლოდ 4365 ლარი.

გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.