Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ-446-02 1 მაისი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. წიქვაძე (თავმჯდომარე),

ლ. გოჩელაშვილი, რ. ნადირიანი

დავის საგანი: ანაბრის დაბრუნება.

აღწერილობითი ნაწილი:

2000 წლის 22 აგვისტოს ე. ვ-შვილმა განცხადებით, შემდეგ კი სარჩელით სააქციო საზოგადოება “.. ..-ის” წინააღმდეგ მიმართა თელავის რაიონულ სასამართლოს.

მოსარჩელემ მიუთითა, რომ 1999 წლის 4 მარტს მან 4000 აშშ დოლარი შეიტანა სს “.. ..-ის” თელავის ფილიალში. წლიური სარგებელი შეადგენდა 48%-ს. 1999 წლის 16 აპრილს მიიღო 480 აშშ დოლარი. 2000 წლის 6 აპრილს ანაბრის ოდენობამ შეადგინა სულ 5525 აშშ დოლარი. 6 აპრილის შემდეგ ანაბარზე პროცენტი არ დარიცხვია. სარჩელის შეტანის დღისათვის პროცენტის ოდენობა შეადგენს 957 აშშ დოლარს. მოსარჩელემ მოითხოვა როგორც ძირითადი თანხის, ისე პროცენტის დაბრუნება.

სს “.. ..-მა” თავის შესაგებელში მიუთითა, რომ მოსარჩელის მიერ სს “.. ..-ის” თელავის ფილიალში თანხის შეტანის დროს ფილიალის დირექტორი იყო ლ. ვ-შვილი, რომელიც ამჟამად პატიმრობაშია და მოითხოვა მოცემული საქმის შეჩერება მის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმის დამთავრებამდე.

ქ.თელავის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 29 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეს დაეკისრა 6482 აშშ დოლარის გადახდა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001 წლის 6 დეკემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა მოპასუხის სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ე. ვ-შვილს და სს “.. ..-ის” თელავის ფილიალის ბანკის მმართველს შორის 1999 წლის 4 მარტს დაიდო ანაბრის მიღების შესახებ ხელშეკრულება. ხელშეკრულების შესაბამისად სარგებლის სახით ყოველთვიურად განისაზღვრა 4%. მოსარჩელემ ბანკში შეიტანა 4000 აშშ დოლარი, 1999 წლის 11 ნოემბერს კი ანაბარი გაზარდა 2280 აშშ დოლარით. 2000 წლის 6 აპრილისათვის ბანკში მის სახელზე ანაბრის სახით ნაშთად ირიცხებოდა 5525 აშშ დოლარი, რაზეც პროცენტი არ დარიცხვია. ანაბარი შეტანილი იყო 9 თვის ვადით. ხელშეკრულების შესაბამისად მოსარჩელეს ანაბრის დაბრუნების მოთხოვნის უფლება ჰქონდა ვადამდეც.

სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ ჩათვალა მოპასუხის მტკიცება იმის შესახებ, რომ თითქოს საკრედიტო დაწესებულება ვალდებული არ იყო, მოსარჩელისათვის დაებრუნებინა ანაბარი, ვინაიდან ფილიალის დირექტორი განთავისუფლებული იყო თანამდებობიდან და მიცემული იყო სისხლის სამართლის პასუხისგებაში.

სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ სამოქალაქო კოდექსის 396-ე მუხლით მოვალემ თავისი კანონიერი წარმომადგენლისა და იმ პირთა მოქმედებისათვის, რომელთაც იგი იყენებს საკუთარ ვალდებულებათა შესასრულებლად, ისეთივე მოცულობით უნდა აგოს პასუხი, როგორც საკუთარი ბრალეული მოქმედების დროს.

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოპასუხის მოსაზრება, რომ სახელშეკრულებო პროცენტი მაღალი იყო.

2002 წლის 1 თებერვალს მოპასუხემ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

კასატორმა მოითხოვა მოცემულ საქმეზე მიღებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოებით შეჩერება.

კასატორს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 874-ე მუხლი. მისი მოსაზრებით, ფილიალის დირექტორმა აღიარა, რომ იგი ფულს იღებდა, როგორც კერძო პირი და არა, როგორც სს “.. ..-ის” უფლებამოსილი წარმომადგენელი, ამიტომ იმ ფულის დაბრუნებაზე, რომელიც ბანკს არ მიუღია, ბანკი პასუხისმგებელი არ იყო. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს უნდა შეეჩერებინა მოცემული საქმის განხილვა მანამ, სანამ ბანკის ფილიალის ყოფილი დირექტორის მიმართ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე მიღებული იქნებოდა საბოლოო გადაწყვეტილება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საკასაციო საჩივრის ფარგლებში გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარის განმარტება და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის “დ” პუნქტის შესაბამისად, თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო სისხლის სამართლის ან ადმინისტრაციული წესით. სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება.

მოცემულ შემთხვევაში ის გარემოება, რომ სს “.. ..-ის” თელავის ფილიალის ყოფილი დირექტორის მიმართ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, არ წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის “დ” პუნქტის შესაბამისად საქმის წარმოების შეჩერების საფუძველს, რადგან ამ პირის მიმართ საქმის აღძვრა ან მისი დაპატიმრება შეუძლებელს არ ხდის ამ საქმის გადაწყვეტამდე მოსარჩელე ე. ვ-შვილის სარჩელის განხილვას.

სამოქალაქო კოდექსის 28-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად იურიდიული პირის ფილიალი არ არის იურიდიული პირი. იგი არის განცალკავებული ქვედანაყოფი, რომელიც მდებარეობს იურიდიული პირის ადგილსამყოფელის გარეთ და მთლიანად ან ნაწილობრივ წარმოადგენს, ან ახორციელებს მის ფუნქციებს.

ამასვე მიუთითებს “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლიც. ზემოთ მითითებული ნორმის შესაბამისად ფილიალი არის საწარმოს საქმიანობის განმხორციებელი ქვედანაყოფი სხვა ადგილზე. საწარმო ფილიალის მეშვეობით ახორციელებს თავის სამეწარმეო საქმიანობას სხვადასხვა ტერიტორიაზე. ფილიალი საწარმოს ნაწილია. საწარმოს და მისი ფილიალის მფლობელი იდენტური პირები არიან, ამიტომ საწარმო მთლიანად პასუხისმგებელია თავისი ფილიალის ვალებზე.

რაც შეეხება კასატორის მოსაზრებას, რომ თითქოს ფილიალის დირექტორი კერძო ინტერესების შესაბამისად იყენებდა თანამდებობას, ამიტომ საწარმომ პასუხი არ უნდა აგოს მის მოქმედებებზე, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს. “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 9.4 მუხლის შესაბამისად დირექტორები საზოგადოებას წარმოადგენენ მესამე პირებთან ურთიერთობაში. საზოგადოება მის წარმომადგენლობით ურთიერთობას მესამე პირებთან მიმართებაში ანხორციელებდნენ ფილიალის დირექტორის მეშვეობით. დირექტორი ფილიალს წარმოადგენს მესამე პირებთან ურთიერთობაში. ვინაიდან ფილიალი მესამე პირებთან ურთიერთობაში წარმოდგენილია დირექტორის მეშვეობით, ეს ნიშნავს იმას, რომ იგი ყველა გარიგებას საზოგადოების ფილიალის სახელით დებს და მის ვალდებულებაზე პასუხისმგებელია ფილიალი, ფილიალის ვალდებულებებზე კი საზოგადოება.

სამოქალაქო კოდექსის 874-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილის შესაბამისად ფულადი თანხის შეტანით (ანაბარი) საკრედიტო დაწესებულება მოიპოვებს მასზე საკუთრების უფლებას და ვალდებულია, ვადის დადგომისას იმავე ვალუტაში დააბრუნოს მიღებული თანხა; თუ ვადა არ არის განსაზღვრული, მაშინ ფულადი თანხა შეიძლება ნებისმიერ დროს იქნეს გამოთხოვილი; ანაბარს შესაბამისად უნდა დაერიცხოს პროცენტი.

ამავე კოდექსის 868-ე მუხლის შესაბამისად მხარეთა შორის კრედიტისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად პროცენტის ცვალებადობა უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს ეროვნული ბანკის სადისკონტო განაკვეთს ან ბანკთაშორის საკრედიტო აუქციონზე დაფიქსირებულ საპროცენტო განაკვეთს. მოცემულ შემთხვევაში ბანკის მიერ ხელშეკრულებით დაწესებული პროცენტი გონივრულ შესაბამისობაშია ბანკთაშორის საკრედიტო აუქციონზე დაფიქსირებული პროცენტის ზღვრულ ოდენობასთან, ამიტომ იგი არ უნდა ჩაითვალოს შეუსაბამოდ მაღალ პროცენტად. ზემოთ მითითებულ გარემოებათა გამო საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სარჩელთან დაკავშირებით სწორი გადაწყვეტილება მიიღო და სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინებაში არ მოიპოვება საკასაციო საჩივარში მითითებული კანონის დარღვევა.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

სს “.. ..-ის” საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001 წლის 6 დეკემბრის განჩინება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.