გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ-447-02 10 მაისი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),
ქ. გაბელაია, თ. კობახიძე
დავის საგანი: სამუშაოზე აღდგენა.
აღწერილობითი ნაწილი:
ზ. კ-ძე მუშაობდა სს “ბ-ში” საექსპლუატაციო ...ის თანამდებობაზე ვადიანი კონტრაქტის საფუძველზე. 2001 წლის 22 ივნისს ზ. კ-ძეს ბრძანებით გამოეცხადა საყვედური სამსახურის ორი დღით უმიზეზოდ გაცდენის გამო, ხოლო 2001 წლის 2 ივლისის ¹30 ბრძანებით კ-ძე გაათავისუფლეს სამუშაოდან შრომის კანონთა კოდექსის 30-ე მუხლის I ნაწილის “გ” ქვეპუნქტის საფუძველზე, შრომის კონტრაქტის ვადის გასვლის გამო. ზ. კ-ძემ სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა მისი სამუშაოდან დათხოვნის შესახებ 2001 წლის 2 ივლისის ბრძანებისა და 2001 წლის 22 ივნისის ბრძანების, მისთვის საყვედურის გამოცხადების შესახებ, გაუქმება და სამუშაოზე აღდგენა შემდეგი საფუძვლით: მას სამუშაო არასაპატიო მიზეზით არ გაუცდენია. ორი დღით სამუშაოდან წავიდა განყოფილების გამგის სიტყვიერი თანხმობით, რაც შეეხება სამუშაოდან განთავისუფლებას, მოსარჩელის აზრით, მართალია, 2000 წლის 1 ნოემბრიდან 31 დეკემბრამდე ვადიანი შრომითი ხელშეკრულება იყო გაფორმებული მას და მოპასუხე ორგანიზაციას შორის, მაგრამ ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ მათ შორის შრომითი ურთიერთობა გაგრძელდა 2001 წლის 2 ივლისამდე და არც ერთ მხარეს მისი შეწყვეტა არ მოუთხოვია, რის გამოც არსებული ხელშეკრულება, შრომის კანონთა კოდექსის 32-ე მუხლის საფუძველზე, უნდა ჩაითვალოს გაგრძელებულად განუსაზღვრელი ვადით, ამიტომ ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო მისი სამუშაოდან დათხოვნა არასწორია.
ბორჯომის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილებით ზ. კ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა სს “ბ-ის” 2001 წლის 22 ივნისის ¹24 ბრძანება მოსარჩელისათვის საყვედურის გამოცხადების შესახებ, ხოლო სარჩელს, 2001 წლის 9 ივლისის ¹30 ბრძანების გაუქმების, სამუშაოზე აღდგენასა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ, ეთქვა უარი. სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა შემდეგი საფუძვლით: დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელისათვის საყვედურის გამოცხადების დროს დარღვეულ იქნა შრომის კანონთა კოდექსის მოთხოვნები, კერძოდ, არ ჩამოერთვა ახსნა-განმარტება, რაც გამოავლენდა საქმის არსს, არ შედგა აქტი ახსნა-განმარტების დაწერაზე უარის თქმის შესახებ, რის გამოც გაუქმდა 2001 წლის 22 ივნისის ბრძანება მოსარჩელისათვის საყვედურის გამოცხადების შესახებ. სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ 2001 წლის აპრილის დასაწყისში, მას შემდეგ, რაც მოსარჩელეს ხელმოსაწერად გადაეცა ახალი კონტრაქტი, მისთვის ცნობილი გახდა, რომ 2000 წლის 1 ნოემბრის კონტრაქტი განუსაზღვრელი ვადით არ იყო დადებული, რაც მას სადავოდ არ გაუხდია. ამდენად, მოპასუხის მიერ მისი განთავისუფლება კანონიერად ჩაითვალა.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზ. კ-ძემ სამუშაოზე აღდგენისა და იძულებით განაცდურის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილებით ზ. კ-ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა: გაუქმდა ბორჯომის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება კ-ძის სამუშაოზე აღდგენის და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ზ. კ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა. იგი აღდგა სს “ბ-ის” საექსპლუატაციო ...ის თანამდებობაზე, და მიეცა იძულებითი განაცდური. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2000 წლის პირველ ნოემბერს ზ. კ-ძესა და სს “ბ-ს” შორის გაფორმდა კონტრაქტი შრომით საქმიანობაზე ორი თვით _ 2000 წლის 31 დეკემბრამდე. 2000 წლის 28 დეკემბერს კონტრაქტი გაგრძელდა იმ პერსონალისათვის, რომელთაც არ შეეხოთ ¹63 ბრძანება. იმის გამო, რომ ბრძანება ¹63 საქმეში წარმოდგენილი არ არის, შეუძლებელია იმის დადგენა, შეეხო თუ არა ¹63 ბრძანება ზ. კ-ძეს. იგივე ითქმის 2001 წლის 2 აპრილის ბრძანებაზეც, რომლითაც თანამშრომლები, რომელთაც ხელი არ მოაწერეს შრომით კონტრაქტზე, გაფრთხილებულ იქნენ სამუშაოდან განთავისუფლების თაობაზე 2001 წლის 1 ივლისიდან. სასამართლოში არ ყოფილა წარმოდგენილი შრომითი კონტრაქტი, რომელზეც ხელი არ მოაწერა კ-ძემ და ამდენად, დაუდგენელია, ეკუთვნის თუ არა კ-ძე იმ თანამშრომლებს, რომლებმაც ხელი არ მოაწერეს კონტრაქტს; კ-ძესათვის კონტრაქტის გაგრძელებაზე ბრძანება არ ჩაუბარებიათ.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრძანებები, რომლებითაც კ-ძეს უგრძელდებოდა შრომითი ხელშეკრულება განსაზღვრული ვადით, არ შეიძლება ჩაითვალოს კანონიერად, რადგან კონტრაქტი ნიშნავს ორივე მხარის თანხმობას, ხოლო თანხმობა, კ-ძეს განსაზღვრული ვადით ხელშეკრულების გაგრძელებაზე, 2001 წლის 1 აპრილის მერე არ განუცხადებია. ამდენად, ზ. კ-ძესა და სს “ბ-ს” შორის შრომითი ხელშეკრულება უვადოდ გაგრძელდა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა სს “ბორჯომმინწყალმა”, რომლითაც მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება შემდეგი საფუძვლით: არასწორია სააპელაციო სასამართლოს მტკიცება, თითქოს ზ. კ-ძემ არაფერი იცოდა იმ ბრძანებების შესახებ, რომლითაც მას გაუგრძელდა შრომითი კონტრაქტის ვადა. ბრძანების შესახებ კ-ძე რომ იყო ინფორმირებული, დასტურდება იმით, რომ მან 2001 წლის მაისში სარჩელით მიმართა ბორჯომის სასამართლოს და მოითხოვა აღნიშნული ბრძანებების გაუქმება. 2001 წლის ივლისში იმის გამო, რომ ზ. კ-ძემ უარი თქვა სარჩელზე, ამ საქმის წარმოება შეწყდა. ბრძანებები გამოქვეყნებულ იყო ადმინისტრაციული შენობის თვალსაჩინო ადგილზე-სტენდზე. ბრძანებით კონტრაქტის გაგრძელება კანონით აკრძალული არ არის.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს თბილისის საოლქო სასამართლოს იმავე პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა იზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში არსებულ ზ. კ-ძესა და სს “ბ-ს” შორის ვადიანი შრომის ხელშეკრულების (კონტრაქტის) შესახებ ბრძანებებს და მიიჩნია, რომ ბრძანება არ წარმოადგენს შრომის კონტრაქტს. შრომის კანონთა კოდექსის მე-19 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ბრძანება სამუშაოზე მიღების შესახებ, წარმოადგენს შრომის კონტრაქტს, მე-18 მუხლის “ბ” პუნქტის თანახმად კი შრომის ხელშეკრულება შეიძლება იყოს განსაზღვრული ვადით. საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან ასევე არ გამომდინარეობს სააპელაციო პალატის დასკვნა იმის თაობაზე, რომ ვადიანი შრომის ხელშეკრულების გაგრძელების თაობაზე მოპასუხის მიერ გამოცემული ბრძანებები თითქოს მოსარჩელე ზ. კ-ძისათვის ცნობილი არ იყო, ამიტომ შრომის კანონთა კოდექსის 31-ე მუხლის შესაბამისად შრომის კონტრაქტი უნდა ჩაითვალოს უვადოდ გაგრძელებულად. მტკიცებულება იმისა, რომ მოსარჩელე ზ. კ-ძისათვის არ იყო ცნობილი აღნიშნული ბრძანება, საქმის მასალებში არ არის. საკასაციო საჩივრის განხილვის პროცესში მხარეებმა განმარტეს, რომ მითითებული ბრძანებების გაუქმების მოთხოვნით ზ. კ-ძეს აღძრული ჰქონდა სარჩელი ბორჯომის რაიონულ სასამართლოში, რომელიც შეწყდა წარმოებით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ არის იურიდიულად საკმარისად დასაბუთებული, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე” პუნქტის თანახმად გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია.
იმის გამო, რომ საქმეზე საჭიროა მტკიცებულებების გამოკვლევა და ფაქტობრივი გარემოებების დადგენა, საკასაციო სასამართლოს უფლება არა აქვს, მიიღოს ახალი გადაწყვეტილება, ამიტომ საქმე ხელახალი განხილვისათვის უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
საქმის ხელახალი განხილვისას სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება უნდა მისცეს მხარეთა შორის წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობას, გაარკვიოს, დაირღვა თუ არა ზ. კ-ძის შრომის უფლებები და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
სს “ბ-ის” საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს თბილისის საოლქო სასამართლოს იმავე პალატას.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.