¹3კ-450-02 21 ივნისი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),
მ. ცისკაძე, მ. ახალაძე
დავის საგანი: უღირს მემკვიდრედ ცნობა, მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევა.
აღწერილობითი ნაწილი:
ს. და ნ. ა-ძე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 1946 წლიდან. ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ სამი შვილი: ო., თ. და მ. ა-ძეები. მეუღლეები ცხოვრობენ ..... ქუჩაზე, ქ. თბილისში. მათი ერთი ვაჟი _ თ. ა-ძე _ დაქორწინდა მ. ც-შვილზე. ისინი კონფლიქტურ ურთიერთობაში არიან მშობლებთან და და-ძმასთან. თ. ა-ძემ დედას, ნ. ა-ძეს, მიაყენა სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანება. მას ქ. თბილისის საბურთალოს რაიონის სასამართლოს 1995წ. 25 იანვრის განაჩენით მიესაჯა გამასწორებელი სამუშაოები ადგილზე მოხდით. ამის შემდეგაც გააგრძელა თ. ა-ძემ მშობლების ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. ს. და ნ. ა-ძეებმა 1997წ. 3 დეკემბერს საცხოვრებელი ბინა აჩუქეს შვილებს _ ო. და მ. ა-ძეებს. თ. ა-ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ.
ს. და ნ. ა-ძეებმა სარჩელი აღძრეს სასამართლოში მოპასუხე თ. ა-ძის მიმართ და სამოქალაქო კოდექსის 1310-ე მუხლის თანხმად მოითხოვეს მის უღირს მემკიდრედ ცნობა და სამოქალაქო კოდექსის 1312-ე მუხლის საფუძველზე მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევა.
მოცემული დავა არაერთხელ იქნა განხილული სასამართლოების მიერ.
ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001წ. 11 ივნისის გადაწყვეტილებით ს. და ნ. ა-ძეების სარჩელი დაკმაყოფილდა: თ. ა-ძე ცნობილ იქნა მშობლების, ს. და ნ. ა-ძეების, უღირს მემკვიდრედ და ჩამოერთვა მემკვიდრეობის უფლება.
თ. ა-ძის წარმომადგენელმა ნ. ნ-ძემ სააპელაციო საჩივარი შეიტანა მოცემული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 18 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით თ. ა-ძის წარმომადგენლის, ადვოკატ ნ. ნებიერიძის, სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა მოწინააღმდეგე მხარის, ს. და ნ. ა-ძიეების, გამოუცხადებლობის გამო: გაუქმდა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001წ. 11 ივნისის გადაწყვეტილება. ს. და ნ. ა-ძეებს უარი ეთქვათ სარჩელზე თ. ა-ძის უღირს მემკვიდრედ ცნობისა და მემკიდრეობის უფლების ჩამორთმევის შესახებ იმ მოტივით, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 232-ე მუხლის შესაბამისად გამოუცხადებლად ითვლება მხარე, რომელიც თუმცა სასამართლოს სხდომაზე დანიშნულ დროს გამოცხადდა, მაგრამ უარს ამბობს საქმის განხილვაში მონაწილეობაზე. სააპელაციო პალატის სხდომა კი ს. და ნ. ა-ძეებმა თვითნებურად დატოვეს.
ს. და ნ. ა-ძეებმა საჩივარი შეიტანეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 18 ოქტომბრის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე.
სააპელაციო პალატის 2001წ. 7 ნოემბრის განჩინებით ს. და ნ. ა-ძეების საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 11 დეკემბრის განჩინებით ს. და ნ. ა-ძეებს უარი ეთქვათ საჩივრის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო. შესაბამისად, უცვლელად დარჩა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 18 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
მოცემული სასამართლოს განჩინება დასაბუთებულია იმით, რომ საქმის სააპელაციო წესით განხილვის სტადიაზე ნ. და ს. ა-ძეებმა იშუამდგომლეს სააპელაციო პალატის წინაშე სხდომის თავმჯდომარის, ლ. არჩვაძის, აცილების თაობაზე, რაც უსაფუძვლობის გამო არ იქნა დაკმაყოფილებული. ზემოაღნიშნულის გამო, ნ. და ს. ა-ძეებმა უარი განაცხადეს საქმის განხილვაში მონაწილეობის მიღებაზე და დატოვეს სხდომის დარბაზი მიუხედავად იმისა, რომ სხდომის თავმჯდომარის მიერ გაფრთხილებულ იქნენ იმ სამართლებრივ შედეგებზე, რაც სხდომის თვითნებურად მიტოვებას მოჰყვებოდა. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 232-ე მუხლი. ასევე ამავე კოდექსის 387-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან გამომდინარე, კანონიერად იქნა მიღებული 2001წ. 18 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა თ. ა-ძის სააპელაციო საჩივარი მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის გამო. სააპელაციო პალატამ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად არ მიიჩნია ნ. ა-ძის მტკიცება იმის თაობაზე, რომ სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნა და არ იმსჯელა იმის თაობაზე, სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებდა თუ არა სასარჩელო მოთხოვნას.
მოცემულ სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანეს ს. და ნ. ა-ძეებმა და მოითხოვეს მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ: სააპელაციო ინსტანციაში საქმე განხილულ იქნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით. სასამართლომ არ დააკმაყოფილა მათი შუამდგომლობა მოსამართლის აცილების შესახებ, რაც სასამართლო დარბაზის დატოვების მიზეზი გახდა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, თ. ა-ძის სააპელაციო საჩივრის განხილვა სააპელაციო პალატაში დანიშნული იყო 2001წ. 18 ოქტომბერს. სხდომაზე გამოცხადდნენ მხარეები. ს. და ნ. ა-ძეებმა სასამართლოს წინაშე დააყენეს შუამდგომლობა მოსამართლე ლალი არჩვაძის აცილების შესახებ. სასამართლომ განიხილა აღნიშნული შუამდგომლობა და სააპელაციო პალატის 2001წ. 18 ოქტომბრის განჩინებით არ დააკმაყოფილა იგი მოსამართლე ლ. არჩვაძის აცილების თაობაზე. ამ განჩინების გამოცხადების შემდეგ პალატამ გააგრძელა სხდომა, მოწინააღმდეგე მხარემ – ნ. და ს. ა-ძეებმა დატოვეს სასამართლო სხდომა, რადგან მათ არ სურდათ მონაწილეობა. სასამართლომ მათ განუმარტა, რომ პროცესის დატოვების შემთხვევაში გამოტანილი იქნებოდა დაუსწრებელი გადაწყვეტილება მათ წინააღმდეგ. აპელანტის წარმომადგენელმა ნ. ნებიერიძემ კი იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა.
საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ 2001წ. 11 დეკემბრის განჩინებით სწორად არ დააკმაყოფილა ნ. და ს. ა-ძეების საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 232-ე მუხლის თანახმად გამოუცხადებლად ითვლება მხარე, რომელიც თუმცა სასამართლო სხდომაზე დანიშნულ დროს გამოცხადდა, მაგრამ უარს ამბობს საქმის განხილვაში მონაწილეობაზე. საქმის მასალების თანახმად სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 232-ე მუხლი. გასაჩივრებულ განჩინებაში დასაბუთებულია სააპელაციო სასამართლოს მიერ მოწინააღმდეგე მხარის მიერ საქმის განხილვაში მონაწილეობაზე უარის თქმის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის კანონიერება იმავე კოდექსის 387-ე მუხლის საფუძველზე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის მეორე ნაწილში აღნიშნულია, რომ თუ საქმის განხილვაზე მოწინააღმდეგე მხარე არ გამოცხადდება, სააპელაციო საჩივრის შემტანი პირის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, რომელიც შეიძლება დაემყაროს მომჩივნის ახსნა-განმარტებას.
ამდენად, სააპელაციო პალატის განჩინება იურიდიულად საკმაოდ არის დასაბუთებული, რის გამოც საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ნ. ა-ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 11 დეკემბრის განჩინება მოცემულ საქმეზე დარჩეს უცვლელად.
პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.