Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ-451-02 13 მაისი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. წიქვაძე (თავმჯდომარე),

ლ. გოჩელაშვილი, რ. ნადირიანი

სარჩელის საგანი: საკრედიტო ხელშეკრულების ვალდებულების შესრულება და იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია.

აღწერილობითი ნაწილი:

2001 წლის 16 ოქტომბერს ს/ს კბ. “ბ-ის” დირექტორმა _ ზ. ც-ავმა ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოში აღძრა სარჩელი მოპასუხეების გ. გ-შვილისა და გ. ფ-ავას წინააღმდეგ და მოითხოვა 2001 წლის 4 ივლისის საკრედიტო ხაზის ხელშეკრულებით გათვალისწინებული 15.000 აშშ დოლარისა და მასზე დარიცხული პროცენტის 1.215 დოლარის დაკისრება, ასევე იპოთეკით დატვირთული გ. ფ-ავას საკუთრებაში არსებული ბინის აუქციონზე გაყიდვა.

2001 წლის 30 ნოემბერს ს/ს კბ. “ბ-ის” წარმომადგენელმა დ. ბ-შვილმა შუამდგომლობით მიმართა ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს და “კომერციული ბანკების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად მოითხოვა განსჯადობით ზემოაღნიშნული საქმის თბილისის საოლქო სასამართლოში განსახილველად გადაგზავნა.

ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001 წლის 3 დეკემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა დ. ბ-შვილის შუამდგომლობა და საქმე განსახილველად გადაეგზავნა თბილისი საოლქო სასამართლოს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიამ განიხილა აღნიშნული საქმე და 2002 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ს/ს კბ. “ბ-ის” სარჩელი.

სასამართლომ საქმეზე დაადგინა შემდეგი გარემოებები:

მოსარჩელესა და მოპასუხე გ. გ-შვილს შორის სამართლებრივი ურთიერთობა წარმოიშვა 2001 წლის 4 ივლისს საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების საფუძველზე, ხოლო _ მოსარჩელესა და მოპასუხე გ. ფ-ავას შორის _ იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე.

ზემოაღნიშნული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე კოლეგიმ საფუძვლიანად მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა კრედიტის 15.000 აშშ დოლარისა და მასზე დარიცხული პროცენტის 1.215 აშშ დოლარის ასანაზღაურებლად იპოთეკით დატვირთული საცხოვრებელის ბინის აუქციონზე რეალიზაცია.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო კოლეგიამ იხელმძღვანელა “კომერციული ბანკების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე პრიმა მუხლით და დააკმაყოფილა ს/ს კბ “ბ-ის” სასარჩელო განცხადება იპოთეკით დატვირთული საცხოვრებელი ბინის რეალიზაციისა და მიღებული თანხით კრედიტის ანზღაურების ნაწილში, ხოლო რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას იპოთეკით დატვირთული ბინის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესასრულებლად უკმარისობის შემთხვევაში დარჩენილი მოთხოვნის ანაზღაურებას მთავარი მოვალის _ გ. გ-შვილის ქონებიდან, ეს მოთხოვნა სასამართლომ არ დააკმაყოფილა უსაფუძვლობის გამო.

აღნიშნული გადაწყვეტილება გ. ფ-ავამ გაასაჩივრა საკასაციო წესით.

კასატორი ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ არ დააკმაყოფილა მისი 2002 წლის 21 იანვრის განცხადება ადვოკატის აყვანის თაობაზე; სასამართლომ არ მისცა საშუალება გასცნობოდა მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარმოდგენილ ახალ დოკუმენტებს და ასევე არ მიაღებინა მონაწილეობა მტკიცებულებათა გამოკვლევაში, რითაც დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლის პირველი ნაწილი.

კასატორის აზრით სასამართლო კოლეგიამ ასევე დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლი განსჯადობის შესახებ.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლით გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი, თუ სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ სასამართლომ საქმის განხილვისას დაარღვია განსჯადობის კანონით დადგენილი წესი. კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლი, რომლითაც საოლქო სასამართლოს განსჯადია მხოლოდ ინტელექტუალური საკუთრებითი ურთიერთობებიდან წარმოშობილი დავები და ის სარჩელები, რომელთა ფასი აღემატება 500 000 ლარს. ამავე კოდექსის მე-13 მუხლი კი ადგენს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განსჯად სამოქალაქო საქმეებს, რომლის საფუძველზეც მოცემული საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს განსჯადია.

საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის მოსაზრებას და თვლის, რომ საოლქო სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა “კომერციული ბანკების შესახებ” კანონის 251 მუხლი და მოცემული საქმე არ უნდა განეხილა, რადგან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ საქართველოს საერთო სასამართლოები სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით. ეს იმას ნიშნავს, რომ სამოქალაქო საქმეთა განხილვა ხდება მხოლოდ საპროცესო ნორმათა მიხედვით და არა სხვა რომელიმე კანონით დადგენილი წესით (მათ შორის “კომერციული ბანკების შესახებ” კანონის 251 მუხლი). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-13, მე-14 მუხლები ადგენენ რაიონული (საქალაქო) და საოლქო სასამართლოების განსჯად საქმეებს და თუ ამ ნორმების მოთხოვნათა შესაბამისად არ იქნება სარჩელი წარდგენილი, სასამართლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლის I ნაწილის “ე” ქვეპუნქტით სარჩელს არ მიიღებს. მითითებული მუხლების მიხედვით მოცემული საქმე საოლქო სასამართლოს განსჯადი არ არის, ამიტომ მას აღნიშნული საქმე არ უნდა განეხილა.

პალატა მიუთითებს, რომ მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში საქმეთა განსჯადობით განხილვა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხის სწორად გადაწყვეტის უზრუნველსაყოფად კანონმდებელმა, გარდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსისა, “საერთო სასამართლოების შესახებ” ორგანული კანონის მე-16 მუხლში მიუთითა, რომ რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განსჯადობას მიკუთვნებულ საქმეებს განსაზღვრავს საპროცესო კანონი, ხოლო ამავე კანონის 21-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ საოლქო სასამართლო განიხილავს საქმეებს პირველი ინსტანციით საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამდენად, სასამართლოებში საქმეთა განხილვა ხდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მას სასამართლომ არ მისცა ადვოკატის აყვანის შესაძლებლობა. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სარჩელი გ. ფ-ავას წინააღმდეგ აღძრულია 2001 წლის 19 ნოემბერს, ხოლო საქმის მთავარ სხდომაზე განხილვა დაიწყო 2002 წლის 4 იანვარს. Mმოპასუხის შუამდგომლობას საქმის გადადების თაობაზე იმ მოტივით, რომ ისარგებლოს ადვოკატის მომსახურებით, 2002 წლის 22 იანვრის განჩინებით უარი ეთქვა. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხეს ჰქონდა საკმაო დრო, რათა ესარგებლა ადვოკატის დახმარებით და აღნიშნული გარემოება არ ჩათვალა საქმის გადადების საფუძვლად. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საოლქო სასამართლოს ამ განჩინების გამოტანისას კანონი არ დაურღვევია. კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 207-ე, 215-ე და 216-ე მუხლები.

პალატა ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მას არ ჩაბარდა საქმეზე წარდგენილ მტკიცებულებათა ასლები კანონით დადგენილი წესით, რადგან ეს გარემოება საქმის მასალებით არ დასტურდება.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემული საქმის განხილვისას საოლქო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, რის გამოც უნდა გაუქმდეს მოცემულ საქმეზე გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს სასამართლოს. საქმის განხილვის დროს სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს მოცემული დავის განსჯადობის საკითხი.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

გ. ფ-ავას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2002 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილება და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შესაბამის პალატას განსჯადობის დასადგენად.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

განჩინების ასლიგაეგზავნოს მხარეებს.