Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ-452-02 11 ივლისი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),

მ. ახალაძე, მ. ცისკაძე

დავის საგანი: მეუღლეთა შორის თანასაკუთრების გაყოფა.

აღწერილობითი ნაწილი:

2000წ. მარტში დ. ნ-შვილმა სარჩელით მიმართა ფოთის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე ჯ. გ-ის მიმართ და მოითხოვა მოპასუხესთან ქორწინების შეწყვეტა და თანასაკუთრებაში არსებული ქონების გაყოფა. მოსარჩელის განმარტებით, 1975 წლიდან იმყოფებოდა რეგისტრირებულ ქორწინებაში ჯ. გ-ძესთან. ქორწინების პერიოდში შეეძინათ შვილი თ. გ-ძე. მას და მოპასუხეს შორის დავა 1992 წელს დაიწყო. 1995 წლიდან იგი შვილთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა ქ. თბილისში.

1999 წელს შეიტყო, რომ მისი მეუღლე, მოპასუხე ჯ. გ-ძე, დაქორწინდა და შეეძინა შვილი, რის გამოც გადაწყვიტა მასთან განქორწინება და ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონებიდან თავისი წილის გამოყოფა. მოსარჩელის განმარტებით, ქორწინების განმავლობაში ცოლ-ქმარმა შეიძინეს ბინები: ქ. ფოთში, ... ქ.¹14\6-ში სამოთახიანი, ... ¹22\4-ში ოროთახიანი ბინა, სტალინის სანაპირო 24-ში, 23\24 სამოთახიანი და ერთოთახიანი ბინები, აღჭურვილი საოფისე ავეჯითა და ტექნიკით, ... ქ. ¹83\3-ში ერთოთახიანი ბინა საოფისე ავეჯითა და ტექნიკით, ... ქ. ¹5\9-ში მდებარე ოროთახიანი ბინა. დ. ნ-შვილის მითითებით, ფოთში, ... ქ. ¹14\6-ში მდებარე ბინა ავეჯით საბაზრო ღირებულებით 45000 აშშ დოლარი, გადაეცეს ჯ. გ-ძეს, ხოლო დანარჩენი ბინები ავეჯით და ტექნიკით, საბაზრო შეფასებით 42500 აშშ დოლარის ღირებულების გადაეცეს მას.

სასამართლო სხდომა დაინიშნა 2000წ. 14 აპრილს. მხარეები გააფრთხილეს სხდომის თაობაზე, მაგრამ შეტყობინებაში მითითება გამოუცხადებლობის სამართლებრივ შედეგებზე არ ყოფილა.

2000წ. 18 აპრილს ფოთის საქალაქო სასამართლომ მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება იმ საფუძვლით, რომ ჯ. გ-ძის ავადმყოფობის ცნობაში მითითებული დიაგნოზი მას ხელს არ შეუშლიდა, გამოცხადებულიყო სასამართლოში;

დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა დ. ნ-შვილის სარჩელი: შეწყდა მასა და მოპასუხე ჯ. გ-ძეს შორის რეგისტრირებული ქორწინება; დ. ნ-შვილი ცნობილ იქნა ჯ. გ-ის ქონების თანამესაკუთრედ; მეუღლეთა საერთო ქონება გაიყო შემდეგნ.დ: ჯ. გ-ძეს პირად საკუთრებაში დარჩა საცხოვრებელი ბინა, მდებარე ქ. ფოთში, ... ქ. ¹14\6-ში მასში განთავსებული ავეჯით, საერთო ღირებულებით 45000 აშშ დოლარი; დ. ნ-შვილს პირად საკუთრებაში დარჩა საცხოვრებელი ბინა, მდებარე ფოთში, ... ქ. ¹22\24-ში, მასში განთავსებული ავეჯით. ქ. ფოთში ... სანაპიროს ¹24\23-ში და ¹24\24-ში მდებარე სამოთახიანი და ერთოთახიანი საცხოვრებელი ბინები, გაერთიანებული, აღჭურვილი საოფისე ტექნიკითა და ავეჯით, ქ. ფოთში, ... ქ. ¹89\3-ში მდებარე ერთოთახიანი საცხოვრებელი ბინა მასში განთავსებული საოფისე ტექნიკითა და ავეჯით, საერთო საბაზრო ღირებულებით 42500 აშშ დოლარი; უარი ეთქვა მოსარჩელე დ. ნ-შვილს ქ. ფოთში, ... ქ. ¹5\9-ში მდებარე დედამთილის თ. გ-ძის, სახლზე რიცხული საცხოვრებელი ბინის თანამესაკუთრედ ცნობაზე;

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2000წ. 20 ივნისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ჯ. გ-ძის საჩივარი, უცვლელად დარჩა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2000წ. 18 აპრილის გადაწყვეტილება.

აღნიშნული განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ჯ. გ-ძემ. ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000წ. 26 ივლისის განჩინებით აპელანტს მიეცა ვადა სააპელაციო საჩივრის ხარვეზის გამოსასწორებლად, კერძოდ, ბაჟის გადასახდელად; იმავე პალატის 2000წ. 10 აგვისტოს განჩინებით ჯ. გ-ძის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი დაუშვებლობის გამო;

ჯ. გ-ძემ 2002წ. 1 აგვისტოს კერძო საჩივრით მიმართა ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატას და მოითხოვა ამავე პალატის 2000წ. 10 აგვისტოს განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღება იმ საფუძვლით, რომ მას არ ჩაბარებია ეს განჩინება და არ იცოდა, რომ სააპელაციო საჩივარი განუხილველად იყო დატოვებული.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 2001წ. 6 აგვისტოს განჩინებით დააკმაყოფილა ჯ. გ-ძის კერძო საჩივარი და მისი სააპელაციო საჩივარი ფოთის საქალაქო სასამართლოს 2000წ. 18 აპრილის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე მიღებულ იქნა განსახილველად.

2001წ. 10 სექტემბრის განჩინებით სააპელაციო სასამართლომ 2001წ. 5 ნოემბერს დანიშნა სხდომა ჯ. გ-ძის სააპელაციო საჩივრის განსახილველად. მოსარჩელე დ. ნ-შვილი არ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე.

სხდომა გადაიდო 16 ნოემბრისათვის (დ. ნ-შვილს პროცესის თაობაზე ეცნობა როგორც ქ.ფოთში, ... 22\3-ში, ისე _ თბილისში, ... კორპ 2, ბინა 120-ში, მაგრამ არ გაფრთხილებულა შედეგებზე).

2001წ. 16 ნოემბერს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა ჯ. გ-ძის სააპელაციო საჩივარი: გაუქმდა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2000წ. 20 ივნისის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ. ასევე გაუქმდა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2000წ. 18 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც დ. ნ-შვილის პირად საკუთრებად ჩაითვალა ფოთში, ... სანაპიროს ¹24\23-ში, სტალინის სანაპიროს ¹24\24-ში, ... ქ. ¹89\3-ში მდებარე ბინები და ამ ბინებში განთავსებული საოფისე ტექნიკა და ავეჯი;

დ. ნ-შვილმა 2001წ. 3 დეკემბერს საჩივარი შეიტანა ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2001წ. 16 ნოემბრის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე და მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის წარმოების შეწყვეტა იმ საფუძვლით, რომ არ შესრულებულა კანონის მოთხოვნა უწყების ადრესატისთვის ჩაბარების შესახებ, მისთვის ცნობილი არ იყო საჩივრის განხილვის დრო.

საჩივრის ავტორის განმარტებით, პალატამ ისე მიიღო წარმოებაში ჯ. გ-ძის სააპელაციო საჩივარი, არ გაარკვია, იყო თუ არა ხარვეზი გასწორებული განჩინებით მიცემულ ვადაში.

სააპელაციო სასამართლოს უნდა შეეწყვიტა საქმის წარმოება ვინაიდან არსებობს კანონიერ ძალაში შესული 2000წ. 18 აპრილის გადაწყვეტილება და განჩინება, რომელიც გამოტანილია იმავე დავაზე იმავე საგანზე და იმავე მხარეებს შორის.

საჩივარი დაშვებელ იქნა განსახილველად და სასამართლო სხდომა დაინიშნა 19 დეკემბერს. დ. ნ-შვილი გაფრთხილებულ იქნა სხდომის თაობაზე კანონით დადგენილი წესით;

2001წ. 19 დეკემბერს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ მიიღო მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება _ დ. ნ-შვილის გამოუცხადებლობის გამო არ დაკმაყოფილდა მისი საჩივარი და უცვლელი დარჩა ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 16 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

დ. ნ-შვილმა საკასაციო წესით გაასაჩივრა საოლქო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მოითხოვა მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიკვლია კანონით დადგენილი წესის შესაბამისად საჩივრის დასაშვებობის საკითხი და ისე მიიღო სააპელაციო საჩივარი წარმოებაში. არც კი შეამოწმა, რომ არსებობს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება და განჩინება, რომელიც გამოტანილია იმავე დავაზე, იმავე საგანზე და იმავე მხარეებს შორის.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ განიხილა საკასაციო საჩივარი, გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთებულობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2001წ. 16 ნოემბერს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება მოწინააღმდეგე მხარის, დ. ნ-შვილის, გამოუცხადებლობის გამო.

დ. ნ-შვილმა საჩივარი შეიტანა ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2001წ. 16 ნოემბრის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე. ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 3 დეკემბრის განჩინებით საჩივარი დასაშვებად იქნა მიჩნეული და 2001წ. 19 დეკემბერს დაინიშნა სხდომა მის განსახილველად. მხარეებს ეცნობათ სხდომის თაობაზე მათ მიერ საჩივარში მითითებულ მისამართებზე კანონით დადგენილი წესით.

საფოსტო შეტყობინების მიხედვით დ. ნ-შვილს სასამართლო უწყება ჩაბარდა.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 19 დეკემბრის მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დ. ნ-შვილის საჩივარი არ დაკმაყოფილდა: უცვლელად დარჩა ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 16 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

სსკ-ს 387-ე მუხლის I ნაწილის მიხედვით, თუ სააპელაციო საჩივრის ავტორი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ამავე მუხლის II ნაწილის მიხედვით, თუ საქმის განხილვაზე მოწინააღმდეგე მხარე არ გამოცხადდება, სააპელაციო საჩივრის შემტანი პირის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, რომელიც შეიძლება დაემყაროს მომჩივნის ახსნა-განმარტებას. ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში გამოყენებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ;

საპროცესო კანონმდებლობით, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია კანონით მკაცრად განსაზღვრულ შემთხვევაში, მათ შორის, თუ გამოცხადებული მხარე მოწვეული არ იყო 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, რაც, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს გამოუცხადებლობის შედეგებზე მითითებას. განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალების მიხედვით მხარე გაფრთხილებულია სასამართლოში გამოუცხადებლობის სამართლებრივ შედეგებზე. სსკ-ს 241-ე მუხლის შესაბამისად დაუსწრებელი გადაწყვეტილება შეიძლება გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს სსკ-ს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან, თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო, თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის;

დ. ნ-შვილს საკასაციო საჩივარში არ მიუთითებია გარემოებებზე, რომლებიც ადასტურებენ, რომ სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით.

პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება კანონიერია და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო პალატის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

დ. ნ-შვილის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 19 დეკემბრის მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

განჩინების ასლი გაეგზავნოთ მხარეებს.