¹3კ-453-02 14 ივნისი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. წიქვაძე (თავმჯდომარე),
რ. ნადირიანი, მ. გოგიშვილი
დავის საგანი: ტექაღრიცხვის ბიუროს ჩანაწერის გაუქმება.
აღწერილობითი ნაწილი:
ქ. ქუთაისის სასამართლოს 1996წ. 27 მარტის გადაწყვეტილებით დ. გ-ძეს “ს-ის” ქუთაისის განყოფილების სასარგებლოდ დაეკისრა 2120 აშშ დოლარის, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 530 აშშ დოლარის შესაბამისი კურსით ეროვნული ვალუტის – ლარის გადახდა.
სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად 1996წ. ივლისში დ. გ-ძის სახელზე რიცხული საცხოვრებელი სახლი, მდებარე ..... ქ. ქუთაისში, საჯარო ვაჭრობის წესით შეიძინა მ. ბ-ურმა, რომელზედაც გაიცა საჯარო ვაჭრობის აქტის ასლი ტექაღრიცხვის ბიუროში რეგისტრაციისათვის წარსადგენად. 1997წ. 30 სექტემბერს მ. ბ-ურსა და თ. ბ-შვილს შორის დაიდო სანოტარო წესით გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, თ. ბ-შვილმა მ. ბ-ურისგან შეიძინა ქ. ქუთაისში, ..... მდებარე საცხოვრებელი სახლი.
1998წ. 31 მარტს ქ. ქუთაისის სასამართლოს მიერ დაკმაყოფილდა დ. და ქ. გ-ძეების სარჩელი და საჯარო ვაჭრობის აქტი, რომლის საფუძველზეც აღნიშნული სახლი შეიძინა მ. ბ-ურმა ცნობილ იქნა ბათილად. 1998წ. 30 სექტემბრის გადაწყვეტილებისა და აღნიშნული გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით მოსამართლის ქ. ქუთაისის ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროსადმი მიმართვის საფუძველზე, ქ. ქუთაისში, ..... მდებარე საცხოვრებელი სახლიM რომელიც 1997წ. 3 დეკემბრიდან, ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე თ. ბ-შვილის სახელზე იყო აღრიცხული, 1998წ. 6 აგვისტოსათვის გ-ძის სახელზე აღირიცხა.
თ. ბ-შვილმა სარჩელი აღძრა ქ. ქუთაისის სასამართლოში მოპასუხეების დ. გ-ძის და ქ. ქუთაისის ტექაღრიცხვის ბიუროს მიმართ და მოითხოვა ტექაღრიცხვის ბიუროს რეგისტრაციის გაუქმება. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით გაუქმდა საჯარო ვაჭრობის აქტი, მაგრამ არ გაუქმებულა მ. ბ-ურის სახლმფლობელობა და რეესტრში სათანადო რეგისტრაცია; არ გაუქმებულა, აგრეთვე, სანოტარო წესით დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის ძალითაც თ. ბ-შვილმა შეიძინა საცხოვრებელი სახლი მ. ბ-ურისაგან. სასამართლოს გადაწყვეტილებაში, რომლითაც ტექბიურომ იხელმძღვანელა, არაფერია ნათქვამი საჯარო ვაჭრობის წესით გაყიდული საცხოვრებელი სახლის დ. გ-ძისათვის დაბრუნებაზე. მიუხედავად ამისა, მოსამართლემ გასცა სასამართლოს 1998წ. 31 მარტის გადაწყვეტილების განმარტება, რომლითაც არსებითად შეცვალა გადაწყვეტილების შინაარსი, ხოლო ტექაღრიცხვის ბიურომ იხელმძღვანელა აღნიშნული განმარტებით და თ. ბ-შვილის მიერ შეძენილი საცხოვრებელი სახლი 1998წ. 6 აგვისტოს აღირიცხა დ. გ-ძის სახელზე. დ. და ქ. გ-ძეების სარჩელი ქ. ქუთაისის სასამართლოს მიერ ისე იქნა განხილული, რომ საქმის წარმოებაში არ იქნა ჩაბმული თ. ბ-შვილი.
ქ. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2000წ. 1 ივნისის გადაწყვეტილებით თ. ბ-შვილს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო.
აღნიშნული გადაწყვეტილება თ. ბ-შვილმა გაასაჩივრა სააპელაციო წესით. ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2000წ. 4 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა თ. ბ-შვილის სააპელაციო საჩივარი. გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2000წ. 1 ივნისის გადაწყვეტილება. ბათილად იქნა ცნობილი ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი – ქ. ქუთაისში ..... მდებარე საცხოვრებელი სახლის დ. გ-ძის სახელზე 1998წ. 6 აგვისტოს რეგისტრაციის შესახებ და ძალაში დარჩა სახლთმფლობელობის შესახებ აღნიშნულ რეგისტრაციამდე არსებული სარეგისტრაციო ჩანაწერი. სასამართლომ მიუთითა, რომ საქმის საქალაქო სასამართლოში განხილვის დროისათვის ამოქმედებული იყო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი. ტექაღრიცხვის ბიუროს მიერ საცხოვრებელი სახლის რეგისტრაციის შესახებ დავა, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ დავას წარმოადგენს, რის გამოც სასამართლოს საქმე უნდა განეხილა ადმინისტრაციული სამართალწარმოების და არა სამოქალაქო სამართალწარმოების წესით. კერძოდ, დავა უნდა განხილულიყო ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, როგორც დავა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შესახებ. სასამართლოს, ამავე კოდექსის მე-4 მუხლის საფუძველზე, უნდა გამოეთხოვა წერილობითი მტკიცებულება საცხოვრებელი სახლის აღრიცხვის შესახებ.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2000წ. 4 ოქტომბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა დ. გ-ძის მიერ. მან საკასაციო საჩივრით ითხოვა ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2000წ. 4 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება, მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2001წ. 29 მაისის განჩინებით: დ. გ-ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: გაუქმდა ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2000წ. 4 ოქტომბრის გადაწყვეტილება, საქმე ხელახალი განხილვისათვის განსჯადობის მიხედვით გადაეგზავნა ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას.
საქმის ხელახლა განხილვისას, ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 26 დეკემბრის განჩინებით თ. ბ-შვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2000წ. 1 ივნისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი გარემოებები: დ. და ქ. გ-ძეების საცხოვრებელი სახლი, მდებარე ..... ქ. ქუთაისი, ბანკის ვალის გამო გაიყიდა საჯარო ვაჭრობის წესით. აღნიშნული საჯარო ვაჭრობა დ. და ქ. გ-ძეების სარჩელის გამო ცნობილი იქნა უკანონოდ ქუთაისის სასამართლოს 1998წ. 31 მარტის გადაწყვეტილებით. ამავე გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი 1996წ. 4 ივლისის თარიღით ჩატარებული საჯარო ვაჭრობის აქტი, რომლითაც ბინა გადაფორმდა მ. ბ-ურის სახელზე.
1997წ. 30 სექტემბერს მ. ბ-ურსა და თ. ბ-შვილს შორის დაიდო სანოტარო წესით გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის ძალითაც თ. ბ-შვილმა მ. ბ-ურისაგან შეიძინა ქუთაისში ..... მდებარე დ. და ქ. გ-ძეების საცხოვრებელი სახლი. პალატამ დადასტურებულად მიიჩნია, რომ მ. ბ-ურმა სადავო სახლი გაყიდა იმ პერიოდში, როცა ქუთაისის სასამართლოში იხილებოდა დ. და ქ. გ-ძეების სარჩელი საჯარო ვაჭრობის შედეგების გაუქმების შესახებ. ამ საქმეზე გადაწყვეტილება მიღებული იქნა 1998წ. 31 მარტს, ხოლო საცხოვრებელი სახლი გაიყიდა მანამდე, 1997წ. 30 სექტემბერს. სასამართლომ მიიჩნია, რომ რამდენადაც სასამართლოში მიმდინარეობდა დავა, მ. ბ-ურს არ ჰქონდა უფლება გაეყიდა სადავო სახლი, ხოლო იმის შესახებ, რომ სახლი სადავო იყო, ცნობილი იყო მ. ბ-ურისათვის, რაც იმით დასტურდება, რომ საჯარო ვაჭრობის შედეგების გაუქმების შესახებ სარჩელში გ-ძეებს ერთ-ერთ მოპასუხედ დასახელებული ჰყავდათ აგრეთვე მ. ბ-ური. ქუთაისში, ..... მდებარე სახლი, რომ სადავო იყო, ეს ცნობილი იყო ასევე თ. ბ-შვილისათვისაც, მის მიერ სასამართლოსათვის მიცემული განმარტებიდან ირკვევა, რომ იგი შეხვდა ქ. გ-ძეს და საქმის კურსში ჩააყენა იგი მისი ბინის ყიდვის განზრახვის შესახებ.
სასამართლომ არ გაიზიარა თ. ბ-შვილის ადვოკატის განმარტება იმის თაობაზე, რომ 1998წ. 31 მარტის გადაწყვეტილებით მხოლოდ საჯარო ვაჭრობის აქტი იქნა ცნობილი ბათილად, მასში არ იყო მითითებული, რომ სადავო სახლი ისევ გ-ძეების სახელზე აღრიცხულიყო, ამიტომ ტექბიუროს არ უნდა აღერიცხა სახლი გ-ძეების სახელზე. პალატამ დადგენილად ცნო, რომ ზემოთ აღნიშნული გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი არა მხოლოდ საჯარო ვაჭრობა, არამედ ამ ვაჭრობით ქუთაისში, ..... მდებარე სახლის მ. ბ-ურის სახელზე გადასვლაც. ბათილობის შედეგი კი არის პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენა ანუ რესტიტუცია. ამიტომ, პალატამ მიიჩნია, რომ ქუთაისის ტექბიურომ სწორად აღრიცხა სადავო საცხოვრებელი სახლი ისევ გ-ძის სახელზე.
სააპელაციო პალატამ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” პუნქტი, რომლის მიხედვით პირს, რომელმაც სხვა ვალდებულების შეუსრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან არ შეწყდა შემდგომში და მიუთითა, რომ მართალია, ქუთაისის სასამართლოს 1998წ. 31 მარტის გადაწყვეტილებით, რომელიც კანონიერ ძალაშია შესული, გაბათილდა საჯარო ვაჭრობაც, რის გამოც კანონით დადგენილი წესით უნდა ჩატარებულიყო ახალი საჯარო ვაჭრობა, მაგრამ ეს პალატის მოსაზრებით, სულაც არ უშლიდა ხელს სახლის, ისევ გ-ძის სახელზე აღრიცხვას, რადგან ამავე გადაწყვეტილებით გაბათილდა ასევე სადავო სახლის ბ-ურზე გადასვლაც, ბათილობის შედეგი კი პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენას გულისხმობს. გარდა ამისა, საჯარო ვაჭრობა ვერ ჩატარდებოდა და არც ჩატარებულა, რადგან გ-ძეებმა გაისტუმრეს ბანკის ვალი.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მართალია, ქუთაისის სასამართლოს მოსამართლეს განჩინებით უნდა მოეხდინა 1998წ. 31 მარტის გადაწყვეტილების განმარტება და, არა წერილით, მაგრამ აღნიშნული არ ცვლის საქმის არსს. პალატამ არ გაიზიარა აპელანტის განმარტება, რომ თითქოს მოსამართლის ხსენებული წერილი დაედო საფუძვლად სადავო სახლის გ-ძეების სახელზე აღრიცხვას. ტექბიუროს ჩანაწერს, სადავო სახლის გ-ძის სახელზე აღრიცხვის თაობაზე, საფუძვლად უდევს ქუთაისის სასამართლოს 1998წ. 31 მარტის გადაწყვეტილება. ქუთაისის ტექბიუროს მიერ გაცემულ ცნობაში, ბოლო აბზაცში პირდაპირ არის მითითებული, რომ სახლი, მდებარე ..... ქუთაისში, ეკუთვნის დ. გ-ძეს, საფუძველი: სასამართლოს 1998წ. 31 მარტის გადაწყვეტილება. ამდენად, ქუთაისის ტექბიურომ საცხოვრებელი სახლის რეგისტრაცია მოახდინა კანონით დადგენილი წესით.
სასამართლომ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის მიხედვით, საცილო გარიგება ბათილია მისი დადების მომენტიდან, თუკი იგი შეცილებული იქნება. შეცილება ხორციელდება ხელშეკრულების მეორე მხარის მიმართ, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით კი, შეცილების უფლება აქვს დაინტერესებულ მხარეს.
მოცემულ შემთხვევაში პალატამ მიიჩნია, რომ დაინტერესებულ მხარეს წარმოადგენენ დ. და ქ. გ-ძეები, რომელთა სახლიც გაიყიდა საჯარო ვაჭრობის წესით. მათ სარჩელით საცილო გახადეს მ. ბ-ურზე სახლის გადასვლა. 1998წ. 31 მარტის გადაწყვეტილებით მათი სარჩელი დაკმაყოფილდა და ბათილად იქნა ცნობილი მ. ბ-ურზე სადავო სახლის გადასვლა. ბათილად აღიარება კი ნიშნავს იმ სამართლებრივი შედეგების გაუქმებას, რაც ამ გარიგებას მოჰყვა, ე.ი. უნდა აღდგეს პირვანდელი მდგომარეობა, რომელიც გარიგების დადებამდე არსებობდა. პალატის მოსაზრებით, სწორედ ამიტომ აღადგინა ქუთაისის ტექბიურომ პირვანდელი მდგომარეობა, ქუთაისის სასამართლოს 1998წ. 31 მარტის გადაწყვეტილების საფუძველზე, ამიტომ არ არსებობს თ. ბ-შვილის სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
თ. ბ-შვილმა სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება გაასაჩივრა საკასაციო წესით. კასატორს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა ფაქტობრივ გარემოებებს, არ გამოიყენა ინსტრუქცია “საქართველოს სსრ ქალაქებში მუშათა სააგარაკო და საკურორტო დასახლებებში ნაგებობების რეგისტრაციის წესის შესახებ”. ასევე არ გამოიყენა 1964 წლის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლი.
კასატორი ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით, მისი სარჩელის დაკმაყოფილებას.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები და თვლის, რომ თ. ბ-შვილის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ 1996წ. 27 მარტის ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, დ. გ-ძის სახელზე რიცხული საცხოვრებელი სახლი გაიყიდა საჯარო ვაჭრობის წესით მ. ბ-ურზე. საჯარო ვაჭრობის აქტის საფუძველზე ამ უკანასკნელზე აღირიცხა სადავო ბინა. 1997წ. 30 სექტემბრის ნასყიდობის ხელშეკრულებით მ. ბ-ურმა სადავო ბინა მიყიდა თ. ბ-შვილს.
1998წ. 31 მარტს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი 1996წ. 4 ივლისის საჯარო ვაჭრობის აქტი, რომლის საფუძველზეც სადავო სახლი შეიძინა მ. ბ-ურმა. ამ გადაწყვეტილების და მის აღსრულებასთან დაკავშირებით მოსამართლის წერილის საფუძველზე ქუთაისის ტექაღრიცხვის ბიურომ სადავო სახლი კვლავ დ. გ-ძის სახელზე აღრიცხა.
საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად განმარტა 1998წ. 31 მარტის ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი საჯარო ვაჭრობის აქტი. დადგენილია, რომ მოსარჩელე არ წარმოადგენდა მითითებული გადაწყვეტილების მხარეს და ამ გადაწყვეტილებით არ განსაზღვრულა მის მიმართ რაიმე უფლება-მოვალეობები.
სასამართლოს მითითება იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელისათვის ცნობილი იყო, რომ ყიდულობდა ისეთ ბინას, რომელზეც მიმდინარეობდა დავა სასამართლოში, არ შეიძლება გამხდარიყო სარჩელზე უარის თქმის საფუძველი, რადგან მითითებულ ფაქტობრივ გარემოებას არა აქვს რაიმე მნიშვნელობა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის. დადგენილია, რომ სადავო სახლი მოსარჩელის სახელზე აღირიცხა ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე და ეს ხელშეკრულება საცილო არ გამხდარა.
სააპელაციო პალატამ სადავო სახლის დ. გ-ძის სახელზე აღრიცხვა (ფაქტიურად მოსარჩელისათვის სახლის ჩამორთმევა) მიიჩნია მართებულად ისე, რომ არ იმსჯელა თ. ბ-შვილის მიერ გადახდილი ბინის ღირებულების დაბრუნებაზე. სასამართლომ მიუთითა, რომ საჯარო ვაჭრობა განმეორებით ვერ ჩატარდებოდა, რადგან გ-ძეებმა გაისტუმრეს ბანკის ვალი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში უნდა აღინიშნოს სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებანი, მტკიცებულებანი, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნები, მოსაზრებანი, რომლებითაც სასამართლო უარყოფს ამა თუ იმ მტკიცებულებას და კანონები, რომლებითაც სასამართლო ხელმძღვანელობდა.
საოლქო სასამართლოს პალატის გადაწყვეტილებაში არ არის მითითებული და არც საქმის მასალებში მოიპოვება რაიმე მტკიცებულება, რომელსაც ემყარება სასამართლო დასკვნა იმის შესახებ, რომ გ-ძეებმა გაისტუმრეს ბანკის ვალი. ამ დასკვნის საწინააღმდეგოდ საქმის მასალებით ირკვევა, რომ ბანკის ვალი დაიფარა დ. გ-ძის საცხოვრებელი ბინის რეალიზაციის შედეგად.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიერ დარღვეული იქნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე და 249-ე მუხლების მოთხოვნები, რის გამოც გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მისცეს სწორი სამართლებრივი შეფასება.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
თ. ბ-შვილის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
გაუქმდეს ამ საქმეზე ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001წ. 26 დეკემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შესაბამის პალატას.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.