Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ-457-02 24 მაისი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),

ქ. გაბელაია, თ. კობახიძე

დავის საგანი: ბინაში შესახლება და სამემკვიდრეო სახლისა და სათავსის გაყოფის შესახებ.

აღწერილობითი ნაწილი:

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2000წ. 24 იანვრის გადაწყვეტილებით, თბილისში, ... დასახლებაში მდებარე სახლი მემკვიდრეობის უფლების საფუძველზე გაყოფილ იქნა მხარეებს შორის. კერძოდ, ლიტერ “ბ” სამკვიდრო სახლიდან 3\4-ის 1\2 იდეალური წილი ცნობილ იქნა ჯ. მ-ოვის საკუთრებად, ხოლო ამავე სახლის 3\4-ის 1\2 იდეალური წილი ს. მ-ოვას საკუთრებად. ასევე დაკმაყოფილდა სა. გ-ოვას შეგებებული მოთხოვნა ქ. თბილისში, ... დასახლების ¹4 ლიტერ “ბ” სამკვიდრო სახლიდან სახლთმფლობელობის 1\4-ის საკუთრებაში დატოვების შესახებ. გადაწყვეტილება დღეისათვის კანონიერ ძალაშია და თბილისის ტექინვენტარიზაციის ბიუროს მიერ გაცემული ცნობების თანახმად, ... დასახლების ¹4 მდებარე ლიტერ “ბ” და ლიტერ “ა” სახლის 3\8 ირიცხება ს. მ-ოვას სახელზე, ხოლო 2\8 სა. გ-ოვაზე.

ს. მ-ოვამ და სა. გ-ოვამ სარჩელით მიმართეს სასამართლოს და მოითხოვეს მათი იდეალურ წილების შესაბამისად ფართის ნატურით გაყოფა და ს. მ-ოვას შესახლება მის კუთვნილ წილში, ასევე, ლიტერ “გ” სათავსიდან წილის ნატურით გამოყოფა შემდეგი საფუძვლით: მიუხედავად სასამართლო გადაწყვეტილებისა, ჯ. მ-ოვი უარს ეუბნება ს. მ-ოვას მისი კუთვნილი ფართობის დაბრუნებაზე, რის გამოც ს. მ-ოვა ვერ იკავებს მის კუთვნილ წილს; მან იდეალური წილის შესაბამისად ასევე უნდა მიიღოს რეალური წილი ლიტერ “გ” სათავსიდან. მოპასუხე ჯ. მ-ოვმა სარჩელი არ ცნო შემდეგი საფუძვლით: სადავო სახლში ცხოვრობს 19 წლიდან, რა დროიდანაც უკავია მამამისის სახელზე აღრიცხული ბინის 2 ოთახი. ამავე დროიდან დაეუფლა, დღეისათვის კი საკურებაში აქვს მიწის ნაკვეთი და მასზე განლაგებული დამხმარე ნაგებობანი, რომელიც მისი სახსრებით არის აშენებული და არასოდეს ყოფილა საერთო სარგებლობაში. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001წ. 15 თებერვლის გადაწყვეტილებით ს. მ-ოვას და სა. გ-ოვას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: თბილისში, ... დასახლების ¹4 მდებარე ლიტერ “ბ“ სამკვიდრო სახლიდან 3\8 და 2\8 იდეალური წილების მიხედვით რეალურად გამოეყოთ ¹3 და ¹4 ოთახები, მოპასუხე ჯ. მ-ოვს კი 3\8 იდეალური წილის მიხედვით _ ¹1 და ¹2 ოთახები. მოსარჩელეებს უარი ეთქვათ დამხმარე ფართობის ლიტერ “გ” ნაგებობის, ნატურით გაყოფაზე უსაფუძვლობისა და ხანდაზმულობის გამო. სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა შემდეგი საფუძვლით: სასამართლომ, საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო ფართობის სამ იზოლირებულ ნაწილად გაყოფა ტექნიკური თვალსაზრისით შეუძლებელია, ხოლო ორ ნაწილად შეიძლება გაიყოს ისე, რომ ჯ. მ-ოვს გამოეყოს ¹ 1, 2 საცხოვრებელი ოთახები ფართობით _ 46,51მ2, რაც 11,22მ2-ით მეტია 3\8 იდეალური წილით კუთვნილ ფართზე, ხოლო ს. მ-ოვას და სა. გ-ოვას შესაძლებელია, გამოეყოთ საცხოვრებელი ოთახები ¹3-4, რაც ნაკლებია 5\8 წილით კუთვნილ ფართზე და ვინაიდან, ჯ. მ-ოვის ფართი მეტია მის კუთვნილ იდეალურ წილთან შედარებით, ამიტომ მოსარჩელეებს შეუძლიათ მოითხოვონ ფულადი კომპენსაცია. ასევე, სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ დამხმარე სათავსი ლიტერ “გ”-ს აშენების დღიდან ფლობს ჯ. მ-ოვი, დამხმარე ფართი არავის სახელზე ირიცხება. მამკვიდრებელი მ. მ-ოვი გარდაიცვალა 1992 წელს. ჯ. მ-ოვი რვა წელია რაც სარგებლობს ამ ფართობით და აქამდე პრეტენზია არავის განუცხადებია, რის გამოც ეს მოთხოვნა სასამართლომ ხანდაზმულად ჩათვალა.

ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ს. მ-ოვამ.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 27 დეკემბრის გადაწყვეტილებით გაუქმდა ამ საქმეზე თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სადავო სახლიდან ს. მ-ოვას და სა. გ-ოვას კუთვნილი იდეალური წილების შესაბამისად გამოეყოთ ¹2 და ¹3 ოთახები. ¹2 და ¹3 ოთახების გამყოფი კედლის მოშლით და ახალი ¹1 კედლის ამოშენებით ჯ. მ-ოვს კუთვნილი წილის შესაბამისად გამოეყო ¹1 ოთახი და ¹3 ოთახების გამყოფი კედლის გადატანის შემდეგ დარჩენილი 16,6მ2 ოთახი. კედლის გადატანის ხარჯები დაეკისრა ორივე მხარეს. არ დაკმაყოფილდა სარჩელი ლიტერ “გ” სათავსიდან წილის გამოყოფის შესახებ.

სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა შემდეგი საფუძვლით: დაინიშნა განმეორებით საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა, რომლის დასკვნის თანახმად შესაძლებლად იქნა მიჩნეული სახლის სამად გაყოფა მხარეთა იდეალური წილების შესაბამისად გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში მითითებული ვარიანტით. რაც შეეხება დამხმარე სათავსს ლიტერ “გ”-ს, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ იგი არ უნდა ჩაითვალოს სამკვიდრო ქონებად, რადგან დამხმარე ლიტერ “გ” სათავსი მამკვიდრებელ მ-ოვის სახელზე არ ირიცხება.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა როგორც ს. მ-ოვამ, ისე ჯ. მ-ოვმა. ს. მ-ოვა ითხოვს გადაწყვეტილების გაუქმებას მისთვის სათავსი ლიტერ “გ”-დან წილის გამოყოფაზე უარის თქმის ნაწილში, შემდეგი საფუძვლით: სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს საერთოდ საუბარი არ ყოფილა ლიტერ “გ” ნაგებობასთან დაკავშირებით. მიწის ფართი, რომელზედაც აღნიშნული ნაგებობა დგას, ეკუთვნოდა მამკვიდრებელს, რადგან შენობა არის ნივთის არსებითი შემდგენელი ნაწილი. ამდენად, იგი უნდა ჩაითვალოს მამკვიდრებლის საკუთრებად და გაიყოს მემკვიდრეებს შორის.

ჯ. მ-ოვი გადაწყვეტილების გაუქმებას მოითხოვს შემდეგი საფუძვლით: სასამართლოს გადაწყვეტილებით გაზიარებულ იქნა მოსარჩელის მოთხოვნა და არა საექსპერტო დაწესებულების დასკვნა, რის გამოც იდეალური წილების შესაბამისად ფაქტობრივი გაყოფა შესაძლებლად იქნა მიჩნეული არსებული კედლების დანგრევით და ახლის აშენებით, რაც არასწორი, უსამართლო და დაუსაბუთებელია, ამიტომ იგი უნდა გაუქმდეს. ამასთან, სასამართლომ არ გაითვალისწინა ახლადგამოვლენილი ორი ფაქტობრივი გარემოება, რაც 2000წ. 24 იანვრის გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლოსათვის ცნობილი რომ ყოფილიყო, არ მიიღებდა ასეთ გადაწყვეტილებას და მოსარჩელეებს იდეალურ წილსაც არ მისცემდა.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრების საფუძვლები და თვლის, რომ საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს თბილისის საოლქო სასამათლოს იმავე პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატამ სადავო სახლი ნატურით ისე გაყო მხარეებს შორის, რომ გადაწყვეტილებაში არ მიუთითა კანონის არც ერთი ნორმაზე, რომლის საფუძველზეც გადაწყვიტა დავა. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის დასაბუთებული და გადწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. აღნიშნული კი სამოქალაქო, საპოცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე” პუნქტის თანახმად გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს.

საქმის ხელახალი განხილვის დროს სასამართლომ უნდა გამოარკვიოს, თუ რა ქონება შეადგენდა მამკვიდრებელ მ. მ-ოვის სამემკვიდრეო ქონებას, რომელი მიწის ნაკვეთზეა აშენებული ლიტერ “გ” დამხმარე სათავსი, მიწა იყო თუ არა მ. გ-ოვის საკუთრება და დღეისათვის საჯარო რეესტრში მიწა და სახლი არის თუ არა რეგისტრირებული მხარეებზე. საქმის გადაწყვეტის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს სამოქალაქო კოდექსის 150-ე მუხლის მოთხოვნები და ასევე გამოარკვიოს, მიწაზე განლაგებული ნაგებობებიდან რომელია კანონიერი ნაგებობა და რომელი, უკანონო.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 27 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.