გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ-459-02 5 ივლისი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. წიქვაძე (თავმჯდომარე),
რ. ნადირიანი, მ. გოგიშვილი
დავის საგანი: ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, ნივთის დაბრუნება უკანონო მფლობელობიდან.
აღწერილობითი ნაწილი:
მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხის მიმართ და მოითხოვა მოპასუხესა და რ. გ-ძეს შორის 2000წ. 2 თებერვალს დადებული ა\მანქანის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და ა\მანქანის დაბრუნება. მოთხოვნის საფუძვლად მოსარჩელე მიუთითებდა, რომ 1999წ. 2 თებერვალს, მისმა მეუღლემ მინდობილობით, სარგებლობის უფლებით გადასცა იტალიური წარმოების ა\მანქანა ფიატი “ივეგო” ბ. რ-ძეს, რომელიც ცხრა თვის განმავლობაში სარგებლობდა აღნიშნული ა\მანქანით და მოლაპარაკების თანახმად, ნაწილ-ნაწილ უხდიდა მის მეუღლეს ა\მანქანის საფასურს. ვინაიდან ბ. რ-ძე სრულად ვერ უფარავდა დარჩენილ თანხას _ 760 აშშ დოლარს, მან დაიხმარა რ. გ-ძე და ორივემ ერთად ნაწილ-ნაწილ გადაუხადეს მის მეუღლეს 700 აშშ დოლარი.
2000წ. აპრილის თვეში მისმა მეუღლემ რ. გ-ძეს გადასცა ა\მანქანის ტექპასპორტი და მინდობილობა. 2001წ. 21 მაისს გარდაიცვალა მისი მეუღლე. 2000წ. 2 ივლისს, რ. გ-ძემ თვითნებურად მიყიდა სადავო ა\მანქანა კ. გ-ძეს, რომელმაც სთხოვა მანქანის გასაფორმებლად გაყოლა. იგი გაჰყვა და გასცა გენერალური მინდობილობა. ამჟამად აღმოჩნდა გამოუვალ მდგომარეობაში, ბ. რ-ძე მისგან ითხოვს ა\მანქანის დაბრუნებას, რის გამოც მოსარჩელეც მოითხოვს მოპასუხისაგან ა\მანქანის დაბრუნებას.
სასამართლოში საქმის განხილვისას დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით სარჩელი აღძრა მესამე პირმა ბ. რ-ძემ და მოითხოვა მასსა და მოსარჩელეს შორის ა\მანქანის ნასყიდობის ხელშეკრულების დადებულად ცნობა და ა\მანქანის დაბრუნება. სარჩელის საფუძვლად მიუთითებდა, რომ მან მოსარჩელეს და მის გარდაცვლილ მეუღლეს გადაუხადა ა\მანქანის საფასური. სასამართლო სხდომაზე ბ. რ-ძემ განმარტა, რომ მან მოგვიანებით გადაწყვიტა ა\მანქანის გასხვისება, რის გამოც გაატანა იგი რ. გ-ძეს. მაგრამ რ. გ-ძემ ნაცვლად 4000 აშშ დოლარისა, ა\მანქანა გაყიდა 2000 აშშ დოლარად.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მან სადავო ა\მანქანა შეიძინა ბაზრობაზე რ. გ-ძისაგან. მოსარჩელემ მისცა გენერალური მინდობილობა, რის შემდეგაც თავის სახელზე გადაიფორმა ა\მანქანა. მოითხოვა, რომ სასამართლოს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
გლდანი-ნაძალადევის რაიონულმა სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ ბ. რ-ძეს წინამდებარე დავამდე რ. გ-ძის მიმართ აღძრული ჰქონდა სარჩელი რ. გ-ძესა და კ. გ-ძეს შორის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ. აღნიშნული სარჩელის განხილვა შეწყდა მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის გამო. ამჟამად კი იგი ნ. ვ-შვილსაგან მოითხოვს ა\მანქანის დაბრუნებას. სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ ვინაიდან ბ. რ-ძემ ვერ შეძლო ა\მანქანის ღირებულების სრულად გადახდა, მოისურვა ა\მანქანის გაყიდვა, რისთვისაც განახორციელა გარკვეული ქმედებები, კერძოდ ა\მანქანა გაიყვანა ბაზრობაზე, რის გამოც სასამართლომ მიიჩნია, რომ ბ. რ-ძის სარჩელის საფუძველი რეალურად არის რ. გ-ძის მიმართ ფულადი ვალდებულებების შეუსრულებლობა. ხოლო ნ. ვ-შვილს სარჩელის საფუძველი არის მის მიმართ წამოყენებული პრეტენზიები. სასამართლომ ასევე დადგენილად ცნო, რომ ნ. ვ-შვილს მეუღლეს ა\მანქანის ღირებულება სრულად ჰქონდა მიღებული (გარდა 60 აშშ დოლარისა).
აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ მოპასუხე მიიჩნია კეთილსინდისიერ შემძენად. სასამართლომ გადაწყვეტილების სამართლებრივ საფუძვლად გამოიყენა 159-ე, 161-ე, 162-ე მუხლები და 2001წ. 29 ივნისის გადაწყვეტილებით მოსარჩელეებს უარი უთხრა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
ეს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ვ-შვილმა და ბ. რ-ძემ. სააპელაციო ინსტანციაში საქმის განხილვისას ნ. ვ-შვილმა შეამცირა თავისი სასარჩელო მოთხოვნა. კერძოდ, მოხსნა მოთხოვნა რ. გ-ძესა და კ. გ-ძეს შორის ა\მანქანის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ და მოითხოვა მხოლოდ კ. გ-ძის უკანონო მფლობელობიდან სადავო ა\მანქანის დაბრუნება.
სააპელაციო პალატამ სადავო ავტომანქანის სარეგისტრაციო მოწმობის საფუძველზე დადგენილად ცნო, რომ ა\მანქანა წარმოადგენს მოპასუხის საკუთრებას. მოსარჩელეს არ მოუთხოვია მითითებული სარეგისტრაციო მოწმობის გაუქმება, რის გამოც სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეთა მოთხოვნა საფუძველს მოკლებულია. სააპელაციო პალატამ სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა 172-ე მუხლის I პუნქტი და მოსარჩელის მიერ დავის საგნის შემცირების გამო 2001წ. 18 დეკემბრის გადაწყვეტილებით გააუქმა გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელეებს უარი უთხრა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
ეს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ვ-შვილმა. კასატორის მოსაზრებით გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, ემყარება არასწორად შერჩეულ და განმარტებულ სამოქალაქო ნორმებს. მოითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით ა\მანქანის გასხვისების ხელშეკრულების და მის საფუძველზე გაცემული სარეგისტრაციო მოწმობის ბათილად ცნობას და სადავო ა\მანქანის დაბრუნებას.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ ზეპირი განხილვის გარეშე შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ს 407-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებების მიმართ, რომელიც ასახულია საოლქო სასამართლოს პალატის გადაწყვეტილებაში ან საქმის მასალებში. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საოლქო სასამართლოს პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.
მოცემულ საქმეზე დადგენილია, რომ სადავო ა\მანქანა თავის დროზე მოსარჩელის საკუთრებას წარმოადგენდა.
ამ უკანასკნელმა სარგებლობის უფლებით, მინდობილობით გადასცა ა\მანქანა ბ. რ-ძეს, რომელსაც ა\მანქანის საფასური უნდა გადაეხადა ნაწილ-ნაწილ და მხოლოდ საფასურის სრულად გადაცემის შემდეგ გადაეცემოდა საკუთრებაში. დადგენილია, რომ ბ. რ-ძემ ვერ შეძლო ა\მანქანის ღირებულების გადახდა, რის გამოც დაიხმარა რ. გ-ძე და ორივემ ერთად ნაწილ-ნაწილ გადაუხადეს მოსარჩელის მეუღლეს ა\მანქანის ღირებულება, რის შემდეგაც ამ უკანასკნელმა ა\მანქანის საბუთები გადასცა რ. გ-ძეს, ხოლო ბ. რ-ძემ ა\მანქანის გასხვისების მიზნით რ.გ-ძეს გადასცა ა\მანქანა. რ. გ-ძემ ა\მანქანა მიყიდა მოპასუხე კ. გ-ძეს, მაგრამ მოსარჩელის მეუღლის გარდაცვალების გამო მოპასუხემ ვერ გაიფორმა ა\მანქანა. მემკვიდრეობის მიღების შემდეგ მოსარჩელემ მოპასუხეს მისცა გენერალური მინდობილობა ა\მანქანის გასაფორმებლად, რის საფუძველზეც მოპასუხემ სადავო ა\მანქანა აღრიცხა თავის სახელზე.
კასატორი ვერ მიუთითებს რაიმე მტკიცებულებაზე, რომელიც გამორიცხავდა სააპელაციო პალატის მიერ დადგენილ გარემოებებს. უფრო მეტიც, ზემოთ მითითებული გარემოებები დადგენილი იქნა თვითონ მოსარჩელეების ახსნა-განმარტებების საფუძველზე.
სკ-ს 477-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი.
ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.
მოცემულ საქმეზე დადგენილია, რომ ნ. ვ-შვილს მეუღლემ გადასცა ბ. რ-ძეს საკუთრების უფლება ა\მანქანაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდა ა\მანქანა. თავის მხრივ ბ. რ-ძემ დაიხმარა რ. გ-ძე და ორივემ ერთად გადაუხადეს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღეს ნაყიდი ნივთი. მოგვიანებით ბ. რ-ძემ გადაწყვიტა გაეყიდა ა\მანქანა და იგი გადასცა გაყიდვის მიზნით რ. გ-ძეს, რომელმაც გაყიდა ა\მანქანა და მყიდველს, მოპასუხეს, გადასცა იგი და მასთან დაკავშირებული საბუთები, ხოლო გენერალური მინდობილობა კი გადასცა მოსარჩელე ნ. ვ-შვილმა. თავის მხრივ მოპასუხემ გადაიხადა შეთანხმებული ფასი და მიიღო ა\მანქანა. ამდენად, დღეისათვის ა\მანქანის მესაკუთრეს წარმოადგენს მოპასუხე.
სსკ-ს 102-ე მუხლის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ვინაიდან, მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა თავისი მოთხოვნის საფუძვლიანობა, ასევე არ არის წამოყენებული დასაბუთებული და დამატებითი საკასაციო პრეტენზია, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კასატორის მიერ მითითებული კანონის დარღვევა.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ნ. ვ-შვილს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს ამ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001წ. 18 დეკემბრის გადაწყვეტილება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება