საქმე # 010100123008283629
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №756აპ-24 ქ. თბილისი
ა. გ. N756აპ-24 11 სექტემბერი, 2024წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 18 აპრილის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ოლღა მერებაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით გ. ა–ს, - დაბადებულს .... წელს, - ბრალად ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებებით გ. ა–ს მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2.1. 2023 წლის 26 სექტემბერს, ღამის საათებში, ქალაქ ბ–ში რ–ს ქუჩის N..-ში მდებარე ბინა N..-ში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, გ. ა–მ სახის არეში ხელის დარტყმით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თავის ოჯახის წევრს, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან დას მ. ა–ს, რის გამოც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი;
2.2. 2023 წლის 26 სექტემბერს, ღამის საათებში, ქალაქ ბ–ში რ–ს ქუჩის N..-ში მდებარე ბინა N..-ში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, გ. ა–ე ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა თავისი ოჯახის წევრს, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან დას ნ. ა–ს, რაც ამ უკანასკნელმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 26 დეკემბრის განაჩენით:
3.1. გ. ა–ე საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა;
3.2. გ. ა–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების გამოყენებით ჩაეთვალა პირობით 1 წლის გამოსაცდელი ვადით;
3.3. გ. ა–ს, საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, პატიმრობაში ყოფნის დრო - 2023 წლის 13 ნოემბრიდან 2023 წლის 26 დეკემბრის ჩათვლით - ჩაეთვალა სასჯელის ვადაში;
3.4. მსჯავრდებულ გ. ა–ს დაევალა განაჩენის ძალაში შესვლიდან 5 დღის ვადაში გამოცხადდეს პრობაციის ბიუროში და პრობაციის ბიუროს თანხმობის გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ოლღა მერებაშვილმა, რომელმაც მოითხოვა გ. ა–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში და მისთვის მუხლის სანქციით გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელის დანიშვნა.
5. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარადგინა მსჯავრდებულ გ. ა–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ. ზ–მ და მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 18 აპრილის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 26 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ოლღა მერებაშვილმა, რომელიც ითხოვს გ. ა–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით და მის მიმართ სასჯელის მაქსიმალური ზომის გამოყენებას, რაც თავისუფლების აღკვეთის პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდასთან იქნება დაკავშირებული.
7.1. ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარზე წარმოდგენილია მსჯავრდებულ გ. ა–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის მ. ზ–ს შესაგებელი, რომლითაც მოთხოვნილია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 18 აპრილის განაჩენის უცვლელად დატოვება.
8. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სსსკ-ის 273-ე მუხლს; ასევე - ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).
9. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში პროკურორი ითხოვს გ. ა–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მისთვის სასჯელის მაქსიმალური ზომის განსაზღვრას, პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით.
10. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარემ ბათუმის საქალაქო სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანის მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა იმავე (იდენტურ) არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება კასატორის მოთხოვნებს და იმავდროულად ითვალისწინებს, რომ გასაჩივრებულ განაჩენში დეტალური მსჯელობაა წარმოდგენილი, მათ შორის, ბრალდების მხარის ყველა ძირითად არგუმენტზე.
11. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში... დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43).
12. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ქმედების საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლით კვალიფიკაციისთვის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უნდა დასტურდებოდეს, რომ ბრალდებულის/მსჯავრდებულის ქმედებით დაზარალებულს გაუჩნდა სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
13. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
14. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
15. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
16. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
17. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 18 აპრილის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ოლღა მერებაშვილის საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნეს დაუშვებლად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე