საქმე # 330100120003690843
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე №301აპ-24 ქ. თბილისი
რ. დ.301აპ-24 10 სექტემბერი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
მამუკა ვასაძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულების: დ. რ–ს, ვ. კ–ს, ნ. კ–სა და დ. ბ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის – ლ. ჯ–ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 30 იანვრის განაჩენზე.
I. ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით:
1.1. დ. რ–ს, – დაბადებულს 1.. წელს, – ბრალად ედებოდა:
1.1.1. განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ჯგუფურად, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ, განსაკუთრებული სისასტიკით, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ,“ „ე“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით;
1.1.2. თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით, სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით;
1.1.3. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება, ჩადენილი ჯგუფურად, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით;
1.1.4. სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით;
1.2. ვ. კ–ს, – დაბადებულს 1... წელს, – ბრალად ედებოდა:
1.2.1. განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ჯგუფურად, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ, განსაკუთრებული სისასტიკით, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ,“ „ე“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით;
1.2.2. თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით, სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით;
1.2.3. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება, ჩადენილი ჯგუფურად, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით;
1.3 ნ. კ–ს, – დაბადებულს 1... წელს, – ბრალად ედებოდა:
1.3.1. განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ჯგუფურად, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ, განსაკუთრებული სისასტიკით, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ,“ „ე“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით;
1.3.2. თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ჩადენილი არაერთგზის, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით, სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და მე-3 ნაწილის „ა,“ „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით;
1.3.3. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება, ჩადენილი ჯგუფურად, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით;
1.4. დ. ბ–ს, – დაბადებულს 1... წელს, – ბრალად ედებოდა:
1.4.1. განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ჯგუფურად, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ, განსაკუთრებული სისასტიკით, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ,“ „ე“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით;
1.4.2. თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ჩადენილი არაერთგზის, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით, სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და მე-3 ნაწილის „ა,“ „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით;
1.4.3. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება, ჩადენილი ჯგუფურად, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით;
1.4.4. განზრახ ნაკლებად მძიმე და განზრახ მძიმე დანაშაულებისათვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით;
1.5. ზ. მ–ს, – დაბადებულს 1... წელს, – ბრალად ედებოდა:
1.5.1. განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ჯგუფურად, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ, განსაკუთრებული სისასტიკით, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ,“ „ე“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით;
1.5.2. თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით, სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით;
1.5.3. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება, ჩადენილი ჯგუფურად, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით დ. რ–ს, ვ. კ–ს, ნ. კ–სა და დ. ბ–ს მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 6 მარტის განაჩენით, დ. ბ–სი და ნ. კ–ე ცნობილ იქნენ დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა,“ „ე“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სსკ-ის 25,360-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის. დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად თითოეულ მათგანს განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 6 წლით, საიდანაც 2 წელი განესაზღვრათ პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 4 წელი ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მათვე დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრათ (თითოეულს) ჯარიმა – 10000 ლარის ოდენობით; შესაბამისად, 2019 წლის 6 ოქტომბრის მდგომარეობით, დ. ბ–ი და ნ. კ–ე ნასამართლევნი იყვნენ მძიმე – საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა,“ „ე“ ქვეპუნქტებით, ასევე ნაკლებად მძიმე – საქართველოს სსკ-ის 25,360-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის;
2.2. წარსულში არსებული დაპირისპირების გამო, შურისძიების მოტივით, დ. რ–მ, დ. ბ–მა, ნ. კ–მ, ვ. კ–მ და ზ. მ–მა განიზრახეს გ. ვ–ს თავისუფლების უკანონო აღკვეთა და განსაკუთრებული სისასტიკით მისი მკვლელობა. ამ მიზნით, ხსენებული პირები შეიარაღდნენ ცეცხლსასროლი და ცივი იარაღებით და 2019 წლის 6 ოქტომბერს, დაახლოებით 12:20 საათზე, „ტოიოტას“ მარკის ავტომობილით (სახელმწიფო ნომრით: ....), მივიდნენ თ.... მიმდებარე ტერიტორიაზე. ავტომობილს მართავდა ნ. კ–ე, ხოლო დ. რ–ს და ვ. კ–ე შეიარაღებულები იყვნენ ზემოხსენებული მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღებით, რომლებშიც, შესაბამისად, განთავსებული ჰქონდათ საბრძოლო მასალა.
2.3. ადგილზე მისვლისას, მათ შენიშნეს გ. ვ–ე, რომელიც კვეთდა გზის სავალ ნაწილს და ავტომანქანაში მსხდომი პირები, თავიანთი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, ავტომობილით განზრახ შეეჯახნენ მას. მიუხედავად შეჯახებისა, მათ ვერ აღასრულეს თავიანთი განზრახვა და განაგრძეს ქმედებები გ. ვ–ს თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობის მიზნით. კერძოდ, დ. ბ–მა და ვ. კ–მ ძალის გამოყენებითა და ცეცხლსასროლი და ცივი იარაღის მუქარით შებოჭეს გ. ვ–ე, რა დროსაც ხელებს ურტყამდნენ სხეულის სხვადასხვა ადგილას, ხოლო დ. ბ–სმა ცივი იარაღის – დანის გამოყენებით გ. ვ–ს გულმკერდის არეში მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანება, რის შემდეგაც ზ. მ–სა და დ. რ–ს დახმარებით მოათავსეს იგი ზემოხსენებულ ავტომობილში.
2.4. ამავდროულად, დ. რ–ს ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, მოკვლით ემუქრებოდა მიმდებარედ მყოფ პირებს: გ. გ–ს, ნ. ჯ–ს, ი. ჯ–ს და მ. ს–ს, რათა ისინი არ განძრეულიყვნენ და არ დახმარებოდნენ გ. ვ–ეს. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, გ. გ–ს, ნ. ჯ–ს, ი. ჯ–ს და მ. ს–ს გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2.5. ზემოხსენებულმა პირებმა, აღუკვეთეს რა თავისუფლება გ. ვ–ეს, განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობის განზრახვის სისრულეში ბოლომდე მოსაყვანად, წინასწარი შეთანხმების შესაბამისად (რომელშიც მონაწილეობდა ზ. მ–ც) დ. რ–მ, ვ. კ–მ, დ. ბ–მა და ნ. კ–მ იგი წაიყვანეს თ........ მიმდებარე ტერიტორიაზე, ხოლო ზ. მ–მა კი, გეგმის შესაბამისად, ქვეითად დატოვა ა....... მიმდებარე ტერიტორია.
2.6. ასევე, ხსენებულმა პირებმა ჯგუფურად განაგრძეს ზემოაღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღების ტარება ავტომობილით გადაადგილებისას და ლ... მიმდებარე ტერიტორიაზე.
2.7. მიღებული დაზიანებების გამო უმწეო მდგომარეობაში მყოფი გ. ვ–ს ავტომობილში ჩასმის შემდეგ, მას კვლავ აყენებდნენ დაზიანებებს დ. რ–ს, ვ. კ–სე, დ. ბ–სი და ნ. კ–ე. დაზიანებების მიყენება მათ ჯგუფურად განაგრძეს ასევე ლ... მიმდებარე ტერიტორიაზე მისვლის შემდეგაც. აღნიშნულ პერიოდში დ. ბ–სი განაგრძობდა ცივი იარაღის – დანის ტარებას. საბოლოო ჯამში, დ. რ–მ, დ. ბ–მა, ვ. კ–მ, ზ. მ–მ და ნ. კ–მ გ. ვ–ს მიაყენეს სხვადასხვა დაზიანებები, მათ შორის, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით – თერთმეტი ჭრილობა სხეულის სხვადასხვა ადგილას, ხოლო დანის გამოყენებით – ჭრილობა გულმკერდის არეში და ორი ჭრილობა თავის არეში, აღნიშნული დაზიანებების მიზანი იყო, რომ სიკვდილი დამდგარიყო ნელა, მსხვერპლის მიერ ტკივილის ხანგრძლივად განცდის შემდეგ.
2.8. ზემოხსენებული დაზიანებების შედეგად, გ. ვ–ე 2019 წლის 14 ოქტომბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.
2.9. ყველა ზემოაღნიშნული ქმედების განხორციელებისას დ. რ–ს, დ. ბ–ი, ვ. კ–ე, ნ. კ–ე და ზ. მ–სი მოქმედებდნენ წინასწარი შეთანხმების შესაბამისად, ჯგუფურად, ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 30 ოქტომბრის განაჩენით:
3.1. ზ. მ–ი ცნობილი იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ,“ „ე“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით და საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში და გამართლდა;
3.1.1. ზ. მ–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
3.1.1.1. საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის – თავისუფლების აღკვეთა 9 წლით;
3.1.1.2. საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის – თავისუფლების აღკვეთა 9 წლით;
3.1.1.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა მეორე თანაბარი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, ზ. მ–სს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 9 წლით;
3.1.1.4. ზ. მ–ს სასჯელის ვადა აეთვალა დაკავების მომენტიდან – 2020 წლის 12 თებერვლიდან.
3.2. ვ. კ–სის მიმართ საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ,“ „ე“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“, „ე“, მე-7 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებსა და მე-8 ნაწილზე;
3.2.1. ვ. კ–სე ცნობილი იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
3.2.1.1. საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“, „ე“, მე-7 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-8 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის –თავისუფლების აღკვეთა 13 წლით;
3.2.1.2. საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“, მე-3 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის – თავისუფლების აღკვეთა 9 წლით;
3.2.1.3. საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის – თავისუფლების აღკვეთა 10 წლით;
3.2.1.4. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, ვ. კ–სეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 13 წლით;
3.2.1.5. ვ. კ–სეს სასჯელის ვადა აეთვალა მსჯავრდებულის სახით დაკავების ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან.
3.3. ნ. კ–ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „ე“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“, „ე“, მე-7 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებსა და მე-8 ნაწილზე;
3.3.1. ნ. კ–ე ცნობილი იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
3.3.1.1. საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“, „ე“, მე-7 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და მე-8 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის – თავისუფლების აღკვეთა 13 წლით;
3.3.1.2. საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა,“ „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის – თავისუფლების აღკვეთა 9 წლით;
3.3.1.3. საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის – თავისუფლების აღკვეთა 10 წლით;
3.3.1.4. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, ნ. კ–ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 13 წლით;
3.3.1.5. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 6 მარტის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – თავისუფლების აღკვეთა 4 წლით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ნ. კ–ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 17 წლით;
3.3.1.6ნ. კ–ს სასჯელის ვადა აეთვალა მსჯავრდებულის სახით დაკავების ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან.
3.4. დ. რ–სს მიმართ საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „ე“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“, „ე“, მე-7 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებსა და მე-8 ნაწილზე;
3.4.1. დ. რ–ს ცნობილი იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
3.4.1.1. საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“, „ე“, მე-7 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-8 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის – თავისუფლების აღკვეთა 13 წლით;
3.4.1.2. საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“, მე-3 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის – თავისუფლების აღკვეთა 9 წლით;
3.4.1.3. საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის – თავისუფლების აღკვეთა 10 წლით;
3.4.1.4. საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის – თავისუფლების აღკვეთა 1 წლით;
3.4.1.5. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, დ. რ–სს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 13 წლით;
3.4.1.6. დ. რ–სს სასჯელის ვადა აეთვალა მსჯავრდებულის სახით დაკავების ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან.
3.5. დ. ბ–სის მიმართ საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ,“ „ე“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“, „ე“, მე-7 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებსა და მე-8 ნაწილზე;
3.5.1. დ. ბ–სი ცნობილი იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
3.5.1.1. საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“, „ე“, მე-7 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და მე-8 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის – თავისუფლების აღკვეთა 13 წლით;
3.5.1.2. საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და მე-3 ნაწილის „ა,“ „ბ“, „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის – თავისუფლების აღკვეთა 9 წლით;
3.5.1.3. საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის – თავისუფლების აღკვეთა 10 წლით;
3.5.1.4. საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის – თავისუფლების აღკვეთა 6 თვით;
3.5.1.5. საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის – თავისუფლების აღკვეთა 2 წლით;
3.5.1.6. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, დ. ბ–სს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 13 წლით;
3.5.1.7. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 6 მარტის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – თავისუფლების აღკვეთა 4 წლით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, დ. ბ–სს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 17 წლით;
3.5.1.8. დ. ბ–სს სასჯელის ვადა აეთვალა მსჯავრდებულის სახით დაკავების ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან.
4. აღნიშნული განაჩენის თანახმად, განაჩენი ზ. მ–სის მიმართ შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1 თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით, ხოლო მსჯავრდებულებს: ვ. კ–სეს, ნ. კ–ეს, დ. რ–სს და დ. ბ–სს უფლება აქვთ განაჩენი გაასაჩივრონ ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მათი დაპატიმრებიდან ან სათანადო ორგანოში გამოცხადების მომენტიდან ან პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან, – თუ მსჯავრდებულები ითხოვენ სააპელაციო საჩივრის განხილვას მათი მონაწილეობის გარეშე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით. აღნიშნულის შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 30 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს:
4.1. თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა გიორგი ქობულაძემ და მოითხოვა – დ. რ–ს, დ. ბ–სის, ვ. კ–სის, ზ. მ–სის და ნ. კ–ს დამნაშავედ ცნობა ბრალადწარდგენილი კვალიფიკაციით; ასევე მათ მიმართ სასჯელის მაქსიმალური ზომის დანიშვნა და სასჯელთა შეკრების პრინციპის გამოყენება.
4.2. მსჯავრდებულ ზ. მ–სის ადვოკატმა ვ. მ–მ მოითხოვა ზ. მ–ს სრულად გამართლება.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 18 ოქტომბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 30 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა, კერძოდ:
6.1. თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა გიორგი ქობულაძემ მოითხოვა – დ. რ–ს, დ. ბ–ს, ვ. კ–სის, ზ. მ–ს და ნ. კ–ს დამნაშავედ ცნობა ბრალადწარდგენილი კვალიფიკაციით; ასევე მათ მიმართ სასჯელის მაქსიმალური ზომის დანიშვნა და სასჯელთა შეკრების პრინციპის გამოყენება.
6.2. მსჯავრდებულ ზ. მ–სის ადვოკატმა ვ. მ–მ მოითხოვა ზ. მ–სის სრულად გამართლება.
7. მსჯავრდებული ვ. კ–სე დააკავეს – 2021 წლის 3 დეკემბერს, მსჯავრდებული დ. ბ–სი – 2021 წლის 3 დეკემბერს, მსჯავრდებული ნ. კ–ე – 2021 წლის 7 დეკემბერს, ხოლო მსჯავრდებული დ. რ–ს – 2021 წლის 10 დეკემბერს.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 22 მარტის განჩინებით თბილისის პროკურატურის პროკურორის გიორგი ქობულაძის და მსჯავრდებულ ზ. მ–სის ინტერესების დამცველი ადვოკატის – ვ. მ–ს საკასაციო საჩივრები არ იქნა დაშვებული განსახილველად.
9. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 30 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულებმა: დ. რ–მ, ვ. კ–მ, ნ. კ–მ, დ. ბ–მა და მათმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა – ლ. ჯ–მ, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ: ვ. კს, ნ. კ–ს და დ. ბ–ს უდანაშაულოდ ცნობა საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“, „ე“, მე-7 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-8 ნაწილით. ასევე, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით; ხოლო დ. რ–სს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების – საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაკვალიფიცირება, ნაცვლად მსჯავრადშერაცხილი – საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“, „ე“, მე-7 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებისა და მე-8 ნაწილისა. ასევე, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3-4 ნაწილებზე გადაკვალიფიცირება.
10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 30 იანვრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 30 ოქტომბრის განაჩენი (რაც უცვლელადაა დატოვებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 18 ოქტომბრის განაჩენით) ვ. კ–ს, ნ. კ–ს, დ. რ–ს, დ. ბ–ს მიმართ დარჩა უცვლელად.
11. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გასაჩივრა მსჯავრდებულების: დ. რ–ს, ვ. კ–ს, ნ. კ–სა და დ. ბ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ლ. ჯ–მ, რომელიც ითხოვს: ვ. კ–ს, ნ. კ–ს და დ. ბ–სის უდანაშაულოდ ცნობას – საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ასევე საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“, „ე“, მე-7 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-8 ნაწილით, ხოლო დ. რ–ს მიმართ – ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლით დაკვალიფიცირებას, მაკვალიფიცირებელი ნიშნების: ჩადენილი ჯგუფურად, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ, განსაკუთრებული სისასტიკით, გარეშე. ასევე, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის გადაკვალიფიცირებას საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3-4 ნაწილებზე.
II. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, §31, ECtHR,11/11/2011).
2. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, განხილვის საგანია მხოლოდ მსჯავრდებულების: დ. რ–ს, ვ. კ–ს, ნ. კ–სა და დ. ბ–ს – ინტერესების დამცველი ადვოკატის – ლ. ჯ–სის საკასაციო საჩივრის მოთხოვნები (სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს უზენაესმა სასამართლომ, 2022 წლის 22 მარტის განჩინებით, დაუშვებლად ცნო მსჯავრდებულ ზ. მ–სის ინტერესების დამცველი ადვოკატის – ვ. მ–ს, ასევე თბილისის პროკურატურის პროკურორის – გიორგი ქობულაძის (რომელიც ასაჩივრებდა სააპელაციო სასამართლოს განაჩენს, მათ შორის, დ. რ–ს, ვ. კ–ს, ნ. კ–ს, დ. ბ–სის მიმართ) საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 18 ოქტომბრის განაჩენზე, შესაბამისად, გასაჩივრებული განაჩენით (თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 30 იანვრის განაჩენით) განხილული იქნა მხოლოდ დაკავებული (ძებნილი) მსჯავრდებულების: ვ. კ–სის, ნ. კ–ს, დ. რ–ს, დ. ბ–სა და მათი ადვოკატის სააპელაციო საჩივარი). მსჯავრდებულების: დ. რ–ს, ვ. კ–ს, ნ. კ–სა და დ. ბ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატი – ლ. ჯ–ე საკასაციო საჩივრით ითხოვს: ვ. კ–სის, ნ. კ–ს და დ. ბ–ს უდანაშაულოდ ცნობას – საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ასევე საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“, „ე“, მე-7 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-8 ნაწილით, ხოლო დ. რ–სს მიმართ – ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაკვალიფიცირებას, ნაცვლად მსჯავრადშერაცხილი – საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“, „ე“, მე-7 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებისა და მე-8 ნაწილისა. ასევე, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის გადაკვალიფიცირებას საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3-4 ნაწილებზე.
2.1. ამდენად, დაცვის მხარის საკასაციო საჩივარი მიემართება მხოლოდ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლითა და საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლით გათვალისწინებულ მსჯავრდებებს.
2.2. ამასთან, საქართველოს უზენაესი სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული 2022 წლის 22 მარტის განჩინებით თბილისის პროკურატურის პროკურორის – გიორგი ქობულაძის საკასაციო საჩივარი (რომლითაც ბრალდების მხარე, მათ შორის, ითხოვდა ვ. კ–ს, დ. რ–სს, ნ. კ–სა და დ. ბ–სის დამნაშავეებად ცნობას მათთვის ბრალადწარდგენილი – საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლით გათვალისწინებული – დანაშაულის ჩადენისათვის) არ იქნა დაშვებული განსახილველად, ხოლო გასაჩივრებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 18 ოქტომბრის განაჩენით მსჯავრდებულების მიმართ საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ,“ „ე“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“, „ე“, მე-7 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებსა და მე-8 ნაწილზე. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის ფარგლებში, მსჯელობის საგანია მსჯავრდებულების მიერ არა განზრახ მკვლელობის, არამედ – ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ჩადენის საკითხი.
2.3. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დავის საგანია, საკითხის გარკვევა –ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა დ. რ–მ შეიძინა, შეინახა და ატარებდა დამოუკიდებლად, რაც აღქმული არ ჰქონდათ ჯგუფის სხვა წევრებს თუ თანამსჯავრდებულებთან – ვ. კ–სთან, ნ. კ–სა და დ. ბ–სთან ერთად, ჯგუფურად ჩაიდინა აღნიშნული დანაშაული; ასევე ჩაიდინეს თუ არა მსჯავრდებულებმა: დ. რ–სმ, ვ. კ–სემ, ნ. კ–ემ და დ. ბ–სმა – გ. ვ–ს მიმართ მსჯავრადშერაცხილი დანაშაული (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ე.ი. სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის, დამნაშავისათვის, წინასწარი შეცნობით, უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ, ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) თუ მხოლოდ დ. რ–სმ ჩაიდინა გ. ვ–ს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება (მაკვალიფიცირებელი გარემოებების, – წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ, ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით, – გარეშე), ისე, რომ თანამსჯავრდებულები უშუალოდ დაზიანების მიყენებისას (ლ....... მიმდებარე ტერიტორიაზე) არ იყვნენ მათ სიახლოვეს; იმავდროულად, ისინი არ იყვნენ ამ დანაშაულის ჩადენაზე შეთანხმებულები, როგორც ამას უთითებს კასატორი.
2.4. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ სააპელაციო სასამართლოში აღნიშნული საქმე განხილული იქნა მეორედ, ძებნილი მსჯავრდებულების: ვ. კ–ს, ნ. კ–ს, დ. რ–ს, დ. ბ–ს დაკავების შემდეგ, მათი სააპელაციო საჩივრების საფუძველზე. დაცვის მხარის პოზიციით, მათ ისურვეს მხოლოდ მტკიცებულებათა ნაწილის გამოკვლევა, ხოლო დანარჩენი მტკიცებულებების გამოკვლევაზე განაცხადეს უარი (იხ. 2023 წლის 23 მაისისა და 2023 წლის 8 ივნისის სასამართლო სხდომის ოქმები).
2.4.1. საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის დანაწესის თანახმად, ამავე მუხლით დადგენილი მტკიცებულებათა გამოკვლევის წესი (შეზღუდვები) არ ვრცელდება სისხლის სამართლის იმ საქმეებზე, რომლებზედაც პირველი ინსტანციის სასამართლომ განაჩენი ბრალდებულის დაუსწრებლად გამოიტანა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა, მსჯავრდებულის მოთხოვნის შესაბამისად, სააპელაციო წესით საქმე მისი მონაწილეობის გარეშე იხილება;
2.4.2. მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარემ მტკიცებულებათა ნაწილთან დაკავშირებით განმარტა, რომ მათ არ სურთ აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული უფლებით სარგებლობა – მტკიცებულებების ნაწილის მათი მონაწილეობით გამოკვლევა და პირველ ინსტანციაში აღნიშნული მტკიცებულებების გამოკვლევის გათვალისწინებით, თანხმობა განაცხადეს მათ გამოკვლეულად მიჩნევაზე – დაეთანხმნენ პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულების ნაწილის გამოკვლეულად მიჩნევას (08.06.2023. 11:54:11).
2.4.3. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს უარი თქვას საქართველოს სსსკ-ით და ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციით მინიჭებული უფლებებით სარგებლობაზე; იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაცვის მხარე სადავოდ არ ხდის პირველი ინსტანციის სასამართლოში მსჯავრდებულების დაუსწრებლად მტკიცებულებების გამოკვლევის კანონიერებას; კასატორი არ უთითებს და სადავოდ არ ხდის სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულების დასაშვეობას ან/და სარწმუნოობას. შესაბამისად, სასამართლოს არ აქვს საფუძველი საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის საფუძველზე არ გაიზიაროს საქმეში წარმოდგენილი რომელიმე მტკიცებულება.
3. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ მსჯავრდებულების: დ. რ–ს, ვ. კ–ს, ნ. კ–სა და დ. ბ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის – ლ. ჯ–სის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ (მხოლოდ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით შერაცხილი მსჯავრის ნაწილში) და შესაბამისად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 30 იანვრის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება, კერძოდ, მსჯავრდებულები: ვ. კ–სე, ნ. კ–ე და დ. ბ–სი უნდა გამართლდნენ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით შერაცხილ მსჯავრში, რაც გულისხმობს – ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვასა და ტარებას, ჩადენილს ჯგუფურად, ხოლო, აღნიშნულის შესაბამისად, დ. რ–სს მიმართ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით შერაცხილი მსჯავრი უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილებზე, შემდეგ გარემოებათა გამო:
4. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მტკიცებას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დასტურდება მსჯავრდებულების: დ. რ–ს, ვ. კ–ს, ნ. კ–სა და დ. ბ–ს მიერ მსჯავრადშერაცხილი – საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“, „ე“, მე-7 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-8 ნაწილით გათვალისწინებული – სადავო დანაშაულის ჩადენა და მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით (მათ შორის, ვიდეოჩანაწერებით, მოწმეების, მათ შორის, ნ. ჯ–ს, ი. ჯ–ს, მ. ს–ს, მ. ბ–ს ჩვენებებით, დათვალიერების ოქმებით, ფოტოსურათით ამოცნობის ოქმებით, ბალისტიკური ექსპერტიზის 2019 წლის 7 სექტემბრის N..... დასკვნით, ასევე სამედიცინო ექსპერტიზის 2020 წლის 20 მაისის N..... დასკვნითა და სხვა მტკიცებულებებით) გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ მსჯავრდებულებმა ჩაიდინეს საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“, „ე“, მე-7 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-8 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.
5. საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ დ. რ–ს გ. ვ–ესთან აპირებდა მხოლოდ საუბარს, მის მიერ წინა დღეს ჩადენილი ქმედების (შეიარაღებული გ. ვ–ე მივიდა, მათ შორის, დ. რ–ს სახლთან ლანძღვა-გინებით) გამო, თუმცა მოვლენები განვითარდა სხვაგვარად, რაც არ შედიოდა მსჯავრდებულების გეგმაში. კერძოდ, იმის გამო, რომ შემთხვევის წინა დღეს გ. ვ–ე იყო შეიარაღებული, ასევე დ. რ–ს განმარტებით, უშუალოდ შემთხვევის დღეს, შეხვედრამდე, დაინახა, რომ გ. ვ–მ ავტომანქანაში ჩადო ჩანთა, რაც, მისი ვარაუდით, უნდა ყოფილიყო იარაღი, ხოლო მეგობრებთან ერთად გ–ს ქუჩაზე შეხვევისას, იმის გამო, რომ გ. ვ–ე დაიძრა ავტომანქანის მიმართულებით, დ. რ–მ იფიქრა, რომ იგი აპირებდა იარაღის აღებას, შეიცვალა მისი გეგმები და ავტომანქანით, რომელსაც თავად დ. რ–ს არ მართავდა (გ-ს ქუჩაზე შეხვევამდე გაუცვალა ადგილი ნ. კ–ს და გადაჯდა მძღოლის გვერდით სავარძელზე), გ. ვ–ს, მათ შორის, სიჩქარის გამო შეეჯახნენ, ვინაიდან დ. რ–ს სურდა, გ. ვ–სათვის მიესწრო, ვიდრე იგი აიღებდა იარაღს. დაცვის მხარის პოზიციით, მოვლენების ამგვარმა განვითარებამ განაპირობა, გ. ვ–ს დაუგეგმავად ავტომანქანაში ჩასმა და ლ–ზე აყვანა, სადაც ასევე შემთხვევით და დაუგეგმავად მოხვდა მას დ. რ–ს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ტყვიები.
6. მოწმეთა და ვიდეოჩანაწერებზე დაფიქსირებული ინფორმაციის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ვერც მსჯავრდებულ დ. რ–ს სააპელაციო სასამართლოში მიცემულ ჩვენებას, რომლის თანახმად, გ. ვ–ესთან მისვლის და ლ–სთან აყვანის მიზანი მხოლოდ დალაპარაკება იყო, რათა გაეგო, რა სურდა გ. ვ–ეს. ამასთან, ლ.... მიმდებარე ტერიტორიაზე გ. ვ–სათვის ცეცხლსასროლი იარაღით დაზიანებების მიყენებისას თანამსჯავრდებულები მის სიახლოვეს არ იყვნენ.
6.1. მსჯავრდებულმა დ. რ–სმ განმარტა, რომ: გ. ვ–ეს იცნობდა ბავშვობიდან და ოჯახებით მეგობრობდნენ, თუმცა, ბოლო წლებში, გ. ვ–ს არაადეკვატური საქციელის გამო, მასთან შეხება აღარ ჰქონდა. ფაქტამდე ერთი თვით ადრე უსიამოვნო საუბარი ჰქონდათ ერთმანეთთან (12:36:18; 12:45:18). 2019 წლის 5 ოქტომბერს გაიგო, რომ გ. ვ–ე ლანძღვითა და ავტომატით ხელში მისული იყო ჯერ მის სახლთან (დედამისთან), შემდეგ პარალელურ ქუჩაზე მცხოვრებ – მ........, შემდეგ კი – ვ. კ–სის სახლთან, სადაც მეზობელს დაუბარა, გადაეცა ვ. კ–სათვის, მისული რომ იყო და ეძებდა. აღნიშნულის გამო, დ. რ–მ აიღო იარაღი და რამდენიმე საათი იჯდა ავტომანქანაში, რადგან ფიქრობდა, რომ გ. ვ–ე დაბრუნდებოდა. მომდევნო დღეს იარაღი (პატარა ავტომატი) ჩადო ლეპტოპის ჩასადებში და მოათავსა ავტომანქანაში, მგზავრის სავარძლის ქვეშ. იმავე დღეს გ. ვ–ე უცხო ნომრიდან დაუკავშირდა ,,......-ის“ საშუალებით. თავდაპირველად იფიქრა, მოუბოდიშებდა, თუმცა გ. ვ–ემ კვლავ გააგრძელა შეურაცხყოფის მიყენება, ასევე უთხრა, რომ უბანში იყო და მასთან მისულიყო (12:51:05). დ. რ–მ მეგობრებს უთხრა, რომ ტელეფონზე დაურეკა გ. ვ–ემ და უნდა ენახა. ბიჭები ამშვიდებდნენ, რომ არ წასულიყო და თავად დაელაპარაკებოდნენ, რათა მშვიდობიანად დასრულებულიყო, თუმცა მისი უარის შემდეგ მარტო არ გაუშვეს და ისინიც გაჰყვნენ. კერძოდ, დ. რ–ს, ნ. კ–ე, დ. ბ–სი, ვ. კ–სე და ზ. მ–სი დაიძრნენ შ-ს ქუჩის მიმართულებით (12:54:46). შეთანხმებული არაფერზე ყოფილან. შევიდნენ ერთ-ერთ ქუჩაზე, რა დროსაც დაინახა, რომ გ. ვ–მ ავტომანქანის საბარგულში ჩადო ჩანთა. აღნიშნულის დანახვაზე ივარაუდა/დარწმუნდა, რომ გ. ვ–ე იარაღით იყო. როდესაც გ. ვ–ემ შეუხვია გ–ს ქუჩაზე, დ. რ–სმ ნ. კ–ეს უთხრა, დამჯდარიყო მისი ავტომანქანის საჭესთან, ვინაიდან თავად განერვიულებული იყო. გაჰყვნენ გ. ვ–ეს. გ–ს ქუჩაზე დაინახა, რომ გ. ვ–ე ქუჩის მარჯვენა მხრიდან გადადიოდა გზის მარცხენა მხარეს, იფიქრა, რომ გ. ვ–ემ, თავის მხრივ, ასევე დაინახა ის და მისი მეგობრები და აპირებდა იარაღის აღებას, ამიტომაც შეეცადა, იარაღის აღებამდე დაესწროთ მისვლა. სწორედ ამ სისწრაფეში, ისე მოხდა, რომ ავტომანქანით მიეჯახნენ (,,მანქანა დაეჯახა“) – ოდნავ ავტომანქანის ცხვირი მიედო. აღნიშნული არ მომხდარა განზრახ – ,,არ დავაჯახეთ, ნუ, ამ სიჩქარე-სიჩქარეში მიეჯახა რა, დაჯახებაც არ არის, წაიქცა“ (12:27:35; 13:02:17). დ. რ–სმ ამოიღო იარაღი, იმავდროულად, გადახტა ავტომანქანიდან და წავიდა გ. ვ–ს მიმართულებით, რათა მას არ მოესწრო იარაღის აღება ან/და სროლა (12:38:34). დ. რ–სს მეგობრებიც მიჰყვნენ – მას შემდეგ, რაც დაინახეს, რომ იარაღით გადავიდა, რა თქმა უნდა, გაჰყვნენ (13:08:21). გ. ვ–ემ ჩხუბი დაიწყო – ხელ-ფეხს ურტყამდა მას და მის მეგობრებს. დ. ბ–ს ხელში არაფერი ეჭირა, ხოლო ვ. კ–ს – იარაღის მსგავსი საგანი (არაცეცხლსასროლი იარაღი, ისვრის ბურთულებს და ადამიანს არ კლავს (13:11:14)). დანა არ დაუნახავს. თავად ადგილზე მყოფ პირებს მიუშვირა იარაღი და უყვიროდა – ,,არ გაინძრეთ“ (13:03:23). ავტომანქანაში ჩასმის გადაწყვეტილება იქვე დაუგეგმავად მიიღეს (13:13:27). სისხლისღვრის, ასევე კონფლიქტში გ. ვ–ს თანმხლები მეგობრების გარევის თავიდან აცილების მიზნით, გ. ვ–ე ჩასვეს ავტომანქანაში და წაიყვანეს ლ..ზე. ბიჭებს უთხრა, რომ გ. ვ–ესთან ერთი-ერთზე სურდა საუბარი, შესაბამისად, მეგობრებმა მარტო დატოვეს ავტომანქანაში. თავად იჯდა საჭის მარჯვენა მხარეს, ხოლო გ. ვ–ე – მის უკან. იარაღი ჩაარჭო სავარძლებს შუაში მოაჯირთან. საუბარი დაიწყო გ. ვ–ესთან, მის ოჯახში იარაღით მისვლის საკითხთან დაკავშირებით (ჰკითხა – ,,გუშინ რა გააკეთე?“), თუმცა იგი არაადეკვატურად საუბრობდა, პასუხობდა და იმუქრებოდა, იმავდროულად, შესთავაზა, დ. რ–ს მოეკლა გ. ვ–ე ან თავად მოკლავდა დ. რ–ს. აღნიშნულზე უთხრა, რომ არ მოკლავდა, თუმცა თუ კიდევ მივიდოდა მისი ოჯახის წევრებთან, ფეხებს დაამტვრევდა (12:29:55; 13:21:13). ამ საუბრისას გ. ვ–ე წაიწია მისი იარაღისკენ, თუმცა ვერ წაართვა. ჯაჯგურში დ. რ–სმ იარაღი სავარძელზე დაანარცხა და 1-2-ჯერ გამოჰკრა, თუმცა ააცილა. გადმოვიდა ავტომანქანიდან. სროლის ხმაზე ბიჭები ნახევრად სირბილით უახლოვდებოდნენ, რა დროსაც უთხრა, რომ გ. ვ–ესთან საუბარს აზრი არ ჰქონდა. სწორედ ამ ლაპარაკში გ. ვ–ემ კარი გააღო და იარაღთან მიეპარა. ჭიდაობაში, ქვევით დააწევინა იარაღი (დ. რ–სს იარაღი) და გამოჰკრა. იარაღს აქვს ორი პოზიცია: ან თითო გამოკვრაზე ისვრის ან – ავტომატურად. ჯაჯგურში, სავარაუდოდ, გადაერთო ავტომატურ რეჟიმზე და მის მიერ თითის გამოკვრისას რამდენიმე ტყვია (ექსპერტიზის დასკვნის თანახმად – 11 ტყვია) გავარდა გ. ვ–ს ფეხების მიმართულებით, იგი წაბორძიკდა და დაეცა (12:31:47; 13:26:32). თავად იარაღი საბარგულში ჩაკეტა. გ. ვ–ე წამოდგა და ჩამოჯდა ავტომანქანის უკანა სავარძელზე. რამდენიმე წამში კი წინა სავარძელზე გადაძვრა და დააჭირა (აჭერდა) დაქოქვის ღილაკს, მაგრამ ავტომანქანა არ დაიქოქა. ვინაიდან ავტომანქანა ვერ დაქოქეს, დაურეკა შ. ქ-ეს და სთხოვა დახმარება ისე, რომ დეტალები არ მოუყოლია. გ. ვ–ე მათთან მისულ შ. ქ-ესაც აგინებდა, თუმცა ძალით გააყოლეს, რათა საავადმყოფოში მიეყვანა. მოგვიანებით, გაიგო, რომ, საავადმყოფოს ნაცვლად, გ. ვ–მ სახლთან მიაყვანინა თავი, ხოლო რამდენიმე დღეში გარდაიცვალა (12:32:10).
6.2. მსჯავრდებულმა დ. რ–მ ასევე განმარტა, რომ ყველაფერი დაუგეგმავად, სიტუაციის მიხედვით მოხდა, გ. ვ–სათვის სროლა, რომ სდომოდა, ჯერ კიდევ გ–ს ქუჩაზე ესროდა და ლ–ზე არ წაიყვანდა, ,,სროლასაც არ ვაპირებდი, არ დატოვა გზა, არაფერი სხვა“ (12:38:04). თანმხლებმა პირებმა არ იცოდნენ, რომ ავტომანქანაში ჰქონდა იარაღი, მათ გაიგეს მაშინ, როცა ავტომანქანით შეჯახებისას აიღო იარაღი და გადავიდა (12:39:42; 13:15:23). მის ხელში მეგობრებს იარაღი უნახავთ, მაგრამ ბოლო პერიოდში – არა, ეს იარაღი არ იცოდნენ (13:16:53; 13:17:01). გ. ვ–სათვის დაზიანებები ავტომანქანაში არ დაუნახავს, ჭრილობები დაინახა მხოლოდ ლ–ზე, როცა გასროლილი ტყვიები მოხვდა ფეხებში (12:12:20). წელსზემოთ ჭრილობა არ ჰქონდა, ფეხებში იყო დაჭრილი (13:27:57; 13:29:10). ლ.. აყვანის მიზანი დალაპარაკება იყო, რომ გაეგო, თუ რა სურდა გ. ვ–ს. ჭრილობები მან მიაყენა გ. ვ–ეს, თუმცა თანაბრალდებულები იმალებოდნენ იმიტომ, რომ შემთხვევის ადგილას იყვნენ და ტელევიზიით მათ გვარებსაც აცხადებდნენ.
7. 2019 წლის 6 ოქტომბერს გ–ს ქუჩაზე განვითარებული მოვლენების ამსახველი ვიდეოჩანაწერების, ვიდეოჩანაწერების დათვალიერების ოქმებისა და მოწმეთა ჩვენებების თანახმად, გ. ვ–ემ 12:22:54 საათზე (ჩანაწერის მიხედვით) დაიწყო გ–ს ქუჩის გადაკვეთა, 12:23:06 საათზე კი, როდესაც მიუახლოვდა გზის მეორე მხარეს მყოფ პირებს, მას შეეჯახა ,,ტოიოტას“ ფირმის შავი ავტომანქანა, რომელშიც ისხდნენ: ნ. კ–ე (მძღოლი), დ. რ–ს, ვ. კ–ე და ზ. მ–ი. შეჯახებისთანავე – 12:23:09-12:23:11 საათების შუალედში – აღნიშნული ავტომანქანიდან გადმოვიდნენ ცეცხლსასროლი იარაღით, დანითა და ცეცხლსასროლი იარაღის მსგავსი საგნით შეირაღებული ავტომანქანაში მსხდომი პირები (გარდა ნ. კ–სა), რომლებმაც ფიზიკური ძალადობისა და დანის დარტყმით, რიცხოვნული უპირატესობისა და იარაღების დემონსტრირებით დათრგუნეს გ. ვ–ს წინააღმდეგობა, მისი ნების საწინააღმდეგოდ, 12:23:26 საათზე, ჩასვეს ავტომანქანაში და წაიყვანეს ლ... მიმდებარე ტერიტორიაზე.
7.1. აღნიშნულ ვიდეოჩანაწერზე დაფიქსირებული გ–ს ქუჩაზე გ. ვ–ს გადაადგილების, გაჩერებული ავტომანქანების განლაგების, შეჯახების სიჩქარის, შეიარაღებული მსჯავრდებულების თანმიმდევრული გადმოსვლის და მთლიანობაში განვითარებული მოვლენების, შპს „კ... კომპანიიდან“ გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დ. რ–სს ჩვენებას გ. ვ–სთან მხოლოდ სასაუბროდ მისვლისა და სიჩქარის გამო ავტომანქანის ცხვირით ოდნავ მიდების (,,ოდნავ ავტომანქანის ცხვირი მიედო“) შესახებ, რაც, თავის მხრივ, განპირობებული იყო იმით, რომ მისი აზრით გ. ვ–ე აპირებდა იარაღის აღებას, მას კი სურდა მისვლა მიესწრო. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ვიდეოჩანაწერით არ დასტურდება, დ. რ–ს ჩვენების ის ნაწილიც, რომლის მიხედვითაც, ის ფიქრობდა, რომ შესაძლოა, გ. ვ–ეს თან ჰქონოდა იარაღი და სწორედ მის გამოყენებამდე, დასწრების მიზნით, იჩქარეს მასთან მისვლა.
8. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ:
8.1. შპს „ლ..ნ“ და შპს „მ-...ნ“ გამოთხოვილი 2019 წლის 6 ოქტომბრის ვიდეოჩანაწერის თანახმად, ავტომანქანის შეჯახების პარალელურად, შეიარაღებული მსჯავრდებულები ავტომანქანიდან გადმოდიან იმწუთიერად, ერთდროულად და ორგანიზებულად.
8.2. 2020 წლის 22 მაისის ვიდეოჩანაწერების დათვალიერების ოქმის თანახმად, ტ. ვ-ის მონაწილეობით, დათვალიერდა შპს „მ-ნ’’ გამოთხოვილი, 2019 წლის 6 ოქტომბრის ვიდეოჩანაწერები. ტ. ვ-ის განმარტებით, გ–ს ქუჩაზე ზოლებიანი მაისურით მყოფი პირი არის მისი ძმა – გ. ვ–ე, რომელიც ასევე თავისივე „BMW-ს“ ფირმის ავტომანქანით გადაადგილდება იქვე ქუჩაზე. წითელი ე.წ. „კაპიშონიან“ ზედაში გამოწყობილი მამაკაცი არის გ-ს მეგობარი – გ. გ–ი, შავი ფერის ტანისამოსში მყოფი პირი, რომელიც გარკვეული დროის მანძილზე ,,შლაგბაუმთან“ არსებულ ჯაჭვებზე ზის, არის გ-ს მეგობარი – ნ. ჯ-ი, ხოლო მეოთხე პირი არის ასევე გ-ს მეგობარი – ი. ჯ–ი. ტ. ვ-ის განმარტებით, კიბის უჯრედიდან დაბრუნებულ მის ძმას ეჯახება შავი „ტოიოტა ქამრი,“ რა დროსაც მისი ძმა და გ. გ–ი ასფალტზე ეცემიან. ტ. ვ-ემ ამოიცნო ავტომანქანის წინა მარჯვენა სავარძლიდან გადმოსული, იარაღით ხელში მყოფი – დ. რ–ს, რომელიც იარაღს უმიზნებს იქ მყოფ პირებს. ასევე, ამოიცნო ზ. მ–ი, რომელსაც აცვია მუქი ტანისამოსი და აფარია ე.წ. „კეპიანი“ ქუდი. იგი სხვა მსჯავრდებულებს ეხმარება გ. ვ–ს ავტომანქანაში ჩასმაში.
8.3. 2020 წლის 22 მაისის ვიდეოჩანაწერების დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერდა შპს ,,ლ–ნ“ გამოთხოვილი, 2019 წლის 6 ოქტომბრის ვიდეოჩანაწერები. ტ. ვ-ის განმარტებით, ზოლებიანი მაისურით მყოფი პირი არის მისი ძმა – გ. ვ–ე, რომელიც ასევე თავისივე „BMW-ს“ ფირმის ავტომანქანით გადაადგილდება იქვე ქუჩაზე. წითელი ე.წ. „კაპიშონიანი“ ზედის მქონე მამაკაცი არის გ-ს მეგობარი – გ. გ–ი, შავ ტანისამოსში მყოფი პირი, რომელიც გარკვეული დროის მანძილზე ,,შლაგბაუმთან“ არსებულ ჯაჭვებზე ზის, არის გ-ს მეგობარი – ნ. ჯ-ი, ხოლო მეოთხე პირი არის ასევე გ-ს მეგობარი – ი.ჯ–ი. ტ. ვ-ის განმარტებით, როდესაც მისი ძმა კიბის უჯრედის უკანა მხრიდან ბრუნდება (ჩანაწერის მიხედვით 12:23 საათი), მას ეჯახება შავი „ტოიოტა ქამრი,“ რა დროსაც ტ. ვ-ის განმარტებით, მისი ძმა და გ. გ–ი ასფალტზე ეცემიან. მოწმემ ამოიცნო ავტომანქანის წინა მარჯვენა სავარძლიდან გადმოსული იარაღით ხელში მყოფი დ. რ–ს, რომელიც იარაღს უმიზნებს იქ მყოფ პირებს. ასევე, ამოიცნო ზ. მ–სი, რომელსაც აცვია მუქი ტანისამოსი და აფარია ე.წ. „კეპიანი“ ქუდი, რომელიც სხვა მსჯავრდებულებს ეხმარება გ. ვ–ს ავტომანქანაში ჩასმაში, შემდეგ კი, ფეხით გარბის. როდესაც ავტომანქანა „ტოიოტა“ იძვრება და მასში უკვე ჩასმული ჰყავთ მისი ძმა – გ. ვ–ე, მოწმემ ჩანაწერის დათვალიერებისას დაინახა ავტომანქანის საჭესთან მჯდომი – ნ. კ–ე, იგივე „ნ..,“ რომელსაც მისი მხრიდან მინა აქვს ჩაწეული და ერთ მომენტში კამერისკენ იყურება. სწორედ ამ დროს ამოიცნო ტ. ვ-მ მისი ძმის ყოფილი მეგობარი და მისთვისაც კარგად ნაცნობი – ნ. კ–ე, რომელმაც ავტომანქანით წაიყვანა მისი ძმა და სხვა პირები.
8.4. 2019 წლის 6 ოქტომბრის ვიდეოჩანაწერის დათვალიერების, მათ შორის, გ. გ–ის მონაწილეობით დათვალიერების 2020 წლის 18 მაისის ოქმის თანახმად, შეჯახების შემდეგ, ავტომანქანიდან, მათ შორის, წინა მარჯვენა სავარძლიდან გადმოვიდა – დ. რ–ს, რომელსაც ხელში მომარჯვებული ჰქონდა ავტომატის მსგავსი საგანი და იმუქრებოდა იქ მყოფი პირების მიმართ. დანარჩენი პირები მივარდნენ წაქცეულ გ. ვ–ს და ძალის გამოყენებით შეეცადნენ ავტომანქანაში ჩასმას. იარაღმომარჯვებული დ. რ–ს გასცემდა განკარგულებას, თუ როგორ უნდა ჩაესვათ სწრაფად ავტომანქანაში გ. ვ–ე. იმავდროულად, იქ მყოფების მისამართით ილანძღებოდა და იმუქრებოდა. საბოლოოდ, გ. ვ–ე ჩასვეს ავტომანქანაში და მიიმალნენ.
8.5. დაზარალებულმა ნ. ჯ-მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ გ. ვ–ესთან ერთად გ–ს ქუჩაზე ყოფნისას, მივარდა „ტოიოტა ქამრის“ მარკის მუქი ავტომანქანა, რომელიც გ. ვ–ეს ფეხებთან დაეჯახა და წააქცია. ავტომანქანა დარტყმისთანავე გაჩერდა და რამდენიმე პირი გადმოხტა (ავტომანქანაში დარჩა მძღოლი). ერთი ავტომატიანი პირი სროლით იმუქრებოდა, რამაც იქ მყოფნი შეაშინა. ორი კაცი, მათ შორის, პისტოლეტით შეიარაღებული პირი ბოჭავდა და ავტომანქანაში აგდებდა გ. ვ–ეს, მეორემ კი გ. ვ–ეს დანა მიარტყა.
8.5.1. საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, გამოქვეყნებული დაზარალებულ ნ. ჯ-ის გამოკითხვის 2019 წლის 14 ოქტომბრის ოქმის (რომელიც სასამართლო სხდომაზე მოწმემ დაადასტურა) თანახმად, ერთ-ერთ თავდამსხმელს, რომელიც ცდილობდა გ. ვ–ს ავტომანქანაში ძალის გამოყენებით ჩასმას, ხელში ეჭირა დანა, რომელიც რამდენჯერმე დაარტყა გ. ვ–ეს გულმკერდის არეში, კერძოდ, მარცხენა მხარეს. აღნიშნული პირი – დ. ბ–ი – ამოიცნო 2019 წლის 7 ოქტომბერს, ფოტოსურათით ამოცნობისას. მას აქტიურად ეხმარებოდა მეორე თავდამსხმელი – ვ. კ–სე, რომელიც ასევე ამოიცნო 2019 წლის 7 ოქტომბერს, ფოტოსურათით ამოცნობისას. ვ. კ–სეს ავტომანქანიდან გადმოსვლისთანავე, ორივე ხელით მომარჯვებული ჰქონდა პისტოლეტი. მაშინ, როცა დ. ბ–სი ჭრილობებს აყენებდა გ. ვ–ეს, ვ. კ–სე იჭერდა ორივე ხელით, არ აძლევდა მას თავდაცვის საშუალებას და ძალის გამოყენებით მიჰყავდა ავტომანქანისკენ. დაზარალებულმა ნ. ჯ–მ დაადასტურა გამოკითხვის ოქმში აღნიშნული ინფორმაცია.
8.5.2. დაზარალებულმა ი. ჯ–მ ასევე განმარტა, რომ გ. ვ–ს დაეჯახა მუქი „ტოიოტა ქამრის“ მარკის ავტომანქანა. დ. ბ–სს დანა ეჭირა ხელში, რომელიც ავტომანქანისკენ გათრევის დროს, რამდენჯერმე მოუქნია გ. ვ–ს. გ. ვ–ს დახმარება ვერ შეძლო, ვინაიდან იარაღს მას და იქ მყოფ პირებსაც უმიზნებდნენ, რის გამოც, შეეშინდა.
8.6. დაზარალებულმა მ. ს-მა განმარტა, რომ გ–ს ქუჩაზე ავტომანქანაში იჯდა, როდესაც ავტომანქანის შეჯახების ხმა შემოესმა. დაინახა, რომ ორი ადამიანი ძირს ეგდო. ავტომანქანიდან, მძღოლის გვერდითა მხრიდან გადმოვიდა ერთი პირი ავტომატით, უკანა მხრიდანაც გადმოვიდნენ, მაგრამ რამდენი – არ ახსოვს. ერთ პირს ეჭირა პისტოლეტი, მეორეს დანა. ავტომატიანი პირი ატრიალებდა იარაღს, მისი და სხვა პირების მიმართულებით და იმუქრებოდა. ცოტა ხანში დაინახა, რომ დანარჩენი ორი პირი ძირს დავარდნილს მიათრევდნენ ავტომანქანისაკენ. მის მიერ ამოცნობილი ორი პირის გარდა, სხვაც იყო პისტოლეტით, მაგრამ მისგან ზურგით იდგა და ვერ ამოიცნო.
8.7. მოწმე მ. ბ-მა განმარტა, რომ 2019 წლის ოქტომბერში მუშაობდა სამრეცხაოში. ჩხუბის ხმაზე გარეთ გასულმა დაინახა: „ტოიოტა ქამრის“ მარკის ავტომანქანა, პირი, რომელსაც ხელში ეჭირა ავტომატი და ორი პირი, რომლებიც გ. ვ–ს ძალით ექაჩებოდა ავტომანქანაში.
8.8. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის 2020 წლის 20 მაისის N.... დასკვნით დადგინდა, მათ შორის, შემდეგი:
8.8.1. გ. ვ–ს სიკვდილის უშუალო მიზეზია სხეულის მრავლობითი ცეცხლნასროლი ჭრილობებიდან (კანის, კანქვეშა რბილი ქსოვილების, კუნთების, მყესების, ძვლების და მარჯვენა ბარძაყის ზედაპირული არტერიის დაზიანებით) განვითარებული სისხლდენით გამოწვეული გულის გაჩერების გამო, თავის ტვინის ანოქსიური დაზიანება, გართულებული თავის ტვინის შეშუპებით, დარბილებით, ღეროს დისლოკაციით და კეფის დიდ ხვრელში ჩაჭედვით;
8.8.2. გ. ვ–ს გვამის გამოკვლევისას ნანახი იქნა სიცოცხლის დროინდელი დაზიანება: მარჯვენა ბარძაყის გამჭოლი ცეცხლნასროლი ჭრილობა, შესავალი ხვრელით – მარჯვენა ბარძაყის უკანა ზედაპირზე, შუა მესამედში, ტერფის ძირიდან 65,0 სმ-ის დაშორებით, ჭრილობა – N.., ჭრილობის არხის მიმართულებით: უკნიდან წინ, მარჯვნიდან მარცხნივ, ოდნავ ზევიდან ქვევით, გამომავალი ხვრელით – მარჯვენა ბარძაყის ქვედა მესამედში, შიგნითა ზედაპირზე, ტერფის ძირიდან 44,5 სმ-ის დაშორებით, ჭრილობა – N.., ჭრილობის არხის მიმართულების შესაბამისად კანის, კანქვეშა რბილი ქსოვილების, ბარძაყის კუნთების და ბარძაყის ზედაპირული არტერიის გამჭოლი დაზიანებით. ჭრილობის არხის შესაბამისად ირგვლივ მდებარე რბილ ქსოვილებსა და კუნთებში დიფუზური სისხლჩაქცევები. აღნიშნული დაზიანება განვითარებულია რაიმე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ჭურვის მოქმედების შედეგად, ცოცხალ პირთა ექსპერტიზაში განისაზღვრება, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება და პირდაპირ მიზეზობრივ კავშირშია დამდგარ შედეგთან – სიკვდილთან;
8.8.3. გ. ვ–ს გვამის გამოკვლევისას, ასევე ნანახი იქნა სიცოცხლისდროინდელი დაზიანება: ერთი ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა გულმკერდის მარცხენა ნახევარში იღლიის შუა ხაზზე მე-8-9 ნეკნთაშუა სივრცის საპროექციოდ, ტერფის ძირიდან 112,5 სმ-ის დაშორებით, ჭრილობა – .., რომელიც შემავალია მარცხენა პლევის ღრუში, მიმართულებით მარცხნიდან მარჯვნივ, ოდნავ წინიდან-უკან, კანის, კანქვეშა რბილი ქსოვილების, მე-8-9 ნეკნთაშუა კუნთების, ნერვების, სისხლძარღვებისა და პლევრის ფურცლის დაზიანებით. აღნიშნული დაზიანება განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის მოქმედების შედეგად და ცოცხალ პირთა ექსპერტიზაში განისაზღვრება, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება და არ იმყოფება უშუალო მიზეზობრივ კავშირში დამდგარ შედეგთან – სიკვდილთან.
8.8.4. გ. ვ–ს გვამის გამოკვლევისას ასევე ნანახი იქნა სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები: მარცხენა წვივის გამჭოლი ცეცხლნასროლი ჭრილობა – შესავალი ხვრელით მარცხენა წვივის ქვედა მესამედში, უკანა და გარეთა ზედაპირების საზღვარზე, ტერფის ძირიდან 16,3 სმ-ის დაშორებით, ჭრილობა – N5, ჭრილობის არხის მიმართულებით: უკნიდან-წინ, მარცხნიდან მარჯვნივ, ზევიდან ქვევით, გამოსავალი ხვრელით მარცხენა წვივის ქვედა მესამედში, უკანა და შიგნითა ზედაპირების საზღვარზე, ტერფის ძირიდან 12,5 სმ-ის დაშორებით, ჭრილობა – N5ა, ჭრილობის არხის მიმართულების შესაბამისად: კანის, კანქვეშა რბილი ქსოვილების და მცირე წვივის კუნთების და ტერფის ანუ აქილევსის მყესის გამჭოლი დაზიანებით. მარცხენა ტერფის მიდამოს გამჭოლი ცეცხლნასროლი ჭრილობა – შესავალი ხვრელით, მარცხენა კოჭ-წვივის სახსრის გარეთა და წინა ზედაპირების საზღვარზე, ტერფის ძირიდან 7,5 სმ-ის დაშორებით, ჭრილობა – N6, ჭრილობის არხის მიმართულებით: მარცხნიდან მარჯვნივ, ზევიდან ქვევით, ოდნავ წინიდან-უკან, გამომავალი ხვრელით მარცხენა ტერფის ძირზე, ქუსლის მიდამოში ცენტრალურად, ჭრილობა – N6ა, ჭრილობის არხის მიმართულების შესაბამისად: კანის, კანქვეშა რბილი ქსოვილების გამჭოლი დაზიანებით და ქუსლის ძვლის ფრაგმენტოვანი მოტეხილობით. მარცხენა ტერფის მიდამოს გამჭოლი ცეცხლნასროლი ჭრილობა, შესავალი ხვრელით, მარცხენა ტერფის ზურგზე, ცენტრალურად, ტერფის ძირიდან 7,0 სმ-ის დაშორებით, ჭრილობა – N7, ჭრილობის არხის მიმართულებით: ზევიდან ქვევით, ოდნავ მარცხნიდან მარჯვნივ, ოდნავ წინიდან-უკან, გამოსავალი ხვრელით – მარცხენა ტერფის ძირის, ქუსლის და შიგნითა ზედაპირების საზღვარზე, ჭრილობა – N7ა, ჭრილობის არხის მიმართულების შესაბამისად: კანის, კანქვეშა რბილი ქსოვილების გამჭოლი დაზიანებებით და წინატერფის მეორე მეტატარზალური ძვლის ფრაგმენტოვანი მოტეხილობით ფუძეზე. მარცხენა ტერფის მიდამოს გამჭოლი ცეცხლნასროლი ჭრილობა, შესავალი ხვრელით, მარცხენა ტერფის ზურგზე, ცენტრიდან ოდნავ შიგნით, ტერფის ძირიდან 6,0 სმ-ის დაშორებით, ჭრილობა – N8, ჭრილობის არხის მიმართულებით: ზევიდან ქვევით, ოდნავ მარცხნიდან-მარჯვნივ, ოდნავ წინიდან უკან, გამოსავალი ხვრელით – მარცხენა ტერფის ძირის შიგნითა ზედაპირზე ჭრილობა – N8ა, ჭრილობის არხის მიმართულების შესაბამისად: კანის, კანქვეშა რბილი ქსოვილების გამჭოლი დაზიანებით და წინატერფის პირველი მეტატარზალური ძვლის ფრაგმენტოვანი მოტეხილობით შუა მესამედში. მარჯვენა ტერფის გამჭოლი ცეცხლნასროლი ჭრილობა, შესავალი ხვრელით – მარჯვენა ტერფის ქუსლის მიდამოში შიგნითა ზედაპირზე, ტერფის ძირიდან 3,0 სმ-ის დაშორებით, ჭრილობა – N14, ჭრილობის არხის მიმართულებით: მარცხნიდან-მარჯვნივ, ოდნავ უკნიდან-წინ და ოდნავ ზევიდან ქვევით, გამომავალი ხვრელით – მარჯვენა ტერფის ქუსლის მიდამოში, გარეთა ზედაპირზე ჭრილობა – N14ა, ჭრილობის არხის მიმართულების შესაბამისად: კანის, კანქვეშა რბილი ქსოვილების და ქუსლის ძვლის გამჭოლი დაზიანებით. ჭრილობების არხების შესაბამისად, მთელს გაყოლებაზე ირგვლივ მდებარე რბილ ქსოვილებში სისხლჩაქცევები და იმბიბიციები. აღნიშნული დაზიანებები, როგორც ცალ-ცალკე, ისე – ერთობლიობაში აღებული, განვითარებულია რაიმე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ჭურვის (ჭურვების) მოქმედების შედეგად, ცოცხალ პირთა ექსპერტიზაში განისაზღვრება, როგორც ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანებები და დამდგარ შედეგთან – სიკვდილთან უშუალო მიზეზობრივ კავშირში არ იმყოფება;
8.8.5. გ. ვ–ს გვამის გამოკვლევისას, ასევე ნანახი იქნა სიცოცხლის დროინდელი დაზიანებები: ორი სწორკიდეებიანი ნაკვეთი ჭრილობა მარჯვენა თვალბუდის გარეთა კიდეში, ყვრიმალის გარეთა მესამედში, ტერფის ძირიდან 151 სმ-ის დაშორებით, ჭრილობა – N1, კანის და კანქვეშა რბილი ქსოვილების დაზიანებით და მარჯვენა ყურის ნიჟარის უკანა ჭავლის შუა მესამედში, ტერფის ძირიდან 152 სმ-ის დაშორებით, ჭრილობა – N2. აღნიშული დაზიანებები როგორც ცალ-ცალკე, ისე – ერთობლიობაში აღებული განვითარებულნი არიან რაიმე მჭრელი თვისების მქონე საგნის მოქმედების შედეგად და ცოცხალ პირთა ექსპერტიზაში განისაზღვრება, როგორც მსუბუქი ხარისხის დაზიანებები და დამდგარ შედეგთან – სიკვდილთან მიზეზობრივ კავშირში არ არის;
8.8.6. დასკვნის თანახმად, გ. ვ–ს გვამს, ასევე აღენიშნებოდა სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები: მარცხენა ბარძაყის შუა მესამედში გამჭოლი ცეცხლნასროლი ჭრილობა – შესავალი ხვრელით მარცხენა ბარძაყის უკანა ზედაპირზე, ზედა და შუა მესამედების საზღვარზე, ტერფის ძირიდან 72,5 სმ-ის დაშორებით, ჭრილობა – N4, ჭრილობის არხის მიმართულებით: უკნიდან-წინ, მარჯვნიდან მარცხნივ, ოდნავ ზევიდან ქვევით, გამოსავალი ხვრელით მარცხენა ბარძაყის შუა მესამედში, გარეთა ზედაპირზე, ტერფის ძირიდან 65 სმ-ის დაშორებით, ჭრილობა – N4ა, ჭრილობის არხის მიმართულების შესაბამისად: კანის, კანქვეშა რბილი ქსოვილების და ბარძაყის სწორი, თერძის, ბარძაყის შიგნითა და შუათანა განიერი კუნთების გამჭოლი დაზიანებით. მარჯვენა ბარძაყის გამჭოლი ცეცხლნასროლი ჭრილობა, შესავალი ხვრელით – მარჯვენა ბარძაყის ქვედა მესამედში, უკანა და ნაწილობრივ გარეთა ზედაპირების საზღვარზე, ტერფის ძირიდან 53 სმ-ის დაშორებით, ჭრილობა – N10, ჭრილობის არხის მიმართულებით: უკნიდან-წინ, ოდნავ მარჯვნიდან მარცხნივ და ზევიდან-ქვევით, გამომავალი ხვრელით – მარჯვენა ბარძაყის ქვედა მესამედში, წინა და ნაწილობრივ გარეთა ზედაპირების საზღვარზე ტერფის ძირიდან 51,3 სმ-ით დაშორებით, ჭრილობა – N10ა, ჭრილობის არხის მიმართულების შესაბამისად: კანის, კანქვეშა რბილი ქსოვილების და ბარძაყის კუნთების გამჭოლი დაზიანებით. მარჯვენა ბარძაყის გამჭოლი ცეცხლნასროლი ჭრილობა, შესავალი ხვრელით – მარჯვენა ბარძაყის ქვედა მესამედში, უკანა და ნაწილობრივ გარეთა ზედაპირების საზღვარზე, ტერფის ძირიდან 51,5 სმ-ის დაშორებით, ჭრილობა – N11, ჭრილობის არხის მიმართულებაა უკნიდან-წინ, ოდნავ მარჯვნიდან მარცხნივ და ზევიდან-ქვევით, გამომავალი ჭრილობით – მარჯვენა ბარძაყის ქვედა მესამედში, წინა და ნაწილობრივ გარეთა ზედაპირების საზღვარზე, ტერფის ძირიდან 46,2 სმ-ით დაშორებით, ჭრილობა – N11ა, ჭრილობის არხის მიმართულების შესაბამისად: კანის, კანქვეშა რბილი ქსოვილების და ბარძაყის კუნთების გამჭოლი დაზიანებით. მარჯვენა წვივის გამჭოლი ცეცხლნასროლი ჭრილობა, შესავალი ხვრელით – მარჯვენა ბარძაყის ქვედა მესამედში და მუხლის სახსრის შიგნითა ზედაპირზე, ტერფის ძირიდან 44,5 სმ-ის დაშორებით, ჭრილობა – N12, ჭრილობის არხის მიმართულებით: უკნიდან წინ, ოდნავ მარცხნიდან მარჯვნივ და ზევიდან ქვევით, გამოსავალი ხვრელით – მარჯვენა წვივის ზედა მესამედში, წინა და შიგნითა ზედაპირების საზღვარზე ტერფის ძირიდან 38,2 სმ-ით დაშორებით, ჭრილობა – N12ა, ჭრილობის არხის შესაბამისად: კანის, კანქვეშა რბილი ქსოვილების, კანჭის ტყუპი და თერძის კუნთების გამჭოლი დაზიანებით. მარჯვენა წვივის გამჭოლი ცეცხლნასროლი ჭრილობა, შესავალი ხვრელით – მარჯვენა ბარძაყის ქვედა მესამედში და მუხლის სახსრის შიგნითა ზედაპირზე, ტერფის ძირიდან 44,5 სმ-ის დაშორებით, ჭრილობა – N13, ჭრილობის არხის მიმართულებით: უკნიდან წინ, ოდნავ მარცხნიდან მარჯვნივ და ზევიდან ქვევით, გამოსავალი ხვრელით – მარჯვენა წვივის ზედა მესამედში, წინა და შიგნითა ზედაპირების საზღვარზე, ტერფის ძირიდან 37,0 სმ-ით დაშორებით, ჭრილობა – N13ა, ჭრილობის არხის შესაბამისად: კანის, კანქვეშა რბილი ქსოვილების, კანჭის ტყუპი და თერძის კუნთების გამჭოლი დაზიანებით. ჭრილობების არხების შესაბამისად, მთელს გაყოლებაზე ირგვლივ მდებარე რბილ ქსოვილებში სისხლჩაქცევები და იმბიბიციები. აღნიშნული დაზიანებები, როგორც ცალ-ცალკე, ისე – ერთობლიობაში აღებული, განვითარებულნი არიან რაიმე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ჭურვის (ჭურვების) მოქმედების შედეგად, ცოცხალ პირთა ექსპერტიზაში განისაზღვრება, როგორც მსუბუქი ხარისხის დაზიანებები და დამდგარ შედეგთან – სიკვდილთან უშუალო მიზეზობრივ კავშირში არ იმყოფება;
8.8.7. გ. ვ–ს გვამს ასევე აღენიშნებოდა, სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები: ორივე მხრის, მარცხენა იდაყვის სახსრის, მარცხენა წინამხრის, მარჯვენა ბეჭქვეშა და მარჯვენა ბარძაყის მიდამოებში სისხლნაჟღენთები, რომლებიც, როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთობლიობაში აღებული, განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივ-ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და ცოცხალ პირთა ექსპერტიზაში განისაზღვრება, როგორც მსუბუქი ხარისხის დაზიანებები და დამდგარ შედეგთან – სიკვდილთან მიზეზობრივ კავშირში არ იმყოფება;
8.8.8. დაზიანებები ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ 2019 წლის 6 ოქტომბერს;
8.8.9. გ. ვ–ს გვამს გამოკვლევისას, ასევე აღენიშნებოდა – თავის ტვინის ანოქსიური დაზიანება თავის ტვინის შეშუპებით, დარბილებით, მრავლობითი კეროვანი სისხლჩაქცევებით თავის ტვინის ნივთიერებაში, მაგარ და რბილ გარსებში, ღეროს დისლოკაცია და ჩაჭედვა კეფის დიდ ხვრელში – ორმხრივი დეკომპრესიული ტრეპანაციის შემდგომი მდგომარეობა. სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერების მიხედვით, გულის გაჩერების და მისი შემდგომი აღდგენის შემდგომი მდგომარეობა განვითარებულია ზოგადი მწვავე სისხლნაკლებობით.
8.9. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ასევე ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის 2020 წლის 24 მარტის N.... დასკვნაზე, რომლის თანახმად, მათ შორის, პაკეტში, წარწერით: „..N.., N.., N.. მოწითალო ფერის ლაქის ანაწმენდები სტერილურ ჩხირზე და საკონტროლო ანაწმენდები, ამოღებული გ–ს ქ. N.. – მიმდ. ასფალტიდან...“, მოთავსებული ჩხირების ბამბიან ბოლოებზე არსებული მოწითალო მოყავისფრო ლაქები (ობ. N......), წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის გ. ვ-ს (ობ. N..) და ეს მაშინ, როდესაც, მსჯავრდებულ დ. რ–სს განმარტებით: გ. ვ–ეს ავტომანქანის ცხვირით ოდნავ მიედნენ; ამასთან, გ. ვ–სათვის დაზიანებები ავტომანქანაში არ ჰქონდა/არ დაუნახავს, ჭრილობები დაინახა მხოლოდ ლ-ზე, როცა გასროლილი ტყვიები მოხვდა ფეხებში (12:12:20). გ. ვ-ე ფეხებში იყო დაჭრილი, წელსზემოთ ჭრილობა არ ჰქონდა (13:27:57; 13:29:10).
8.9.1. ამასთან, იმავე დასკვნის თანახმად, მათ შორის, პაკეტებში, წარწერებით: „...მოწ. ფერის ლაქის ანაწმენდი სპეც. ბიოლოგიურ ჩხირზე, აღებული ა/მანქანის წინა მარჯვენა კარის გარე ზედაპირიდან ...ბ.....ი სკოლისა და ლ.. მ/ტ. ა/მანქანა ტოიოტა სახ. N... დათვალიერება..“ და „...მოწ. ფერის ლაქის ანაწმენდები სპეც. ბიოლოგიურ ჩხირზე, 8 ნიმუშად, საკონტროლო ანაწმენდებთან ერთად, აღებული ა/მანქანის სალონიდან ...ბრიტანული სკოლისა და ლ...- მ/ტერიტ. ა/მანქანა ტოიოტა სახ. N.... დათვალიერება...“, მოთავსებული ჩხირების ბამბიან ბოლოებზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ.N....) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის გ. ვ–ეს (ობ. N...); პაკეტში, წარწერით: „...ობ.N.., თმის ღერები ამოღებული უკანა მარჯვენა სავარძლის წინ, ფეხის დასაფენიდან...ბრიტანული სკოლისა და ლ... მ/ტ. ა/მ ტოიოტა სახ. N ... დათვალიერება...“, მოთავსებული თმები (ობ. N...) ეკუთვნის გ. ვ–ეს (ობ. N...).
8.9.2. მოწმეთა ჩვენებები, ვიდეოჩანაწერი, ექსპერტიზის დასკვნები და შემთხვევის ადგილზე დატოვებული გ. ვ–ს სისხლის კვალი, გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ გულმკერდის არეში მძიმე ხარისხის დაზიანება გ. ვ–ეს მიაყენა დ. ბ–სმა, ჯერ კიდევ ავტომანქანაში ჩასმამდე, რაც, იმავდროულად, გამორიცხავს ვერსიას, თითქოს მხოლოდ ავტომანქანიდან გადასვლის შემდეგ, შემთხვევით „ავტომატურ რეჟიმში“ მყოფი იარაღიდან გავარდნილმა ტყვიების ჯერმა დააზიანა გ. ვ–ე.
8.10. ბალისტიკური ექსპერტიზის 2019 წლის 7 სექტემბრის N... დასკვნის თანახმად:
8.10.1. ოთხი მასრა არის 9 მმ კალიბრიანი პისტოლეტებისათვის: ,,Steier mod. 1911, Pi-18; Browning mod. 1935; Astra mod. 600; Star; Beretta mod. 93,1923, 1951, Brixia; Parabellum; Mauzer; Mauzer-Parabellum; Tanfoglio T95; Walter P.38 HS-9“ და სხვა, ამავე კალიბრიანი უცხოური წარმოების პისტოლეტ-ტყვიამფრქვევების, ხელის ტყვიამფრქვევების, კარაბინების და შაშხანების დიდი ჯგუფისათვის განკუთვნილი ქარხნული წესით დამზადებული 9მმ კალიბრიანი, 1908 წლის ნიმუშის, „ბორხარტ-ლუგერის“ (P.08.) პარაბელუმის პისტოლეტის ვაზნის (საბრძოლო მასალის) შემადგენელი ნაწილი, რომლებიც ვარგისია იდენტიფიკაციისათვის და ოთხივე (4) მასრა გასროლილია 9 მმ კალიბრიანი, ერთიდაიგივე იარაღიდან, რომელიც განკუთვნილია ამავე კალიბრიანი, 1908 წლის ნიმუშის, „Parabellum – P.08.“ ვაზნების გასასროლად.
8.10.2. ორი ტყვია არის 9 მმ კალიბრიანი პისტოლეტებისათვის: ,,Steier mod. 1911, Pi-18; Browning mod. 1935; Astra mod. 600; Star; Beretta mod. 93,1923, 1951, Brixia; Parabellum; Mauzer; Mauzer-Parabellum; Tanfoglio T95; Walter P.38, ,,HS-9” და სხვა, ამავე კალიბრიანი პისტოლეტ-ტყვიამფრქვევების, ხელის ტყვიამფრქვევების, კარაბინების და შაშხანების დიდი ჯგუფისათვის განკუთვნილი ქარხნული წესით დამზადებული, 9 მმ კალიბრიანი, 1908 წლის ნიმუშის, „Parabellum – P.08.“ ვაზნის (საბრძოლო მასალის) შემადგენელი ნაწილი, ორივე ტყვიაზე აღინიშნება გასროლის შემდგომ რაიმე შედარებით მყარ საგანთან კონტაქტის კვალი, აქედან ერთი ტყვია ვარგისია იდენტიფიკაციისათვის, ხოლო მეორე ტყვია ვარგისია იდენტიფიკაციისათვის კონკრეტულ იარაღთან, ორივე ტყვია გასროლილია 9მმ კალიბრიანი იარაღიდან, რომელიც განკუთვნილია ამავე კალიბრიანი, 1908 წლის ნიმუშის, „Parabellum – P.08.“ ვაზნების გასასროლად.
8.10.3. ტყვიაზე და მასრებზე ვერ იქნა აღმოჩენილი სათანადო რაოდენობა ინდივიდუალური და კერძო ნიშნების, რომელთა ერთობლიობით დგინდება, შეადგენდა თუ არა გასროლამდე რომელიმე მასრა ან ტყვია ერთ მთელს. გამომდინარე აქედან აღნიშნულის დადგენა ვერ მოხერხდა.
9. სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი ვიდეოჩანაწერებით დასტურდება, რომ მსჯავრდებულები ავტომანქანით გაჰყვნენ გ. ვ–ეს, ხოლო ავტომანქანით შეჯახებისთანავე, იარაღებითა და დანით შეიარაღებულები, თავს დაესხნენ და ლ–ზე ასაყვანად ძალით ჩასვეს ავტომანქანაში. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ავტომანქანიდან გადასულ პირებს შორის, ვ. კ–ე შეიარაღებული იყო ცეცხლსასროლი იარაღის მსგავსი საგნით, ხოლო დ. ბ–ი – დანით; მათ ფაქტობრივად რამდენიმე წამში მოახერხეს გ. ვ–ს წინააღმდეგობის დათრგუნვა – ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება, დაზიანება და ავტომანქანაში ჩასმა. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ ავტომანქანიდან შეიარაღებული გადმოვიდა არამხოლოდ დ. რ–ს, არამედ (მასთან ერთად) მისი თანმხლები პირებიც, ასევე დ. რ–სს ჩვენების მხედველობაში მიღებით (რომლითაც დგინდება, რომ დ. რ–სს თანმხლები პირებისთვის ცნობილი იყო გ. ვ–ესთან მისვლის მიზეზი და მიზანიც), ასევე გ. ვ–სათვის ფიზიკური შეურაცხყოფისა და ცივი იარაღით დაზიანების მიყენების გათვალისწინებით (გ. ვ–ს მხრიდან წინააღმდეგობის არარსებობის მხედველობაში მიღებით), სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მტკიცებას, რომ გ. ვ–ს მიმართ თავდასხმა და შემდგომში განვითარებული მოვლენები (,,ყველაფერი”) დაუგეგმავად განვითარდა. ავტომანქანის შეჯახება, მსჯავრდებულების ერთდროულად და შეიარაღებულ მდგომარეობაში (ცეცხლსასროლი იარაღით, დანითა და ცეცხლსასროლი იარაღის მსგავსი საგნით) ავტომანქანიდან გადასვლა, გ. ვ–სთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება, დანის დარტყმა, მისი ავტომანქანაში ჩასმა, ლ... მიმდებარე ტერიტორიაზე აყვანა და საბოლოოდ მიყენებული დაზიანებები, – არასარწმუნოს ხდის დ. რ–სს ჩვენებას.
10. წარმოდგენილი მტკიცებულებების, განვითარებული მოვლენებისა და მსჯავრდებულთა ერთობლივი მოქმედებების გათვალისწინებით, დგინდება, რომ მათი ქმედებები გ. ვ–სათვის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ნაწილში შეთანხმებული იყო. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოთხოვნას – ვ. კ–სის, ნ. კ–ს და დ. ბ–სის ამ ნაწილში უდანაშაულოდ ცნობის, ხოლო დ. რ–სს მიერ ჩადენილი ქმედების მაკვალიფიცირებელი გარემოებების გარეშე ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებით დაკვალიფიცირების შესახებ. აღნიშნული მოთხოვნა არ შეესაბამება საქმეში არსებულ და სასამართლოს მიერ გამოკვლეულ მტკიცებულებებს. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას მაკვალიფიცირებელ გარემოებებთან მიმართებით.
11. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).
12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დგინდება მსჯავრდებულების: ვ. კ–სის, დ. რ–სს, ნ. კ–ს და დ. ბ–სის მიერ გ. ვ–სთვის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მიყენების ფაქტი, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ, ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
13. რაც შეეხება მსჯავრდებულების მიერ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარებას, ჩადენილს ჯგუფურად, სასამართლო ითვალისწინებს შემდეგს:
13.1. საქართველოს შსს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის უფროსის დ. ა–ის წერილს (საინფორმაციო ცენტრის კომპიუტერული ბაზის მონაცემებით: დ. რ–ს სახელზე რეგისტრირებულია .... მოდელის N..... კარაბინი) და წერილის დანართის სახით წარმოდგენილ „კომპიუტერული ბაზისა და ძებნილი იარაღების ბაზიდან ამონაბეჭდებს“, რომლითაც დგინდება, რომ 2019 წლის 6 მარტს დ----- ი.. ძე რ-ს სახელზე გაცემულია ნებართვა (ნებართვის ნომერი: .....) მის საკუთრებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღის შენახვასა და ტარებაზე; ამავე ნებართვაში მითითებული იარაღის (.... 9X19, ხრახნილლულიანი კარაბინი) მონაცემებს ( იხ. ტ.4, ს.ფ. 165; 169);
13.2. მსჯავრდებულ დ. რ–სს ჩვენებას (თანმხლებმა პირებმა – თანამსჯავრდებულებმა – არ იცოდნენ, რომ ავტომანქანაში ჰქონდა იარაღი, მათ გაიგეს მაშინ, როცა შეჯახებისას აიღო იარაღი და გადავიდა ავტომანქანიდან (12:39:42; 13:15:23). მის ხელში მეგობრებს იარაღი უნახავთ, მაგრამ ბოლო პერიოდში – არა, ეს (შემთხვევის დროს თანქონილი) იარაღი არ იცოდნენ (13:16:53; 13:17:01)), საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის უფროსის დ. ა–ის წერილისა (საინფორმაციო ცენტრის კომპიუტერული ბაზის მონაცემებით: დ. რ–სს სახელზე რეგისტრირებულია UZI-S მოდელის N..... კარაბინი) და დაცვის მხარის პოზიციას (თანამსჯავრდებულებს დ. რ–სს იარაღი შეეშალათ, მისივე საკუთრებაში არსებულ იარაღში);
13.3. იმ გარემოებას, რომ სისხლის სამართლის საქმეში არ არის წარმოდგენილი არც ერთი (არც პირდაპირი და არც გარემოებითი) მტკიცებულება, რომელიც პირდაპირ ან ირიბად მაინც დაადასტურებდა, რომ ვ. კ–სთვის, ნ. კ–სთვის ან/და დ. ბ–სთვის ცნობილი იყო/ ობიექტურად შეიძლება ყოფილიყო ცნობილი, რომ იარაღი, რომელიც შემთხვევის დღეს ჰქონდა დ. რ–სს (და რაც ობიექტურად დაინახეს მსჯავრდებულებმა) იყო უკანონოდ შეძენილი და არა ის იარაღი, რომლის ტარების უფლებაც დ. რ–სს ჰქონდა; ასევე არ არის წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულება (პირდაპირი ან/და გარემოებითი), რომელიც დაადასტურებდა/მიუთითებდა აღნიშნული მსჯავრდებულების მიერ დ. რ–სსთან ერთად მითითებული ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენას, შენახვას და ჯგუფურად ტარებას.
13.4. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-44); ასევე იმ გარემოებას, რომ „in dubio pro reo პრინციპი ავალდებულებს სასამართლოს, სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-52). მტკიცებულებათა უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოითხოვს, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს.
13.5. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 30 იანვრის განაჩენს, მსჯავრდებულების: დ. რ–ს, ვ. კ–ს, ნ. კ–სა და დ. ბ–ს საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მსჯავრდების ნაწილში.
13.6. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ დ. რ–ს შემთხვევის დროს მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა, ასევე მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილ და შენახულ ცეცხლსასროლ იარაღს, თუმცა, განსახილველი შემთხვევის დროს, მის (დ. რ–ს) მიერ უკანონოდ შეძენილი და შენახული ცეცხლსასროლი იარაღის აშკარად და დემონსტრაციულად უკანონოდ ტარება per se არ არის საკმარისი ვაკა კ-ის, ნ. კ–ს, დ. ბ–ს და დ. რ–ს საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება, ჩადენილი ჯგუფურად) მსჯავრდებისათვის.
13.7. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული დანაწესის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს; საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ხოლო საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას, რაც საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის საფუძველზე გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში. მტკიცებულებათა ერთობლიობა კი საქმეში უნდა არსებობდეს თითოეულ ეპიზოდთან/მაკვალიფიცირებელ გარემოებასთან მიმართებით (მაგ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 3 აპრილის №1144აპ-23, 2024 წლის 5 მარტის № 890აპ-23 განჩინებები).
14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას დ. რ–სს, ვ. კ–ს, ნ. კ–ს, დ. ბ–ს საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“, „ე“, მე-7 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-8 ნაწილით მსჯავრდებისა და სასჯელის ნაწილში, თუმცა დაცვის მხარის პოზიციისა და საქმეში არსებული მტკიცებულებების გათვალისწინებით არ იზიარებს ვ. კ–სის, ნ. კ–ს და დ. ბ–სის მიერ დ. რ–სსთან ერთად, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვისა და ტარების, ჯგუფურად ჩადენის თაობაზე.
14.1. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვ. კ–ე, ნ. კ–ე და დ. ბ–სი უნდა გამართლდნენ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით შერაცხილ მსჯავრში, ხოლო დ. რ–სს მსჯავრდება საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილებზე, რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს: საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით– თავისუფლების აღკვეთა 5 წლით, ხოლო საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 6 წლით.
15. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ სასჯელის გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ გარემოებებს, საქმის სირთულეს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, დამნაშავის პიროვნების თავისებურებებს, სასჯელის ზემოქმედებას დამნაშავის მომავალ ცხოვრებაზე (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება N1/7/851 „საქართველოს მოქალაქე იმედა ხახუტაიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, 2017 წლის 11 ივლისი, II-10).
15.1. მოცემულ შემთხვევაში, კასატორი სადავოდ არ ხდის დანიშნულო სასჯელის ხანგრძლივობის კანონიერებას. შესაბამისად, ვინაიდან საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში, საკასაციო სასამართლო მოკლებულია აღნიშნულ ნაწილში გასაჩივრებული განაჩენის გადასინჯვის შესაძლებლობას.
16. საკასაციო სასამართლო, იმავდროულად, ითვალისწინებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 30 იანვრის განაჩენით ნივთიერი მტკიცებულების – „ტოიოტას“ მარკის ავტომანქანის – (,,TOYOTA CAMRY HYBRID” (VIN: 4T1BD1FK1CU049292)) გადაწყვეტის საკითხს. კერძოდ, გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილის თანახმად, „ტოიოტას“ მარკის ავტომანქანა (სახელმწიფო ნომრით: .....), რომელიც დალუქულ მდგომარეობაში განთავსებულია შსს ვ.... განყოფილების ავტოსადგომზე, საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის შესაბამისად, დ. რ–ს სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვას, რის თაობაზეც ეცნობოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს“.
16.1. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში თუ სასამართლო ზემოაღნიშნული სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევას ახდენდა საქართველოს საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლით დადგენილი წესით, აღნიშნული, საქართველოს სსსკ-ის 274-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, მითითებული უნდა ყოფილიყო განაჩენის სარეზოლუციო ნაწილის იმ ნაწილში, სადაც ხდება სასჯელის შეფარდება და არა ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტისას, ვინაიდან საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლი ადგენს სასჯელის სახეს – ქონების ჩამორთმევას.
16.2. იმავდროულად, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ 2019 წლის 6 ოქტომბრის ამოღების ოქმის თანახმად, თ.......... შუა მიმდებარე ტერიტორიიდან ამოიღეს შავი ავტომანქანა „ტოიოტა კამრი“, სახელმწიფო ნომრით „....“, ხოლო სასამართლოში წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხის თანახმად, საქმეზე დართულ საგნებსა და ნივთებს შორის, მითითებულია აღნიშნული – „ტოიოტას“ მარკის ავტომანქანა (სახელმწიფო ნომრით: ....), რომელიც დალუქულ მდგომარეობაში განთავსებულია შსს ვ.... განყოფილების ავტოსადგომზე (ტ. N11; ს.ფ. 138) – შესაბამისად, საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 25-ე ნაწილის გათვალისწინებით, მოცემულ შემთხვევაში აღნიშნული სატრანსპორტო საშუალება, წარმოადგენს ნივთიერ მტკიცებულებას, რომლის საკითხის გადაწყვეტაც უნდა განხორციელდეს საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის საფუძველზე. კერძოდ, საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტისას, თუ დანაშაულის იარაღს ან საგანს აქვს რაიმე ღირებულება, ხდება მისი საპროცესო კონფისკაცია.
16.3. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ სასჯელის სახით საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის საფუძველზე ქონების კონფისკაციის გამოყენება საჭიროებს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაბუთებას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 2 ივლისის N 1/2/384 გადაწყვეტილების საქმეზე ,,საქართველოს მოქალაქეები – დავით ჯიმშელეიშვილი, ტარიელ გვეტაძე და ნელი დალალიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ” გათვალისწინებით.
16.3. აღნიშნულის მიუხედავად, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ კასატორი მხარის მოთხოვნის არარსებობის პირობებში, საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს აღნიშნულ საკითხზე.
17. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ დასაბუთების ვალდებულება „არ მოითხოვს მომჩივნების მიერ წარმოდგენილ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, §31, ECtHR, 11/11/2011). იმის განსაზღვრისას, საჭიროებდნენ თუ არა მომჩივნების არგუმენტები აშკარა პასუხს.... სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს თუ რამდენად დასაბუთებული იყო მომჩივნების არგუმენტები იმისათვის, რომ ეჭვქვეშ დაეყენებინა ..... სასამართლოების დასკვნები და საქმის მასალებში არსებული მტკიცებულებები (Lobzhanidze and Peradze v. Georgia, no 21447/11, no. 35839/11, §69, ECtHR, 27/02/2020).
III. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულების: დ. რ–ს, ვ. კ–ს, ნ. კ–სა და დ. ბ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის – ლ. ჯ–სის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 30 იანვრის განაჩენში შევიდეს ცვლილება:
3. ვ. კ–სე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში;
3.1. ვ. კ–სე ცნობილ იქნეს დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
3.1.1. საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“, „ე“, მე-7 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-8 ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 13 წლით;
3.1.2. საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“, მე-3 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით – თავისუფლების აღკვეთა 9 წლით;
3.1.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ვ. კ–სეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – თავისუფლების აღკვეთა 13 წლით;
3.1.4. ვ. კ–სეს სასჯელის ვადა აეთვალოს დაკავების მომენტიდან – 2021 წლის 3 დეკემბრიდან.
4. ნ. კ–ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში;
4.1. ნ. კ–ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
4.1.1. საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“, „ე“, მე-7 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-8 ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 13 წლით;
4.1.2. საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“, მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით – თავისუფლების აღკვეთა 9 წლით;
4.1.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ნ. კ–ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – თავისუფლების აღკვეთა 13 წლით;
4.1.4. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 6 მარტის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – თავისუფლების აღკვეთა 4 წლით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ნ. კ–ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – თავისუფლების აღკვეთა 17 წლით;
4.1.5ნ. კ–ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან – 2021 წლის 7 დეკემბრიდან.
5. დ. ბ–ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში;
5.1. დ. ბ–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
5.1.1. საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“, „ე“, მე-7 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-8 ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 13 წლით;
5.1.2. საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით – თავისუფლების აღკვეთა 9 წლით;
5.1.3. საქართველოს სსკ-ის 2381 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით – თავისუფლების აღკვეთა 2 წლით;
5.1.4. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, დ. ბ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – თავისუფლების აღკვეთა 13 წლით;
5.1.5. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 6 მარტის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – თავისუფლების აღკვეთა 4 წლით და საბოლოოდ, დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით, დ. ბ–სს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – თავისუფლების აღკვეთა 17 წლით;
5.1.6. დ. ბ–სს სასჯელის ვადა აეთვალოს დაკავების მომენტიდან – 2021 წლის 3 დეკემბრიდან.
6. დ. რ–სს ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებზე;
6.1. დ. რ–ს ცნობილ იქნეს დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
6.1.1. საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“, „ე“, მე-7 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით და მე-8 ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 13 წლით;
6.1.2. საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“, მე-3 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით – თავისუფლების აღკვეთა 9 წლით;
6.1.3. საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 5 წლით;
6.1.4. საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 6 წლით;
6.1.5. საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 1 წლით;
6.6. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, დ. რ–სს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – თავისუფლების აღკვეთა 13 წლით;
6.7. დ. რ–სს სასჯელის ვადა აეთვალოს დაკავების მომენტიდან – 2021 წლის 10 დეკემბრიდან.
8. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;
9. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. ვასაძე
ლ. თევზაძე