Facebook Twitter
საქმე # 330100122005975041

საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ

საქმე №364აპ-24 ქ. თბილისი
ბ. ფ. 364აპ-24 6 სექტემბერი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 1 თებერვლის განაჩენზე მსჯავრდებულ ფ. ბ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის – მ. ს–ს და მსჯავრდებულ თ. ნ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის – დ. ბ–ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებებით:

1.1. ფ. ბ–ს, – დაბადებულს 19..წელს, – ბრალად ედებოდა ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი ჯგუფურად, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით;

1.2. თ. ნ–=სს, – დაბადებულს 19.. წელს, – ბრალად ედებოდა ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი ჯგუფურად, არაერთგზის, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით.

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებებით ფ. ბ– სა და თ. ნ–ს ქმედებები გამოიხატა შემდეგში: 2022 წლის 27 მაისს, დაახლოებით 05:00 საათზე, თ–ში, მ–ს გამზირის №..-ში მდებარე შპს „ი–ს“ კუთვნილ ბენზინგასამართ სადგურში, დანებით შეიარაღებული: ფ. ბ–ი და 2021 წლის 25 იანვრის თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტებით ნასამართლევი და პირობით მსჯავრდებული თ. ნ–ი – ჯგუფურად თავს დაესხნენ ჩამსხმელ-ოპერატორ ბ. ჩ–ს. ისინი, დანების დემონსტრირებით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ: ოპერატორის ჯიბეში არსებულ, ობიექტის კუთვნილ, დაახლოებით – 400 ლარამდე თანხას, სეიფში არსებულ, ფიზიკური პირის – კ. გ–ს კუთვნილ, 5 000 ლარს, ამავე სეიფში შენახულ, ობიექტის კუთვნილ, 2 400 ლარს, ბ. ჩ–სის კუთვნილ – 300 ლარად ღირებულ „სამსუნგ S10-ის“ ფირმის მობილურ ტელეფონს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. აღნიშნული ქმედებით შპს „ი–ს“ – 2 800 ლარამდე, კ. გ–ს – 5000 ლარის, ხოლო ბ. ჩ–ს 300 ლარის ზიანი მიადგათ.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 14 თებერვლის განაჩენით:

3.1. თ. ნ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 9 წლით;

3.1.1. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 25 იანვრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა – თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 25 იანვრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, თ. ნ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 9 წლით;

3.1.2. თ. ნ–ს სასჯელის ვადა აეთვალა დაკავების დღიდან – 2022 წლის 27 მაისიდან;

3.2. ფ. ბ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 7 წლით;

3.2.1. ფ. ბ–ს სასჯელის ვადა აეთვალა დაკავების დღიდან – 2022 წლის 27 მაისიდან.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ, კერძოდ, მსჯავრდებულ ფ. ბ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა – მ. ს–მ და მსჯავრდებულ თ. ნ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა – დ. ბ–მ, რომლებმაც მოითხოვეს მსჯავრდებულების: ფ. ბ–სა და თ. ნ–ს უდანაშაულოდ ცნობა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 1 თებერვლის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 14 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ, კერძოდ, მსჯავრდებულ ფ. ბ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა – მ. ს–მ და მსჯავრდებულ თ. ნ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა – დ. ბ–მ, რომლებიც ითხოვენ მსჯავრდებულების: ფ. ბ–სა და თ. ნ–ს – უდანაშაულოდ ცნობას.

7. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, §31, ECtHR,11/11/2011); ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).

8. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა მხოლოდ დაცვის მხარემ და მოითხოვა მსჯავრდებულების გამართლება. ამდენად, დავის საგანია იმ საკითხის გარკვევა, ჩაიდინეს თუ არა ფ. ბ–მ და თ. ნ–მ მსჯავრადშერაცხილი დანაშაული.

9. საკასაციო სასამართლო ეთანხმება თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომ საქმეში წარმოდგენილია საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებები (მათ შორის: დაზარალებულის – ბ. ჩ–ს ჩვენება, ფოტოსურათით ამოცნობის ოქმები, ოდოროლოგიური და დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნები, ნივთიერი მტკიცებულებების გახსნისა და დათვალიერების ოქმი, ვიდეოჩანაწერები და სხვა მტკიცებულებები), რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ფ. ბ–მა და თ. ნ–მა ჩაიდინეს მსჯავრადშერაცხილი დანაშაული.

10. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის პოზიციას მსჯავრდებულების უდანაშაულობის შესახებ, იმაზე მითითებით, რომ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილია მხოლოდ ერთადერთი პირდაპირი მტკიცებულება – დაზარალებულის ჩვენება და ითვალისწინებს, რომ, გარდა დაზარალებულის ჩვენებისა (რომელმაც სასამართლო სხდომაზე მიუთითა მსჯავრდებულებზე – ფ. ბ–სა და თ. ნ–ზე, როგორც 2022 წლის 27 მაისს მასზე განხორციელებული ყაჩაღობის ჩამდენ პირებზე, რომლებიც დანის გამოყენების მუქარით დაეუფლნენ: მის ჯიბესა და ბენზინგასამართი სადგურის სეიფში არსებულ ფულად თანხასა და მაგიდაზე დადებულ, მის ტელეფონს) და მის მიერ ფოტოსურათით ამოცნობის ოქმებისა, საქმეში ასევე წარმოდგენილია:

10.1. შპს „ს–ს“ შიდა და გარე სამეთვალყურეო კამერის ჩანაწერები, რომელთა თანახმად, ბენზინგასამართ სადგურზე შედის შავი „შევროლეტ კრუზის“ მარკის ავტომობილი, რის შემდეგაც ორი მამაკაცი გადმოდის ავტომობილიდან, გადაადგილდებიან ბენზინგასამართ სადგურზე და ათვალიერებენ მიმდებარე ტერიტორიას, ხოლო თ. ნ–ი ათვალიერებს საოპერატორო ოთახს;

10.2. 2022 წლის 9 ივლისის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმი, რომლის თანახმად, გამომძიებელმა დ. ხ–მა გახსნა და დაათვალიერა თ. ნ–სა და ფ. ბ–ს ტელეფონის ნომრების შემავალი და გამავალი ზარების დეტალური ნუსხა, რომლითაც დადასტურებულია, რომ მსჯავრდებულები სადავო დანაშაულის პერიოდში იმყოფებოდნენ/გადაადგილდებოდნენ შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე;

10.3. საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს ოდოროლოგიური ექსპერტიზის 2022 წლის 8 ივლისის N..... დასკვნა, რომლის თანახმად, სისხლის სამართლის N....... საქმეზე, ქ. თ–ში, მ–ს გამზირის №–-ში, მდებარე შპს „ი–სის“ ბენზინგასამართ სადგურში განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით, ოდოროლოგიურ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი შემთხვევის ადგილიდან, კერძოდ: ოპერატორების ოთახში იატაკის ზედაპირიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები იდენტურია ბრალდებულების: თ. ნ–საგან და ფ. ბ– საგან აღებული სუნის ნიმუშების;

10.4. საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის 2022 წლის 27 მაისის N..... დასკვნა, რომლის თანახმად, სს N........... საქმესთან დაკავშირებით, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ხელის თითის N1 კვალი პიროვნების იდენტიფიკაციისთვის ვარგისია; კვალი N.. იდენტურია დაქტილოსკოპიურ მონაცემთა ერთიან ბაზაში რიცხული .... წელს დაბადებული თ. თ–ს ძე ნ–ს (პ/ნ .............) მარჯვენა ხელის ცერა თითის ანაბეჭდის ნიმუშის.

11. საკასაციო სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ სისხლის სამართლის საქმის მასალებით არ დგინდება მსჯავრდებულის მიმართ დაზარალებულის მიკერძოებული დამოკიდებულება. სისხლის სამართლის საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებთან მიმართებით მისი ჩვენება შეესაბამება ფოტოსურათით ამოცნობის ოქმებს, ოდოროლოგიური და დაქტილოსკოპიური ექსპერტიზების დასკვნებსა და სხვა მტკიცებულებებს.

12. ამასთან, საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულის გენეტიკური პროფილის ბიოლოგიური კვალის არარსებობა შემთხვევის ადგილსა ან დანაშაულის საგანზე a priori არ ნიშნავს ამ პირის უდანაშაულობას, რაც უკავშირდება კვალწარმოქმნის პროცესის თავისებურებას ((მაგალითად, კონტაქტის ხასიათი, ხანგრძლივობა და ა.შ.) იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 27 ივლისის განჩინება N 190აპ-20), შესაბამისად, სასამართლო არ იზიარებს მსჯავრდებულ ფ. ბ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის – მ. ს–ს მტკიცებას მსჯავრდებულის უდანაშაულობის შესახებ, იმაზე მითითებით, რომ ბენზინგასამართი სადგურის შიდა და გარე პერიმეტრზე ამოღებულ კვლებში არ დადგინდა ფ. ბ–ის თანამონაწილეობა.

13. დ. ბ–ე საკასაციო საჩივარში გასაჩივრებული განაჩენის გაუქმების საფუძვლად უთითებს, რომ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი და სასამართლოს მიერ „გაზიარებული სადავო მტკიცებულებები ვერ პასუხობს ვერც სანდოობის, ვერც უტყუარობის, ვერც შეთავსებულობისა და ვერც რეალურობის კრიტერიუმს“, თუმცა აღნიშნულის დასაბუთებისთვის არ უთითებს არცერთ კონკრეტულ გარემოებას ან/და მტკიცებულებას. ამასთან, დაზარალებულის ჩვენების სანდოობას სადავოდ ხდის მხოლოდ მის ნასამართლობაზე მექანიკური მითითებით.

14. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კასატორმა მოთხოვნის მკაფიოდ ფორმულირებასთან ერთად უნდა დაასაბუთოს თავისი მოთხოვნა. ანალოგიურად, საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილიც საკასაციო საჩივრის დასაშვებობას უკავშირებს ამავე ნაწილში მითითებული საფუძვლების დასაბუთებას, რაც გულისხმობს, რომ მკაფიოდ უნდა იყოს იდენტიფიცირებული, რატომ ასაჩივრებს და კონკრეტულად რითი ასაბუთებს კასატორი საკუთარ პოზიციას. შესაბამისად, კასატორმა უნდა განსაზღვროს და მიუთითოს არა მხოლოდ განაჩენის გასაჩივრების კონკრეტული საფუძველი (მხოლოდ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის ქვეპუნქტი), არამედ მკაფიოდ მიუთითოს ის კონკრეტული არგუმენტებიც, რომლებიც ადასტურებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლში მითითებული ერთი ანდა რამდენიმე წინაპირობის არსებობას; კონკრეტული არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც განაჩენის დამდგენი სასამართლოს მიერ, კასატორის აზრით, უკანონოდ ანდა დაუსაბუთებლად არ იყო გაზიარებული (იხ. მაგალითად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 12 მარტის №945აპ-23 განაჩენი, 2024 წლის 29 აპრილის №1193აპ-23, 2024 წლის 15 თებერვლის №933აპ-23 და 2022 წლის 1 ნოემბრის №468აპ-22 განჩინებები). შესაბამისად, ზემოაღნიშნულთან ერთად, სასამართლო ითვალისწინებს რომ დ. ბ–სის საკასაციო საჩივარი არ პასუხობს საქართველოს სსკ-ით დადგენილ მოთხოვნებს.

15. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020); იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).

16. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლი ამომწურავად ადგენს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლებს. მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

17. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

18. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრების დასაშვებობის რომელიმე საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

19. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ფ. ბ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის – მ. ს–ს და მსჯავრდებულ თ. ნ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის – დ. ბ–ს საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 1 თებერვლის განაჩენზე;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.





თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი





მოსამართლეები: შ. თადუმაძე





მ. ვასაძე