გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ-470-02 8 ივლისი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების აქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე)
მ. ახალაძე, თ. კობახიძე
დავის საგანი: უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა.
აღწერილობითი ნაწილი:
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს სარჩელით მიმართა მ. ჯ-შვილმა და მოითხოვა თბილისში, ... მდებარე შენობის მე-2 სართულზე განლაგებული მისი საკუთარი ბინიდან გაზეთ “რ. ტ.” გამოსახლება.
მოსარჩელის განმარტებით, მის მიერ პრივატიზებულია ზემოაღნიშნულ მისამართზე მდებარე შენობის მე-2 სართულზე სამი ოთახი ფართობით 59მ2, მაგრამ ამ ფართის ნაწილი, კერძოდ 12 კვ.მ დაკავებული აქვს მოპასუხეს ყოველგვარი იურიდიული საფუძვლის გარეშე.
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2001წ. 26 იანვრის გადაწყვეტილებით მ. ჯ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხე გაზეთი “რ. ტ.” გამოსახლებული იქნა თბილისში, ... მდებარე შენობის მე-2 სართულზე მდებარე, საქართველოს მეცნიერების აკადემიის პოლიტოლოგიის ინტიტუტთან ქირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე დაკავებული ოთახებიდან, ფართობით 11,72კვ.მ, რომელიც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრის მიერ 2001წ. 7 ივნისს გაცემულ დასკვნაში აღნიშნულია 52-ე ნომრით.
გაზეთმა “რ. ტ.” სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა გადაწყვეტილება. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა: გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. მ. ჯ-შვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგ მოტივებს:
მ. ჯ-შვილმა 1998წ. 5 ოქტომბრის ნო.იულად დამოწმებული ხელშეკრულების საფუძველზე მოახდინა თბილისში, ... მდებარე შენობაში სამოთახიანი ბინის პრივატიზება, ფართობით 59 კვ.მ-ში, რომელიც აღირიცხა მის საკუთრებად საჯარო რეესტრში, მაგრამ წარმოდგენილ დოკუმენტებში არ არის მითითებული შენობის რა ნაწილში მდებარეობს მ. ჯ-შვილის საკუთრებაში არსებული 59კვ.მ ფართობი და კონკრეტულად რომელი ოთახები აქვს მას პრივატიზებული.
მ. ჯ-შვილის განმარტება, რომ მას პრივატიზებული აქვს ოთხი ოთახი, არ შეესაბამება პრივატიზაციის ხელშეკრულებას, რომლის მიხედვით პრივატიზებულია სამი და არა ოთხი ოთახი.
მ. ჯ-შვილმა საკასაციო საჩივარი შეიტანა საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაზე და მოითხოვა მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია.
კასატორის განმარტებით საქმის მასალებით დადგენილია, რომ ის ფაქტობრივად ფლობს მხოლოდ 47,26მ2 საცხოვრებელ ფართს, ხოლო საჯარო რეესტრის მონაცემებით ერიცხება 59 მ2. 1998 წელს მეცნიერებათა აკადემიის პოლიტოლოგიის ინსტიტუტმა გაზეთ “რ. ტ.” იჯარით გადასცა ფართი, რომელიც მათ ბალანსზე არ ირიცხებოდა. მესაკუთრეს სკ-ს 172-ე მუხლის შესაბამისად მინიჭებული აქვს უკანონო მფლობელობიდან ნივთის ვინდიცირების უფლება, თუ ნივთი მესაკუთრის ხელიდან მისი ნების გარეშე გამოვიდა, ახალი მფლობელი ვალდებულია, ნივთი დაუბრუნოს მესაკუთრეს, სააპელაციო სასამართლომ არ შეაფასა ის გარემოება, რომ ვერ ფლობს კანონით მისთვის მიკუთვნებულ ფართს.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივარს, შემოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლები და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დადგენილია, რომ მ. ჯ-შვილის ქ.თბილისში ... მდებარე შენობის მე-2 სართულზე საკუთრების უფლებით ეკუთვნის 59კვ.მ ფართობი, მას ფაქტობრივად დაკავებული აქვს 47,28კვ.მ. აღნიშნული შენობის მეორე სართულის დანარჩენი ფართი ეკუთვნის საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პოლიტოლოგიის ინსტიტუტს, რომელმაც ფართის ნაწილი იჯარით გადასცა გაზეთ “რ. ტ.” რედაქციას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სააპელაციო სასამართლოში მ. ჯ-შვილს არ წარუდგენია მტკიცებულება, რომლითაც დაადასტურებდა სადავო საცხოვრებელი ოთახის საკუთრების ფაქტს, რაც შეიძლებოდა აღნიშნული ოთახიდან მოპასუხის გამოსახლების საფუძველი გამხდარიყო.
პალატა თვლის, რომ მ. ჯ-შვილს სადავო ოთახიდან მოპასუხის გამოსახლების სამართლებრივი საფუძველი მხოლოდ მაშინ წარმოეშვება, თუ დადგინდება კონკრეტულ საცხოვრებელ ოთახზე მისი საკუთრების უფლება საზიარო უფლების გაუქმების გზით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად უთხრა უარი მოსარჩელე მ. ჯ-შვილს სადავო ფართიდან მოპასუხის გამოსახლებაზე. სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერია და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მ. ჯ-შვილის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 18 იანვრის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.