Facebook Twitter

¹ბს-2-2(კ-06) 24 მაისი, 2006 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე),

ნინო ქადაგიძე (მომხსენებელი), ნუგზარ სხირტლაძე

სხდომის მდივანი – გ. ილინა

კასატორი – შპს ,,.. ..-ის» დირექტორი ვ. შ-ა, წარმომადგენელი – მ. კ-ე

მოწინააღმდეგე მხარე – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ფოთის საგადასახადო ინსპექცია, წარმომადგენელი – გ. ხ-ა

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილება

დავის საგანი – ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2005 წლის 2 აგვისტოს შპს «.. ..-მ" სასარჩელო განცხადებით მიმართა ფოთის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე ფოთის საგადასახადო ინსპექციის მიმართ ფოთის საგადასახადო ინსპექციის 2005 წლის 21 ივლისის ¹208 ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე.

მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში მიუთითებდა, რომ მას ფოთის საგადასახადო ინსპექციის 2005 წლის 21 ივლისის ¹208 ბრძანების საფუძველზე დაეკისრა დღგ - 5200 ლარი და საურავი – 21634,48 ლარი, ხოლო მიწის გადასახადში - ძირითადი თანხა – 9128,86 ლარი და საურავი – 16124,42 ლარი, რაც, მოსარჩელის მოსაზრებით, უკანონოა, ვინაიდან საგადასახადო ინსპქეციის მიერ დარიცხული გადასახადი საწარმოს არ უნდა გადაეხადა, რადგან ქონება არ იმყოფებოდა მის საკუთრებაში და არც სარგებლობაში.

მოსარჩელე მიიჩნევდა, რომ მასზე გადასახადების დაკისრება იმ მოტივით, რომ შპს «.. .." არის საქართველოს სამომხმარებლო კოოპერატივის ეროვნული ალიანსის «ც....ის" ხობის დაფნის ...ის სამართალმემკვიდრე, არამართებულია, რამდენადაც აღნიშნულზე არ არსებობს არანაირი დოკუმენტი, რომელიც საჯარო რეესტრშია მიწის საწარმოს მათ სახელზე რეგისტრაციას დაადასტურებდა.

ზემოაღნიშნულიდან გამოდინარე, მოსარჩელე ითხოვდა ფოთის საგადასახადო ინსპექციის 2005 წლის 21 ივლისის ¹208 ბრძანების ბათილად ცნობას.

მოპასუხე _ ფოთის საგადასახადო ინსპექციის წარმომადგენელმა სასარჩელო განცხადება არ ცნო და მოითხოვა მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილებით შპს «.. ..ს" სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ფოთის საგადასახადო ინსპექციის 2005 წლის 21 ივლისის ¹208 ბრძანება.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ფოთის საგადასახადო ინსპექციამ.

აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადინისტრაციულ საქმეთა პალატის 2005 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილებით ფოთის საგადასახადო ინსპექციის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით შპს «.. ..-ს" სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებაში მიუთითებდა, რომ 1998 წლის 12 იანვარს საქართველოს სამომხმარებლო კოოპერატივის ეროვნული ალიანსის ც...ის გამგეობამ ც...ის ხობის დაფნის კომბინატი ...ის ხობის დაფნის კომბინატის საინიციატოვო ჯგუფს მიყიდა.

მითითებული ხელშეკრულების მე-2 პუნქტის შესაბამისად, ც...მა მყიდველს მიღება-ჩაბარების აქტით გადასცა ხობის დაფნის კომბინატის ქონება და დებიტორულ-კრედიტორული ვალდებულებები.

შპს «.. ..-ს" წესდების მე-4 მუხლის 4.3. პუნქტის შესაბამისად, საწესდებო კაპიტალში შენატანები შეიტანება ც...ის ხობის დაფნის კომბინატის სახით, რომელიც პარტნიორებს ეკუთვნით ამხანაგობის შესახებ 1997 წლის 27 დეკემბრის და 1998 წლის 12 იანვრის ნასყიდობის ხელშეკრულებებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატის მითითებით, შპს ,,.. ..», რომელიც მითითებული ობიექტის შესყიდვის შემდეგ დაფუძნდა, არის დაფნის კომბინატის სამართალმემკვიდრე და ის ქონება, რაც მის სახელზე ირიცხებოდა, გადავიდა შპს ,,.. ..-ს» საკუთრებაში.

სააპელაციო პალატის განმარტებით, 1997 წლის საგადასახადო კოდექსის 146-ე მუხლის შესაბამისად, შპს ,,.. ..» წარმოადგენს მიწის გადასახადის გადამხდელსა და ასევე 1997 წლის საგადასახადო კოდექსის 91-ე მუხლით გათვალისწინებულ დღგ-ს გადამხდელს. ორივე გადასახადი კი დარიცხული აქვს დაფნის კომბინატს, კონტროლის პალატის დასახელებული აქტით.

მითითებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს ,,.. ..-ს» დირექტორმა.

კასატორი საკასაციო საჩივარში აღნიშნავდა, რომ სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ც...მა ხობის დაფნის კომბინატის ქონება და დებიტორ-კრედიტორები მყიდველს გადასცა მიღება-ჩაბარების აქტით. როგორც საქმეში არსებული მიღება-ჩაბარების აქტის ¹1 და ¹2 დანართებიდან ჩანს, აქტივებსა და პასივებში არსად არის ნაჩვენები დღგ - 5200 ლარის ოდენობით, ხოლო, რაც შეეხება საქართველოს კონტროლის პალატის სამეგრელო-ზემო სვანეთის ბიუროს მიერ საქართველოს სამომხმარებლო კოოპერატივის ეროვნული ალიანსის «ც...ის" ხობის დაფნის კომბინატზე თანხების დარიცხვის თაობაზე მიღებულ აქტს, აღნიშნული აქტის არსებობის შესახებ კასატორისათვის დღემდე უცნობია.

კასატორის განმარტებით, მითვის არც დღგ და არც საურავის დარიცხვის თაობაზე ცნობილი არ ყოფილა და თუ ასეთი საურავი ერიცხებოდა შპს ,,.. ..-ს», საგადასახადო ორგანოები ვალდებული იყვნენ საგადასახადო კოდექსის შესაბამისად, ეცნობებინათ საურავების დარიცხვის თაობაზე.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს მითითება იმის თაობაზე, თითქოს შპს «.. .." არც ერთხელ არ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე, მიუხედავად იმისა, რომ მათთვის ცნობილი იყო სხდომის დღე, არამართებულია, ვინაიდან არც შპს «.. ..-ს" და არც მის წარმომადგენელ დ. პ-ს არ მიუღიათ შეტყობინება პროცესის დანიშვნის თაობაზე. გამომდინარე აქედან, სააპელაციო პალატის მიერ დაირღვა სასამართლოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესები. სასამართლოს მიერ ასევე დაირღვა მათი, როგორც მხარის, საპროცესო უფლებები, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 83-ე მუხლებით. მათთვის, როგორც მხარისათვის, უცნობი იყო ფოთის საგადასახადო ინსპექციის სააპელაციო საჩივრისა და წარმოდგენილი დოკუმენტების არსებობის თაობაზე. მისთვის 2005 წლის 24 ნოემბრის სასამართლო პროცესის თაობაზე ცნობილი გახდა 2005 წლის 25 ნოემბერს, ფაქტობრივად, პროცესის დამთავრების შემდეგ, ხოლო პირველი პროცესის თაობაზე საერთოდ არ გააჩნდათ ინფორმაცია.

კასატორის მითითებით, სასამართლომ საქმე განიხილა ერთ-ერთი მხარის დაუსწრებლად, რომელსაც არ მიუღია შეტყობინება კანონით დადგენილი წესით ან მისი კანონიერი წარმომადგენლის გარეშე თუ ასეთი წარმომადგენლობა კანონით იყო გათვალისწინებული, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი კანონიერი წარმომადგენელი ცნობს სასამართლო პროცესის წარმართვის მართლზომიერებას.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2005 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმებასა და საქმის ხელახალი განხილვისათვის იმავე სასამართლოში დაბრუნებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს ,,.. ..-ს” საკასაციო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

კასატორი გადაწყვეტილების გაუქმების სხვა საფუძვლებთან ერთად მიუთითებს გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველზე და თვლის, რომ სასამართლომ საქმე განიხილა მისი დასწრების გარეშე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის «ბ" პუნქტის საფუძველზე, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ სასამართლომ საქმე განიხილა ერთ-ერთი მხარის დაუსწრებლად, რომელსაც არ მიუღია შეტყობინება კანონით დადგენილი წესით.

იმის გათვალისწინებით, რომ მითითებული საპროცესო დარღვევა თვით კანონმდებლობის მიერ შეფასებულია ისეთი ტიპის დარღვევად, რომელიც უცილობლად იწვევს გადაწყვეტილების გაუქმებას და აღნიშნული დამოკიდებული არ არის სასამართლოს შეხედულებაზე, საკასაციო სასამართლო არსებითად მიიჩნევს ზემოაღნიშნული გარემოების გამოკვლევა-დადგენას.

საქმეში _ ს.ფ. 68-ზე წარმოდგენლია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გზავნილი, რომლითაც მხარეს (კასატორს) ეცნობა სასამართლო სხდომის ჩატარების თარიღი.

საგულისხმოა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ 2005 წლის 24 ნოემბერს ისე ჩატარდა პროცესი და მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ შეუმოწმებია და არ გამოუკვლევია შპს ,,.. ..-ს” წარმომადგენლებისათვის გზავნილის ჩაბარების ფაქტი.

კასატორის მიერ მითითებულ გარემოებასთან დაკავშირებით წარმოდგენილია დასაბუთებული პრეტენზია, კერძოდ, საკასაციო საჩივარს თან ახლავს სს ,,... კომპანიის” ხობის ფილიალის ცნობა, რომლითაც დგინდება, რომ შპს ,,.. ..-ს” სახელზე დეპეშა ზუგდიდში მიიღეს 2005 წლის 24 ნოემბერს, 14 საათზე, საიდანაც შეტყობინება ხობში გადაიგზავნა 25 ნოემბერს და ადრესატს გადაეცა იმავე დღის 16 საათზე.

მოწინააღმდეგე მხარის მიერ მითითებული მტკიცებულება ვერ იქნა უარყოფილი, რაც საკასაციო სასამართლოს აძლევს უდავო საფუძველს მიიჩნიოს, რომ კასატორს შეტყობინება არ ჩაჰბარებია საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება იგზავნება ფოსტით ან დამტარებლის მეშვეობით. ადრესატისათვის უწყების ჩაბარების დრო აღინიშნება მის მე-2 ეგზემპლარზე, რომელიც სასამართლოს უნდა დაუბრუნდეს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს სათანადო თანამდებობის პირს, რომელიც ასევე ხელს აწერს უწყების მეორე ეგზემპლარს.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ნორმის შინაარსს და განმარტავს, რომ უწყება ჩაბარებულად ითვლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ უწყების მე-2 ეგზემპლარზე, რომელსაც ხელს აწერს ადრესატი, აღნიშნულია მისი ჩაბარების დრო და იგი დაბრუნებულია სასამართლოში.

საქმეში არ მოიძიება მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა სასამართლო გზავნილის ჩაბარების ფაქტს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მხარეებს და მათ წარმომადგენლებს უწყება უნდა ჩაჰბარდეთ იმ ვარაუდით, რომ ჰქონდეთ საშუალება სასამართლოში დროულად გამოცხადებისა და საქმისათვის მოსამზადებლად.

მიუხედავად იმისა, რომ მითითებული ნორმა არ განსაზღვრავს დროის ზუსტ მონაკვეთს. უდავოა, უწყება უნდა ჩაჰბარდეს მხარეს, რომ გამოცხადდეს პროცესზე და უზრუნველყოს საკუთარი პროცესუალური უფლებების რეალიზება.

როგორც საქმეში დაცული მასალებით დასტურდება, უწყება მხარეს ჩაჰბარდა სასამართლო სხდომის მე-2 დღეს, რაც უდავოდ ადასტურებს სააპელაციო სასამართლოს მხრიდან ზემოაღნიშნული მუხლების დარღვევის ფაქტს და რაც საკასაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს მიიჩნიოს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება მიღებულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით.

საკასაციო სასამართლო მხედველობაში იღებს რა ადმინისტრაციული პროცესის თავისებურებას, რომელიც შეიცავს ინკვიზიციურობის გარკვეულ ელემენტებს, აღნიშნავს, რომ ამავე ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის საფუძველზე მკაცრადაა დაცული მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპი, რაც ნიშნავს იმას, რომ მოდავე მხარეები სარგებლობენ თანაბარი შესაძლებლობებით, განკარგონ პროცესუალური საშუალებები, მიუთითონ ფაქტებზე თავიანთი მოთხოვნის დასასაბუთებლად და წარმოადგინონ მტკიცებულებები ამ ფაქტების დადგენა-დადასტურების მიზნით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სწორედ მითითებული პრინციპის დაცვას ემსახურება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის «გ" პუნქტი, რომლის დარღვევის ფაქტიც უდავოდ დასტურდება საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე და რომლის გათვალისწინებითაც საკასაციო სასამართლო ვალდებულია, გააუქმოს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილება და საქმე არსებითად განსახილველად დაუბრუნოს იმავე სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მესამე ნაწილით, 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს ,,.. ..-ს” საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.