¹3კ-471-02 14 ივნისი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),
ქ. გაბელაია, თ. კობახიძე
დავის საგანი: სამემკვიდრეო მოწმობაში ცვლილებების შეტანა.
აღწერილობითი ნაწილი:
თბილისში ..... მდებარე სახლი ირიცხებოდა აწ გარდაცვლილ ან. ვ-იანის სახელზე. 1986წ. ივნისში ან. ვ-იანმა სახლის ნაწილი აჩუქა თავის ქალიშვილს _ ა. ვ-იანს. 1986წ. 26 აგვისტოს ან. და ა. ვ-იანებს შორის გაფორმდა საკუთრების და სარგებლობის ხელშეკრულება, რომლითაც ან. ვ-იანს საკუთრებაში და სარგებლობაში გამოეყო ლიტერ “ა” ნაგებობის ¹4.16მ2 ფართობის ოთახი, ავტოსადგომი, დამხმარე სათავსები და სარდაფის ნაწილი. ¹4 ოთახი ფართობით 20მ2, დამხმარე სათავსოები და სარდაფის დანარჩენი ნაწილი მიეკუთვნა ა. ვ-იანს.
1986წ. 5 ნოემბრის თბილისის 26 კომისრის სახელობის რაიონის აღმასკომის გადაწყვეტილებით ან. ვ-იანს ნება დაერთო, სახლზე მიეშენებინა დამხმარე სათავსები. ფაქტობრივად მიშენდა 35,72მ2 ფართობის ოთახი და 30,56მ2 ფართის სარდაფი. 1989წ. ივლისში გარდაიცვალა ან. ვ-იანი, მას დარჩა სამი მემკვიდრე: მეუღლე მა. ვ-იანი და შვილები _ ა. ვ-იანი და მ. ვ-იანი. 1994 წელს გარდაიცვალა მ. ვ-იანი, ხოლო 1999 წელს _ მა. ვ-იანი. 1996წ. 7 ნოემბერს კანონისმიერი მემკვიდრეობის მოწმობის საფუძელზე ა. ვ-იანმა გაიფორმა ან. ვ-იანის კუთვნილი სახლის ნაწილი და მთელი სახლი აღირიცხა მის სახელზე.
1999წ. დეკემბერში აწ გარდაცვლილი მ. ვ-იანის მეუღლემ ი. ვ-იანმა არასრულწლოვანი შვილის ანდ. ვ-იანის ინტერესების დასაცავად სარჩელი აღძრა სასამართლოში ა. ვ-იანის წინააღმდეგ და მოითხოვა მემკვიდრეობის უფლების მოწმობაში ცვლილებების შეტანა შემდეგი საფუძვლით: 1986 წელს. შემდეგ პერიოდში მ. ვ-იანმა სადავო სახლს საკუთარი სახსრებით მიაშენა 35,72 კვ.მ ფართობის ოთახი, მოახდინა აივნის რეკონსტრუქცია. ან. ვ-იანის გარდაცვალების შემდეგ მან ფაქტობრივად მიიღო სამკვიდროს კუთვნილი წილი.
თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2000წ. 25 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, სამემკვმიდრეო მოწმობაში შევიდა ცვლილება: ან. ვ-იანის დანაშთი ქონების თბილისში, ... მდებარე სახლის 3/5 ნაწილზე მესაკუთრედ მემკვიდრედ ცნობილ იქნა ანდ. ვ-იანი, ხოლო 2/5 ნაწილზე ა. ვ-იანი. რაიონულმა სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა შემდეგი საფუძვლით: საქმეში წარმოდგენილი საინვენტარიზაციო გეგმის თანახმად დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო სახლი 1986 წლის მდგომარეობით წარმოადგენდა ორ ოთახს, 36,45მ2 საცხოვრებელ ფართობს. მართალია, სახლზე მიშენების ნებართვა 1986 წელს 26 კომისრების რაიონის აღმასკომის მიერ გაიცა ან. ვ-იანის სახელზე, მაგრამ აღიშნული იმის მტკიცებად, რომ მიშენებულ ¹8 ოთახი, ფართობით 35,72მ2, აშენებულია ან. ვ-იანის მიერ, სასამართლომ არ ჩათვალა, რადგან საინვენტარიზაციო გეგმის მიხედვით აღნიშნული ¹8 ოთახი აღირიცხა ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროში 1996 წელს, ან. ვ-იანის გარდაცვალებიდან შვიდი წლის შემდეგ. სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ ¹8 ოთახი აშენებულ იქნა ან. ვ-იანის შვილის, მ. ვ-იანის, მიერ. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაიცო საჩივარი შეიტანა ა. ვ-იანმა. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაიცო პალატის 2000წ. 1 აგვისტოს განჩინებით ა. ვ-იანის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელი დარჩა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება. ა. ვ-იანის საკასაციო საჩივრის საფუძველზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2001წ. 18 აპრილის განჩინებით გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა თბილისის საოლქო სასამართლოს იმავე პალატას. საკასაციო სასამართლომ განჩინებით მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლოს გაერკვია, თუ ვის სახელზე ირიცხებოდა მიშენებული შენობა, ასევე, გაერკვია, ან. ვ-იანის და მ. ვ-იანის გარდაცვალების მომენტისათვის თითოეულის სახელზე რა ქონება ირიცხებოდა. საქმის ხელახალი განხილვის შემდეგ თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაიცო პალატის 2001წ. 6 დეკემბრის განჩინებით კვლავ არ დაკმაყოფილდა ა. ვ-იანის სააპელაციო საჩივარი და უცვლელი დარჩა ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სამემკვიდრეო სახლზე მიშენებები აწარმოვა მ. ვ-იანმა, ამიტომ არ შეიძლება მიშენებელი აღირიცხოს ა. ვ-იანის სახელზე.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ა. ვ-იანმა, რომლითაც ითხოვს გადაწყვეტილების გაუქმებას შემდეგი საფუძვლით: სასამართლომ არ განსაზღვრა სამემკვიდრეო მასა, არასწორად ჩათვალა, რომ მიშენებები არასრულწლოვან ანდ. ვ-იანის მამის მ. ვ-იანის საკუთრებაა და პირდაპირი წესით უნდა გადავიდეს მის მემკვიდრეზე.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები საკასაციო საჩივრის მოტივები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 6 დეკემბრის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ამავე პალატას შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დავის საგანს წარმოადგენს 1989 წელს გარდაცვლილი ან. ვ-იანის სამემკვიდრეო სახლი და მასზე წარმოებული მიშენებები. ან. ვ-იანის გარდაცვალების შემდეგ მას დარჩა თბილისში, ..... მდებარე სახლის ½ნაწილი. სახლის მეორე ნახევარი საკუთრების უფლებით აღრიცხულია მოპასუხე ა. ვ-იანის სახელზე. ან. ვ-იანს გარდაცვალების შემდეგ დარჩა სამი მემკვიდრე: მეუღლე მა. ვ-იანი და შვილები _ მოპასუხე ა. ვ-იანი და მ. ვ-იანი (მოსარჩელე ანდ. ვ-იანის მამა). მ. ვ-იანი გარდაიცვალა 1994 წელს, მა. ვ-იანი _ 1999 წელს. ა. ვ-იანმა მამის დანაშთი სახლი მთლიანად გადააფორმა თავის სახელზე. მიუხედავად იმისა, რომ ან. ვ-იანს კიდევ ჰყავდა მემკვიდრე მ. ვ-იანის სახით, ხოლო მისი გარდაცვალების შემდეგ მისი შვილის სახით. სააპელაციო სასამართლომ მოცემულ ფაქტობრივი გარემოებების პირობებში სწორად მიუთითა, რომ სახლი არაკანონიერად აღირიცხა საჯარო რეესტრში მთლიანად ა. ვ-იანის სახელზე, რადგან სამკვიდროს გახსნის დროისათვის მოქმედი 1964 წლის სსკ-ს 544-ე მუხლის თანახმად პირველი რიგის მემკვიდრეებს თანასწორი უფლებები აქვთ.
პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ “1964 წლის სსკ-ს 544-ე მუხლის პირველი რიგის მემკვიდრეებად თანასწორი წილის უფლებით ითვლებიან გარდაცვლილის შვილები და შვილიშვილები, თუ სამკვიდროს გახსნის დროისათვის ცოცხალი არ არის მათი მშობელი, ე.ი. ანდ. ვ-იანი ითვლება ან. ვ-იანი ქონებაზე პირველი რიგის მემკვიდრედ”. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ან. ვ-იანი გარდაიცვალა 1989 წელს და იმ დროს მოქმედი სამოქალაქო სამართლის კოდექსის 540 მუხლის თანახმად გაიხსნა მემკვიდრეობა. მემკვიდრეობის გახსნის დროს მას დარჩა სამი მემკვიდრე: ა. ვ-იანი, მ. ვ-იანი და მა. ვ-იანი, რომლებმაც ფაქტობრივად მიიღეს მემკვიდრეობა. მ. ვ-იანი გარდაიცვალა 1994 წელს, მას შემდეგ, რაც ფაქტობრივად შეუდგა მემკვიდრეობის ფლობას. ამდენად, არასწორია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რომ ანდ. ვ-იანი არის ან. ვ-იანი მემკვიდრე, რადგან გარდაცვალების დროისათვის ცოცხლი იყო მ. ვ-იანი და მან მიიღო მემკვიდრეობა. ანდ. ვ-იანი მ. ვ-იანის სხვა მემკვმდრეებთან ერთად შეიძლება ჩაითვალოს მემკვიდრედ ან. ვ-იანის იმ ქონებისა, რომელიც მ. ვ-იანმა მიიღო.
პალატა იზიარებს საკასაციო საჩივრის მოსაზრებას, რომ სააპელაციო სასამართლომ არ განსაზღვრა, თუ რა ქონება წარმოადგენდა ან. ვ-იანი სამემკვიდრეო მასას. როგორც საქმის მასალებით დგინდება, მიშენებების უფლება გაიცა ან. ვ-იანის სახელზე. ამის შემდეგ მიშენებები არავის სახელზე აღრიცხულა. პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ ისე მიიჩნია სახლზე წარმოებულ მიშენებები მ. ვ-იანის საკუთრებად, რომ არ მიუთითა კანონის არც ერთი ნორმა, რომლის საფუძველზე აღნიშნული შეიძლებოდა ჩათვლილიყო მ. ვ-იანის საკუთრებად. აქედან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება იურიდიულად არ არის დასაბუთებული, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე” პუნქტის საფუძველზე გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია. საქმის ხელახალი განხილვის დროს სასამართლომ უნდა გამოირკვიოს, აღნიშნული მიშენებები კანონით დადგენილი წესით ოდესმე ირიცხებოდა თუ არა მ. ვ-იანის სახელზე; თუ მშენებლობები აწარმოვა მ. ვ-იანმა ოდესმე დაუყენებია თუ არა საკითხი მას ამ მიშენებების მესაკუთრეებად ცნობის შესახებ და თუ ასეთს ადგილი არ ჰქონია, შეიძლება თუ არა მის მაგივრად სხვა პირმა დააყენოს საკითხი იმის შესახებ, რომ მ. ვ-იანი არის მიშენების მესაკუთრე.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ა. ვ-იანის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 6 დეკემბრის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს თბილისის საოლქო სასამართლოს იმავე პალატას.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.