¹3კ-472-02 7 ივნისი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. წიქვაძე (თავმჯდომარე),
მ. გოგიშვილი, რ. ნადირიანი
დავის საგანი: ღია აივნის დანგრევა და საზღვრის პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენა.
აღწერილობითი ნაწილი:
ქ. ბ-შვილმა სასარჩელო განცხადებით მიმართა სასამართლოს. მოსარჩელემ მიუთითა, რომ მასსა და მის მეზობელ _ ა. ბ-ელს შორის წარმოიშვა დავა მოპასუხის მიერ წარმოებულ უკანონო მშენებლობის თაობაზე, კერძოდ, ა. ბ-ელმა განიზრახა მოსარჩელის სახლის მომიჯნავედ ღია აივნისა და მასზე დამხმარე სათავსების მშენებლობა, რისთვისაც მოშალა ეზოებს შორის გამყოფი ღობე და ყოველგვარი ნებართვის გარეშე ჩააბეტონა ლითონის ბოძები. მოსარჩელემ განმარტა, რომ უკანონო მშენებლობა შეჩერებულ იქნა, როგორც რაიონის გამგეობის, ისე პოლიციის მიერ, რასაც მოპასუხემ ყურადღება არ მიაქცია და აგრძელებდა მშენებლობას. მოსარჩელის მითითებით, იგი იძულებული იყო განცხადებით მიემართა სასამართლოსათვის. თბილისის საქალაქო სასამართლოს 1997 წლის კანონიერ ძალაში შესული განჩინებით ა. ბ-ელს ნება დაერთო თავის საცხოვრებელ სახლზე მიეშენებინა ქუჩის მხრიდან ეზოს შესასვლელიდან 5 მეტრის სიგრძის დამხმარე სათავსი მეორე სართულზე, მომდევნო 6 მეტრის სიგრძეზე კი მშენებლობა დაუშვებლად იქნა მიჩნეული. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხემ აწარმოვა ღია აივნის უკანონო მშენებლობა, ამასთან, იგი უკანონოდ შეიჭრა მის ეზოში, რითაც დაარღვია მისი უფლებები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა ქუჩის მხრიდან 5 მეტრის შემდგომი უკანონო მშენებარე ღია აივნის მოშლა და გეგმის შესაბამისად ეზოებს შორის არსებული საზღვრის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა.
ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 1999წ. 30 სექტემბრის გადაწყვეტილებით ქ. ბ-შვილის სარჩელი მოპასუხე ნ. ბ-ელის მიმართ დაკმაყოფილდა. მოპასუხეს დაევალა ქ. თბილისში, ... მდებარე საცხოვრებელ სახლზე ქუჩის მხრიდან 5 მეტრის შემდგომი ღია აივნის და ეზოებს შორის არსებული საზღვრის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 1999წ. 16 დეკემბრის გადაწყვეტილებით ა. ბ-ელის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ქ. ბ-შვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მშენებლობა წარმოებს ბ-ელის ეზოს ფარგლებში და არა ქ. ბ-შვილის ეზოში, რითაც ა. ბ-ელს არ დაურღვევია 13 სანტიმეტრით სამეზობლო საზღვარი ქ. ბ-შვილის საზიანოდ. ასევე ა. ბ-ელის მიერ წარმოებული მშენებლობით, კერძოდ კი, პროექტით წარმოებული მიშენებით არ იზღუდება მოსარჩელის საცხოვრებელი სახლის დღის განათებისა და ინსოლაციის მოთხოვნები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 31 მარტის განჩინებით მოცემულ საქმეზე გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს 1999წ. 16 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმე განსახილველად დაუბრუნდა იმავე პალატას.
თბილისის საოლქო სასამართლოში ა. ბ-შვილის სააპელაციო საჩივრის ხელახალი განხილვისას, 2000წ. 20 დეკემბრის სასამართლო სხდომაზე მოცემულ საქმეზე არასათანადო მოსარჩელე ქ. ბ-შვილი სააპელაციო პალატაში შეიცვალა სათანადო მოსარჩელით ა. ბ-შვილით.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 25 დეკემბრის გადაწყვეტილებით ა. ბ-ელის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ამ საქმეზე დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 1999წ. 30 სექტემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ა. ბ-შვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობის 4 ივნისის ¹8.04.11 გადაწყვეტილებით ტექნიკურად შესაძლებლად ჩაითვალა თბილისში, ..... მდებარე საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე დამხმარე სათავსისა და ეზოს მხრიდან საცხოვრებელი ფართის მიშენება, რის თაობაზეც აღნიშნული გადაწყვეტილებისა და შემდგომში ქალაქის მთავარი არქიტექტორის მიერ 1997წ. 18 აგვისტოს დამტკიცებული პროექტის საფუძველზე, ქ. თბილისის სახელმწიფო არქიტექტურული სამშენებლო კონტროლის ინსპექციის მიერ 1997წ. 21 აგვისტოს გაიცა ¹210 ნებართვა. სააპელაციო პალატამ დასაბუთებულად მიიჩნია აპელანტის მოთხოვნა საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ იმ მოტივით, რომ მოსარჩელე ვერ ადასტურებს მოთხოვნის საფუძვლიანობას.
სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ საქმეში წარმოდგენილი მასალებითE არ დასტურდება ბ-შვილის სარჩელში მითითებული გარემოებები, კერძოდ, სააპელაციო პალატამ საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. თბილისში ..... მდებარე საცხოვრებელ სახლზე ქუჩის მხრიდან სათავსის მიშენება არ ზღუდავს მოსარჩელის უფლებებს. ამასთან, ა. ბ-ელი არ არის შეჭრილი ბ-შვილის ეზოში.
ა. ბ-შვილმა სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება გაასაჩივრა საკასაციო წესით. კასატორმა მიუთითა, რომ ქ. თბილისში, ... მდებარე სახლში ცხოვრობს დაბადებიდან. მის მეზობლად, ცხოვრობს მეზობელი ა. ბ-ელი, რომელმაც დაიწყო უკანონო მიშენებები სახლზე. აღნიშნულზე კასატორმა სარჩელით მიმართა ჩუღურეთის რაიონის სასამართლოს და მოითხოვა უკანონო მშენებლობის აკრძალვა. ჩუღურეთის რაიონის სასამართლოს 1997წ. 1 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს საკასაციო კოლეგიის 1997წ. 26 დეკემბრის განჩინებით გაუქმებულ იქნა ჩუღურეთის რაიონის სასამართლოს გადაწყვეტილება და დადგენილ იქნა, რომ ზ. და ა. ბ-ელს ნება დაერთოთ მათ კუთვნილ საცხოვრებელ სახლს მიაშენონ ქუჩის მხრიდან 5მ. სიგრძის დამხმარე სათავსები. კასატორმა განმარტა, რომ საკასაციო კოლეგიამ ა. ბ-ელს ნება დართო სახლზე მიეშენებინა 5მ. სიგრძის სათავსო. ა. ბ-ელმა კი ნებადართული 5 მეტრის ნაცვლად სახლზე უკანონოდ მიაშენა 10მ. სიგრძის ღია აივანი, რითაც დაარღვია ეზოებს შორის არსებული საზღვარი, შეიჭრა კასატორის კუთვნილ ფართში, შელახა მისი, როგორც მესაკუთრის, კანონიერი უფლებები, ვინაიდან 10მ. სიგრძის ღია აივნიდან გადმოედინება მის მხარეს ნიაღვარი, რომელიც ტბორავს ეზოს, აუარესებს ჰაერის ვენტილაციას, ბუნებრივ განათებას და პრაქტიკულად არა აქვს ინსოლაცია მის კუთვნილ ლიტერ “ა" და ლიტერ “ბ" ოთახებს. ამასთან, კასატორის განმარტებით, 10მ. სიგრძის აივნიდან ვიზუალური ხედვით მის ეზოში ირღვევა მისი უფლებები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა მოითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს საპელაციო პალატის 2002წ. 25 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და მისი სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობითა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენით მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის თანახმად მხარეები თავისუფლდებიან მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან ისეთი ფაქტების დასადასტურებლად, რომლებსაც თუმცა ემყარება მათი მოთხოვნები, თუ შესაგებელი, მაგრამ დამტკიცებას არ საჭიროებენ. ასეთს განეკუთვნება ფაქტები, რომლებიც დადგენილია ერთ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს მიერ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, თუ სხვა სამოქალაქო საქმეების განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ.
მოსარჩელეები სასარჩელო განცხადებაში მიუთითებდნენ, რომ როდესაც მოპასუხეებმა მათი სახლის მომიჯნავედ ღია აივნის მოწყობა დაიწყეს და დადგენილი საზღვრიდან 13სმ-ით შეიჭრნენ მათ ეზოში და ჩააბეტონეს ლითონის დგარები, მათ განცხადებით მიმართეს სასამართლოს. Aაღნიშნული განცხადებიდან, თბილისის ჩუღურეთის სასამართლოს 1997წ. 12 დეკემბრის გადაწყვეტილებიდან, თბილისის საქალაქო სასამართლოს 1997წ. 26 დეკემბრის კანონიერ ძალაში შესული განჩინებიდან ირკვევა, რომ სასამართლოს განხილვის საგანი იყო მიშენების და დგარების აღმართვის კანონიერება. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა მხოლოდ იმ Nნაწილში, რომელიც 7მ. სიგრძის სათავსის აშენებას ეხებოდა და განისაზღვრა, რომ მიშენებული სათავსი შეიძლება იყოს მხოლოდ 5მ. სიგრძის.
მიშენების და იმ დგარების აღმართვის კანონიერების საკითხი, რომელზეც დაშენებულია სათავსი გადაწყვეტილია კანონიერ ძალაში შესული განჩინებით და მოცემული საქმის განხილვისას ამ განჩინებას აქვს პრეიუდიციული ძალა.
მოცემულ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს 2000წ. 20 დეკემბრის განჩინებით დანიშულ იქნა საინჟინრო-ტექნიკური ექპსერტიზა, ექსპერტიზის ჩატარება ეთხოვა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალური გამოკვლევის ცენტრს. ექსპერტიზის წინაშე დაისვა კითხვა _ ლითონის დგარები, რომელზედაც დაშენებულია ა. ბ-ელის ღია აივანი, მდებარეობს თუ არა ბ-შვილის მიწის ნაკვეთზე, დადებით შემთხვევაში რა მანძილითაა იგი შეჭრილი ბ-შვილის ნაკვეთში.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრის 2001წ. 12 თებერვლის დასკვნის მიხედვით ქ. თბილისში, ... მდებარე ბ-ელის სახელზე რიცხულ სახლთმფლობელობაში ლითონის დგარები, რომლებზედაც დაშენებულია ა. ბ-ელის ღია აივანი, არ მდებარეობს ბ-შვილის მიწის ნაკვეთზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად საოლქო სასამართლო კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულია სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.
როგორც დადგენილია და საქმის მასალებით ირკვევა, მოპასუხეებმა საქალაქო სასამართლოს განჩინების შესაბამისად ააშენეს მხოლოდ 5მ. სიგრძის დამხმარე სათავსო. Aასევე დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ წარმოებული სხვა მშენებლობებით არ იზღუდება მოპასუხისათვის საცხოვრებელი სახლის დღის განათება, ინსოლაციის მოთხოვნები და არ მოხდება ეზოს დატბორვა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილება მიღებულია კანონმდებლობის დაცვით და მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ა. ბ-შვილის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. მოცემულ საქმეზე უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 25 დეკემბრის გადაწყვეტილება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.