Facebook Twitter

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

¹ 3კ-475-02 31 ივლისი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. წიქვაძე (თავმჯდომარე),

რ. ნადირიანი, მ. გოგიშვილი

სარჩელის საგანი: ხელშეკრულებიდან გასვლა და თანხის დაბრუნება.

აღწერილობითი ნაწილი:

საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროში აგრარული სექტორის სამაუწყებლო სტუდიის შექმნის მიზნით წარდგენილი იქნა ბიზნეს-გეგმა, რომელიც მოიცავდა სამუშაოთა ოთხ ეტაპს ერთი მილიონი ლარის დაფინანსებით. სამინისტრომ ევროსაპარტნიორო ფონდთან შეთანხმებით მოიწონა პროექტი და 1997წ. 26 სექტემბრის ¹2-315 ბრძანებით, საპარტნიორო ფონდის რესურსებიდან შპს “ა-ს” გამოეყო 130000 ლარი შპს “.. ..-ის” მიერ სამაუწყებლო სისტემის შექმნისათვის პირველი ეტაპის სამუშაოების დაფინანსების მიზნით (პროექტის ოთხ ეტაპად დაყოფა განპირობებული იყო სრული ციკლის შესასრულებლად ინტენსიური სამუშაოების ჩატარების აუცილებლობით); ბრძანების საფუძველზე შპს “ა-სა” და საქართველოს სოფლის მეურნეობის და სურსათის სამინისტროს შორის 1997წ. 27 სექტემბერს გაფორმდა ¹2 ხელშეკრულება ბიზნეს-გეგმით გათვალისწინებული პირველი ეტაპების სამუშაოთა შესასრულებლად 130000 ლარის “.. ..-სათვის” გადარიცხვის თაობაზე; ¹2-315 ბრძანების და ¹2 ხელშეკრულების შესაბამისად შპს “ა-სა” და შპს “.. ..-ს” შორის 1997წ. 1 ოქტომბერს დაიდო ¹6 ხელშეკრულება.

აღნიშნული ხელშეკრულებით განისაზღვრა მხარეთა უფლება­-მოვალეობანი; კერძოდ, შპს “ა-ი” ვალდებულებას იღებდა გადაერიცხა შპს “.. ..-სათვის” 130000 ლარი, ამასთან განეხორციელებინა მონიტორინგი ამ თანხის მიზნობრივად და ბიზნეს-გეგმის შესაბამისად გამოყენების თაობაზე; თავის მხრივ შპს “.. ..” კისრულობდა ვალდებულებას მიღებული თანხა გამოეყენებინა მიზნობრივად, აგრარული სექტორის სამაუწყებლო სისტემის შესაქმნელად. პირველი ეტაპის სამუშაოთა შესასრულებლად ხელშეკრულების მეორე თავის მე-3 მუხლის მიხედვით “.. ..-ის” მიერ თანხის ბიზნეს-გეგმის შესაბამისად გამოუყენებლობის შემთხვევაში, შპს “ა-ი” უფლებამოსილი იყო შეეჩერებინა ხელშეკრულების მოქმედება და დაეყენებინა “.. ..-ის” პასუხისმგებლობის საკითხი არსებული კანონმდებლობის შესაბამისად.

ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა ხუთი წლით.

შპს “ა-მა” 1999წ. აპრილში სარჩელით მიმართა სასამართლოს, სადაც აღნიშნა, რომ მოპასუხემ შპს-მ “.. ..” საპარტნიორო ფონდიდან გადარიცხული თანხა 130000 ლარი არ გამოიყენა მიზნობრივად, ბიზნეს-გეგმით გათვალისწინებული პირველი ეტაპის სამუშაოთა ჩასატარებლად, რაც დადასტურებულია 1998წ. 24 მარტის შემოწმების აქტით; მოსარჩელის განმარტებით შესრულებამ მისთვის ინტერესი დაკარგა, რის გამოც მოითხოვა 1997წ. 1 ოქტომბერს მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების გაუქმება (ხელშეკრულებიდან გასვლა) და მოპასუხეზე გადაცემული თანხის 130000 ლარის დაბრუნება.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ტელეკომპანიის მიერ თანხების დახარჯვისას ადგილი ჰქონდა ცალკეულ გადახვევებს ბიზნეს გეგმიდან, მაგრამ ეს გადახვევა არ შეიძლება იყოს მიჩნეული, როგორც თანხების არამიზნობრივად გახარჯვა; მოპასუხის მოსაზრებით, უსასყიდლოდ გადმოცემული თანხის გახარჯვის მიზანს წარმოადგენდა მისი გამოყენება ტელერადიოკომპანიის განვითარებისათვის და არასრული სექტორის სამაუწყებლო სისტემის შექმნისათვის. თანხა მთლიანად მოხმარდა ტელერადიოკომპანიის განვითარების მიზანს; არამიზნობრივ ხარჯვას მხოლოდ მაშინ შეიძლებოდა ჰქონოდა ადგილი თუ თანხა გამოყენებული იქნებოდა სხვა მიზნებისათვის. მოპასუხის განმარტებით, თანხების მთლიანად კომპანიის განვითარების მიზანს რომ მოხმარდა დასტურდება შემოწმების აქტით, შემმოწმებელ კომისიას არავითარი პრეტენზია თანხების არამიზნობრივ დახარჯვაზე არ გამოუთქვამს, მან მხოლოდ მისცა სიტყვიერი რეკომენდაციები საბუღალტრო აღრიცხვის საქმეში არსებული ნაკლოვანებების თაობაზე. აღნიშნულიდან გამომდინერე მოპასუხემ სარჩელი უსაფუძვლოდ მიიჩნია.

თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2000წ. 13 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაიონულმა სასამართლომ შემოწმების აქტის საფუძველზე დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხემ თანხები გახარჯა შემდეგი მიზნებისათვის:

1. სტუდიის აპარატურა _ 54 923 ლარი; 2. სტუდიის რემონტი _ 40092 ლარი; 3. ტრანსპორტის შეძენა _ 4500 ლარი; 4. ხელფასები დარიცხვით _ 2200 ლარი; 5. შენობის საიჯარო გადასახადი _ 7375 ლარი; 6. ანძის საიჯარო ქირა _ 20890; სულ _ 130000 ლარი.

სასამართლომ ბიზნეს-გეგმისა და შემოწმების აქტის საფუძველზე დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხის მიერ თანხების გახარჯვისას ადგილი ჰქონდა ცალკეულ გადახვევებს ბიზნეს-გეგმიდან. კერძოდ, ბიზნეს-გეგმის შედგენისას გათვალისწინებული არ იყო სატელევიზიო ანძის ქირის გადასახადი, რომლის გადაუხდელობის შემთხვევაში ტელემაუწყებლობა ვერ განხორციელდებოდა. შესაბამისად, მოპასუხე იძულებული აღმოჩნდა თანხები დაეზოგა ბიზნეს-გეგმის სხვა მუხლებში და უპირატესობა მიეცა ანძის ქირის გადახდისათვის, რაც შეადგენდა 20890 ლარს. სამაგიეროდ, მოპასუხემ სამი ავტომანქანის მაგივრად შეიძინა მხოლოდ ერთი, რაშიც დახარჯა 10500 ლარით ნაკლები, რაც გათვალისწინებული იყო ბიზნეს-გეგმით. თანხების გახარჯვის ეკონომია მოხდა თანამშრომელთა ხელფასების ნაწილშიც; ბიზნეს-გეგმით დადგენილი გაუთვალისწინებელი ხარჯებისათვის მოპასუხეს საერთოდ არ გაუღია ხარჯები; გათვალისწინებულზე მეტი ოდენობით თანხების ხარჯვა განხორციელდა ოფისის რემონტზე და ოფისის საიჯარო ქირის გადახდაზე.

რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ბიზნეს-გეგმით დადგენილი ხარჯვის მუხლებიდან გადახვევა არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს, როგორც თანხების არამიზნობრივად გახარჯვა; უსასყიდლოდ გადმოცემული თანხის გახარჯვის მიზანს წარმოადგენდა მისი გამოყენება ტელერადიოკომპანიის განვითარებისათვისა და აგრარული სექტორის სამაუწყებლო სისტემის შექმნისათვის და თანხა მთლიანად მოხმარდა ტელეკომპანიის განვითარების მიზანს.

აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობს სკ-ს 405-ე და 352-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლები მხარეთა შორის არსებული ვალდებულებების დარღვევისა, რადგან მოპასუხეს არ დაურღვევია ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება თანხების მიზნობრივად გამოყენების შესახებ.

ეს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

სააპელაციო პალატამ, პასუხისმგებელი პირების მონაწილეობით 1998წ. 24 მარტს შედგენილი შემოწმების აქტის საფუძველზე, დადასტურებულად მიიჩნია, რომ მოპასუხის მიერ 130000 ლარი გახარჯულია არა დამტკიცებული ბიზნეს-გეგმით განსაზღვრული ოდენობით, არამედ მნიშვნელოვანი ხარჯვებით. კერძოდ, ანძის საიჯარო ქირის სახით დახარჯულია 20890 ლარი, რაც არ ყოფილა გათვალისწინებული ბიზნეს-გეგმით; სტუდიის რემონტზე და მოწმობაზე გეგმის მიხედვით უნდა გახარჯულიყო 10000 ლარი, ფაქტობრივად გაიხარჯა 40092 ლარი ე.ი. 30092 ლარით მეტი.

სასამართლომ ასევე დადგენილად ცნო, რომ ბიზნეს-გეგმის პირველი ეტაპი ითვალისწინებდა ეთერში გასვლას, რაც მოპასუხის მიერ არ განხორციელდა.

აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება მოსარჩელის მიერ გადაცემული თანხების მიზნობრივად გამოყენების შესახებ.

სასამართლომ გამოიყენა სკ-ს 405-ე და 352-ე მუხლები და მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა 130000 ლარის დაბრუნების შესახებ საფუძვლიანია.

სასამართლომ სკ-ს 54-ე მუხლის შესაბამისად, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების ის ნაწილი, რომელიც ითვალისწინებდა თანხის გადაცემას უკან დაბრუნების გარეშე, მიიჩნია უცილოდ ბათილ გარიგებად, რადგან იგი არღვევდა ამავე კოდექსის 352-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ წესს, კერძოდ, ვერ ჩაითვლება მხარეებს შორის ისეთი წინასწარი შეთანხმება, რითაც უარია ნათქვამი ვალდებულების დარღვევის გამო მხარის ხელშეკრულებიდან გასვლისას მეორე მხარისათვის გადაცემული თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნაზე.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001წ. 27 ნოემბრის გადაწყვეტილებით გაუქმდა ამ საქმეზე რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით შპს “ა-ის” სარჩელი ხელშეკრულებიდან გასვლის თაობაზე დაკმაყოფილდა. მოპასუხეს დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ 130000 ლარის დაბრუნება.

ეს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელიც მოითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებას სარჩელზე უარის თქმის შესახებ.

კასატორს მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია. სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა სკ-ს 154-ე, 405-ე და 352-ე მუხლები, სასამართლო გასცდა მსჯელობის ფარგლებს და თავისი ინიციატივით მოშალა მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულება.

კასატორი მიუთითებს, რომ ბიზნეს-გეგმიდან გადახვევა გამოწვეული იყო ობიექტური გარემოებების არსებობის გამო, კერძოდ, ბიზნეს-გეგმის შედგენისას გათვალისწინებული არ იყო სატელევიზიო ანძის ქირის გადასახადი, რომლის გადაუხდელობის შემთხვევაში ტელემაუწყებლობა ვერ განხორციელდებოდა, რის გამოც მოპასუხე იძულებული გახდა ეკონომია გაეკეთებინა ბიზნეს-გეგმის სხვა მუხლებში და უპირატესობა მიეცა ანძის ქირის გადახდისათვის, რაც შეადგენდა 20890 ლარს.

კასატორს მიაჩნია, რომ ბიზნეს-გეგმით დადგენილი ხარჯვის მუხლებიდან გადახვევა არ შეიძლება მიჩნეული ყოფილიყო თანხების არამიზნობრივად გახარჯვად. უსასყიდლოდ გადმოცემული თანხის გახარჯვის მიზანს წარმოადგენდა მისი გამოყენება ტელერადიო კომპანიის განვითარებისათვის და აგრარული სექტორის სამაუწყებლო სისტემის შექმნისათვის, თანხა მთლიანად მოხმარდა ტელერადიოკომპანიის განვითარების მიზანს.

ამდენად, კასატორს მიაჩნია, რომ სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა განმარტებები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ს 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ საქმის გარემოებები საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშეა დადგენილი და საჭირო არ არის მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა.

დადგენილია, რომ სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრომ 1997წ. სექტემბერს ¹2-315 ბრძანებით და შესაბამისი ხელშეკრულებით ბიზნეს-გეგმით გათვალისწინებული სამუშაოების პირველი ეტაპის განსახორციელებლად შპს “ა-ს” გამოეყო 130000 ლარი, ხოლო ამ უკანასკნელის მეშვეობით სამინისტრომ ეს თანხა გადასცა მოპასუხე “.. ..-ს” მოპასუხემ ეს თანხა გახარჯა შემდეგი მიზნებისათვის:

1. სტუდიის აპარატურა _ 54 923 ლარი;

2. სტუდიის რემონტი _ 40 092 ლარი;

3. ტრანსპორტის შეძენა _ 4 500 ლარი;

4. ხელფასის დარიცხვა _ 2 200 ლარი;

5. შენობის საიჯარო ქირა _ 7 375 ლარი;

6. ანძის საიჯარო ქირა _ 20 890 ლარი;

სულ 130 000 ლარი.

მიღებული თანხების ზემოაღნიშნული ოდენობით გახარჯვა დადასტურებულია სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს მიერ, რაც დასტურდება 1998წ. 24 მარტის შემოწმების აქტით. კერძოდ, სოფლის მეურნეობის და სურსათის სამინისტროს 1998წ. 19 მარტის ¹24 ბრძანების საფუძველზე, მოპასუხის მიერ თანხის მიზნობრივად გახარჯვა შემოწმებული იყო სპეციალურად მოვლენილი პირების მიერ, მოპასუხე საზოგადოების თანამშრომელთა მონაწილეობით. შემოწმების მიაზანს წარმოადგენდა მიღებული თანხის მიზნობრივად გახარჯვის შესწავლა, ე.ი. აქტით დადგენილი უნდა ყოფილიყო თანხის მიზნობრივად გახარჯვის ნამდვილობა და არამიზნობრივად გახარჯვის შემთხვევაში უნდა გაკეთებულიყო შესაბამისი დასკვნა. დადგენილია, რომ კომისიას თანხის არამიზნობრივად დახარჯვაზე არ გამოუთქვამს პრეტენზია, შემოწმებულ მატერიალურ ფასეულობათა ინვენტარიზაციის შედეგად დანაკლისობა ან მეტობა არ გამოვლენილა. კომისიამ მხოლოდ სიტყვიერი რეკომენდაციები მისცა მოპასუხეს საბუღალტრო აღრიცხვიანობის ნაკლოვანებების თაობაზე.

დადგენილია, რომ თანხების გახარჯვისას ადგილი ჰქონდა ცალკეულ გადახვევებს ბიზნეს-გეგმიდან, კერძოდ ბიზნეს-გეგმის შედგენისას გათვალისწინებული არ იყო სატელევიზიო ანძის ქირის გადასახდი, რომლის გადაუხდელობის შემთხვევაში ტელემაუწყებლობა ვერ განხორციელდებოდა. შესაბამისად მოპასუხემ თანხები დაზოგა ბიზნეს-გეგმის სხვა მუხლებში.

კერძოდ, სამი ავტომანქანის ნაცვლად, შეიძინა ერთი ა\მანქანა, რაშიც დახარჯა 10500 ლარით ნაკლები, ვიდრე განსაზღვრული იყო ბიზნეს-გეგმით. თანხების გახარჯვის ეკონომია მოხდა თანამშრომელთა ხელფასების ნაწილშიც. მოპასუხეს საერთოდ არ გაუღია თანხები გაუთვალისწინებელი ხარჯებისათვის, რომელიც დადგენილი იყო ბიზნეს-გეგმით. თანხების გათვალისწინებულზე მეტი ოდენობით დახარჯვა განხორციელდა სტუდიის რემონტზე და ოფისის საიჯარო ქირაზე, აღნიშნულის გამომწვევი მიზეზები ახსნილია და დადასტურებულია შემოწმების აქტით. კერძოდ, შემოწმების აქტით დადგენილია, რომ შენობის საიჯარო ქირის დანახარჯებში დაშვებული გადახარჯვა გამოწვეულია გამქირავებლის მიერ საიჯარო ქირის ღირებულების გაზრდით, ბიზნეს-გეგმით გათვალისწინებული ანძის ქირის სახით 20890 ლარის გადახდა გამოწვულია იმის გამო, რომ ბიზნეს გეგმის დამუშავების პერიოდში გათვალისწინებული იყო საკუთარი სარგებლობის საერთო დროის შესყიდვა, რაც ვერ მოხერხდა და ა. შ.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატის მიერ ზემოთ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები არ იქნა სათანადოდ შეფასებული, რითაც დაარღვია სსკ-ს 105-ე მუხლის მოთხოვნები.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ბიზნეს-გეგმის მუხლებიდან გადახვევა არ შეიძლება ჩაითვალოს თანხების არამიზნობრივად გახარჯვად. უსასყიდლოდ გადაცემული თანხის გახარჯვის მიზანს წარმოადგენდა მისი გამოყენება ტელერადიოკომპანიის განვითარებისათვის და აგრარული სექტორის სამაუწყებლო სისტემის შექმნისათვის. დადგენილია, რომ თანხა მთლიანად მოხმარდა ტელერადიოკომპანიის განვითარების მიზანს, რაც დასტურდება შემოწმების აქტით. არამიზნობრივ გახარჯვას მხოლოდ მაშინ შეიძლებოდა ჰქონოდა ადგილი თუ თანხა გამოყენებული იქნებოდა სხვა მიზნებისათვის. რაც შეეხება ბიზნეს-გეგმის ცალკეული მუხლებით გათვალისწინებული თანხების გახარჯვის განსხვავებას, ეს განპირობებული იყო ობიექტური გარემოებებით, რაც საბოლოო ჯამში ემსახურებოდა ტელევიზიის შექმნისა და ეთერში გასვლის მიზანს. აღნიშნული კი ბიზნეს-გეგმის ძირითად ამოცანას წარმოადგენდა. აღნიშნული ფაქტი სასამართლოს მთავარ სხდომაზე დაადსტურა მოსარჩელის წარმომადგენელმა, რომელმაც განაცხადა, რომ იგი მხარს უჭერს სარჩელის მოთხოვნას, მაგრამ მიაჩნია, რომ დახარჯული თანხის განსხვავება ბიზნეს-გეგმიდან განპირობებული იყო ობიექტური მიზეზებით და აღნიშნული ფაქტი არ შეიძლება განხილული იქნეს, როგორც თანხის არამიზნობრივად გამოყენება.

რაც შეეხება მხარეთა შორის დადებულ ხელშეკრულების მეორე თავის პირველ პუნქტს, რომლის თანახმად “ა-ი” იღებს ვალდებულებას ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 დღის ვადაში გადაუხადოს “ტელერადიოკომპანიას” 130000 ლარი უკან დაბრუნების გარეშე საკასაციო პალატა თვლის, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა ამ პუნქტის შინაარსი და შესაბამისად არასწორად ცნო იგი ბათილად. რადგან მითითებული პუნქტით მიღებული თანხა დაბრუნებას არ ექვემდებარება ვალდებულების შესრულების შემთხვევაში ე.ი. თანხის მიზნობრივად გამოყენების შემთხევაში, ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში ხელშეკრულების ამავე თავის მე-3 პუნქტი ითვალისწინებს ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოპასუხე მხარის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენების უფლებას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება ამ საქმეზე უნდა გაუქმდეს და მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება სარჩელზე უარის თქმის შესახებ.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

შპს “.. ..-ის” საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს ამ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 27 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება:

შპს “ა-ს” უარი ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.