¹ 3კ/476-02 3 აპრილი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. წიქვაძე (თავმჯდომარე),
რ. ნადირიანი,მ. გოგიშვილი
დავის საგანი: სააქციო საზოგადოება “ლ.-გ.” 2000 წლის 23 დეკემბრის რიგგარეშე, განმეორებითი საერთო კრების ოქმისა და ამავე დღეს გამართული საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს სხდომის ოქმის გადაწყვეტილებების გაუქმება და საზოგადოების წესდების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა.
აღწერილობითი ნაწილი:
2001 წლის 22 თებერვალს სააქციო საზოგადოება “ლეჩივამ” სააქციო საზოგადოება “ლ.-გ.” წინააღმდეგ სარჩელით მიმართა ქ.თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს. მოსარჩელემ მიუთითა, რომ სააქციო საზოგადოება “ლ.” არის სააქციო საზოგადოება “ლ.-გ.” აქციების 50%-ის მფლობელი.
2000 წლის 22 მაისს სააქციო საზოგადოება “ლ.-გ.” აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრებამ მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება:
1) დაევალოს ვ. კ-არს ორი კვირის განმავლობაში წარუდგინოს სს “ლ.” ინფორმაცია ქართველ აქციონერთა მიერ წამოყენებული პირობების შესახებ:
2000 წლის 1 სექტემბრამდე სს “ლ.” ინვესტიციის სახით უნდა შეიტანოს დამახარისხებელი მანქანა.
წარადგინოს მშენებლობის შემდეგი ეტაპის პროექტი და შესაბამისი დოკუმენტაცია. აღნიშნული პროექტის განხილვა და ქართულ მხარესთან შეთანხმება უნდა განხორციელდეს 1 ივლისამდე;
გააფორმოს კონტრაქტები შესაბამის სამშენებლო ფირმებთან, მიმდინარე წლის სექტემბერში პრაქტიკულად დაიწყოს მშენებლობა, რათა 2001 წლამდე განახორციელოს სს “ლ.”, როგორც ინვესტორის, ვალდებულება.
2. სს “ლ.” მიერ 1 მუხლში აღნიშნული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოწვეულ იქნეს აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრება ჩეხ აქციონერებთან შემდგომი თანამშრომლობის თაობაზე.
მოსარჩელემ მიუთითა აქციონერთა საერთო კრების გადაწყვეტილების მისაღებად საერთოდ არ გამართულა კენჭისყრა, რის გამოც სს “ლ.” მიერ არ იქნა განხორციელებული ის მოქმედებები, რომლებსაც ითვალისწინებდა 2000 წლის 22 მაისის აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების გადაწყვეტილება.
საქმიანი ურთიერთობის დაძაბვის თავიდან აცილების მიზნით 2000 წლის 24 ივლისს სს “ლ.-გ.” გაეგზავნა წერილი, რათა გამართულიყო ახალი კრება იმავე დღის წესრიგით.
მიუხედავად აღნიშნულისა, 2000 წლის 17 ნოემბერს მოპასუხემ სრულიად სხვა დღის წესრიგით მოიწვია აქციონერთა რიგგარეშე კრება, რომელიც გადაიდო იმ მოტივით, რომ მას სს “ლ.” არ დასწრებია (სს “ლ.-გ.” წესდების 6.5 მუხლის შესაბამისად. საერთო კრება გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მას ესწრება საწესდებო კაპიტალის მფლობელთა 51% მაინც).
2000 წლის 17 ნოემბრის აქციონერთა კრება მოწვეული იყო წესდების 6.2 და მეწარმეთა შესახებ კანონის 54.1, 53.3.3 მუხლების მოთხოვნათა დარღვევით სს “ლ.-გ.” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის მიერ, რომელსაც არ გააჩნია ამგვარი გადაწყვეტილების მიღების უფლება.
2000 წლის 17 ნოემბრის აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მოწვევისას ასევე დაირღვა “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 54.2 და 6.2 მუხლების მოთხოვნა, ვინაიდან არ იყო გამოცხადებული დღის წესრიგი, დირექტორთა და სამეთვალყურეო საბჭოს რეკომენდაციები გადაწყვეტილების მისაღებად. ასევე არ იყო გამოცხადებული წესდებაში შესაძლო ცვლილებების შეტანის შესახებ.
2000 წლის 22 დეკემბერისათვის იმავე დღის წესრიგით იმავე პირის მიერ დაინიშნა აქციონერთა რიგგარეშე, განმეორებითი საერთო კრება.
კრებაზე დასასწრებად გაგზავნილი მიწვევები ასევე შედგენილი იყო “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 54.2 მუხლის მოთხოვნათა დარღვევით. 2000 წლის 22 დეკემბერს დანიშნული აქციონერთა რიგგარეშე, განმეორებითი საერთო კრება აქციონერებთან შეუთანხმებლად გადაიდო ერთი დღით და გაიმართა 2000 წლის 23 დეკემბერს (ამგვარ გადადებას არ ითვალისწინებს საზოგადოების წესდება და არც კანონი).
ზემოთ აღნიშნული გარემოებების გამო მოსარჩელის წარმომადგენელი ვერ დაესწრო რიგგარეშე, განმეორებით საერთო კრებას.
ამ კრებაზე დამსწრე აქციონერებმა მიიღეს შემდეგი გადაწყვეტილება:
ა) გაუქმდეს სააქციო საზოგადოების წესდების 6.8 მუხლის მეორე პუნქტი;
ბ) წესდების 7.1 მუხლის შესაბამისად შეიცვალოს სამეთვალყურეო საბჭოს წევრების შემადგენლობა 9 წევრიდან 6 წევრამდე;
გ) წესდების 7.2 მუხლის შესაბამისად შეიცვალოს სამეთვალყურეო საბჭოს წევრების არჩევის ვადა 10 წლიდან 4 წლამდე; მოცემული მუხლის მეორე პუნქტი შეიცვალოს შემდეგი რედაქციით: “ვადამდე გადარჩევა შესაძლებელია საერთო კრების მიერ ნებისმიერ დროს”.
დ) 7.4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად სამეთვალყურეო საბჭოში ჩეხეთის მხრიდან 5 წარმომადგენლის ნაცვლად იყოს 2 წარმომადგენელი;
ე) წესდების 7.5 მუხლი შეიცვალოს შემდეგი რედაქციით:
“სამეთვალყურეო საბჭო თავისი შემადგენლობიდან ირჩევს თავმჯდომარეს – ქართველი პარტნიორების წარმომადგენელს და მოადგილეს - ჩეხი პარტნიორის წარმომადგენელს. თავმჯდომარე და მოადგილე შეიძლება არჩეულ იქნენ განმეორებით”.
შესაბამისად წესდების ყველა მუხლში “პრეზიდენტის” და “ვიცე-პრეზიდენტის” ნაცვლად დარეგისტრირდეს “თავმჯდომარე” და “მოადგილე”.
3) წესდების 8.1 მუხლი შეიცვალოს შემდეგი რედაქციით:
“სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელობა ეკისრება დირექტორატს, რომლის შემადგენლობაშიც შედის აღმასრულებელი დირექტორი და მისი მოადგილე, ფინანსური, ტექნიკური და კომერციული დირექტორი”.
ზ) შესაბამისად წესდების ყველა მუხლში “თანადირექტორის” ნაცვლად დარეგისტრირდეს “აღმასრულებელი დირექტორი”.
ამ კრებაზე ასევე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობა ქართული მხრიდან დარჩეს ცვლილების გარეშე, ხოლო ჩეხური მხრიდან ორი წარმომადგენლის წარდგენის შემდეგ, ერთ-ერთი აირჩიეს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ;
2000 წლის 23 დეკემბერს გაიმართა სს “ლ.-გ.” სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა, რითაც დაირღვა საზოგადოების წესდების 7.8 მუხლი, რომლითაც სამეთვალყურეო საბჭოს სხდომის მოწვევა ხდება წერილობითი განაცხადის 30 დღით ადრე წარდგენით.
მოსარჩელემ მოითხოვა 2000 წლის 23 დეკემბრის საერთო კრების ოქმის და იმავე დღის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომის ოქმის გაუქმება.
მოსარჩელემ ასევე მოითხოვა, რომ სასამართლოს მოპასუხისათვის დაევალებინა საზოგადოების წესდების “მეწარმეთა შესახებ” კანონთან შესაბამისობაში მოყვანა და წესდების 4.7 მუხლის შესაბამისად ვალდებულებების აქციონერთა შორის ცალკე დადებულ ხელშეკრულებაში ჩამოყალიბება.
2000 წლის 15 მარტს მოსარჩელემ განცხადებით მიმართა იმავე რაიონულ სასამართლოს და, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, მოითხოვა სააქციო საზოგადოების 2000 წლის 23 დეკემბრის რიგგარეშე, განმეორებითი საერთო კრების და ამავე დღის სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილების მოქმედების შეჩერება.
ქ.თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 15 მარტის განჩინებით შეჩერდა 2000 წლის 23 დეკემბრის აქციონერთა კრების და სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებების მოქმედება.
2001 წლის 28 მარტის განჩინებით სასამართლომ დააკმაყოფილა მოპასუხის კერძო საჩივარი, გააუქმა მისივე 2001 წლის 15 მარტის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ და 2000 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილებები მიაქცია აღსასრულებლად.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ 2000 წლის 22 მაისის აქციონერთა საერთო კრება ჩატარდა კანონის სრული დაცვით.
მისივე მოსაზრებით, საერთო კრება სამეთვალყურეო საბჭომ მოიწვია “მეწარმეთა შესახებ” კანონის 55.8 მუხლის “დ” პუნქტის დაცვით, რადგან სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, წესდების შესაბამისად, თავმჯდომარის ფუნქციებს ახორციელებს მისი ადგილზე არ ყოფნის შემთხვევაში და სამეთვალყურეო საბჭოში იგულისხმებიან როგორც თავმჯდომარე, ისე მოადგილე და წევრები.
მასვე მიაჩნია, რომ 2000 წლის 17 ნოემბრის აქციონერთა საერთო კრების მოსაწვევი შედგენილი იყო კანონის დაცვით.
მოპასუხემ მიუთითა, რომ 2000 წლის 22 დეკემბერს დანიშნული საერთო კრება მოსარჩელის ბრალით გადაიდო 23 დეკემბრისათვის. 2000 წლის 23 დეკემბრის სხდომის ოქმები კი შესაბამისობაშია კანონთან და საზოგადოების წესდებასთან.
2001 წლის 18 აპრილს მოსარჩელემ განცხადებით მიმართა სასამართლოს, რომლითაც გაზარდა სარჩელის მოთხოვნა და მოითხოვა ქ.თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოში სს “ლ.-გ.” წესდებაში 2000 წლის 29 დეკემბერს განხორციელებული ცვლილებების რეგისტრაციის გაუქმება.
ქ.თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა:
ა) ბათილად იქნა ცნობილი სს “ლ.-გ.” აქციონერთა 2000 წლის 23 დეკემბრის რიგგარეშე, განმეორებითი საერთო კრების გადაწყვეტილება.
ბ) “ლ.-გ.” სამეთვალყურეო საბჭოს 2000 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილება.
გ) გაუქმდა ქ.თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს მიერ სს “ლ.-გ.” წესდებასა და სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაში 2000 წლის 29 დეკემბერს განხორციელებული ცვლილებების რეგისტრაცია.
დ) დაევალა სს “ლ.-გ.” ამ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის განმავლობაში სააქციო საზოგადოების წესდების “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონთან შესაბამისობაში მოყვანა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით. გაუქმდა მოცემულ საქმეზე რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების “დ” პუნქტი და ამ ნაწილში სარჩელი დარჩა განუხილველად. დანარჩენ ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სს “ლ.-გ.” რიგგარეშე საერთო კრებები 2000 წლის 17 ნოემბრისათვის და ამავე წლის 22 და 23 დეკემბრისათვის “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 54.1 და 53.3.3 მუხლების დაცვით არ მოუწვევია.
მოწვევის დროს დაირღვა ამავე კანონის 54.2 მუხლის მოთხოვნაც, რადგან მოწვევასთან ერთად გამოცხადებული არ იყო დღის წესრიგი. ამავე მოტივით 2000 წლის 23 დეკემბერს სამეთვალყურეო საბჭოს სხდომაც ბათილად იქნა ცნობილი.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სს “ლ.-გ.” წესდების კანონთან შესაბამისობაში მოყვანის საკითხის გადაწყვეტა სასამართლოს კომპეტენციაში არ შედიოდა და ამ საკითხის გადაწყვეტისათვის მოსარჩელეს შეეძლო მიემართა საზოგადოების საერთო კრებისათვის.
2000 წლის 4 თებერვალს მოპასუხემ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
კასატორმა მოითხოვა მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების იმ ნაწილის გაუქმება, რომლითაც უცვლელად დარჩა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლით:
კასატორს მიაჩნია, რომ 2000 წლის 23 დეკემბრის აქციონერთა საერთო და სამეთვალყურეო საბჭოს კრებების ჩატარება განპირობებული იყო იმით, რომ 2000 წლის 22 დეკემბერს მოწვეული აქციონერთა საერთო კრება (რომელიც კანონის დაცვით იყო მოწვეული) გადატანილ იქნა 2000 წლის 23 დეკემბრისათვის, რადგან მოსარჩელესთან მივლინებაში მყოფი თანადირექტორი ქ.თბილისში ჩამოვიდა 2000 წლის 21 დეკემბერს და ისინი ელოდნენ მოსარჩელეთა თანხმობას და პირობებს დღის წესრიგთან დაკავშირებით, მაგრამ ვინაიდან მოსარჩელე მხარის წარმომადგენლები არ გამოცხადდნენ, საერთო კრება გადაიდო 23 დეკემბრისათვის.
მისი მოსაზრებით, კრების მოწვევის დროს არ დარღვეულა “მეწარმეთა შესახებ” კანონის 54.2 მუხლის მოთხოვნა, აქციონერებს გაეგზავნათ მონაცემები დღის წესრიგით განსახილველი საკითხებისა და მათზე შესაძლო გადაწყვეტილებათა რეკომენდაციების შესახებ. მართალია, მოსაწვევში არ იყო მითითებული განსახილველ საკითხების შესაძლო გადაწყვეტილებათა შესახებ, მაგრამ მათ სხვა გზით აცნობეს ამის შესახებ მოსარჩელეს.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საკასაციო საჩივრის ფარგლებში საქმის ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა განმარტებანი და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სს “ლ.-გ.” წესდების 6.5 მუხლის შესაბამისად საერთო კრება გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მას ესწრება ან წარმოდგენილია ხმის უფლების მქონე საწესდებო კაპიტალის მფლობელთა 51%-ზე მეტი.
ამავე წესდების 4.2.1 მუხლის შესაბამისად ჩეხეთის ფარმაცევტულ კომპანია “ლ.” სს “ლ.-გ.” საწესდებო კაპიტალში გააჩნია 50%.
სააქციო საზოგადოების “ლ.-გ.” 2000 წლის 17 ნოემბრის აქციონერთა საერთო კრებას ესწრებოდა საზოგადოების აქციონერთა 50%. მიუხედავად ამისა, აღნიშნულმა კრებამ მიიღო გადაწყვეტილება, რიგგარეშე საერთო კრება დანიშნა 2000 წლის 22 დეკემბერს და განსაზღვრა შესაბამისი დღის წესრიგიც.
მიუხედავად აღნიშნულისა, საერთო კრება 22 დეკემბერს არ შესდგა და სათანადო მოწვევის გარეშე გაიმართა 23 დეკემბერს. ამ კრებასაც არ დასწრებია აქციის 50%-ის მფლობელი.
აქედან გამომდინარე, სააქციო საზოგადოების 2000 წლის 17 ნოემბრის კრება გადაწყვეტილებაუნარიანი არ იყო და უფლება არ ჰქონდა, მიეღო რაიმე გადაწყვეტილება. უფრო მეტიც: ამ კრების გადაწყვეტილების აღსრულება დაუშვებელი იყო, რადგან კრების გადაწყვეტილება მიღებული იყო წესდების 6.5 მუხლის მოთხოვნათა დარღვევით.
“მეწარმეთა შესახებ” კანონის 54.1 მუხლის ბოლო წინადადების შესაბამისად რიგგარეშე საერთო კრება ტარდება დირექტორების ან სამეთვალყურეო საბჭოს მიერ ან 53.3.3. მუხლის შესაბამისად აქციონერების მოთხოვნით.
მოცემულ შემთხვევაში 2000 წლის 22 დეკემბრის რიგგარეშე საერთო კრება არც დირექტორების, არც სამეთვალყურეო საბჭოს მიერ და არც აქციონერების მოთხოვნით არ მოწვეულა. 2000 წლის 22 დეკემბრის საერთო კრება მოწვეულ იქნა 2000 წლის 17 ნოემბრის საერთო კრების გადაწყვეტილებით, რომელიც, თავის მხრივ, გადაწყვეტილებაუნარიანი არ იყო, რადგან მას არ ესწრებოდა აქციონერთა 51%. მართალია საქმეში მოთავსებული აქციონერთა კრების 2000 წლის 22 მაისის კრების ოქმი, რომელიც გადაწყვეტილებაუნარიანია და ამ კრების გადაწყვეტილებით სს “ლ.” მიეთითა ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოწვეული იქნებოდა აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრება ჩეხ აქციონერებთან შემდგომი თანამშრომლობის თაობაზე, მაგრამ აღნიშნული არ ნიშნავს იმას, რომ ამ კრების გადაწყვეტილებით იქნა მოწვეული 2000 წლის 17 ნოემბრის საერთო კრება. ამ კრებას არ მიუღია გადაწყვეტილება 17 ნოემბერს აქციონერთა საერთო კრების მოწვევის შესახებ. 2000 წლის 22 მაისის კრების გადაწყვეტილებით 2000 წლის 22 დეკემბრის აქციონერთა საერთო კრება არ მოწვეულა. 2000 წლის 22 მაისის გადაწყვეტილებით მუქარა გამოითქვა სს “ლ.” წინააღმდეგ, რომ თუკი იგი არ შეასრულებდა ვალდებულებას მოწვეული იქნებოდა რიგგარეშე საერთო კრება აქციონერებთან შემდგომი თანამშრომლობის შესახებ. მართალია, საქმეში არსებობს სს “ლ.-გ.” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის მიმართვა სს “ლ.-გ.” აქციონერთა საერთო კრების 2000 წლის 22 დეკემბერს მოწვევის შესახებ, მაგრამ აღნიშნულ მოწვევას საფუძვლად უდევს 2000 წლის 17 ნოემბრის კრების ოქმის გადაწყვეტილება, რომელიც თავისთავად გადაწყვეტილებაუნარიანი არ იყო, უფლება არ გააჩნდა მიეღო გადაწყვეტილება და განესაზღვრა მომავალ სხდომაზე გადასაწყვეტი დღის წესრიგი. მითუმეტეს 2000 წლის 17 ნოემბრის საერთო კრებას (თუმცა იგი გადაწყვეტილებაუნარიანი არ იყო), არ დაუდგენია ის დღის წესრიგი, რომლის შესახებაც აცნობა სს “ლ.-გ.” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ სს “ლ.”. “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 54.2 მუხლის შესაბამისად საერთო კრების მოწვევასთან ერთად უნდა გამოცხადდეს დღის წესრიგი და დირექტორებისა და სამეთვალყურეო საბჭოს რეკომენდაციები მისაღები გადაწყვეტილების თაობაზე. ამასთან საზოგადოების წესდებაში შესაძლო ცვლილებები უნდა გამოქვეყნდეს წინასწარ.
მოცემულ შემთხვევაში სს “ლ.-გ.” ზემოთ მითითებული წესები არ დაუცავს არც 2000 წლის 17 ნოემბრის და არც 22 დეკემბრის საერთო კრებების მოწვევის დროს: უფრო მეტიც 2000 წლის 23 დეკემბრისათვის საერთო კრება საერთოდ მოწვეული არ ყოფილა, მაგრამ ის ცვლილებები, რომლებიც განხორციელდა სს “ლ.-გ.” წესდებაში და წარმოადგენს დავის საგანს, მიღებულ იქნა 2000 წლის 23 დეკემბერს გამართულ საერთო კრებაზე, აქედან გამომდინარე, ამ კრების გადაწყვეტილება მისი შედეგებითურთ, ასევე იმავე დღესვე მიღებული სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილება ბათილია.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს საკასაციო საჩივარში მითითებული კანონის დარღვევა.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
სს “ლ.-გ.” საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.