Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ-480-02 19 ივლისი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. წიქვაძე (თავმჯდომარე),

რ. ნადირიანი, მ. გოგიშვილი

დავის საგანი: ვალის დაბრუნება.

აღწერილობითი ნაწილი:

2000წ. 14 აპრილს ი. პ-ა-პ-ომ სარჩელით მიმართა სასამართლოს თ. შ-ისა და თ. კ-ას მიმართ და მოითხოვა მოპასუხეებისათვის 32947 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება. სარჩელის საფუძვლად მოსარჩელემ მიუთითა, რომ 1998წ. 6 იანვარს მას, თ. შ-ესა და თ. კ-ას შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის ძალითაც ი. პ-ა-პ-ომ თ. შ-ესა და თ. კ-ას ასესხა 7000 აშშ დოლარი. ხელშეკრულებით სესხის დაბრუნების ვადად განისაზღვრა 1998წ. 28 თებერვალი.

მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხეებს გადასახდლად დაკისრებოდა როგორც ძირითადი თანხა, ასევე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,5%-ი (სულ 32947 აშშ დოლარი).

თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2001წ. 6 მარტის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ი. პ-ა-პ-ოს სარჩელი და მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისრათ 7770 აშშ დოლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.

მოსარჩელემ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა სააპელაციო წესით. აპელანტმა საჩივარში მიუთითა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლო არასწორად მიიჩნია პროცენტად და აქედან გამომდინარე, არასწორად გამოიყენა და განმარტა სამოქალაქო კოდექსის მთელი რიგი მუხლები.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 17 დეკემბრის გადაწყვეტილებით. ი. პ-ა-პ-ოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2001წ. 6 მარტის გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც თ. შ-ესა და თ. კ-ას ი. პ-ა-პ-ოს სასარგებლოდ დაეკისროთ 12100 აშშ დოლარის გადახდა.

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 1998წ. 6 იანვარს ი. პ-ა-პ-ომ 7000 აშშ დოლარი ასესხა თ. შ-ესა და თ. კ-ას, რაზედაც მხარეთა შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება. სესხის დაბრუნების ვადა ხელშეკრულებით განისაზღვრა 1998წ. 28 თებერვლამდე. იმავდროულად ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების გამო განისაზღვრა პირგასამტეხლო – ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,5% ოდენობით. პალატამ არ გაიზიარა მოწინააღმდეგე მხარის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მხარეები შეთანხმდნენ ხელშეკრულებით არა პირგასამტეხლოს, არამედ სესხისთვის სარგებლის (პროცენტის) შესახებ და მიიჩნია, რომ მხარეები შეთანხმდნენ ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებაზე, კერძოდ: ვადის გადაცილების შემთხვევაში, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,5% გადახდის თაობაზე. სააპელაციო პალატამ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ პროცენტი წარმოადგენს სარგებელს თანხით სარგებლობისათვის, ხოლო პირგასამტეხლო (ჯარიმა) არის სამოქალაქო სამართლებრივი სანქცია ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. არაჯეროვნად შესრულებაში კი იგულისხმება ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებაც. ამრიგად, პალატამ მიიჩნია, რომ სკ-ს 417-ე და 419-ე მუხლების შესაბამისად ი. პ-ა-პ-ო უფლებამოსილია მოითხოვოს, როგორც ძირითადი ვალდებულების შესრულება, ასევე პირგასამტეხლოც. ხელშეკრულებიდან გამომდინარე მხარეთა მიერ პირგასამტეხლო განისაზღვრა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,5%, ანუ თვეში 15%. სარჩელის წარდგენის მომენტამდე პირგასამტეხლომ შეადგინა 27300 აშშ დოლარი. პირგასამტეხლოს აღნიშნული ოდენობა სააპელაციო პალატამ მიიჩნია შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოდ და თანახმად, სკ-ს 420-ე მუხლისა, შეამცირა პირგასამტეხლოს ოდენობა 10000 აშშ დოლარამდე.

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებით სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ თ.კუკულავას და თ. შ-ეს ი. პ-ა-პ-ოსათვის პირგასამტეხლოს სახით გადახდილი აქვთ 4900 აშშ დოლარი და სასამართლოს მიერ შემცირებული პირგასამტეხლოს ოდენობიდან (10000 აშშ დოლარი) გამომდინარე მათ გადასახდელი დარჩათ 5100 აშშ დოლარი, ხოლო სულ ძირითად თანხასთან ერთად მოვალეებს გადასახდელი აქვთ 12100 აშშ დოლარი.

სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება თ. კ-ამ და თ. შ-ემ გაასაჩივრეს საკასაციო წესით. კასატორთა მოსაზრებით სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიულად დაუსაბუთებელია, ისინი ითხოვენ მის გაუქმებას და საქმეზე ახალი გადაწყვეტილებით მათთვის თ. პ-ა-პ-ოს სასარგებლოდ 7700 აშშ დოლარის დაკისრებას. კასატორის მოსაზრებით სასამართლომ ყოველგვარი საფუძვლის გარეშე ჩათვალა მათი შეთანხმება პროცენტის თაობაზე პირგასამტეხლოდ

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა განმარტებები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სკ-ს 417-ე მუხლის შესაბამისად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით დადგენილი ფულადი თანხაა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ამავე კოდექსის 625-ე მუხლის შესაბამისად, მხარეებმა სესხისათვის შეიძლება გაითვალისწინონ პროცენტი ე.ი. პროცენტი დგინდება თანხის სარგებლობისათვის.

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეები სესხით სარგებლბისათვის პროცენტზე არ შეთანხმებულან. მოპასუხეებს ვალი უნდა დაებრუნებინათ 1998წ. 28 თებერვალს. სესხის ხელშეკრულების თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებაზე, კერძოდ^ ვალის გადაცილების შემთხვევაში ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე მოპასუხე მხარეს უნდა გადაეხადა 0,5% ჯარიმა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მხარეთა შორის არსებობდა შეთანხმება არა პირგასამტეხლოზე, არამედ პროცენტზე და სასამართლოს მოპასუხისათვის უნდა დაეკისრებინა კანონით გათვალისწინებული პროცენტი, რაც სავალო პერიოდისათვის შეადგენდა სამ პროცენტს.

დადგენილია, რომ სააპელაციო პალატამ სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის გამოყენებით შეამცირა პირგასამტეხლოს ოდენობა და საბოლოოდ პირგასამტეხლოს სახით მოპასუხეებს გადასახდელად განესაზღვრა 10000 აშშ დოლარი. დადგენილია ასევე, რომ მოპასუხეებს დღემდე არა აქვთ გადახდილი ძირითადი ვალი (7000 აშშ დოლარი), რომელიც უნდა დაებრუნებინათ 1998წ. 28 თებერვალს. ე.ი. ვადას გადაცილებულია 52 თვე. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის კანონით გათვალისწინებული პროცენტის დაკისრების შემთხვვაში მოპასუხეს გადასახდელად დაეკისრება იმაზე მეტი, ვიდრე განსაზღვრულია სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებით (თუმცა ვადის გადაცილების გამო პროცენტის დაკისრება მოსარჩელეს არ მოუთხოვია). აღნიშნულის გამო, პალატა თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და მისი დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

თ. შ-ის და თ. კ-ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს ამ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001წ. 17 დეკემბრის გადაწყვეტილება.

განჩინება სალოლოოა და არ გასაჩივრდება.