საქმე # 330100123007000366
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №458აპ-24 ქ .თბილისი
ვ. მ. 458აპ-24 10 სექტემბერი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 27 თებერვლის განაჩენზე თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ვასილ სამხარაძისა და მსჯავრდებულ მ. ვ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ნ. ბ–ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით: მ. ვ–ის, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალი ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 111,118-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში;
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით მ. ვ–ს მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2.1. 2021 წლის სექტემბრის ბოლოს, ქ. თ–ში, სავაჭრო ცენტრ „კ–ში“ მ. ვ–ი გენდერული ნიშნით, დისკრიმინაციის მოტივით ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა მეუღლეს – თ. გ–ს. კერძოდ: მან უთხრა, რომ თუ არ დაანებებდა სამსახურს თავს, სახეს დაუსერავდა და დაამახინჯებდა, რაც დაზარალებულის მიერ აღქმული იქნა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;
2.2. 2021 წლის სექტემბრის ბოლოს, ქ. თ–ში, სავაჭრო ცენტრ „კ–ში“ არსებული ტანსაცმელების ერთ-ერთი მაღაზიის წინ მ. ვ–მა გენდერული ნიშნით, დისკრიმინაციული მოტივით იმის გამო, რომ იგი მუშაობდა სამსახურში, მეუღლეზე თ. გ–ზე განახორციელა ფიზიკური ძალადობა. კერძოდ: მ. ვ–ი მხრებში სწვდა თ. გ–ს და შეაჯანჯღარა რამდენჯერმე, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი;
2.3. თანაცხოვრების პერიოდში, მ. ვ–ი მეუღლეზე - თ. გ–ზე, 2023 წლის 1 იანვრის ჩათვლით პერიოდში, გენდერული ნიშნით, დისკრიმინაციის მოტივით ახორციელებდა სისტემატურ სიტყვიერ შეურაცხყოფას, დამცირებას, რაც გამოიხატებოდა თითქმის ყოველდღიურ გინებაში და დამამცირებელი სიტყვებით მოხსენიებაში, სისტემატურად ეჭვიანობდა და აკონტროლებდა მის ქცევებს, რის გამოც თ. გ–ე, თავს გრძნობდა დამცირებულად და განიცდიდა ტანჯვას;
2.4. 2023 წლის 1 იანვარს, 23:59 საათზე მ. ვ–ს მიმართ გამოიცა შემაკავებელი ორდერები ოჯახის წევრების მიმართ და აეკრძალა მეუღლესთან - თ. გ–სთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია, მათ შორის ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალების გამოყენებით 30 დღის ვადით. მიუხედავად ამისა მ. ვ–მა არ შეასრულა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და 2023 წლის 13 იანვარს, სოციალური ქსელის „....... ....ის“ გამოყენებით შეტყობინება გაუგზავნა მეუღლეს - თ. გ–ს;
2.5. 2023 წლის 1 იანვარს, საღამო საათებში, ქ. თ–ში, .........ს მ.. მასივში, მე-.. კვარტალში, ..-ე კორპუსის, ბინა ..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, მ. ვ–მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს - თ. გს. კერძოდ: მუშტი დაარტყა ცხვირისა და მკერდის არეში, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და ცხვირიდან წამოუვიდა სისხლი. თ. გ–ს დაზიანებები განეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად;
2.6. 2022 წლის დეკემბერში, ქ. თ–ში, .........ს მ.. მასივში, მე-.. კვარტალში, ..-ე კორპუსის, ბინა ..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, მ. ვ–იი გენდერული ნიშნით, დისკრიმინაციის მოტივით, იმ მოტივით, რომ თ. გ–ე იყო ქალი და იგი მასზე ზემდგომი პირი იყო, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს – თ. გ–ს. კერძოდ, უთხრა, რომ სანამ პოლიციელები მივიდოდნენ ყელს გამოსჭრიდა, რაც დაზარალებულის მიერ აღქმული იქნა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;
2.7. 2023 წლის 1 იანვარს, საღამო საათებში, ქ. თ–ში, .........ს მ.. მასივში, მე-.. კვარტალში, ..-ე კორპუსის, ბინა ..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, მ. ვ–მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლის მშობელს ს. გ–ს. კერძოდ, სახის არეში მარჯვენა მხარეს დაარტყა მუშტი, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მარჯვენა თვალბუდის არეში მიიღო დაზიანება. ასევე, მ. ვ–მა ბინის შემოსასვლელში მეტლახზე დააგდო ს. გ–ე და ფეხი დაარტყა სხეულის სხვადასხვა არეში, რის გამოც გონება დაკარგა და განიცადა ფიზიკური ტკივილი.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 20 ოქტომბრის განაჩენით:
3.1. მ. ვ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (2021 წლის სექტემბრის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში;
3.2. მ. ვ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2021 წლის სექტემბრის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში;
3.3. მ. ვ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (სისტემატიური შეურაცხყოფის და დამცირების ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში;
3.4. მ. ვ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 9 თვით თავისუფლების აღკვეთა;
3.5. მ. ვ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2023 წლის 1 იანვრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;
3.6. მ. ვ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (2022 წლის დეკემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;
3.7. მ. ვ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,118-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;
3.8. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე დანაშაულთა ერთობლიობის დროს, საქართველოს სსკ-ის 111,118-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა სხვა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ მ. ვ–ის დანაშაულთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;
3.9. მ. ვ–ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა დაკავებიდან - 2023 წლის 26 იანვრიდან;
3.10. მ. ვს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებაში და პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2023 წლის 1 იანვრის 22:03 საათიდან 2023 წლის 3 იანვრის ჩათვლით.
4. სასამართლომ დაადგინა:
4.1. 2023 წლის 1 იანვარს 23:59 საათზე, მ. ვ–ის მიმართ გამოიცა შემაკავებელი ორდერები ოჯახის წევრების მიმართ და აეკრძალა მეუღლესთან - თ. გ–სთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია, მათ შორის ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალების გამოყენებით 30 დღის ვადით. მიუხედავად ამისა მ. ვ–მა არ შეასრულა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და 2023 წლის 13 იანვარს, სოციალური ქსელის „...........ის“ გამოყენებით შეტყობინება გაუგზავნა მეუღლეს – თ. გ–სეს;
4.2. 2023 წლის 1 იანვარს, საღამოს საათებში, ქ. თ–ში, .........ს მ.. მასივში, მე-.. კვარტალში, ..-ე კორპუსის, ბინა ..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, მ. ვ–იმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს – თ. გ–ს. კერძოდ, მუშტი დაარტყა ცხვირისა და მკერდის არეში, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და ცხვირიდან წამოუვიდა სისხლი. თ. გ–ს დაზიანებები განეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად;
4.3. 2022 წლის დეკემბერში, ქ. თ–ში, .........ს მ.. მასივში, მე-.. კვარტალში, ..-ე კორპუსის, ბინა ..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, მ. ვ–ი გენდერული ნიშნით, დისკრიმინაციის მოტივით, იმ მოტივით, რომ თ. გ–ე იყო ქალი და იგი მასზე ზემდგომი პირი იყო, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს – თ. გ–ს. კერძოდ, მან უთხრა, რომ სანამ პოლიციელები მივიდოდნენ ყელს გამოსჭრიდა, რაც დაზარალებულის მიერ აღქმული იქნა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;
4.4. 2023 წლის 1 იანვარს, საღამო საათებში, ქ. თ–ში, .........ს მ.. მასივში, მე-.. კვარტალში, ..-ე კორპუსის, ბინა ..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, მ. ვ–მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლის მშობელს – ს. გ–ს. კერძოდ, სახის არეში მარჯვენა მხარეს დაარტყა მუშტი, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მარჯვენა თვალბუდის არეში მიიღო დაზიანება. ასევე, მ. ვ–მა ბინის შემოსასვლელში მეტლახზე დააგდო ს. გ–ე და ფეხი დაარტყა სხეულის სხვადასხვა არეში, რის გამოც ამ უკანასკნელმა გონება დაკარგა და განიცადა ფიზიკური ტკივილი.
5. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს დაცვისა და ბრალდების მხარეებმა, კერძოდ:
5.1. მსჯავრდებულ მ. ვ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ნ. ბ–მა მოითხოვა 2023 წლის 1 იანვარს, მეუღლის - თ. გ–ს და მეუღლის დედის - ს. გ–ს მიმართ განხორციელებული ძალადობის ნაწილში, მ. ვ–ს ქმედების დაკვალიფიცირება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მისთვის ლმობიერი სასჯელის დანიშვნა და დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლა. ბრალდების ყველა სხვა ეპიზოდში დაცვის მხარემ ითხოვა მ. ვ–ს გამართლება.
5.2. თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა ვასილ სამხარაძემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა ცვლილების შეტანა გასაჩივრებულ განაჩენში და მ. ვ–ს დამნაშავედ ცნობა ბრალდების ყველა ეპიზოდში. ამასთან, ბრალდების მხარემ ასევე მოითხოვა მ. ვ–ს მიმართ დანიშნული სასჯელის დამძიმება და როგორც მინიმუმ, მისი შესაბამისობაში მოყვანა საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მოთხოვნებთან.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 27 თებერვლის განაჩენით: თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ვასილ სამხარაძის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ - მხოლოდ სასჯელის დამძიმების ნაწილში, ხოლო მსჯავრდებულ მ. ვ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის ნ. ბ–ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა;
6.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 20 ოქტომბრის განაჩენში, მ. ვ–ს მიმართ სასჯელის ნაწილში შევიდა ცვლილება:
6.1.1. მ. ვ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2021 წლის სექტემბრის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში;
6.1.2. მ. ვ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2021 წლის სექტემბრის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში;
6.1.3. მ. ვ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (სისტემატური შეურაცხყოფის და დამცირების ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში;
6.1.4. მ. ვ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 9 თვით თავისუფლების აღკვეთა;
6.1.5. მ. ვ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2023 წლის 1 იანვრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;
6.1.6. მ. ვ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2022 წლის დეკემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;
6.1.7. მ. ვ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,118-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა;
6.2. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობის დროს, საქართველოს სსკ-ის 111,118-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა სხვა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ მ. ვ–ს, დანაშაულთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა;
6.3. მ. ვ–ის სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა დაკავებიდან – 2023 წლის 26 იანვრიდან;
6.4. მ. ვ–ის სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებაში და პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2023 წლის 1 იანვრის 22:03 საათიდან, 2023 წლის 3 იანვრის ჩათვლით.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს დაცვისა და ბრალდების მხარეებმა, კერძოდ:
7.1. მსჯავრდებულ მ. ვ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატი ნ. ბ–ი ითხოვს 2023 წლის 1 იანვარს, მეუღლის - თ. გ–ს და მეუღლის დედის - ს. გ–ს მიმართ განხორციელებული ძალადობის ნაწილში, მ. ვ–ს ქმედების დაკვალიფიცირებას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მისთვის ლმობიერი სასჯელის დანიშვნას, ხოლო დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლას. ბრალდების ყველა სხვა ეპიზოდში კი მ. ვ–ს გამართლებას და უდანაშაულოდ ცნობას;
7.2. თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორი ვასილ სამხარაძე საკასაციო საჩივრით ითხოვს მ. ვ–ს დამნაშავედ ცნობას ყველა წარდგენილ ბრალდებაში.
8. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე - ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).
9. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, კასატორი ბრალდების მხარე ითხოვს მ. ვ–ს დამნაშავედ ცნობას, მათ შორის, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა (2021 წლის სქეტემბრის ეპიზოდი და სისტემატური შეურაცხყოფისა და დამცირების ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, ხოლო დაცვის მხარე - 2023 წლის 1 იანვარს, მეუღლის - თ. გ–ს და მეუღლის დედის - ს. გ–ს მიმართ განხორციელებული ძალადობის ნაწილში, მ. ვ–ს ქმედების დაკვალიფიცირებას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მისთვის ლმობიერი სასჯელის დანიშვნას და დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლას, ბრალდების ყველა სხვა ეპიზოდში კი მის გამართლებას და უდანაშაულოდ ცნობას.
10. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოცემულ შემთხვევაში ბრალდებისა და დაცვის მხარემ თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის გაუქმების/განაჩენში ცვლილების შეტანის მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართეს იმავე (იდენტურ) არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივრებშია ჩამოყალიბებული. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება კასატორების მოთხოვნებს და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სამართლებრივად სწორად შეაფასა და გასაჩივრებულ განაჩენში მიუთითა იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც მ. ვ–ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა (2021 წლის სექტემბრის ეპიზოდი და სისტემატური შეურაცხყოფისა და დამცირების ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გამართლება, ხოლო საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2023 წლის 1 იანვრის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა (2022 წლის დეკემბრის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,118-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდება და შესაბამისი სასჯელი განაპირობა. გასაჩივრებულ განაჩენში დეტალური მსჯელობაა წარმოდგენილი, მათ შორის, ბრალდებისა და დაცვის მხარის ყველა ძირითად არგუმენტზე.
11. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მტკიცებას მ. ვ–ს უდანაშაულობისა (საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2022 წლის დეკემბრის ეპიზოდი)) და საქართველოს სსკ-ის 111,118-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2023 წლის 1 იანვრის ეპიზოდი) დაკვალიფიცრებული ქმედების საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე გადაკვალიფიცირების შესახებ და ითვალისწინებს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად და ობიექტურად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მიუთითა იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც მ. ვ–ს საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2023 წლის 1 იანვრის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა (2022 წლის დეკემბრის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,118-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდება და მისთვის შესაბამისი სასჯელის დანიშვნა განაპირობეს.
12. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მსჯავრდების ფარგლებში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მათ შორის – დაზარალებულ თ. გ–ს ჩვენებით, მოწმე ს. გ–ს ჩვენებით, 2023 წლის 1 იანვარს შედგენილი N......... შემაკავებელი ორდერითა და მისი ოქმით, 2023 წლის 23 იანვრის ინფორმაციის გამოთხოვის ოქმით და სხვა მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება მ. ვ–ს მიერ მისთვის მსჯავრად შერაცხილი დანაშაულის – შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა – ჩადენა.
12.1. სასამართლო ითვალისწინებს 2023 წლის 1 იანვრის N..... შემაკავებელ ორდერსა და მის ოქმს, რომლის თანახმად, 2023 წლის 1 იანვარს მ. ვ–ს მიმართ გამოიცა შემაკავებელი ორდერი, რომლის თანახმად, მას აეკრძალა მსხვერპლთან, თ. გ–სთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია, მათ შორის ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, ასევე მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება. შემაკავებელი ორდერი ხელმოწერილია დაზარალებულისა და ოქმის შემდგენი პირის - ა. ს–ს მიერ, ხოლო, ოქმზე გაკეთებული შენიშვნის თანახმად, მ. ვ–მა უარი განაცხადა ხელმოწერაზე (იხ.: ტ.1, ს.ფ. 72-82)
12.2. სასამართლო ითვალისწინებს დაზარალებულ თ. გ–ს ჩვენებას, რომლის თანახმადაც, 2023 წლის 1 იანვარს, მათ ოჯახში, მ. ვ–ს მიერ ჩადენილი ძალადობის გამო გამოძახებულმა პოლიციის თანამშრომლებმა გამოსცეს შემაკავებელი ორდერი. მიუხედავად იმისა, რომ მ. ვ–ის აეკრძალა მასთან კომუნიკაცია, 2023 წლის 13 იანვარს, მისწერა სოციალურ ქსელ .....ის მეშვეობით „როგორ ხარ და როდის შევძლებ ბავშვების ნახვას?“, რაც დასტურდება 2023 წლის 23 იანვრის ინფორმაციის გამოთხოვის ოქმით, რომლის თანახმადაც დაზარალებულ თ. გ–სის ტელეფონიდან, კერძოდ, აპლიკაცია „.....”-იდან გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია – მიმოწერა მსჯავრდებულ მ. ვ–თან. მ. ვ–ი სწერდა თ. გ–ს: „როგორ ხარ? იმედია არ მიჩივლებ ამ მონაწერზე. მაინტერესებს ბავშვების ნახვას კიდევ რამდენი ხანი ვერ შევძლებ? ან დამელაპარაკე ადამიანურად“ (იხ.: ტ.1, ს.ფ. 223-226). დაზარალებულ თ. გ–სათვის მიწერის ფაქტი დაადასტურა ასევე თავად მსჯავრდებულმა მ. ვ–მა.
12.3. დაუსაბუთებლობის გამო არ იზიარებს სასამართლო დაცვის მხარის პოზიციას შემაკავებელი ორდერისა და მისი ოქმის დაცვის მხარისათვის კანონით დადგენილი წესის დარღვევით გადაცემის შესახებ. ვინაიდან,
12.3.1. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაცვის მხარეს საქართველოს სსსკ-ის 83-ე მუხლის საფუძველზე არ დაუყენებია მოთხოვნა შესაძლო მტკიცებულებათა თაობაზე ინფორმაციის გაცვლის შესახებ (2023 წლის 2 იანვრამდე/2 იანვარს სისხლის სამართლის საქმეში არ არის წარმოდგენილი დაცვის მხარის განცხადება მტკიცებულებათა გაცვლის შესახებ, ასეთი განცხადებით დაცვის მხარემ ბრალდების მხარეს მიმართა მხოლოდ 2023 წლის 28 თებერვალს).
12.3.2. იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს, რომ მართალია 2023 წლის 2 იანვარს შესაძლო მტკიცებულებების თაობაზე ინფორმაციის გაცვლის შესახებ ოქმით დაცვის მხარეს არ გადასცემია N....... და N...... შემაკავებელი ორდერები და მათი ოქმები, თუმცა მითითებულ დროს მ. ვ–ი ბრალდებული იყო მხოლოდ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ს. გ–სა და თ. გ–ს მიმართ ჩადენილი ფიზიკური ძალადობისათვის (იხ.: დადგენილება პირის ბრალდების შესახებ (ტ.1, ს.ფ. 104-106)). ამასთან, სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ 2023 წლის 8 თებერვალს, მტკიცებულებების თაობაზე ინფორმაციის გაცვლის შესახებ ოქმის თანახმად (მას შემდეგ, რაც მ. ვ–ის წარედგინა ბრალდება მათ შორის საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით) დაცვის მხარეს გადაეცა სისხლის სამართლის საქმეში არსებული ყველა მტკიცებულება, მათ შორის შემაკავებელი ორდერები და მათი ოქმები. იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს, რომ N.......... და N...... შემაკავებელი ორდერები და მათი ოქმები სისხლის სამართლის საქმეს დაერთო 2023 წლის 16 იანვარს ი.ხ-ს წერილის საფუძველზე (იხ. ტ.2, ს.ფ. 312-313).
12.3.3. სასამართლო ასევე არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას შემაკავებელი ორდერის შემდგენელი გამომძიებლის ა. ს–ს ბრალდების მხარის მიერ დასაკითხ პირთა სიიდან მოხსნის საფუძვლით შემაკავებელი ორდერის გაუზიარებლობის შესახებ. ვინაიდან, ერთის მხრივ სასამართლო ითვალისწინებს, რომ შემაკავებელი ორდერის შემდგენი პირი – ა. ს–ე დასაკითხ პირთა სიაში მითითებული ჰყავდა როგორც ბრალდების მხარეს, ასევე დაცვის მხარეს. მას შემდეგ რაც, ბრალდების მხარემ ა. ს–ე მოხსნა დასაკითხ პირთა სიიდან (იხ.: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 5 ოქტომბრის სხდომის ოქმი 13:27:56:-13:28:19) დაცვის მხარემაც მოხსნა მითითებული მოწმე დასაკითხ პირთა სიიდან (იხ.: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 10 ოქტომბრის სხდომის ოქმი 15:26:24 – 15:27:36) და მიზანშეწონილად არ მიიჩნია მისი დაკითხვა. მეორეს მხრივ, უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის გათვალისწინებით საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 78-ე მუხლი პირის დაკითხვას უკავშირებს იმპერატიულად განსაზღვრულ ორ მიზანს: დოკუმენტის ავთენტიკურობისა და წარმომავლობის დადგენას; ზოგადად, დოკუმენტის ავთენტიკურობის და წარმომავლობის დასადასტურებლად საკმარისია ერთ-ერთი პირის (პირი, რომელმაც მოიპოვა/შექმნა ან/და რომელთანაც სასამართლოსთვის წარდგენამდე ინახებოდა დოკუმენტი) დაკითხვა, თუმცა იმის არჩევა, ვინ უნდა დაიკითხოს, დამოკიდებულია საქმის კონკრეტულ გარემოებებზე (მათ შორის, დოკუმენტის სახეზე, დოკუმენტის მოპოვების ვითარებაზე, დოკუმენტის წარმომდგენი პირის მიერ ჩვენების მიცემაზე და ა.შ.), რათა მიღწეულ იქნეს დაკითხვის ორი კუმულაციური მიზანი – დადგინდეს მტკიცებულების ავთენტიკურობა და წარმომავლობა (მაგ.: საქრთველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 7 ივლისის N99აპ-20 განჩინება). მოცემულ შემთხვევაში ასეთი შეიძლება იყოს ან უშუალოდ შემაკავებელი ორდერის შემდგენელი ან სადავო დოკუმენტში ასახული ინფორმაციის პირველწყარო (მიმწოდებელი პირი). სასამართლო ითვალისწინებს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე დაიკითხა დაზარალებული თ. გ–ე, რითიც დაცვის მხარეს მიეცა შესაძლებლობა ორდერში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით დაესვა მისთვის სასურველი კითხვები, შესაბამისად, ჰქონდა შესაძლებლობა ინფორმაციის პირველწყაროს დაკითხვის და მისი სანდოობის შემოწმების/შედავების შესაძლებლობა.
12.3.4. იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოცემულ შემთხვევაში თ. გ–ს არ უსარგებლია საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლით მინიჭებული უფლებით და არსებით სასამართლო სხდომაზე მისცა ოჯახის წევრის მამხილებელი ჩვენება, ხოლო მეორე მხრივ - საქართველოს სსკ-ის 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ბრალდების ფარგლებში განხილვის საგანია შემაკავებელი ორდერის დარღვევის ფაქტი ( შესაბამისად, შემაკავებელ ორდერში/ მის ოქმში და თ. გ–ს მიერ არსებით სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენებაში მითითებული ინფორმაციის იდენტურობის საკითხი აღნიშნული ბრალდების მიზნებისთვის არ არის გადამწყვეტი მნიშვნელობის მატარებელი). სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაცვის მხარე სადავოდ არ ხდის ( და სისხლის სამართლის საქმის მასალებში წარმოდგენილი 13 იანვარს მ–ი ვ–ს მიერ თ. გ–სთვის გაგზავნილი მესიჯითაც დგინდება), რომ მ–ი ვ–სთვის ცნობილი იყო მის მიმართ შემაკავებელი ორდერის გამოცემის და ორდერით დადგენილი (თ. გ–სთან კომუნიკაციის აკრძალვა) შეზღუდვის შესახებ ( იხ. ტ.1., ს.ფ. 226).
13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით დასტურდება მ. ვ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
14. საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2022 წლის დეკემბრის ეპიზოდი) მ. ვ–ს მსჯავრდების ნაწილში სასამართლო ითვალისწინებს, დაზარალებულ თ. გ–ს ჩვენებას (დაზარალებულის განმარტებით, 2022 წლის დეკემბერში, მ. ვ–ი დაემუქრა, რომ დაუმახინჯებდა სახეს. მისი მუქარა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების რეალური შიში, რადგან მ. ვ–ი მართლაც იყო ამის გამკეთებელი, იყო მის მიმართ აგრესიული და არაერთხელ ჰქონდა ნათქვამი რომ დაუსერავდა სახეს და ასევე გამოჭრიდა ყელს), რომელიც თანხვდენილია მოწმე ს. გ–სის ჩვენებასთან (მოწმის განმარტებით, 2022 წლის დეკემბერში, მის შვილს - თ–ას და სიძეს - მ. ვ–ის, ქ. თ–ში, .........ს მ.. მასივში, მე-.. კვარტალში, ..-ე კორპუსის, ბინა ..-ში, მათსავე საცხოვრებელ ბინაში მოუვიდათ კონფლიქტი. აღნიშნული ვეღარ მოითმინა თ–ამ და დააპირა 112-ში დარეკვა, თუმცა მ–იმა დაიწყო მისი დაშინება და უთხრა, რომ სანამ პოლიციელები მოვიდოდნენ იგი მას ყელს გამოჭრიდა. ამავე დროს, მ–ა თ–ს წაართვა მისი კუთვნილი მობილური ტელეფონი, რათა არ დაერეკა „112”-ში. აღნიშნულ ფაქტს შეესწრო პირადად, ძალიან შეშინებული იყო მ–იის ქცევით და ვერც მან გაბედა პოლიციის გამოძახება) და იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებას, რომ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია მ. ვ–ს მიერ 2022 წლის დეკემბერში თ. გ–ს მიმართ მუქარა, რაც დაზარალებულმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
15. სასამართლო ითვალისწინებს, რომ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით (მათ შორის: დაზარალებულ თ. გ–სის, მოწმეთა: ს. გ–ს, ხ. ბ–ს, ბ. ა–ს ჩვენებებით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N.......... დასკვნით) გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია მ. ვ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2023 წლის 1 იანვრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის, ფიზიკური ძალადობის ჩადენა დაზარალებულ თ. გ–ს მიმართ (მ. ვ–მა თ. გ–ს მუშტი დაარტყა ცხვირისა და მკერდის არეში, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და ცხვირიდან წამოუვიდა სისხლი), რასაც თავად მსჯავრდებული მ. ვ–ც აღიარებს.
16. საქართველოს სსკ-ის 111,118-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მსჯავრდებასთან მიმართებით, სასამართლო ითვალისწინებს, დაზარალებულ ს. გ–ის, მოწმეთა: თ. გ–ს, ბ. ა–სა და ხ. ბ–ს ჩვენებებს, სამედიცინო ექსპერტიზის N.......... დასკვნას და გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიიჩნევს მ. ვ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 111,118-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.
16.1. დაზარალებულმა ს. გ–მ პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ 2023 წლის 1 იანვარს, მათსავე საცხოვრებელ ბინაში, მ. ვ–მა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და დაზიანებები სხეულზე, რის შედეგადაც დაეცა კიდეც დერეფანში. კერძოდ, მ. ვ–მა მოჰკიდა ხელი და ძალის გამოყენებით წააქცია ის ბინაში შესასვლელ დერეფანში არსებულ მეტლახზე. სიძის მხრიდან დაზიანებების მიყენების პროცესში იგრძნო ფიზიკური ტკივილი. მოწმის სახით ჩვენების მიცემისას დაზარალებულმა ასევე განმარტა, რომ ეცოდებოდა მ. ვ–ი, რომელიც მისი შვილიშვილების მამაა და არ უნდოდა ცხოვრება გაეფუჭებინა მისთვის და დააზუსტა, რომ სიძემ კი დაარტყა ხელი, მაგრამ ამის შემდეგ სურდა სახლიდან გასვლა და ამ მიზნით დერეფანში გადაადგილებისას, მეტლახზე თვითონ აუცურდა ფეხი და დაეცა.
16.1.1. სასამართლო ითვალისწინებს, რომ 2023 წლის 17 ივლისის თბილისის საქალაქო სასამართლოში დაზარალებულ ს. გ–ს დაკითხვისას პროკურორმა გამოაქვეყნა დაზარალებულის მიერ 2023 წლის 18 იანვარს გამოძიებისათვის მიცემული ჩვენება:
„მ–მა ხელი მკრა და დამაგდო მისაღებ ოთახში მდგარ სავარძელზე, რის შედეგადაც რამდენჯერმე ძლიერად ჩამარტყა ხელი სახის არეში, ამ დარტყმებით განვიცადე ძლიერი ფიზიკური ტკივილი. დასახმარებლად მოვარდა თ–ნა, რომელსაც ხელში ეჭირა 6 თვის გ–ი, ხოლო 5 წლის ნ–ს ეძინა და არ შესწრებია ამ ფაქტს. აღნიშნულზე მ–ი კიდევ უფრო გამოვიდა წყობიდან და თ–ს მიაყენა ძლიერი დარტმები ხელით სახის არეში, რის შედეგადაც თ–ას ცხვირიდან წამოუვიდა სისხლი. ვიდრე ეს ხდებოდა, მე როგორც მოვახერხე, წამოვდექი და გავემართე შემოსასვლელი კარისკენ, რათა ვინმესთვის საშველად დამეძახა, კარი შევაღე თუმცას უკვე ვიგრძენი, რომ თმაში მ–მა ძლიერად მომქაჩა ხელი, მან ფიზიკური ძალის გამოყენებით, ბინაში შესასვლელი დერეფნის მეტლახზე დამაგდო, რის შემდეგაც უკვე დავარდნილზე გააგრძელა ჩემთვის ფეხით დარტყმების მოყენება სხეულის სხვადასხვა ნაწილში. მე ამასობაში ნელ-ნელა ვკარგავდი გონებას და უკვე მიჭირდა ჩემს გარშემო მომხდარი მოვლენების სრულყოფილად აღქმა“ (იხ.: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 17 ივლისის სხდომის ოქმი 16:31:09 – 16:32:41).
16.1.2. დაზარალებულმა ს. გ–მ მიუთითა, რომ შემოსვლისას ფეხი გადაუტრიალდა და წაიქცა, სხვა გარემოებებთან მიმართებით კი დაადასტურა, რომ გამოკითხვის ოქმში მითითებული ინფორმაცია სწორია (იხ.: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 17 ივლისის 16:39:28-16:40:02).
16.2. მოწმე თ. გ–სის განმარტებით, 2023 წლის 1 იანვარს, მ. ვ–ი სახლში დაბრუნდა განერვიულებული და აგრესიული, კარებს ურტყამდა ფეხს. ბინაში შესვლის შემდეგ, მ. ვ–ის დედამისთან - ს. გ–სთან მოუვიდა კონფლიქტი. ამ უკანასკნელს, კონფლიქტის დროს ხელში ეჭირა მცირეწლოვანი შვილიშვილი და ის მივიდა დედის დასაცავად. ამ დროს მ–იმა მას სახის და ლავიწის არეში დაარტყა მუშტი, რის გამოც დარტყმების შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი. მოწმის ჩვენებით, დედამისმა - ს. გ–მ, გააღო კარი და გავიდა გარეთ დახმარების სათხოვნელად, თუმცა მ. ვ–მა სახლში შეათრია თმით, რა დროსაც ურტყამდა მუშტებს და ფეხებს. დარტყმის შედეგად დედამ დაზიანება მიიღო ხელის არეში და დღემდე გადის მკურნალობის კურსს.
16.3. მოწმე ხ. ბ–ს განმარტებით, 2023 წლის 1 იანვარს გაიგონა ხმაური, რის გამოც გამოვიდა ბინიდან და დაინახა თ–ა და ს. გ–ბის ბინის შესასვლელთან, იატაკზე ს. გ–ე, რომელსაც თავზე ადგა მ. ვ–ი. ასევე დაინახა თ. გ–სე, რომელსაც ცხვირიდან სდიოდა სისხლი. აღნიშნულის დანახვაზე გაიქცა დახმარების სათხოვნელად, რა დროსაც მათსავე კორპუსში შეხვდა იქვე მცხოვრები ბ. ა–ი. ხ–მ მას სთხოვა დაერეკა სასწრაფოში და პოლიციაში.
16.4. მოწმე ბ. ა–ს განმარტებით, სახლში მოესმა ყვირილისა და ჩხუბის ხმა. სადარბაზოში გამოსულს ხ–მ უთხრა, რომ ამ ბინაში მცხოვრებმა კაცმა უგონოდ მყოფი ქალბატონი ბინაში შეათრია. ამავდროულად ბინიდან გაიგონა ჩხუბის ხმა, კერძოდ მამაკაცის ხმა, რომელიც იგინებოდა და ხმამაღლა ყვიროდა, ასევე გაიგონა ქალების ყვირილის და ტირილის ხმა. დააკაკუნა მათ კარებზე და მხოლოდ მეორედ დაკაკუნების შემდეგ გაუღო ის მ. ვ–მა, რომელიც იყო აშკარად ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ. შეღებულ კარში დაინახა ვ–ს უკან მდგომი ქალბატონი - მისი მეუღლე – თ. გ–ე, რომელსაც სახეზე შეატყო დაზიანებები, ასევე მას ცხვირიდან სდიოდა სისხლი. სისხლი დაინახა იატაკზეც. ქალბატონს ხელში ეჭირა მცირეწლოვანი, ჩვილი ბავშვი. მოწმე მიხვდა, რომ სახლში აშკარად დაძაბული სიტუაცია იყო და მ–ის ჰკითხა, თუ რაში იყო საქმე, რატომ გამოდიოდა მათი ბინიდან ყვირილისა და ჩხუბის ხმა და რატომ იყო ასეთ მდგომარეობაში აქაურობა. აღნიშნულზე ბრალდებულმა უხეშად უპასუხა, რომ ეს არ იყო მისი საქმე.
16.5. სასამართლო ითვალისწინებს, სამედიცინო ექსპერტიზის N......... დასკვნასა და ექსპერტის ქ. ბ–ს ჩვენებას. ს. გ–ე სტაციონარულ მკურნალობას იტარებდა 01.01.23წ - 03.01.23წ. დიაგნოზით: მარცხენა მხრის ძვლის თავის მოტეხილობა ცდომით. სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერების მიხედვით მარცხენა მხრის მიდამოში აღენიშნებოდა კანქვეშა ჰემატომები. მოტეხილობა მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს - 2023 წლის 1 იანვარს. ჰემატომები მიეკუთვნებიან მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოშლის გარეშე.
17. სასამართლო ითვალისწინებს განსახილველ ეპიზოდში სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილ მოვლენათა განვითარებას, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა განსაკუთრებულ მოწყვლადობას (იხ. Volodina v Russia, no. 41261/17, §72, ECtHR, 09/07/2019) და იმ სირთულეებს რაც უკავშირდება მტკიცებულებების შეგროვებას, როდესაც ძალადობას ადგილი აქვს კერძო გარემოში, იმ გარემოებას, რომ სასამართლო განხილვისას ჩვენების შეცვლა-დაზუსტება აღნიშნული კატეგორიის საქმეებზე შეიძლება მრავალი მიზეზით იყოს განპირობებული, მათ შორის, დაზარალებული შეიძლება ცდილობდეს ოჯახის წევრისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას, დაზარალებული ს. გ–ს მიერ ჩვენების დაზუსტების მოტივს, სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილ გარემოებით მტკიცებულებებს, თ. გ–ს ჩვენებას და საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა, დასტურდება მ. ვ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 111,118-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
18. სასამართლო ასევე არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას ბრალდების მხარის მიერ პატრულ-ინსპექტორთა სამხრე კამერების ჩანაწერების მოპოვებასთან მიმართებით და კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-9 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე და დაცვის მხარეს ენიჭება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით, როგორც წარმოდგენილი მტკიცებულების გამოკვლევის, ასევე მტკიცებულების დამოუკიდებლად ან სასამართლოს მეშვეობით მოპოვების და წარმოდგენის უფლება (იხ. უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 8 იანვრის N951აპ-20 განჩინება; 2021 წლის 4 იანვრის N925აპ-20 განჩინება; 2020 წლის 17 ივლისის N30აპ-20 განჩინება; 2021 წლის 9 ივლისის განაჩენი N669აპ-20, II-56). სასამართლო ითვალისწინებს, რომ შეჯიბრებით სამართალწარმოებაში მხარეები წყვეტენ რა მტკიცებულებებს და არგუმენტებს წარუდგენენ სასამართლოს და რა საკითხებზე იდავებენ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება N3/1/608,609 საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციურ წარდგინებაზე, II-15).
18.1. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 136-ე მუხლის პირველი ნაწილი, როგორც ბრალდების მხარეს, ასევე დაცვის მხარეს ანიჭებს უფლებას დასაბუთებული ვარაუდის არსებობისას, კომპიუტერულ სისტემაში ან კომპიუტერულ მონაცემთა შესანახ საშუალებაში არსებული სისხლის სამართლის საქმისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოპოვების მიზნით გამოძიების ადგილის მიხედვით მიმართოს სასამართლოს შესაბამისი ინფორმაციის ან დოკუმენტის გამოთხოვის განჩინების გაცემის შუამდგომლობით. წარმოდგენილი საქმის მასალებით არ დგინდება რომ დაცვის მხარეს/მსჯავრდებულს არ მიეცა შესაძლებლობა მოეპოვებინა მითითებული სამხრე კამერის ჩანაწერები.
18.2. იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაცვის მხარემ 2023 წლის 23 თებერვალს, შუამდგომლობით მიმართა ბრალდების მხარეს რათა გამოეკითხათ დანაშაულის შეტყობინების ფაქტზე გამოცხადებული N........ საპატრულო ეკიპაჟის წევრები, თ. ძ–ე და ა. ს–ე, რათა პატრულ ინსპექტორებს მიეწოდებინათ დეტალური ინფორმაცია მათზე სამსახურებრივად განპიროვნებული სამხრე კამერების ნუმერაციის შესახებ, რის საფუძველზეც ბრალდების ან დაცვის მხარე უზრუნველჰყოფდა ქ. თ–ში, .........ს მ.. მასივში, მე-.. კვარტალში, ..-ე კორპუსის, ბინა ..-ში მომხდარი ფაქტის ამსახველი ვიდეოკადრების მოპოვებას.
18.3. 2023 წლის 24 თებერვლის დადგენილებით დაცვის მხარის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, 2023 წლის 26 თებერვალს გამოიკითხნენ პატრულ ინსპექტორები ა. ს–სე და თ. ძ–ე.
18.3.1. თ. ძ–ს 2023 წლის 26 თებერვლის გამოკითხვის ოქმით (მხარეთა მიერ ცნობილია უდავოდ) დგინდება, რომ მათზე განპიროვნებული სამხრე კამერების ჩანაწერების შენახვა ხდება მისი ჩაწერის დღიდან 30 დღის ვადით და მითითებული ვიდეოჩანაწერები ინახება სსიპ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში, ქ. თ–ში, ლ–ს ქ. N.. „..“-ში (შეტყობინების საფუძველზე პატრულ ინსპექტორები შემთხვევის ადგილზე გამოცხადნენ 2023 წლის 1 იანვარს).
19. რაც შეეხება ბრალდების მხარის მოთხოვნას მ. ვ–ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა (2021 წლის სექტემბრის ეპიზოდი და სისტემატური შეურაცხყოფისა და დამცირების ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, დამნაშავედ ცნობის შესახებ, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას, რომ მითითებულ ეპიზოდებში ბრალდების სამტკიცებლად წარმოდგენილია მხოლოდ დაზარალებულ თ. გ–ს მამხილებელი ჩვენება, რაც არ ქმნის მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა მ. ვ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა (2021 წლის სექტემბრის ეპიზოდი და სისტემატური შეურაცხყოფისა და დამცირების ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენას. იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს, რომ სს საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რაც ობიექტურად დაადასტურებდა დაზარალებულის მიერ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მუქარის რეალურად აღქმას და ძალადობისას ფიზიკური ტკივილის განცდას.
20. კასატორი დაცვის მხარის მოთხოვნაზე, მ. ვ–ს მიმართ მსუბუქი სასჯელის განსაზღვრის შესახებ, სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ სასჯელის სახის და ზომის განსაზღვრისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლები და საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მოთხოვნათა (დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ – საქართველოს სსკ-ის 111,118-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთან მიმართებით და გენდერული დისკრიმინაციის მოტივით დანაშაულის ჩადენა – საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტთან (2022 წლის დეკემბრის ეპიზოდი) მიმართებით) დაცვით განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია) და შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია.
20.1. ამასთან, მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა სასჯელის უსამართლობას, პრევენციის ან რესოციალიზაციის მიზნებთან შეუსაბამობას და მის საფუძველზეც შესაძლებელი იქნებოდა მსჯავრდებულისათვის სასჯელის შემსუბუქება.
21. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვეობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვეობის სამართლებრივი საფუძვლები ძალიან მწირი დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის (Kuparadze v. Georgia, No.30743/09, par 76, ECtHR, 21/09/2017).
22. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
23. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
24. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრების დასაშვებობის რომელიმე საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
25. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 27 თებერვლის განაჩენზე თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ვასილ სამხარაძისა და მსჯავრდებულ მ. ვ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის ნ. ბ–ს საკასაციო საჩივრები ცნობილ იქნეს დაუშვებლად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე