გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ-483-02 24 ივლისი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. წიქვაძე (თავმჯდომარე),
ლ. გოჩელაშვილი, რ. ნადირიანი
სარჩელის საგანი: თანხის დაბრუნება.
აღწერილობითი ნაწილი:
1996წ. 18 მაისს საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს საარბიტრაჟოO სასამართლოში შპს “ს-ს” დირექტორმა გ. კ-მ სარჩელი აღძრა ეპს “...-93” წინააღმდეგ და მოითხოვა მოპასუხეზე 16.000 ლარის დაკისრება.
უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს 1996წ. 20 ივნისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა შპს “ს-ს” დირექტორის გ. კ-ს სასარჩელო განცხადება და ეპს “...-93”-ს დაეკისრა 16.000 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.
ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება საზედამხედველო წესით გაასაჩივრა ეპს “...-93”-ის დირექტორმა ო. ა-ემ და მოითხოვა მისი გაუქმება.
სარჩელში ო. ა-ემ მიუთითა, რომ ანგარიშფაქტურა, რომლის საფუძველზეც მათ დაეკისრათ 16.000 ლარის გადახდა, არის ყალბი და ეს დადასტურდა რესპუბლიკის პროკურატურის მიერ საქმის შესწავლის შედეგად. აქედან გამომდინარე ო. ა-ემ მიუთითა, რომ არავითარი თანხის გადარიცხვას ადგილი არ ჰქონია. საქართველოს უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს საზედამხედველო კოლეგიის 1996წ. 17 სექტემბრის დადგენილებით არ დაკმაყოფილდა ეპს “...-93”-ის დირექტორის ო. ა-ის საჩივარი და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა ძალაში.
2000წ. 25 სექტემბერს შპს “ს-ს” დირექტორმა გ. კ-მ განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა 1996წ. 20 ივნისის უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილების განმარტება, გადაწყვეტილების აღსრულების საშუალებისა და წესის შეცვლა და სააღსრულებო ფურცლის დუბლიკატის გაცემა.
უზენაესი სასამართლოს 2001წ. 21 მარტის განჩინებით გ. კ-ს განცხადება სამოქალაქო საქმესთან ერთად განსჯადობის მიხედვით გადაეგზავნა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს.
ამავე სასამართლოს 2001წ. 31 მაისის განჩინებით დაშვებულ იქნა გ. კ-ს განცხადება და დაინიშნა საქმის არსებითიად განხილვის თარიღი.
კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2001წ. 18 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს 1996წ. 20 ივნისის გადაწყვეტილება, რომლითაც მოპასუხე მხარეს დაეკისრა 16.000 ლარის გადახდა მოსარჩელე შპს “ს-ს” სასარგებლოდ, მიქცეულ იქნა აღსასრულებლად ეპს “...-93”-ის დამფუძნებლის ო. ა-ის ქონებაზე. განჩინებაში ასევე მითითებულ იქნა, რომ აღსრულების წესისა და საშუალების ცვლილების გათვალისწინებით გამოწერილიყო ახალი სააღსრულებო ფურცელი.
ზემოაღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ო. ა-ის წარმომადგენელმა ზ. ჭ-მ და მოითხოვა მისი გაუქმება.
კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ საარბიტრაჟოO სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების დროისათვის ეპს “...-93” აღარ არსებობდა, რადგან მას ხელახალი რეგისტრაცია არ გაუვლია, გ. კ-ს 1997 წლიდან არ დაუყენებია საკითხი, თუ რატომ არ ხდებოდა წარდგენილი საბუთის შესაბამისად თანხების ჩამოწერა. სასამართლომ არ გაარკვია, წარდგენილ იქნა თუ არა სააღსრულებო ფურცელი ვადაში. თუ საბუთი წარდგენილ იქნა, მაშინ რატომ მოითხოვა გ. კ-მ სააღსრულებო ფურცლის დუბლიკატის გაცემა.
კერძო საჩივრის ავტორმა მიიჩნია, რომ სასამართლოს განჩინება არ არის აღსრულების წესისა და საშუალების შეცვლა, ეს არის ფაქტიურად ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მეწარმე სუბიექტი შეიცვალა ფიზიკური პირით.
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2001წ. 10 დეკემბრის განჩინებით კერძო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და იგი საქმის მასალებთან ერთად გადაიგზავნა თბილისის საოლქო სასამართლოში.
თბილისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 14 იანვრის განჩინებით დაკმაყოფილდა ო. ა-ის წარმომადგენლის ზ. ჭ-ს კერძო საჩივარი, გაუქმდა კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2001წ. 18 ოქტომბრის განჩინება და შპს “ს-ს” დირექტორის გ. კ-ს განცხადება გადაწყვეტილების აღსრულების წესისა და საშუალების შეცვლაზე არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ შპს “ს-ს” დირექტორმა გ. კ-მ გაუშვა სააღსრულებო საბუთის წარდგენის ვადა და ამდენად მას აღარ გააჩნდა გადაწყვეტილების აღსრულების წესისა და საშუალების შეცვლის მოთხოვნის უფლება შემდეგ გარემოებათა გამო:
უზენაესი საარბიტრაჟოO სასამართლოს გადაწყვეტილება მიღებულია 1996წ. 20 ივნისს. აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით იმავე დღეს გაცემული იქნა ბრძანება ¹16/15, რომლის წარდგენის ვადად მითითებულია 1996წ. 20 სექტემბერი.
საქართველოს უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს ზედამხედ-ველობის კოლეგიის 1996წ. 17 სექტემბრის დადგენილებაც, რომელმაც ძალაში დატოვა საარბიტრაჟოO სასამართლოს 1996წ. 20 ივნისის გადაწყვეტილება, გაგზავნილი აქვთ მხარეებს, რის შესახებაც მითითებულია გადაწყვეტილების ბოლო ფურცელზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (1964წ.) 359-ე მუხლის თანახმად, სასამართლო გადაწყვეტილება, რომელზეც ერთ-ერთი მხარე მოქალაქეა, აღსრულებისათვის წარედგინებოდა 3წ. განმავლობაში გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის მომენტიდან.
შპს “ს-ს” კანონით დადგენილ ვადაში გადაწყვეტილების აღსასრულებლად წარდგენის არანაირი მტკიცებულება სასამართლოსათვის არ წარუდგენია.
საარბიტრაჟო სასამართლოების უფლებამოსილების შეწყვეტა 1997წ. 25 ნოემბერს არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს ვადის დარღვევის საპატიო მიზეზად, რადგან, როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, ამ დროისათვის შპს “ს-სათვის” უკვე ცნობილი იყო გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც კანონიერ ძალაში იყო.
2002წ. 16 იანვარს შპს “ს-ს” დირექტორმა გ. კ-მ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განცხადებით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს და მოითხოვა იმავე სასამართლოს 2002წ. 14 იანვრის განჩინების გაუქმება და თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2001წ. 18 ოქტომბრის განჩინების ძალაში დატოვება.
განმცხადებელმა მიუთითა, რომ კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2001წ. 18 ოქტომბრის განჩინება ო. ა-ის მიერ გასაჩივრებულ იქნა საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, რასაც ადასტურებს “.. ..-ის” განმარტება, რომ შეტყობინება ¹801 2001წ. 25 ოქტომბერს ჩაბარდა ო. ა-ის დედას ნ. ა-ს, ვინაიდან მოპასუხე იყო მივლინებაში, ხოლო 27 ოქტომბერს კი, როდესაც იგი დაბრუნდა, ნ. ა-მა გადასცა მას შეტყობინება.
ამის შემდეგ განჩინება შევიდა კანონიერ ძალაში და 2001წ. 13 ნოემბერს გამოიწერა სააღსრულებო ფურცელი.
აღნიშნულ განჩინებაზე 2001წ. 5 დეკემბერს კერძო საჩივარი შეიტანა ო. ა-ემ, ამავე დროს დაუდგენელმა პირმა საქმიდან ამოიღო საბუთი, რომელიც ადასტურებდა მოპასუხის მიერ გასაჩივრების ვადის გაშვებას.
თბილისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 11 თებერვლის განჩინებით გ. კ-ს განცხადება უარყოფილი იქნა უსაფუძვლობის გამო.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სსკ-ს 423-ე მუხლის პირველი ნაწილის “ვ” პუნქტის თანახმად კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები ან მტკიცებულებები, რომლებიც ადრე, რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად აღნიშნული საფუძვლით საქმის განახლება შეიძლება თუ მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტის მიღების დროს წარმოედგინა ისინი, ხოლო სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ გ. კ-ს მიერ მითითებული გარემოება, რომ ვიღაცამ საქმიდან ამოიღო დოკუმენტი, შეეძლო ადრეც წარმოედგინა.
ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. კ-მ და მოითხოვა მის მიერ წარდგენილ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განცხადების დაკმაყოფილება.
კასატორმა მიუთითა, რომ ო. ა-ის კერძო საჩივარი, რომლის საფუძველზეც გაუქმდა კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2001წ. 18 ოქტომბრის განჩინება, შეტანილ იქნა საპროცესო ვადის დარღვევით, ხოლო ამ ფაქტის დამადასტურებელი საბუთი კი დაუდგენელი პირის მიერ ამოღებულ იქნა საქმიდან.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ განიხილა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ს 423-ე მუხლის “ვ” ქვეპუნქტით კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილით კი, აღნიშნული საფუძვლით საქმის განახლება დასაშვებია, თუ მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე. დადგენილია, რომ სააპელაციო სასამართლოში კერძო საჩივრის განხილვაში მონაწილეობდა ორივე მხარე – კერძო საჩივრის ავტორი და მოწინააღმდეგე მხარე – გ.კ-ა, წარმომადგენელი ა. ა-ი. კერძო საჩივრის განხილვის დროს მოწინააღმდეგე მხარეს შეეძლო სადავოდ გაეხადა კერძო საჩივრის დასაშვებობა, რადგან მისთვის საქმის მასალები ცნობილი იყო. კერძოდ, განჩინების გამოტანისა და კერძო საჩივრის შეტანის დრო.
პალატა მიუთითებს, რომ ვინაიდან საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებაში მითითებული არ არის მხარის ბრალის გამომრიცხველი (423-ე მუხლის მე-3 ნაწილი) გარემოებები, სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა კანონი და უარი უთხრა განმცხადებელს საქმის წარმოების განახლებაზე. პალატა თვლის, რომ განცხადებაში მითითებული გარემოებები საქმის წარმოების განახლების შესახებ, უსაფუძვლოა და მას სწორად ეთქვა უარი დაკმაყოფილებაზე.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
შპს “ს-ს” დირექტორს გ.კ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 11 თებერვლის განჩინება უცვლელად იქნეს დატოვებული.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.