Facebook Twitter

¹3კ-484-02 26 ივნისი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),

მ. ახალაძე, მ. ცისკაძე

დავის საგანი: საცხოვრეელი სახლის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

1997წ. 1 ივლისს ე. ა-ოვასა და თ. მ-ძეს შორის გაფორმდა ქ. თბილისში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლის ნასყიდობის ხელშეკრულება.

ე. ა-ოვამ სარჩელით მიმართა ქ.თბილისის ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა მათ შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების, როგორც თვალთმაქცური და მოჩვენებითი გარიგების, ბათილად ცნობა, რადგან ნასყიდობის ნაცვლად მას სურდა დაედო სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება.

ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2001წ. 17 მაისის გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებით არ დასტურდება მოტყუების ფაქტი, კერძოდ, ე. ა-ოვას სახელზე გაიცა სადავო ბინის ცნობა-დახასიათება მერიის ტექაღრიცხვის ბიუროს მიერ სახელმწიფო სანოტარო კანტორაში წარსადგენად, ყიდვა-გაყიდვის გასაფორმებლად, ასევე, სანოტარო პალატის მიერ ე. ა-ოვას სახელზე გაცემული ცნობით სადავო ბინას ყადაღა არ ადევს. ამგვარი ცნობები კი არ არის საჭირო მეურვეობის ან მზრუნველობის გასაფორმებლად.

ე. ა-ოვამ სააპელაციო წესით გაასაჩივრა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება.

საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 2001წ. 28 ნოემბრის განჩინებით უცვლელი დატოვა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2001წ. 17 მაისის გადაწყვეტილება იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელის მიერ ვერ იქნა დადასტურებული გარემოებები, რომლებიც შეიძლებოდა გარიგების ბათილობის საფუძველი გამხდარიყო.

ე. ა-ოვას წარმომადგენელმა გ. ყ-შვილმა საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განხილვისათვის დაბრუნება საოლქო სასამართლოში იმ მოტივით, რომ სააპელაციო პალატამ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. სასამართლომ არ გამოიკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, არ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ ე. ა-ოვამ არ იცოდა ქართული ენა და ამით ისარგებლა მოწინააღმდეგე მხარემ.

სამოტივაციო ნაწილი:

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ე. ა-ოვასა და თ. მ-ძეს შორის 1997წ. 1 ივლისს გაფორმდა თბილისში, ... მდებარე ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება.

პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება იურიდიულად არ არის დასაბუთებული, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე” პუნქტის თანახმად გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.

პალატა იზიარებს კასატორის დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიას, რომ სააპელაციო სასამართლომ არ შეაფასა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ნოტარიუსმა თვით შეასრულა თარჯიმნის ფუნქცია სანოტარო დოკუმენტზე ხელმომწერი პირისათვის; “ნოტარიატის შესახებ” კანონის მე-7 მუხლის I და II პუნქტების მიხედვით სანოტარო მოქმედება სრულდება სახელმწიფო ენაზე. თუ პირი, რომელიც ითხოვს სანოტარო მოქმედების შესრულებას, ვერ ფლობს სახელმწიფო ენას, ნოტარიუსი სანოტარო მოქმედებას ასრულებს თარჯიმნის მონაწილეობით. გამომდინარე აღნიშნულიდან, სასამართლომ არ იმსჯელა სანოტარო მოქმედების კანონიერებაზე, არ შეაფასა მოწმეთა ჩვენებები და გადაწყვეტილებაში არ ასახა მოსაზრება, რომლითაც უარყოფს ან იზიარებს მათ. კრიტიკულად არ განიხილა ის გარემოება, რომ მ-ძე არ ცხოვრობს სადავო ბინაში, ხოლო ე. ა-ოვას სხვა საცხოვრებელი არ გააჩნია.

პალატა თვლის, რომ მხოლოდ ზემო მითითებული საკითხების გარკვევის შემდეგ უნდა გადაწყვიტოს სააპელაციო სასამართლომ, ჰქონდა თუ არა ადგილი ე. ა-ოვას მხრიდან ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებისკენ მიმართული ნების გამოვლენას, თუ მას სურდა სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება დაედო.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ე. ა-ოვას წარმადგენლის გ. ყ-შვილის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 28 ნოემბრის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.