გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ-486-02 13 სექტემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
თ. კობახიძე, ქ. გაბელაია
დავის საგანი: ბინიდან გამოსახლება.
აღწერილობითი ნაწილი:
2000წ. 5 ივლისს ს. ბ-მა ი. ბ-ისაგან შეიძინა ქ.თბილისში ... მდებარე ოროთახიანი ბინა. ხელშეკრულების თანახმად გამყიდველმა ივალდებულა, რომ მყიდველს ბინას გადასცემდა 2000წ. 5 აგვისტოსათვის, რაც არ შესრულებულა.
2001წ. იანვარში ს. ბალინიანმა სარჩელი შეიტანა სასამართლოში ი. ბ-ის მიმართ ბინიდან გამოსახლებისა და ზარალის ასანაზღაურებლად 1000 აშშ დოლარის დაკისრების შესახებ.
ქ.თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2001წ. 17 აპრილის გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ბინიდან გამოსახლების ნაწილში, ხოლო დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ მხარეთა შორის არ ყოფილა დადებული გარიგება ბინის ქირის გადახდის თაობაზე.
მოპასუხემ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა იმ საფუძვლით, რომ მყიდველს გამყიდველისათვის არ გადაუხდია ბინის საფასური.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 2001წ. 2 ნოემბერს მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც არ დააკმაყოფილა ი.ბ-ის სააპელაციო საჩივარი, მისი გამოუცხადებლობის გამო.
სააპელაციო პალატის 2002წ. 15 იანვრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ი.ბ-ის საჩივარი და 2001წ. 2 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
ი. ბ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს სააპელაციო სასამართლოს მიერ ამ საქმეზე მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების გაუქმებას იმ საფუძვლით, რომ 2001წ. 2 ნოემბრის სხდომაზე გამოუცხადებელი მხარე არ ყოფილა მიწვეული სსკ-ს 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, რის გამო არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისა და მისი გადასინჯვის შესახებ საჩივრის დაუკმაყოფილებლობის კანონიერი საფუძველი.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, კერძო საჩივრის საფუძვლებს და თვლის, რომ სააპელაციო პალატის განჩინება დატოვებული უნდა იქნეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ს 241-ე მუხლის თანახმად დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის წარმოება განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საატიო მიზეზებით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე შეეტყობინებინა სასამართლოსათვის.
2001წ. 2 ოქტომბერს ი.ბაბისიანს ეცნობა, რომ მისი საქმე განსახილველად იყო დანიშნული 2001წ. 2 ნოემბერს. უწყებები აპელანტზე და რწმუნებულ ა.კ-ეზე გადასაცემად ჩაბარდა ი.ბაბისიანის ოჯახის წევრს (ქალიშვილს) ა.ლ-ას, რაც დასტურდება საქმეში არსებული ხელწერილით.
ი.ბ-ი და ა.კ-ე არ გამოცხადდნენ სააპელაციო პალატის სხდომაზე. მათ არც გამოუცხადებლობის მიზეზებზე აცნობეს სასამართლოს.
ი.ბ-ი არ უარყოფს იმ ფაქტს, რომ მისთვის ცნობილი იყო სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის თარიღი – 2001წ. 2 ნოემბერი. ავადმყოფობის გამო ა.ლ-ას სასამართლოში გამოუცხადებლობა არ წარმოადგენს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს, რადგან ეს უკანასკნელი საქმეში ჩაბმულია მესამე პირად დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე და არ ყოფილა გაფორმებული ი.ბ-ის წარმომადგენლად.
პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სააპელაციო პალატის 2001წ. 2 ნოემბრის სხდომაზე არ ყოფილა მიწვეული 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
აპელანტის რწმუნებულმა ა.კ-ემ ასევე ვერ მიუთითა სასამართლოში გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზებზე.
სააპელაციო პალატის მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილება მიღებულია სსკ-ს 229-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნათა დაცვით.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ი. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 15 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.