საქმე # 020100121004375702
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №467აპ-24 ქ. თბილისი
ე . ბ. 467აპ-24 26 სექტემბერი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 18 იანვრის განაჩენზე სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსი პროკურორის – მირანდა წერეთლისა და მსჯავრდებულ ბ. ე–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის – ი. ჯ–ას საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ბ. ე–ს, – დაბადებულს 19.. წელს, – ბრალად ედებოდა:
1.1. ტერორისტული აქტი, ე.ი ადამიანზე თავდასხმა და იარაღის გამოყენება, რომელიც ქმნის ადამიანის სიცოცხლის მოსპობის, მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანის განხორციელების საშიშროებას, ჩადენილი ტერორისტული მიზნით, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 323-ე მუხლის პირველი ნაწილით;
1.2. მძევლად ხელში ჩაგდება ტერორისტული მიზნით, საქართველოს სსკ-ის 329-ე მუხლის პირველი ნაწილით;
1.3. იძულება, ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ე.ი მისი ფსიქიკური იძულება შეასრულოს მოქმედება, რომლის შერულება მისი უფლებაა და საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით;
1.4. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით;
1.5. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ბ. ე–ს მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2.1. საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილ თანამშრომელს – ბ. ე–ს –გავლილი ჰქონდა სამხედრო მომზადების სრული კურსი, გააჩნდა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის გამოყენების განსაკუთრებული უნარ-ჩვევები. სამხედრო კარიერის დასრულების შემდეგ მან გადაწყვიტა, საბრძოლო გამოცდილების გამოყენებით, ძალადობითა და ძალადობის მუქარით, მძევლად ხელში ჩაეგდო საქართველოს მოქალაქეები და, მათი უვნებლად გათავისუფლების სანაცვლოდ, საქართველოს ხელისუფლებისაგან მოეთხოვა თანხა. ამისათვის, 2020 წლის 21 ოქტომბერს ბ. ე–ა შეიარაღდა მის მიერ მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღითა და ხელყუმბარით, შეინიღბა სამხედრო უნიფორმით, შავი ნიღბითა და ხელთათმანებით. დაახლოებით 14:00 საათზე ზ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ა–ში, საავტომობილო გზაზე მოძრავ დ. მ–ას გააჩერებინა ავტომანქანა და, ცეცხლსასროლი იარაღის დემონსტრირებით, აიძულა იგი მიეყვანა ქალაქ ზ–ში, .........ას N..-ში განთავსებულ სააქციო საზოგადოება „.......... ბანკის“ N..-ე სერვისცენტრში. ადგილზე მისვლისას, იქვე მყოფი მოქალაქეების დაშინების მიზნით ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ორჯერ გაისროლა და შეიჭრა შენობის პირველი სართულის დარბაზში. დარბაზში შესვლისას ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების მუქარით აიძულა შენობაში მყოფი მოქალაქეები, ასევე – ბანკის თანამშრომლები, დაწოლილიყვნენ იატაკზე და დამორჩილებოდნენ მის მოთხოვნებს. ბ. ე–მ მოახდინა საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანილი ხელყუმბარის დემონსტრირება, შემთხვევის ადგილზე მისულ საპატრულო პოლიციის თანამშრომელს კი მოსთხოვა, შეეტყობინებინა ხელისუფლების ორგანოებისათვის მომხდარი ფაქტი. მან კატეგორიულად აუკრძალა სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს შენობასთან მიახლოება. ბ. ე–მ მძევალთა ნაწილზე ძალადობით და სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დათრგუნა მათი წინააღმდეგობის უნარი და აიძულა ცხრამეტი მძევალი, ასულიყვნენ შენობის მესამე სართულის ერთ-ერთ ოთახში. ოთახში ყოფნისას თავდამსხმელმა მოსთხოვა მძევლებს, რაც შეიძლება, მეტი ადამიანისათვის შეეტყობინებინათ ბანკზე თავდასხმის ფაქტი და დაკავშირებოდნენ მასობრივი საინფორმაციო საშუალებების წარმომადგენლებს მისი მოთხოვნების გაჟღერების მიზნით. თავდამსხმელი ცდილობდა, საზოგადოებაში მასობრივი პანიკისა და შიშის ატმოსფეროს დანერგვით ხელისუფლების ორგანოები იძულებული გაეხადა, შეესრულებინა მის მიერ დაყენებული მოთხოვნები. ტელეკომპანიებთან კავშირის დამყარების შემდეგ ბ. ე–მ ხელისუფლების წარმომადგენლებს მძევლების საშუალებით მოსთხოვა, გადაეცათ მისთვის 500 000 აშშ დოლარი და მიეცათ შენობის უსაფრთხოდ დატოვების საშუალება. წინააღმდეგ შემთხვევაში დაიმუქრა ხელყუმბარის აფეთქებითა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით მძევლების სიცოცხლის მოსპობით. პარალელურად მასთან კავშირზე მყოფ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს განუცხადა, რომ მძევლების გამოსახსნელად სპეცოპერაციის ჩატარების შემთხვევაში, ყველა მათგანი დაიღუპებოდა საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანილი ხელყუმბარის აფეთქებით, ასევე მოითხოვა თანხის გადაცემა. ზემოაღნიშნულ ქმედებით ბ. ე–ს სურდა საზოგადოების წევრების დაშინება და მასობრივი მსხვერპლის თავიდან აცილების მიზნით ხელისუფლების ორგანოების დათანხმება მისი პირობების შესრულებაზე.
2.2. საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილ თანამშრომელს – ბ. ე–ს –გავლილი ჰქონდა სამხედრო მომზადების სრული კურსი, გააჩნდა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის გამოყენების განსაკუთრებული უნარ-ჩვევები. სამხედრო კარიერის დასრულების შემდეგ, მან გადაწყვიტა, საბრძოლო გამოცდილების გამოყენებით, ძალადობითა და ძალადობის მუქარით, ტერორისტული მიზნით, მძევლად ხელში ჩაეგდო ს–ს მოქალაქეები და, მათი უვნებლად გათავისუფლების სანაცვლოდ, ს–ს ხელისუფლებისაგან მოეთხოვა თანხა. ამისათვის, 2020 წლის 21 ოქტომბერს ბ. ე–ა შეიარაღდა მის მიერ მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღითა და ხელყუმბარით, შეინიღბა სამხედრო უნიფორმით, შავი ფერის ნიღბით და ხელთათმანებით და დაახლოებით 14:00 საათზე, ზ–ს მუნციპალიტეტის სოფელ ა–ში, საავტომობილო გზაზე მოძრავ დ. მ–ას გააჩერებინა ავტომანქანა. მან ცეცხლსასროლი იარაღის დემონსტრირებით აიძულა იგი, მიეყვანა ქალაქ ზ–ში, ........ას ქუჩის N..-ში განთავსებულ სს „.......... ბანკის“ N...-ე სერვისცენტრში. ადგილზე მისვლისას, იქვე მყოფი მოქალაქეების დაშინების მიზნით ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ორჯერ გაისროლა და შეიჭრა შენობის პირველი სართულის დარბაზში. დარბაზში შესვლისას ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების მუქარით აიძულა შენობაში მყოფი მოქალაქეები, ასევე – ბანკის თანამშრომლები დაწოლილიყვნენ იატაკზე და დამორჩილებოდნენ მის მოთხოვნებს. ბ. ე–ამ მოახდინა საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანილი ხელყუმბარის დემონსტრირება და შემთხვევის ადგილზე მისულ საპატრულო პოლიციის თანამშრომელს მოსთხოვა, შეეტყობინებინა ხელისუფლების ორგანოებისათვის მომხდარი ფაქტი, მანვე კატეგორიულად აუკრძალა სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს შენობასთან მიახლოება. ბ. ე–ამ მძევალთა ნაწილზე ძალადობით და სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დათრგუნა მათი წინააღმდეგობის უნარი და აიძულა ცხრამეტი მძევალი, ასულიყო შენობის მესამე სართულის ერთ-ერთ ოთახში. ოთახში ყოფნისას თავდამსხმელმა მოსთხოვა მძევლებს, რაც შეიძლება, მეტი ადამიანისათვის შეეტყობინებინათ ბანკზე თავდასხმის ფაქტი და დაკავშირებოდნენ მასობრივი საინფორმაციო საშუალებების წარმომადგენლებს მისი მოთხოვნების გაჟღერების მიზნით. ტელეკომპანიებთან კავშირის დამყარების შემდეგ, ბ. ე–ამ მძევლების საშუალებით მოსთხოვა ხელისუფლების წარმომადგენლებს, გადაეცათ მისთვის 500 000 აშშ დოლარი და მიეცათ შენობის უსაფრთხოდ დატოვების საშუალება. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაიმუქრა ხელყუმბარის აფეთქებითა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით მძევლების სიცოცხლის მოსპობით. პარალელურ რეჟიმში მასთან კავშირზე მყოფ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს განუცხადა, რომ მძევლების გამოსახსნელად სპეცოპერაციის ჩატარების შემთხვევაში ყველა მათგანი დაიღუპებოდა საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანილი ხელყუმბარის აფეთქებით, ასევე მოითხოვა თანხის გადაცემა. ზემოაღნიშნული ქმედებით ბ. ე–ს სურდა საზოგადოების წევრების დაშინება და მოსახლეობაში მასობრივი პანიკის დათესვა, რათა ხელისუფლება იძულებული გამხდარიყო, შეესრულებინა მისი მოთხოვნები.
2.2.1. ტერორისტული აქტის ჩამდენი პირის – ბ. ე–ს მოქმედება რეალურ და აშკარა საფრთხეს უქმნიდა მძევალთა სიცოცხლეს. მისი სამხედრო მომზადების დონე, საბრძოლო მზადყოფნაში არსებული ხელყუმბარა და ფსიქოლოგიური მზადყოფნა, გაეწირა საკუთარი თავი და მძევალთა სიცოცხლე, მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, გამორიცხავდა სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან მძევალთა გასათავისუფლებლად სპეციალური ღონისძიებების ჩატარების შესაძლებლობას.
2.2.2. მძევალთა გამოხსნისა და მათი სიცოცხლის შენარჩუნების მიზნით, ხელისუფლებისა და სს „.......... ბანკის“ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირების გადაწყვეტილებით, გამოიყო თანხა – 500 000 აშშ დოლარი. იმავე დღეს, ტერორისტული აქტის ჩამდენთან მოლაპარაკებების მწარმოებელმა – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს .......... პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა –ა. გ–მ – ბ. ე–ს გადასცა ზემოთმითითებული თანხა. ბ. ე–ს მოთხოვნით, მისი უსაფრთხოდ გადაადგილების მიზნით, გამოიყო ავტომანქანა „ტოიოტა ჰაილუქსი“. ამის შემდეგ, ტერორისტმა მძევალთა დიდი ნაწილი გაათავისუფლა, ხოლო ა. გ–ა და დარჩენილი მძევლები: მ. ბ–ა, ლ. შ–ა და დ. ხ–ი – იარაღის მუქარით აიძულა, მასთან ერთად დაეტოვებინათ ბანკის შენობა, რათა ჰქონოდა უსაფრთხო გადაადგილების გარანტია. ს–ს რეგიონში, მძევლებთან ერთად ავტომანქანით რამდენიმესაათიანი უმისამართოდ გადაადგილების შემდეგ, ტერორისტმა საჭესთან მჯდომ მძევალს – დ. ხ–ს ავტომანქანა გააჩერებინა ჩ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ კ–ს დაუსახლებელ ტერიტორიაზე და მიიმალა.
2.3. საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი თანამშრომელი, ბ. ე–ა, 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიარაღდა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღითა და ხელყუმბარით, ხოლო შენიღბვის მიზნით ჩაიცვა სამხედრო უნიფორმა, შავი ნიღაბი და ხელთათმანი. იმავე დღეს დაახლოებით 14:00 საათზე, ზ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ა–ში მდინარე ჯ–ს ხიდთან, ბ. ე–ა „ფოლკსვაგენ-პოლოს“ მარკის ავტომანქანით მოძრავ დ. მ–ას საავტომობილო გზაზე გადაუდგა და აიძულა, გაჩერებულიყო. ბ. ე–ა ჩაჯდა ავტომანქანაში და იარაღის დემონსტრირებით ასევე აიძულა მძღოლი, გაეგრძელებინა მოძრაობა ქალაქ ზ–ს ცენტრისკენ. უკვე ქალაქ ზ–ში, გ–ს გამზირზე, ბ. ე–ამ ფსიქიკური იძულების გზით, მკაცრი ტონითა და იარაღის კიდევ ერთხელ დემონსტრირებით მოსთხოვა მძღოლის სავალი გზის მარჯვენა მხარეს მდებარე ბორდიურზე ასვლა. დ. მ–ა დაემორჩილა შეიარაღებულ პირს, თავისი ნებასურვილის საწინააღმდეგოდ, ავტომაქანა აიყვანა ბორდიურზე და, თავდამსხმელის მოთხოვნის შესაბამისად, გააჩერა სს „.......... ბანკის“ ცენტრალურ შესასვლელთან, რის შემდეგაც, ბ. ე–ამ ჯერ ტროტუარზე გაისროლა რამდენჯერმე, ხოლო შემდეგ შეიჭრა ქალაქ ზ–ში, ...... N..-ში განთავსებულ სს „.......... ბანკის“ N..-ე სერვისცენტრის შენობაში. მომხდარით შეშინებული დ. მ–ა ავტომანქანის სწრაფი სვლით გაერიდა შემთხვევის ადგილს.
2.4. ბ. ე–ამ დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და შეინახა „კალაშნიკოვის“ კონსტრუქციის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, ამავე ცეცხლსასროლი იარაღისათვის განკუთვნილი ვაზნები და ხელყუმბარა. აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის გამოყენებით 2020 წლის 21 ოქტომბერს, დაახლოებით 14:20 საათზე ბ. ე–ამ განახორციელა ტერორისტული აქტი ქალაქ ზ–ში, .........ას N..-ში განთავსებულ სს „.......... ბანკის“ N..-ე სერვისცენტრზე და ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაიგდო იქ მყოფი ს–ს მოქალაქეები.
2.5. ბ. ე–ა 2020 წლის 21 ოქტომბერს მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა „კალაშნიკოვის“ კონსტრუქციის ავტომატურ ცეცხლსასროლ იარაღსა და საბრძოლო მასალას, ამავე ცეცხლსასროლი იარაღისათვის განკუთვნილ ვაზნებსა და ხელყუმბარას, რომელთა გამოყენებით იმავე დღეს, დაახლოებით 14:20 საათზე განახორციელა ტერორისტული აქტი ქალაქ ზ–ში, .........ას N..-ში განთავსებულ სს „.......... ბანკის“ N...-ე სერვისცენტრზე. მან ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაიგდო იქ მყოფი ს–ს მოქალაქეები.
3. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 23 ივნისის განაჩენით ბ. ე–ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
3.1. საქართველოს სსკ-ის 323-ე მუხლის პირველი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 13 წლით;
3.2. საქართველოს სსკ-ის 329-ე მუხლის პირველი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 10 წლით;
3.3. საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 1 წლით;
3.4. საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 5 წლით;
3.5. საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 6 წლით;
3.6. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სსკ-ის 323-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნულმა მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და ბ. ე–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 13 წლით;
3.7. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4, მე-2 ნაწილების თანახმად, ბ. ე–ს მიმართ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 5 აპრილის განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქა უფრო მკაცრმა სასჯელმა და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, ბ. ე–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 13 წლით;
3.8. ბ. ე–ს სასჯელის ვადა აეთვალა განაჩენის გამოცხადების მომენტიდან – 2023 წლის 23 ივნისიდან და სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი – 2023 წლის 8 თებერვლიდან 2023 წლის 18 მაისის ჩათვლით; ასევე, სასჯელის ვადაში ჩაეთვალა 2023 წლის 5 აპრილის განაჩენით დანიშნული სასჯელი – 2023 წლის 19 მაისიდან 2023 წლის 23 ივნისამდე პერიოდი.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს დაცვისა და ბრალდების მხარეებმა, კერძოდ:
4.1. სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსმა პროკურორმა – მირანდა წერეთელმა მოითხოვა ბ. ე–სათვის შეფარდებული სასჯელის დამძიმება, კერძოდ, მისთვის მსჯავრადშერაცხილი დანაშაულებისათვის საქართველოს სსკ-ით გათვალისწინებული ყველაზე მკაცრი სასჯელების მაქსიმალური ხანგრძლივობით დანიშვნა.
4.2. მსჯავრდებულმა ბ. ე–ამ მოითხოვა მისი უდანაშაულოდ ცნობა.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 18 იანვრის განაჩენით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 23 ივნისის განაჩენი ბ. ე–ს მიმართ დარჩა უცვლელად.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა, კერძოდ:
6.1. სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსი პროკურორი მირანდა წერეთელი ითხოვს ბ. ე–ს მიმართ სასჯელის დამძიმებას, კერძოდ, მისთვის მსჯავრადშერაცხილი დანაშაულებისათვის საქართველოს სსკ-ით გათვალისწინებული ყველაზე მკაცრი სასჯელების მაქსიმალური ხანგრძლივობით შეფარდებას;
6.2. მსჯავრდებულ ბ. ე–ს ინტერესების დამცველი ადვოკატი – ი. ჯ–ა ითხოვს ბ. ე–ს უდანაშაულოდ ცნობას.
7. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).
8. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრეს დაცვისა და ბრალდების მხარეებმა, კერძოდ, ბრალდების მხარე ითხოვს სასჯელის გამკაცრებას, ხოლო დაცვის მხარე – მსჯავრადშერაცხილი დანაშაულების ჩადენაში ბ. ე–ს უდანაშაულოდ ცნობას.
9. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის მტკიცებას, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება ბ. ე–ს მიერ მსჯავრადშერაცხილი დანაშაულების ჩადენა. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით (მათ შორის, დაზარალებულებისა და მოწმეების ჩვენებებით, საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ოდოროლოგიური ექსპერტიზის 2023 წლის 9 მარტის N........ დასკვნით, საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ფონოსკოპიური ექსპერტიზის 2023 წლის 29 მარტის N1... დასკვნით, ს–ს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ბალისტიკური ექსპერტიზის 2020 წლის 13 ნოემბრის №... დასკვნით, ვიდეოჩანაწერებით და საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით) გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ბ. ე–ას მიერ მისთვის მსჯავრადშერაცხილი დანაშაულების ჩადენა. სამართალწარმოების მიმდინარეობისას არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების სანდოობასა და სარწმუნოობას საეჭვოს გახდიდა.
10. დაცვის მხარე კასატორის მტკიცება ბ. ე–ას უდანაშაულოდ ცნობასთან დაკავშირებით, მიემართება საქმის ფარგლებში ჩატარებულ ოდოროლოგიური და ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნების საეჭვოდ მიჩნევას; დაცვის მხარისათვის მტკიცებულებების მოპოვება/წარდგენის – ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარების – შესაძლებლობის შეზღუდვას და, აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სსსკ-ის მე-8-9 მუხლებით გათვალისწინებული უფლებების დარღვევას.
10.1. დაცვის მხარის მტკიცებით, ბ. ე–ას მსჯავრადშერაცხილი დანაშაულები არ ჩაუდენია, მაგრამ ვინაიდან ტელევიზიით გაჟღერდა მისი სახელი და გვარი, როგორც სადავო დანაშაულების ჩამდენი პირის, ხოლო იგი დარწმუნებული იყო, რომ უდანაშაულობას ვერ დაამტკიცებდა, მიიმალა;
11. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ:
11.1. საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2023 წლის 9 მარტის ოდოროლოგიური ექსპერტიზის N....... დასკვნის თანახმად, 2020 წლის 21 ოქტომბერს ზ–ში, .........ას N..-ში მდებარე სს „.......... ბანკის“ N...-ე სერვისცენტრში, ტერორისტული მიზნით, მძევლად ხელში ჩაგდების, იძულების და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტთან დაკავშირებით, ოდოროლოგიურ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი, კერძოდ: 1. 2020 წლის 21 ოქტომბერს, ზ–ში, .........ას N..-ში მდებარე სს „.......... ბანკის“ N...-ე სერვისცენტრის შენობაში პირველი და მესამე სართულიდან ამოღებული სუნის კვლის ნიმუშები იდენტურია ბ. ე–ასგან აღებული სუნის ნიმუშის; 2. 2020 წლის 21 ოქტომბერს დ. მ–ას ავტომანქანა „ფოლკსვაგენიდან“ (სარეგისტრაციო ნომრით ......) ამოღებული სუნის კვლის ნიმუშები იდენტურია ბრალდებულ ბ. ე–ასგან აღებული სუნის ნიმუშის; 3. 2020 წლის 22 ოქტომბერს ავტომანქანა „ტოიოტა ჰაილუქსის“ (სარეგისტრაციო ნომრით .........) ავტომანქანის წინა მარჯვენა სავარძლის წინ ჩაფენილი რეზინის ზედაპირიდან ამოღებული სუნის კვლის ნიმუში იდენტურია ბრალდებულ ბ. ე–ასგან აღებული სუნის ნიმუშის, ხოლო უკანა მარჯვენა და მარცხენა სავარძლების წინ ჩაფენილი რეზინის ზედაპირებიდან ამოღებული სუნის კვლის ნიმუშები არაიდენტურია ბრალდებულ ბ. ე–სგან აღებული სუნის ნიმუშის; 4. შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული საოფისე სკამიდან აღებული სუნის კვლის ნიმუში იდენტურია ბრალდებულ ბ. ე–სგან აღებული სუნის ნიმუშის.
11.2. მოწმე ლ. ჯ–ას ჩვენების თანახმად, ლ. ჯ–ა 2018 წლიდან მუშაობს სს „........ ბანკის“ პრობლემურ დეპარტამენტში სხვადასხვა პოზიციაზე. 2019 წელს ჰქონდა სატელეფონო კომუნიკაცია ბ. ე–ასთან, ვადაგადაცილებულ სესხთან დაკავშირებით. მის მობილურ ტელეფონში ჰქონდა აპლიკაცია, რომელიც იწერდა მასა და მის კლიენტებს შორის საუბარს. აღნიშნულის შესახებ მოახსენა გამოძიებას და მისგან ამოიღეს ბ. ე–ასთან არსებული სატელეფონო საუბარი;
11.3. საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ფონოსკოპიური ექსპერტიზის 2020 წლის 26 ოქტომბრის №.... დასკვნის თანახმად, გამოსაკვლევად წარდგენილ სადავო ჩანაწერებში, კერძოდ: ......._...,........_..., ........_..., ...._..., ......_..., ......_..., მოსაუბრე მამაკაცის ხმა იდენტურია საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრიდან ამოღებულ ჩანაწერში მოსაუბრე ბ. ე–ას ხმის; 2020 წლის 2 დეკემბრის ფონოსკოპიური ექსპერტიზის №.... დასკვნის თანახმად, გამოსაკვლევად წარდგენილ სადავო ჩანაწერებში კერძოდ: ....-........-......., .......-........... (..........), ......-........, .........., ....... ....., ........, ........., .........., მოსაუბრე მამაკაცის ხმა იდენტურია ........... – ფონოგრამაში, კერძოდ სს .......... ბანკის პრობლემური დეპარტამენტის კონტროლის ჯგუფის უფროს ლ. ჯ–სა და ბ. ე–ას შორის გამართულ სატელეფონო საუბარში მოსაუბრე ბ. ე–ას ხმის; ხოლო საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2023 წლის 29 მარტის ფონოსკოპიური ექსპერტიზის N........ დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილ ფონოგრამებს მონტაჟის ნიშნები არ აღენიშნება. ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილ სადავო ფონოგრამებში ......... ........ ........., ........; ..........; ............; .........; ..........; ..........; ...........-..........; .............; მოსაუბრე დიქტორი მამაკაცის ხმა და ეტალონურ ფონოგრამაში (ხმის ნიმუში) მოსაუბრე ბ. ე–ას ხმა ერთმანეთის იდენტურია.
11.4. მოწმე მ. კ–მ კი განმარტა, რომ 2016 წლიდან მუშაობს იარაღების მაღაზიაში, ს–ში. გაყიდულ საქონელს აღრიცხავს ჟურნალში, კლიენტის სახელისა და გვარის, ასევე იარაღის სერიის ნომრის მითითებით. ჟურნალში ჩანაწერის მიხედვით, 2020 წლის 6 ოქტომბერს, ბ. ე–მ მის მაღაზიაში შეიძინა 20 ცალი ვაზნა.
12. დაცვის მხარის მტკიცებით, ბრალდების მხარემ ოდოროლოგიური და ფონოსკოპიური ექსპერტიზები, მათი თხოვნის მიუხედავად, ჩაატარა დაცვის მხარის მიერ მოთხოვნილი სპეციალისტის ჩართულობის გარეშე, მაშინ როცა, დაცვის მხარეს არ ჰქონდა ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარებისა და ბრალდების მხარის ინიციატივით ჩატარებული ოდოროლოგიული ექსპერტიზის ეჭქვეშ დაყენების შესაძლებლობა, ვინაიდან ს–ში, შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის გარდა, არ არსებობს საექსპერტო დაწესებულება, რომელიც ატარებს ოდოროლოგიურ ექსპერტიზას; ხოლო, ფონოსკოპიური ექსპერტიზის შემთხვევაში, დაცვის მხარეს ბ. ე–ას ხმის ნიმუში გადაეცა 2023 წლის 28 თებერვალს, თუმცა ვინაიდან სასამართლომ ინტენსიურად, მიყოლებით ჩანიშნა პროცესები, დაცვის მხარეს არ მიეცა შესაძლებლობა (,,ფიზიკურად ვერ ვახერხებდით ქ–ში ჩასვლას და ექსპერტიზის დანიშვნას“) 2023 წლის 22 მარტამდე დაენიშნა ფონოსკოპიური ექსპერტიზა; აღნიშნულის მიუხედავად, სასამართლომ უსაფუძვლოდ უთხრა უარი ამ მტკიცებულების მიღებაზე, იმ მოტივით, რომ დაცვის მხარემ დაარღვია მოპოვებისა და წარდგენის წესი, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ დაცვის მხარესთან გაცვლილი ნიმუში დაცვის მხარემ არ გაუცვალა ბრალდების მხარეს. ამასთან, კასატორი დაცვის მხარე, ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ მის მიერ საექსპერტო დაწესებულებასთან კონტრაქტის გაფორმების შემდეგ, ექსპერტმა კვლევის სრულყოფილად ჩატარების მიზნებისთვის მოითხოვა დამატებითი მასალის, კერძოდ, ჩანაწერების დედნების წარდგენა, ვინაიდან ექსპერტიზაზე წარდგენილი მასალების შესწავლისას დადგინდა, რომ საკვლევი მასალა არ იყო სრულყოფილად წარდგენილი, კერძოდ, ვერ ხერხდებოდა ვიდეოჩანაწერების აღწარმოება. აღნიშნულის გათვალისწინებით, დაცვის მხარემ დამატებითი შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა საექსპერტო კვლევისთვის საქმეში არსებული ხმის ნიმუშების გადაგზავნა, მას შემდეგ, რაც საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტი დაასრულებდა ექსპერტიზას და ნიმუშებს დაუბრუნებდა სასამართლოს, თუმცა სასამართლომ არ დააკმაყოფილა მისი შუამდგომლობა, რითაც დაცვის მხარეს არ მიეცა ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნის წარდგენის შესაძლებლობა.
12.1. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ი არ ითვალისწინებს ბრალდების მხარის ინიციატივით დანიშნული ექსპერტიზის, დაცვის მხარის მიერ წარდგენილი სპეციალისტის მონაწილეობით ჩატარებას (არ იყო დანიშნული კომისიური ექსპერტიზა), მათ შორის, საქართველოს სსსკ-ის 144-ე მუხლის 32-33-34ე ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევაშიც. კერძოდ, მაშინაც კი, როცა, პირველადი გამოკვლევის ფარგლებში, დაცვის მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, მოპოვებული ობიექტის ექსპერტისთვის გადაცემის შემდეგ, ექსპერტი დაადგენს, რომ საექსპერტო კვლევის ობიექტი შეიძლება ვარგისი იყოს ექსპერტიზის მხოლოდ ერთჯერადად ჩასატარებლად (გამოლევადია, ექვემდებარება განადგურებას), აგრეთვე, იმ შემთხვევაში, თუ ამის დადგენა შეუძლებელია. ასეთ შემთხვევაში ექსპერტმა აღნიშნული დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს ბრალდების მხარეს, ბრალდების მხარემ კი, თავის მხრივ, დაუყოვნებლივ − დაცვის მხარეს, რომელსაც უფლება აქვს, შესაბამისი შეტყობინების მიღებიდან 3 დღის ვადაში წერილობითი შეკითხვები წარუდგინოს ბრალდების მხარეს. ბრალდების მხარე ამ შეკითხვებს დაუყოვნებლივ უგზავნის ექსპერტს (საქართველოს სსსკ-ი არ ითვალისწინებს ამ შემთხვევაში დაცვის მხარის მიერ მოწვეული ექსპერტის ჩართვას ექსპერტიზის ჩატარების პროცესში).
12.1.1. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ აღნიშნული ექსპერტიზის ჩამტარებელმა ექსპერტმა გ. ტ–მ (ექსპერტად მუშაობის 12-წლიანი გამოცდილებით) სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მის მიერ გაცემული ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნის შედეგები (17.03.2023). ამასთან, მოწმემ განმარტა, რომ ყველა ადამიანს აქვს ინდივიდუალური სუნი, ხოლო ლაბორატორიაში იყენებენ სპეციალურად გაწვრთნილ ბიოდეტექტორებს – გაწვრთნილ ძაღლებს, რომლებსაც ათასობით სუნის გარჩევა შეუძლიათ (14:33:40; 14:37:12). აღნიშნული ექსპერტიზის ჩატარებისას კინოლოგის მონაწილეობა არ არის საჭირო (15:09:44).
12.1.2. სისხლის სამართლის საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რაც სასამართლოს აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის შედეგების სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველს მისცემდა; ასევე არ დასტურდება შესაბამისი ექსპერტის მიკერძოებულობა.
12.2. ფონოსკოპიურ ექსპერტიზასთან მიმართებით დაცვის მხარის პრეტენზიასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ:
12.2.1. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 23 მარტის სასამართლო სხდომის ოქმის თანახმად, ადვოკატმა ხ. ჯ–მ საქართველოს სსსკ-ის 239-ე მუხლზე მითითებით, სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა დამატებით ახალი მტკიცებულების დასაშვებად ცნობა, კერძოდ, მოითხოვა: ადვოკატ ი. ჯ–ას 2023 წლის 22 მარტის ფონოსკოპიური ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ მოთხოვნის; ადვოკატ ი. ჯ–ას 2023 წლის 22 მარტის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ფონოსკოპიური ექსპერტიზის ჩატარების შესახებ განცხადების; დოკუმენტის რეგისტრაციის N.......... ბარათის და სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს საექსპერტო მომსახურების შესახებ N............ კონტრაქტის დასაშვებად ცნობა და გამოკვლევა; შუამდგომლობის წარდგენისას ადვოკატმა განმარტა, რომ ბ. ე–ს ხმის ნიმუში დაცვის მხარეს გადაეცა 2023 წლის 28 თებერვალს. დაცვის მხარემ კი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს მიმართა 2023 წლის 22 მარტს და დანიშნა ფონოსკოპიური ექსპერტიზა. იმავდროულად, იმავე სასამართლო სხდომაზე ადვოკატმა აღნიშნული მტკიცებულებები გადასცა ბრალდების მხარეს, თუმცა, არ გაუცვლია უშუალოდ დისკი.
12.2.2. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა, არა დაცვის მხარის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებული არგუმენტით (ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ დაცვის მხარესთან გაცვლილი ნიმუში დაცვის მხარემ არ გაუცვალა ბრალდების მხარეს), არამედ – იმაზე მითითებით, რომ მოცემულ შემთხვევაში დარღვეული იყო საქართველოს სსსკ-ის 239-ე მუხლის მოთხოვნები, ვინაიდან დაცვის მხარემ ხმის ნიმუშზე ექსპერტიზა დანიშნა 2023 წლის 22 მარტს, მაშინ, როცა მას აღნიშნული ნიმუში მოპოვებული ჰქონდა 2023 წლის 28 თებერვალს, ხოლო აღნიშნული თარიღების შუალედში – პირველი შესაძლებლობისთანავე – დაცვის მხარეს არ მიუმართავს საექსპერტო დაწესებულებისათვის და შესაბამისად, ჩატარებულ სასამართლო სხდომებზე არ დაუყენებია მითითებული შუამდგომლობა (12:28:50). იმავდროულად, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 10 აპრილის სასამართლო სხდომაზე ადვოკატ ი. ჯ–ას მიერ განმეორებით დაყენებული შუამდგომლობის განხილვისას, მაშინ, როცა ადვოკატმა 2023 წლის 23 მარტის სასამართლო სხდომაზე დაყენებული შუამდგომლობის არდაკმაყოფილების მიზეზად დაასახელა საკასაციო საჩივარში მითითებული ზემოაღნიშნული მიზეზი (ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ დაცვის მხარესთან გაცვლილი ნიმუში დაცვის მხარემ არ გაუცვალა ბრალდების მხარეს), მოსამართლე ჩაეკითხა მოსმენილი ჰქონდა თუ არა სასამართლო სხდომის ოქმი, ვინაიდან ადვოკატი სრულყოფილად არ ფლობდა შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველთან დაკავშირებულ ინფორმაციას (12:27:57).
12.2.3. საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პრეტენზიას, რომ მათ 2023 წლის 22 მარტამდე ვერ მოახერხეს ფონოსკოპიური ექსპერტიზის დანიშვნა (,,ფიზიკურად ვერ ვახერხებდით ქუთაისში ჩასვლას და ექსპერტიზის დანიშვნას“), ვინაიდან სასამართლომ მიყოლებით ჩანიშნა პროცესები, რამაც ხელი შეუშალა მტკიცებულებების მოპოვებაში. სასამართლო ითვალისწინებს 2023 წლის 28 თებერვალის შემდეგ დანიშნული სასამართლო სხდომების თარიღებს (01.03.23; 07.03.23; 10.03.23; 13.03.23; 15.03.23; 17.03.23; 20.03.23); ასევე ითვალისწინებს, საქართველოს სსსკ-ის მე-8 მუხლის დანაწესს და დაცვის მხარის უფლებას – დაცვის ჯეროვნად განხორციელების მიზნებისათვის – მოეთხოვა სასამართლო სხდომის გადადება. ასევე იმ გარემოებას, რომ სასამართლო სხდომების გრაფიკი სასამართლომ განსაზღვრა მხარეებთან (მათ შორის, დაცვის მხარესთან) შეთანხმებით (იხ. 20.02.23 სხდომის ოქმი; 15:46:45).
12.3. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 10 აპრილის სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარემ – ადვოკატმა ი. ჯ–ამ – განმეორებით წარადგინა შუამდგომლობა და იგივე მტკიცებულებების დასაშვებად ცნობასთან ერთად დამატებით მოითხოვა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2023 წლის 30 მარტის მომართვისა და ფონოსკოპიური ექსპერტიზის ჩატარების მოთხოვნის (დაზუსტებული შეკითხვები ექსპერტთან) დასაშვებად ცნობა. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ უარი თქვა დაცვის მხარის შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე, ვინაიდან 2023 წლის 23 მარტს სასამართლომ უკვე იმსჯელა შუამდგომლობაში მითითებული მტკიცებულების ნაწილზე და მიიღო გადაწყვეტილება საქმეზე მათი არდაშვების თაობაზე, ხოლო განსახილველ შუამდგომლობაში დამატებით მითითებული ორი დოკუმენტი გამომდინარეობდა უკვე დაუშვებლადცნობილი მტკიცებულებებიდან, შესაბამისად, იმავე შინაარსის შუამდგომლობაზე, რომელზედაც უკვე მიღებული იყო გადაწყვეტილება, სასამართლო ვეღარ იმსჯელებდა (12:49:58).
12.4. ამდენად, უსაფუძვლობის გამო, არ არსებობს დაცვის მხარე კასატორის მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
13. იმავდროულად, სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კასატორმა მოთხოვნის მკაფიოდ ფორმულირებასთან ერთად უნდა დაასაბუთოს თავისი მოთხოვნა. ანალოგიურად, საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილიც საკასაციო საჩივრის დასაშვებობას უკავშირებს ამავე ნაწილში მითითებული საფუძვლების დასაბუთებას, რაც გულისხმობს, რომ მკაფიოდ უნდა იყოს იდენტიფიცირებული რატომ ასაჩივრებს და კონკრეტულად რითი ასაბუთებს კასატორი საკუთარ პოზიციას. შესაბამისად, კასატორმა უნდა განსაზღვროს და მიუთითოს არა მხოლოდ განაჩენის გასაჩივრების კონკრეტული საფუძველი, არამედ მკაფიოდ მიუთითოს ის კონკრეტული არგუმენტებიც, რომლებიც ადასტურებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლში მითითებული ერთი ანდა რამდენიმე წინაპირობის არსებობას; საკითხები, რომლებიც ქვედა ინსტანციის სასამართლომ არასწორად გადაწყვიტა, არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც განაჩენის დამდგენი სასამართლოს მიერ, კასატორის აზრით, უკანონოდ ანდა დაუსაბუთებლად არ იყო გაზიარებული (იხ. მაგალითად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 27 მაისი განჩინება საქმეზე N1442აპ-23, პარ.8-8.1.; 2024 წლის 1 აპრილის განჩინება საქმეზე N1168აპ-23, პარ. 8.1; 2024 წლის 29 აპრილის განჩინება საქმეზე N1193აპ-23, პარ. 14; 2022 წლის 1 ნოემბრის განჩინება საქმეზე N468აპ-22, პარ.28). რიგ შემთხვევებში დაცვის მხარის განსახილველი საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელია – კასატორი ზოგადად უთითებს, რომ ბ. ე–ას სახლის ჩხრეკისას გამომძიებლის მიერ ადგილი ჰქონდა დარღვევას და ჩხრეკის შედეგი არ იყო უტყუარი, თუმცა არ აკონკრეტებს კონკრეტულად რა სახის დარღვევას ჰქონდა ადგილი/რაში გამოიხატა საპროცესო კანონმდებლობის დარღვევა და არც აღნიშნულის დამადასტურებელ მტკიცებულებებს უთითებს. სასამართლო ითვალისწინებს, რომ:
13.1. მოწმე ნ. ჯ–ამ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ არის ბ. ე–ს დედა. მოწმემ დაადასტურა, რომ ბ. ე–ს საცხოვრებელი სახლისა და დამხმარე შენობა-ნაგებობის ჩხრეკის 2020 წლის 26 ოქტომბრის ოქმში მისი სახელითა და გვარით შესრულებული ხელმოწერა ეკუთვნის მას (08.05.2023; 14:03:01). ჩხრეკისას ამოიღეს სხვადასხვა ნივთები, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ ოქმში არის დაფიქსირებული, მასრები და ვაზნები არ უნახავს. ჩხრეკისას ცუდად გრძნობდა თავს და ოქმზე ხელი მოაწერინეს. საგამოძიებო მოქმედების შემდეგ გამოკითხეს, თუმცა არ ახსოვს გამომძიებელს უთხრა, თუ არა იმ გარემოების შესახებ, რომ ოქმზე ხელი მოაწერინეს ისე, რომ ამოღებული კონკრეტული მასრები არ უნახავს (14:06:06). მოწმემ ასევე განმარტა, რომ მას გამოკითხვის ოქმზეც მოაწერინეს ხელი, თუმცა რას მოაწერა ხელი არ იცის – არ წაუკითხავს. აღნიშნულის მიუხედავად ოქმზე ასევე არის ნ. ჯ–ს ხელნაწერი – ,,გამოკითხვის ოქმი შედგენილია ჩემი კარნახით, წავიკითხე, სწორია და ვაწერ ხელს“ (14:17:05).
13.1.1. ადვოკატის კითხვებზე მოწმემ განმარტა, რომ ავტომატის გასროლილი და გაუსროლელი ვაზნები ან/და მასრები არ იყო სეიფში, შესაბამისად, არ ამოუღიათ და არ დაულუქავთ. ადგილზე ამოღებული ნივთებიც არ დაულუქავთ (14:24:25).
13.2. აღნიშნულ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე გამომძიებელმა მ. შ–მ (17.03.2023; 16:08:17), ასევე უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა კ. შ–მ (15.03.2023; 19:26:42) და უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა გ. ჩ–მ (15.03.2023;19:35:13) დაადასტურეს ბ. ე–ს საცხოვრებელი სახლისა და დამხმარე შენობა-ნაგებობის ჩხრეკის 2020 წლის 26 ოქტომბრის ოქმში ასახული ინფორმაცია, მათ შორის, ის გარემოებაც, რომ ამოღებულ ნივთებთან დაკავშირებით შენიშვნები და განცხადებები არ დაფიქსირებულა.
13.3. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაცვის მხარეს ჰქონდა მოწმეების დაკითხვისა და სასურველი შეკითხვის დასმის შესაძლებლობა. დაცვის მხარეს აღნიშნული მოწმეებისათვის (მათ შორის, გამომძიებლებისათვის) არ დაუსვამს შეკითხვები რომელიმე გამომძიებლის მიერ ჩხრეკის დარღვევით ჩატარებასთან ან/და ჩხრეკის შედეგების უტყუარობასთან დაკავშირებით.
14. რაც შეეხება ბრალდების მხარის მოთხოვნას მსჯავრდებულ ბ. ე–ს მიმართ შეფარდებული სასჯელის გამკაცრების თაობაზე, სასამართლო ითვალისწინებს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ გაითვალისწინა მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლები და განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას) და შესაბამისი მუხლებით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია. მით უფრო, რომ ბრალდების მხარეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია რაიმე ახალი მტკიცებულება, რომლის საფუძველზეც, შესაძლებელი იქნებოდა მსჯავრდებულებისათვის სასჯელის დამძიმება.
15. საკასაციო სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. „სასჯელი უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხესთან გონივრულ პროპორციაში ... სასჯელის დაკისრება უნდა მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). შესაბამისად, სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს.
16. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ სასჯელის გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ გარემოებებს, საქმის სირთულეს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, დამნაშავის პიროვნების თავისებურებებს, სასჯელის ზემოქმედებას დამნაშავის მომავალ ცხოვრებაზე (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება N1/7/851 „საქართველოს მოქალაქე იმედა ხახუტაიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, 2017 წლის 11 ივლისი, II-10).
17. საკასაციო სასამართლო კვალავაც აღნიშნავს, რომ „საკასაციო ინსტანციის სასამართლოების მიერ დასაშვეობის კრიტერიუმის გამოყენება ემსახურება მართლმსაჯულების ჯეროვნად განხოციელების კანონიერ მიზანს“(იხ. Kuparadze v. Georgia, no.30743/09, par. 76 ECtHR, 21/09/2017; Tchaghiashvili v. Georgia, no. 19312/07, par. 34, ECtHR, 2/09/2014; Nersesyan, cited above, par.22; Borisenko and Yerevanyan Bazalt Ltd v. Armenia, no. 18297/08, 14/04/2009).
18. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
19. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლი ამომწურავად ადგენს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლებს. მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
20. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რომლის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი, მსგავს საკითხზე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
21. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
22. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსი პროკურორის – მირანდა წერეთლისა და მსჯავრდებულ ბ. ე–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის – ი. ჯ–ს საკასაციო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 18 იანვრის განაჩენზე;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე