საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრების დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№469აპ.-24 თბილისი
ხ-ე ი., 469აპ.-24 26 სექტემბერი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 20 ნოემბრის განაჩენზე სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ლიკა ბულიასა და მსჯავრდებულ ი. ხ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. ჯ-ას საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ი. ხ-ეს ბრალად დაედო: გაფლანგვა, როცა ეს ქონება იმყოფებოდა გამფლანგველის მართლზომიერ გამგებლობაში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით (საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები); მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ თავისთვის უპირატესობის მისაღებად, რამაც ფიზიკურ პირთა კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია (საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის 1-ელი ნაწილი); მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც სახელმწიფოსა და საზოგადოების კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია (სსკ-ის 333-ე მუხლის 1-ელი ნაწილი, 2 ეპიზოდი).
2. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგით:
· ---- ელექტრონულ ტენდერებში გამარჯვების შემდეგ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და შპს “მ---სს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულებები, რომელთა მიხედვით, გამარჯვებულ ფირმას უნდა უზრუნველეყო -- რეგიონის სკოლების, მათ შორის – ჭ-ის საჯარო სკოლის – მოსწავლეების სატრანსპორტო მომსახურება. ამისათვის 2013-2015 წლებში შპს “მ---სსა“ და ჭ-ის სკოლის დირექტორ ი. ხ-ის მეუღლეს – ბ. ხ-ას – შორის გაფორმდა ხელშეკრულებები სატრანსპორტო-საექსპედიტორო მომსახურებაზე, რომელთა საფუძველზეც, ბ. ხ-ა ვალდებული იყო, შეთანხმებული ანაზღაურების ფარგლებში უზრუნველეყო მომსახურებისათვის საჭირო საწვავის, საპოხი მასალების შეძენა და ტრანსპორტის ტექნიკურად გამართვის – შეკეთების – სამუშაოები.
· შპს “მ---სში“ დასასაქმებლად და სკოლისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების გასაწევად ჭ-ის სკოლის დირექტორმა ი. ხ-ემ თავის მეუღლეს – ბ. ხ-ას – უსასყიდლოდ გადასცა იმავე სკოლის ბალანსზე არსებული „მერსედესის“ მარკის მიკროავტობუსი (სახ. ნომრით – --), რომელსაც ბ. ხ-ა იყენებდა 2013 წლის სექტემბრიდან 2015 წლის მაისის ჩათვლით პერიოდში შპს “მ---სთან“ გაფორმებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირობების შესასრულებლად, რა დროსაც, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დირექტორმა ი. ხ-ემ მიკროავტობუსის ავტოტექმომსახურებასა და მარაგი ნაწილების შეძენაზე სკოლის ბიუჯეტიდან ჯამურად გადარიცხა 3 403,5 ლარი, რითაც ჩაიდინა გაფლანგვა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
· ი. ხ-ე საქართველოს მეცნიერებისა და განათლების მინისტრის 2007 წლის 25 ივლისის -- ბრძანებით დაინიშნა სსიპ „ხ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭ-ის საჯარო სკოლის“ დირექტორის თანამდებობაზე, ხოლო საქართველოს მეცნიერებისა და განათლების მინისტრის 2013 წლის 25 ივლისის №-- ბრძანებით კი – იმავე სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად, სადაც მუშაობდა 2017 წლის 13 მარტამდე. „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის 1-ელი ნაწილის „გ“, „დ“, „ე“ და „ვ“ პუნქტების თანახმად, მისი, როგორც სკოლის დირექტორის, უფლება-მოვალეობებში შედიოდა: სამეურვეო საბჭოსათვის დასამტკიცებლად წარედგინა სკოლის შინაგანაწესი და სკოლის ბიუჯეტი, შეემუშავებინა საშტატო განრიგი, მონაწილეობა მიეღო პედაგოგიური საბჭოს მიერ სასკოლო სასწავლო გეგმის შემუშავებაში, სამინისტროს მიერ დამტკიცებული პირობებისა და წესის შესაბამისად, უზრუნველეყო მასწავლებლებსა და სკოლის სხვა თანამშრომლებთან შრომითი ხელშეკრულებების დადება და შესრულება. ი. ხ-ე ბოროტად იყენებდა სკოლის დირექტორის კანონით გათვალისწინებულ უფლებამოსილებას, გამორჩენის მისაღებად 2010-2015 სასწავლო წლების დასაწყისში, საგაკვეთილო საათების განაწილებისას, თითოეულ მასწავლებელს აიძულებდა, 18-საათიანი სრული განაკვეთის მისაღებად 20-20 ლარი გადაეხადათ მისთვის, ხოლო თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში – სხვადასხვა საბაბით, თავისი თანამდებობის გამოყენებით ავიწროებდა მათ, რითაც არსებითად დაირღვა იმავე სკოლის მასწავლებლების უფლებები. დასახელებულ პერიოდში მასწავლებლების მიერ ი. ხ-ისათვის ამ მიზნით გადახდილი თანხების ოდენობამ ჯამურად შეადგინა 1 660 ლარი.
· ი. ხ-ე საქართველოს მეცნიერებისა და განათლების მინისტრის 2007 წლის 25 ივლისის -- ბრძანებით 2013 წლის 25 ივლისამდე მუშაობდა სსიპ „ხ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭ-ის საჯარო სკოლის“ დირექტორის თანამდებობაზე. „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, საჯარო სკოლის დირექტორსა და მის ახლო ნათესავს შორის შრომითი ხელშეკრულების დასადებად სავალდებულოა სამეურვეო საბჭოს თანხმობა. ჭ-ის საჯარო სკოლის დირექტორმა ი. ხ-ემ იმ მიზნით, რომ თავის ოჯახს მიეღო სარგებელი, 2009 სასწავლო წლის დასაწყისში განიზრახა სამეურვეო საბჭოს თანხმობის გარეშე თავისი მეუღლე – ბ. ხ-ა – დაესაქმებინა სკოლაში მძღოლის შტატზე, რომლის ხელფასი შეადგენდა 360 ლარს, და ამ გზით თავის ოჯახს მიეღო ქონებრივი სარგებელი. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად ი. ხ-ემ ერთპიროვნული გადაწყვეტილებით, აღნიშნული კანონის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ, უფლებამოსილების გადამეტებით, სამეურვეო საბჭოს თანხმობის გარეშე, ისე, რომ არ იყო უფლებამოსილი, 2009 წლის 14 სექტემბერსა და 2010 წლის 6 სექტემბერს შრომითი ხელშეკრულებები გაუფორმა საკუთარ მეუღლეს – ბ. ხ-ას – და თავისი 2009 წლის 14 სექტემბრის -- ბრძანებითა და 2010 წლის 16 აგვისტოს №- ბრძანებით უკანონოდ დანიშნა სკოლაში მძღოლის თანამდებობაზე, რის შედეგადაც, ი. ხ-ის მეუღლემ – ბ. ხ-ამ – 2009-2011 სასწავლო წლებში მიიღო სარგებელი – სკოლის ბიუჯეტიდან მძღოლის ხელფასად მისთვის გადახდილი 8 227.89 ლარი, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.
· ი. ხ-ე საქართველოს მეცნიერებისა და განათლების მინისტრის 2007 წლის 25 ივლისის -- ბრძანებით დაინიშნა სსიპ „ხ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭ-ის საჯარო სკოლის“ დირექტორის თანამდებობაზე. „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, დირექტორის თანამდებობა შეუთავსებელია ნებისმიერ სხვა, ანაზღაურებად საქმიანობასთან იმავე სკოლაში. ჭ-ის საჯარო სკოლის დირექტორმა ი. ხ-ემ იმ მიზნით, რომ მიეღო ქონებრივი სარგებელი, აღნიშნული კანონის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ, 2011 წლის აპრილში განიზრახა, სკოლის ბუღალტრის – ნ. ხ-ის – ანაზღაურებადი შვებულების დროს თავი დაენიშნა სკოლის ბუღალტრის თანამდებობაზე და სარგებლის სახით მიეღო ბუღალტრის ხელფასი. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად ი. ხ-ემ 2011 წლის 16 აპრილიდან 2011 წლის 15 მაისის ჩათვლით და შემდეგ, ბუღალტრის ვაკანტურ თანამდებობაზე – 2011 წლის 9 აგვისტოდან 2012 წლის 13 მარტამდე პერიოდში, თავისივე ბრძანებებით შეითავსა ბუღალტრის თანამდებობა და იღებდა ბუღალტრის ხელფასს. დასახელებული კანონის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ, საკუთარი თავის ბუღალტრის ანაზღაურებად თანამდებობაზე უკანონოდ დანიშვნის შედეგად ი. ხ-ემ მიიღო სარგებელი – სკოლის ბიუჯეტიდან ბუღალტრის ხელფასად მიღებული 1 968.88 ლარი, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.
3. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 30 აპრილის განაჩენით ი. ხ-ე, - ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (მძღოლისა და ბუღალტრის დანიშვნის ეპიზოდები) წარდგენილ ბრალდებებში; მისი ქმედება საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 220-ე მუხლზე, ხოლო სსკ-ის 332-ე მუხლის 1-ელი ნაწილიდან – სსკ-ის 150-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე. ი. ხ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 220-ე მუხლით – ჯარიმა 45 000 ლარი, 150-ე მუხლის 1-ელი ნაწილით კი – ჯარიმა 15 000 ლარი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და ი. ხ-ეს სასჯელის საბოლოო სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა – 45 000 ლარი.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 13 თებერვლის განაჩენით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 30 აპრილის განაჩენში შევიდა შემდეგი ცვლილება: ი. ხ-ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (ორი ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში; ი. ხ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით – ჯარიმა 10 000 ლარი; მასვე 1 წლით ჩამოერთვა საჯარო სამსახურში მატერიალურად პასუხისმგებელი პირის თანამდებობის დაკავებისა და ხელმძღვანელობითი საქმიანობის განხორციელების უფლება; სსკ-ის 332-ე მუხლის 1-ელი ნაწილით კი – ჯარიმა 5 000 ლარი; მასვე 1 წლით ჩამოერთვა საჯარო სამსახურში მატერიალურად პასუხისმგებელი პირის თანამდებობის დაკავებისა და ხელმძღვანელობითი საქმიანობის განხორციელების უფლება. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და ი. ხ-ეს სასჯელის საბოლოო სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა – 10 000 ლარი; მასვე 1 წლით ჩამოერთვა საჯარო სამსახურში მატერიალურად პასუხისმგებელი პირის თანამდებობის დაკავებისა და ხელმძღვანელობითი საქმიანობის განხორციელების უფლება.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 13 თებერვლის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა.
6. პროკურორ ლიკა ბულიას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარი დასაშვებად უნდა იქნეს ცნობილი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 13 თებერვლის განაჩენი, როგორც უკანონო, დაუსაბუთებელი და უსამართლო, უნდა შეიცვალოს და მის ნაცვლად გამოტანილ იქნეს სრულად გამამტყუნებელი განაჩენი, კერძოდ: ი. ხ-ე ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“, „დ“ ქვეპუნქტებით, 332-ე მუხლის 1-ელი ნაწილით, 333-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (2 ეპიზოდი) და ამ მუხლებით განესაზღვროს სამართლიანი, ობიექტური სასჯელები.
7. მსჯავრდებულ ი. ხ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ზ. ჯ-ა საკასაციო საჩივრით ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 13 თებერვლის განაჩენის გაუქმებას ი. ხ-ის საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“, „დ“ ქვეპუნქტებითა და 332-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დამნაშავედ ცნობის ნაწილში და მის მიმართ სრულად გამამართლებელი განაჩენის გამოტანას, ასევე – ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 30 აპრილის განაჩენიდან (ე.წ. „ბუღალტრის ეპიზოდი“) გამართლებულის უდანაშაულობის გამომრიცხავი და მისი სახელის გამტეხი ფორმულირების ამორიცხვას.
8. საქმეში პროკურორის საკასაციო საჩივარზე წარმოდგენილია ადვოკატ ზ. ჯ-ას შესაგებელი.
9. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად ქმნის იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად მიიჩნევა, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
10. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ ვლინდება საკასაციო საჩივრების დასაშვებობის რომელიმე წინაპირობა და ყველა საკითხი, რომელიც სათანადოდ შეისწავლა სააპელაციო სასამართლომ, არ საჭიროებს გამეორებას.
11. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებისა და დაცვის მხარეთა მოსაზრებებს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონო, დაუსაბუთებელი და უსამართლოა, ვინაიდან სააპელაციო პალატამ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა წარმოდგენილი მტკიცებულებები, კერძოდ: მოწმეების: ნ. ქ-ის, შ. მ-ის, ლ. ბ-ის, ს. ტ-ის, მ. გ-ას, ვ. ლ-ასა და სხვათა ჩვენებები, ხელშეკრულებები, დათვალიერების ოქმები, მიღება-ჩაბარების აქტები, საგადასახადო დავალებები და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები, თითოეული მათგანი შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, რის შედეგადაც ი. ხ-ე დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“, „დ“ ქვეპუნქტებითა და 332-ე მუხლის 1-ელი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში, ხოლო სსკ-ის 333-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (2 ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში – გაამართლა. აღნიშნულით არ დარღვეულა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული სამართლიანი განხილვის უფლება. ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატამ ამომწურავად დაასაბუთა მიღებული გადაწყვეტილება (როგორც კვალიფიკაციის, ასევე სასჯელის ნაწილში), რასაც საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული არგუმენტაციის გამეორებას – მიზანშეწონილად არ მიიჩნევს.
12. საკასაციო სასამართლო დაცვის მხარის მოთხოვნას მსჯავრდებულ ი. ხ-ის სრულად გამართლების თაობაზე არ ეთანხმება, რადგან წარმოდგენილ საქმის მასალებში საამისოდ არ მოიპოვება კანონიერი და დასაბუთებული საფუძველი. კასატორის საკვანძო არგუმენტებს, რომლებიც დიდწილად გამეორებულია საკასაციო საჩივარშიც, ამომწურავი და დასაბუთებული პასუხები გასცა სააპელაციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში, რომლებსაც საკასაციო პალატა სრულად იზიარებს და მიაჩნია, რომ მსჯავრდებულის მიერ მისთვის მსჯავრად შერაცხილი დანაშაულების ჩადენა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით.
13. სასამართლოს შეფასებით, ასევე უსაფუძვლოა ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა ი. ხ-ის საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (2 ეპიზოდი) დამნაშავედ ცნობის თაობაზე. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დადასტურდა ი. ხ-ის მიერ მითითებული მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა, ხოლო ბრალდების მხარემ ვერ დაასაბუთა, თუ რაში გამოიხატა სახელმწიფოსა და საზოგადოების კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა. ასეთ შემთხვევაში, საქართველოს კონსტიტუციისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდა, კანონიერად გადაწყვიტეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
14. რაც შეეხება დაცვის მხარის მოთხოვნას ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 30 აპრილის განაჩენიდან (ე.წ. „ბუღალტრის ეპიზოდი“) გამართლებულის უდანაშაულობის გამომრიცხავი და მისი სახელის გამტეხი ფორმულირების ამორიცხვის შესახებ, პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-20 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო იხილავს მხარეთა საკასაციო საჩივრებს სააპელაციო სასამართლოს განაჩენებსა და სხვა შემაჯამებელ გადაწყვეტილებაზე და არა – პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებებზე.
15. საკასაციო სასამართლო მხარეთა საკასაციო საჩივრების დასაბუთებიდან ვერ დარწმუნდა მათში მოყვანილი არგუმენტების პერსპექტიულობაში – შეცვალოს საქმის შედეგი. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მტკიცებულების შეფასების თაობაზე წამოჭრილი ყველა სადავო საკითხი საკმარისი დამაჯერებლობითა და გულმოდგინებით არის შესწავლილი და პასუხგაცემული სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებულ განაჩენში. ამასთან, სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland,no.49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009, „ქადაგიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020)).
16. საკასაციო სასამართლო ასევე მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ ფაქტებისა და გარემოებების შეჯერებისას არ გამოვლენილა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტისაგან გადახვევა, ხოლო განაჩენი, კვალიფიკაციისათვის მნიშვნელოვან ყველა სადავო საკითხთან მიმართებით, არის დასაბუთებული. ამასთან, განსახილველი საკითხების ირგვლივ უკვე არსებობს ჩამოყალიბებული, ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა. საკასაციო საჩივრების დასაბუთება კი არ წარმოაჩენს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვისა და გადაწყვეტისას კანონის არსებით დარღვევას, ასევე არ ვლინდება მსჯავრდებულის ქმედებების კვალიფიკაციისას ისეთი სამართლებრივი პრობლემის არსებობა, რაც საკასაციო სასამართლოს მხრიდან დადგენილი პრაქტიკის განვითარებისათვის დამატებით ან ახლებურ შეფასებას საჭიროებს.
17. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა, ასევე ამომწურავად იმსჯელა მოპოვებული მტკიცებულებების კანონიერებაზე, სარწმუნოობასა და საკმარისობაზე, ყველა იმ საკითხზე, რომლებზეც საკასაციო საჩივრებში ამახვილებენ ყურადღებას კასატორები, ხოლო რაიმე სხვა გარემოებებზე, რაც საკასაციო პალატის შეფასების საგანი გახდებოდა, მხარეები საჩივრებში არ უთითებენ.
18. სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა როგორც სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო, ასევე – პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულთა მასშტაბი, მიყენებული ზიანი და, ბრალის ხარისხის, ასევე – საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, ი. ხ-ეს როგორც თითოეული მუხლით, ისე – დანაშაულთა ერთობლიობით – განუსაზღვრა კანონიერი და სამართლიანი სასჯელი.
19. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად იხელმძღვანელა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსითა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი მტკიცების სტანდარტით – გონივრულ ეჭვს მიღმა – და ისე მიიღო გადაწყვეტილება.
20. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქმეში არსებული უტყუარი მტკიცებულებების საკმარისი ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია ი. ხ-ის ბრალეულობა საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“, „დ“ ქვეპუნქტებითა და 332-ე მუხლის 1-ელი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.
21. ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
22. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ლიკა ბულიასა და მსჯავრდებულ ი. ხ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. ჯ-ას საკასაციო საჩივრები;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი